Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ემიგრანტი ქალის მძიმე ისტორია-ჩემი მოშორება გადაწყვიტეს იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩემი მძიმე შრომის ფასად ვარჩენდი და არაფერს ვაკლებდი

თარიღი : 1-05-2021, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ემიგრანტი ქალბატონის მძიმე ისტორიას გაგაცნობთ. სამშობლოდან შორს, ათასობით კილომეტრის დაშორებითა და მძიმე შრომაში მყოფი ემიგრანტების კეთილგანწყობას საქართველოში მყოფი ოჯახის წევრები თუ ახლობლები ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იყენებენ. ნონა ამაღლობელი აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს.

ემიგრაციაში 1996 წლიდან იმყოფება. ჯერ საბერძნეთში იყო, ამჟამად კი გერმანიაში ცხოვრობს. ადრეულ ასაკში დაობლდა და მთელი ბავშვობა წყალტუბოს სოფელ გეგუთში გაატარა. ნონას უწევდა ზრუნვა მის ორ დაზე. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადარჩენის სურვილმა, სამშობლოდან შორს წასვლა გადააწყვეტინა.

“არავის ვუსურვებ ობლობის გამოცდას, ხოლო ვისაც გამოცდილი აქვს, იცის რა მწარეა. შეიძლება საქართველოდან მარტივად ჩანს, თუმცა მხოლოდ ემიგრანტებმა ვიცით, რა მძიმეა ემიგრანტის ხვედრი. უმძიმესი შრომა გიწევს იმისათვის, რომ შენი ოჯახისა და საკუთარი თავის სარჩენი თანხა შეაგროვო. სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს იმ მდგომარეობის გათავისება, რომელშიც ახლა ვიმყოფები. მთელი ბავშვობა წყალტუბოს სოფელ გეგუთში გავატარე. ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი იყო ჩვენი სახლის მოპირდაპირე სახლის ეზო, სადაც დიდ დროს ვატარებდით და სახლის მეპატრონესაც, ქალბატონ მ.კ.-ს ძალიან ვუყვარდით. მოგვიანებით, როდესაც ემიგრაციაში წამოვედი და ამ ქალბატონს რაიმე პრობლემა შეექმნებოდა ან ფული დასჭირდებოდა, ყოველთვის მე მირეკავდა და მეც რათქმაუნდა ვეხმარებოდი. ქალბატონ მ.კ.-ს შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. არასდროს მითქვამს მათთვის უარი დახმარებაზე. მოგვიანებით, ცოლ-ქმარმა შემომთავაზეს, რომ მერჩინა ისინი, მეზრუნა მათზე და მათი გარდაცვალების შემდეგ, მათი ქონება გადმომეცემოდა საკუთრებაში.

სამეზობლოდან ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ცოლ-ქმარს აღნიშნული შეთავაზება ჩემამდე სხვა პიროვნებასთანაც ჰქონდათ გაკეთებული, რომელსაც თავი არჩენინეს და შემდგომში პირობები დაურღვიეს. მიუხედავად ამის ცოდნისა, ჩავთვალე, რომ მათ ხელში გამოზრდილს იგივე პრობლემები არ შემექმნებოდა. ცოლ-ქმარს ხშირად ვუგზავნიდი რამდენიმე თვის ფულს ერთად, მათი სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებასაც ვახორციელებდი. ამ თანხების მოძიებისთვის დამატებით ვმუშაობდი უმძიმეს პირობებში, ღამის საათებში და ორი ოჯახის ვალდებულებებს მარტო ვუძღვებოდი. წლების მანძილზე გრძელდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ამ წლების განმავლობაში მე და მ.კ.-ს დადებითი ურთიერთობა გვქონდა.

ერთ დღეს, ცოლ-ქმარმა მითხრა, რომ მიწის გაყიდვა სურდათ, რაზედაც უარი განვუცხადე იმის გათვალისწინებით, რომ ქონება ჩემ საკუთრებაში ირიცხებოდა და ჩემზედ დაკისრებულ ვალდებულებებს ჯეროვნად ვასრულებდი. როგორც მოგვიანებით გავიგე, მიწის გაყიდვას ჩემ ზურგს უკან ცდილობდნენ, მაგრამ ქონება უკვე ჩემ სახელზე იყო და იძულებული გახდნენ გაენდოთ თავიანთი მიზნები ჩემთვის. როდესაც იმის სათქმელად დავრეკე, რომ თანხას ვრიცხავდი, ტელეფონზე არ მიპასუხეს. დავიწყე გარკვევა, თუ რა ხდებოდა. იმის გამო, რომ მიწა ვერ გაყიდეს, მათ მიმართეს სასამართლოს ხელშეკრულების შეწყვეტისა და ქონების დაბრუნების მოთხოვნებით. ამ მიზნის მიღწევისთვის კი სასამართლოში არაერთი ტყუილი მოიგონეს. ვერ აგიხსნით რა მოხდა, როდესაც ეს გავიგე.

ჩემი მოშორება გადაწყვიტეს იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩემი მძიმე შრომის ფასად ვარჩენდი და არაფერს ვაკლებდი. როგორც გავარკვიე, ცოლ-ქმარი ვინმე ბაქარ ხიჯაკაძის მითითებით და დახმარებით მოქმედებს. ჩემი ინფორმაციით, ბაქარ ხიჯაკაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახეა და ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ასევე, ხიჯაკაძე იყო მაჟორიტარობის კანდიდატი. იცით, რომ სოფელში არაფერი იმალება და სწორედ სოფელში იცის ყველამ, რომ ბაქარ ხიჯაკაძეა დაინტერესებული ამ ხელშეკრულების შეწყვეტით.

სავარაუდოდ, ის აგულიანებს ცოლ-ქმარს, რათა უძრავი ქონება თვითონ მიიღოს“. ნონა ამაღლობელის გადმოცემით, მას სჯერა სასამართლოს სამართლიანობის, თუმცა ამავდროულად ეშინია ხიჯაკაძის გავლენების. ის მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დახმარებას სთხოვს: „ბატონო მიხეილ, თვითონაც დევნილობაში მყოფს, კარგად მოგეხსენებათ რა რთულია სამშობლოდან შორს, მძიმე შრომაში ყოფნა. რა ძნელია, როდესაც ცრემლები გახრჩობს, როდესაც სიგიჟემდე გენატრებიან შენი ოჯახის წევრები, თუმცა არ გაქვს უფლება იტირო, არ გაქვს უფლება დანებდე და მხოლოდ იმაზე ფიქრობ თავი როგორც გაიტანო. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს, ბევრ მძიმე ისტორიას მოისმენდით, რომელიც წესით, გულგრილს არ დაგტოვებდათ. თქვენგან ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ემიგრანტები დასაფასებელი ხალხია, მათ გადაარჩინეს ოჯახები და მათი იმედი გაქვთ. მეც მინდა მქონდეს თქვენი იმედი და მინდა საჯაროდ გთხოვოთ, დაინტერესდეთ თქვენი პარტიის ერთ-ერთი სახითა და წარმომადგენლით, თუ რატომ ცდილობს ბაქარ ხიჯაკაძე ჩემი გამწარების ხარჯზე, ჩემი დაღვრილი ოფლით და სიმწრით ნაშრომის ხარჯზე მიაღწიოს თავის მიზანს. იქნებ დაინტერესდეთ და ხელი შეუშალოთ უსამართლობას, ხელი შეუშალოთ ისედაც გამწარებული ცხოვრების კიდევ უფრო გამწარებას,“ - ამბობს ნონა ამაღლობელი.

საქმესთან დაკავშირებით topnews.com.ge თავად ბაქარ ხიჯაკაძეს დაუკავშირდა. ხიჯაკაძის თქმით, მას აღნიშნული ქონების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. მისივე განმარტებით, ცოლ-ქმარმა მასთან უბრალოდ კონსულტაცია გაიარა, რადგან თავს მოტყუებულად თვლიან და ქონების დაბრუნება სურთ.

"ქალბატონი მაია არის ჩემი შორეული ნათესავი, ნორმალურად არც ვიცნობ. დამირეკა საერთო ნათესავმა, გვირჩიე ვინმე ადვოკატი ქუთაისში, შენი კოლეგა (მე თვითონაც ადვოკატი ვარ), რომ დახმარება გაუწიოს ამ ოჯახსო. ჩემთან უბრალოდ გაიარეს კონსულტაცია. მეც ვურჩიე კანონის ფარგლებში როგორც არის, სამართლებრივად ედავათ სასამართლოში. რომელი მხარეც არის მართალი, სასამართლო დაადგენს-მეთქი. ჩემი დახმარება რაში გამოიხატება?

ამ ქონებასთან კი არა, არავის ქონებასთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ მაქვს, ჩემი ოჯახი მყავს. ესენი ხნის ადამიანები არიან, შვილი გარდაცვლილი ჰყავთ და თავს დაჩაგრულად გრძნობენ. მე დეტალები არ ვიცი. როგორც მითხრა: "შეცდომაში შემიყვანა, გადაიფორმა ქონება, რაზეც თანახმა არ ვიყავით, მერე რაღაც გარიგება იყო, უნდა მოეხედა ჩვენთვის, მაგრამ დახმარება შეგვიწყვიტა, მერე საჯარო რეესტრში ვნახეთ, რომ ისე იყო რაღაც გაფორმებული, არ მიგვიღია ჩვენ მონაწილეობაო". ამიტომ ვურჩიე, სასამართლოში ედავათ. თუ კანონიერად არის გაფორმებული, ის მხარე მოიგებს პროცესს, თუ არაკანონიერად არის, დაგიბრუნდებათ ქონება-მეთქი,"-აცხადებს ბაქარ ხიჯაკაძე.


ნანახია: 291-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
ნატალია ჭიჭინაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ემიგრანტის სტატუსი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის აირჩია.
თევდორაძე, ეკე ბესელიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბესელიამ აღნიშნა, რომ გია თევდორაძის ოჯახის წლიური შემოსავალი 5 მილიონ
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.

ამინდი