Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘დაბრკოლებებს ძირითადად თავად ვქმნით საკუთარ თავში და თუ ამას გადავლახავთ, გარე სამყაროდან დაბრკოლებები არ გვექნება,’-გვანცა თოთაძის წარმატების ფორმულა

თარიღი : 10-06-2021, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ყველაფერი ჟურნალისტიკით დაიწყო. ამ სფეროში გადადგმული პირველივე ნაბიჯი გვანცა თოთაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აქტიურ ჟურნალისტიკაში 7 წელი გაატარა. მუშაობდა არაერთ მედიასაშუალებაში. წლებთან ერთად ვითარდებოდა და პროფესიულად იზრდებოდა.

ალბათ, გარკვეულწილად ამ სფეროში მიღებულმა ცოდნამ და შეძენილმა უნარებმა მოიტანა ის, რომ დღეს გვანცა, ჟურნალისტის გარდა, პიარ სპეციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, ა/ო სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ "თაობათა დიალოგის" საპატიო გენერალური მდივანი, "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია -საქართველოს ფილიალის" ეიჩარ ოფიცერი და ქუთაისის მუნიციპალიტეტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრია.

წარმატებული გზის დასაწყისის შესახებ გვანცა თოთაძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.

"სკოლაში ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი, მქონდა ფავორიტული საგნები, მაგალითად მათემატიკა. ვიღებდი ყველანაირ ტურში მონაწილეობას, რაც ეხებოდა ამ საგანს. ამიტომ, როცა სკოლა დავამთავრე და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე (აწსუ-ში, 50%-იანი დაფინანსებით), პედაგოგები გაოცებულები იყვნენ, რომ მე ტექნიკური მხარე არ ავირჩიე. პირველ კურს როცა ვხურავდი, "პოსკრიპტუმმა" გამოაცხადა კონკურსი-მასალა უნდა მოგვემზადებინა, რომელიც მოწონების შემთხვევაში გამოქვეყნდებოდა, ამასთან, გთავაზობდნენ დასაქმებასაც. მოხდა ისე, რომ შემარჩიეს და დავრჩი "პოსკრიპტუმში". 2009 წლიდან, უკვე ვარ აქტიურ ჟურნალისტიკაში. მერე იყო "რადიო ძველი ქალაქი", სადაც ყველაზე დიდი ხანი ვიმუშავე, აქ ფაქტობრივად გავიზარდე და დავიხვეწე პროფესიულად, ამის შემდეგ იყო "ნეტგაზეთი". მახსოვს, აქ ყოფნის პერიოდში, ძალიან მწვავე თემებზე მიწევდა მუშაობა და საინტერესო ყოველდღიურობა მქონდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნამოხვანჰესთან დაკავშირებით პირველი ვიყავი, ვინც მასალა მოამზადა "ვის უპირებენ პაზიკაში გადასახლებას". როცა გამოქვეყნდა ეს მასალა, შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებაც დაინტერესდა ჩემით ("ინფო9", "აიპიენი" და ა.შ).

ჟურნალისტიკა თავიდანვე მიტაცებდა. საზოგადოების პრობლების მოსმენა, მასზე საუბარი და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე მიტანა, ყოველთვის მომწონდა. ამასთან, ბევრმხრივად განვითარებას მოითხოვდა, მხიბლავდა ეს საქმიანობა. პროფესიის მიმართ იმდენად დიდი სიყვარული მქონდა და მაქვს, რომ მოტივატორი იყო ჩემთვის, მემუშავა ამ სფეროში. ამასთან, დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრი უნარი გამომამუშავებინა ჟურნალისტიკამ: ცვლილებებთან და სიახლეებთან ადაპტირების უნარი, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, ორგანიზებულობის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი. შემაჩვია კომპლექსურ აზროვნებას, გამხადა დეტალებზე ორიენტირებული, ყოველთვის მიზრდიდა პასუხისმგებლობის გრძობას და ა.შ. იმდენ სფეროსთან მქონდა შეხება, რომ ინიციატივების ჩამოყალიბების ინსპირაცია მომცა,"-ამბობს გვანცა.

