ნიგორზღვა — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემში, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 120 მეტრზე, სამტრედიიდან 12 კილომეტრის დაშორებით. სოფელში XVIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია.
ისტორია
ფეოდალურ ხანაში სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. 1958 წელს ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპედიციამ აღმოაჩინა უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები და საცხოვრებელი პალატები, რომლებიც ინახება ქუთაისის მუზეუმში.
დარანის გამოქვაბულში აღმოჩენილი დამბაჩა და ხანჯალი მიუთითებს, რომ ადგილი შესაძლოა თავშესაფარი ან სამალავი ყოფილიყო. ნიგორზღვა ადრეული პერიოდიდან დასახლებული იყო, ხოლო დარანის გამოქვაბულებს ადრეული შუა საუკუნეების ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
XX საუკუნის 90-იანებში ძეგლი განადგურდა. სოფელში გავრცელებული გვარებია: თარგამაძე, გაგუა, ქორიძე, ჩაჩუა, ჩხაიძე, ტონია, ზამთარაძე, შანიძე, კალოიანი, თევზაძე, არდიშვილი და სხვა.