ჟურნალისტიკასთან ერთად გვანცა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობამ და შინაარსობრივმა დატვირთვამაც მოხიბლა. გვიყვება, რომ ამ სექტორში განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა, ამიტომ მის ცხოვრებაში პრიორიტეტები ცოტა სხვაგვარად გადანაწილდა.
https://i.postimg.cc/0NGMX69w/3-AD6-E0-BD-A8-CD-4794-9653-3-F83-CBE37-CC5.jpg
"2011 წლიდან იწყება ჩემი შეხება არასამთავრობო ორგანიზაციაასთან. RICDOG-მა პირველად გამიშვა ერასმუს +პროექტის ფარგლებში მულტიკულტურულ ტრენინგზე, რომელიც ქობულეთში იმართებოდა. 6 ქვეყნის წარმომადგენლები ერთ სივრცეში საინტერესო ტრენინგში ვმონაწილეობდით და სწორედ მაშინ დავინტერესდი არასამთავრობოების საქმიანობით. მიმიზიდა იმ შინაარსმა, მისიამ და დატვირთულობამ, რაც გააჩნია არასამთავრობოს იდეურად. თავიდან, სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ "თაობათა დიალოგში" მოხალისედ მივედი და როგორც ჟურნალისტიკაში გადავდიოდი ერთი საფეხურიდან მეორეში, ასევე ვითარდებოდა ჩემი კარიერა არასამთავრობო ორგანიზაციაშიც. მოხალისებოდან გავხდი წევრი, წევრიდან - გამგეობის წევრი, შემდეგ ხელმძღვანელის მოადგილე, ორგანიზაციის თავმჯდომარე და არჩეული გენერალური მდივანი.

დროთა განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში ძალიან კომპლექსურად შევეხე ყველა საკითხს, ინტერესები, გემოვნება თავისთავად შემეცვალა და მინდოდა უფრო მეტი. შემომეტანა სხვა სიახლეც ცხოვრებაში. რადგან არასამთავრობომ დამანახა განვითარების დიდი პერსპექტივა, გადავიწიე უფრო ამ სფეროსკენ. ერასმუს +გაცვლითი პროგრამით მინიმუმ 15 ქვეყანაში ვარ ნამყოფი სასწავლო კურსებზე, რამაც ძალიან გამზარდა,"-ამბობს რესპონდენტი.

პარალელურად, გვანცამ კომუნიკაციებისა და პიარ-მენეჯერის პოზიციაც შეითავსა. გვიყვება, რომ საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივად მუშაობდა და სულ სიახლეებისა და ახალი გამოწვევების ძიებაში იყო. ასე მოულოდნელად მიიღო ჩინური კომპანიისგან შემოთავაზება, გამხდარიყო ეიჩარ ოფიცერი, ისტორიული და მასშტაბური პროექტების მონაწილე.

"2014 წელს "თაობათა დიალოგში" პიარ-მენეჯერის თანამდებობა დავიკავე. ამ პოზიციაზე ყოფნისას, იმდენად ღრმად მომიწია ჩახედვა ამ სფეროში, ვხვდებოდი, რომ ჩემი იყო ეს საქმიანობა (პიარი), ამიტომ გადავწყვიტე, პრაქტიკული ჟურნალისტიკიდან გამოვსულიყავი (თუმცა გარკვეული შეხება დღემდე მაქვს). წამოვედი პოლიტიკურ პიარში. ვთანამშრომლობდი პოლიტიკოსებთან, როგორ კომუნიკაციების მენეჯერი და პიარ-მენეჯერი. პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა კერძო დაწესებულებასთან სტრატეგიული დოკუმენტების წერის კუთხით. მუდმივად ვადევნებდი თვალს სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიას, უფრო მეტად ამერიკულს, ვიძიებდი ძირითადად ინგლისურენოვან ლიტერატურას და თავად ვვითარდებოდი ამ მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ კი პრაქტიკაში მანახა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა.

ამის შემდეგ, კიდევ ვფიქრობდი, რა გამოწვევა შეიძლებოდა დამესახა საკუთარი თავისთვის. მოხდა ისე, რომ გამოჩნდა ჩინური კომპანია, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე მუშაობს, აგებს და აშენებს ხიდებსა და გვირაბებს. მივიღე მათგან შემოთავაზება, როგორც ეიჩარ ოფიცერის პოზიციაზე, რომ კადრებში მემუშავა. ვფიქრობდი რაღაც პერიოდი, ამ ყველაფრის დატოვება მინდოდა თუ არა, თან ტერიტორია, სამუშაო გრაფიკი უნდა შემეცვალა და ა.შ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც მივიღე გადაწყვეტილება, ახალი მიმართულებით გამომეცადა საკუთარი თავი. მთავარი, რატომაც ხიბლში ჩავვარდი, ეს მისი მაშტაბურობაა, ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტია, გლობალური საერთაშორისო მნიშვნელობის. მხიბლავს ის მოცემულობა, რომ დღეს ამ ისტორიული პროცესის ნაწილი ვარ,"-ამბობს გვანცა თოთაძე.

ყველა საქმიანობასთან ერთად ჩვენი რესპონდენტი ახერხებდა იმასაც, რომ აქტიური მოქალაქე ყოფილიყო. ისურვებდა, რომ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი იყოს ქვეყანაში, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის, ცვლილებებს კი პირველ რიგში, საკუთარი თავიდან დაიწყებს.

"ყველა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც ვთვლი, რომ ქვეყნისთვის არის ღირებული, ადამიანის უფლებებისთვის არის მნიშვნელოვანი, მუდმივად მაქვს ჩემი რეაქცია. არაერთი ღონისძიების ავტორიც ვყოფილვარ, მონაწილეც და დამგეგმავიც. ამასთან, აქტიურად ვმუშობ ქალთა თემებზე. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ქუთაისში, რომელმაც დაიწყო ქალთა კვოტირების საკითხებზე საუბარი.

მიმაჩნია, რომ არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება. დაბრკოლებებს ძირითადად თავად ვქმით საკუთარ თავში და თუ ამას გადავლახავთ, გარე სამყაროდან დაბრკოლებები არ გვექნება. ვთვლი, რომ მოტივაციას მუდმივად ვერ მიიღებ გარე სამყაროდან ან გარე პირებისგან, მოტივაცია უნდა იყოს საკუთარი თავი. ჩვენი თავის მოტივატორები უნდა ვიყოთ. უნდა განვსაზღვროთ რა გვინდა: ვიცხოვროთ თუ ვიცოცხლოთ? მე ასე ვყოფ ხოლმე. მე არ მინდა, რომ მხოლოდ ვიცოცხლო და მეტი არაფერი გავაკეთო. მე მინდა ვიცხოვრო და შესაბამისად, ამისთვის უნდა ვიყო აქტიური ყველგან და ყოველთვის.
https://i.postimg.cc/DzfJDv0p/EA8-A3-A0-A-0-A09-4-DA3-A60-B-4-AEAC3-D8-CBE4.jpg
ამასთან, უნდა ვეცადოთ გავხადოთ უკეთესი ჩვენი პატარა გარემოცვა და ამ გარემოცვიდან დაწყებული ცვლილებები მიგვიყვანს საერთო ცვლილებებამდე. ამიტომ, ჩემი სურვილია, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, თანამოქალაქე გვყავდეს ქვეყანაში, ვისაც ნამდვილად, ყოველთვის საკუთარ თავზე დაყრდნობით ექნება მოტივაცია იმისთვის, რომ რაღაცები შეცვალოს. ცვლილებები უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მაშინ, გარემო გახდება უკეთესი,"-ამბობს გვანცა თოთაძე Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 486-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი