Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ძალიან შრომატევადი და მძიმე იყო ეს პერიოდი. ჩემი სახის კანზე არის კვალი იმ პერიოდის, როცა მთელი ღამე არ გვეძინა, ოფლში ვიწურებოდით და დღეში 4-5-ჯერ ვიცვლიდით ფორმას,’-როგორ იხსენებს ქუთაისელი ექიმი პანდემიის პერიოდს

თარიღი : 10-06-2021, 16:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შორენა ვარდუკაძე ერთ-ერთი იმ ექიმთაგანია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" თერაპიის განყოფილებაში, პანდემიის წინა ხაზზე იბრძოდა. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს უყვება, მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა ბებიამ იქონია, რომელიც ცნობილი გინეკოლოგი იყო.

"ბებო (დედაჩემის დეიდა) ცნობილი გინეკოლოგი იყო, მასთან ვიზრდებოდი. აქედან შემიყვარდა ალბათ ეს პროფესია. სულ ვიძახდი, რომ ექიმობა მინდოდა, თუმცა ბებია მეუბნებოდა, რომ მძიმე დარგია და არ გინდაო, მაგრამ მე მაინც ჯიუტად მინდოდა. სხვათა შორის, ჩემი შვილიც ექიმია, მასაც ასე ვეუბნებოდი თავის დროზე, მაგრამ უნდოდა მთელი გულით ექიმი ყოფილიყო. ახლახანს დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი. ზოგადად, ექიმობა ძალიან კარგი პროფესიაა, ძალიან ჰუმანური, ადამიანური, საჭირო, მაგრამ თვითონ ექიმისთვის მძიმეა, რადგან ბევრ შრომასთან და ემოციურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მედდად ვმუშაობდი, წლების განმავლობაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადაში. მიმუშავია ოჯახის, სადაზღვევოს, სოფლის ექიმადაც. 4 წელია, რაც კლინიკა "ბომონდის" გუნდს შემოვუერთდი. ჯერ მიმღები განყოფილების (თერაპიული) გამგე ვიყავი და როცა ემერჯენსის განყოფილებად გადაკეთდა, იქ ვმუშაობდი. რაც კოვიდპანდემია დაიწყო და კოვიდკლინიკად გამოვცხადდით, კოვიდგანყოფილების ექიმი ვიყავი,"-ამბობს შორენა ვარდუკაძე.

იხსენებს ყველაზე რთულ პერიოდს, როცა კოვიდინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა და კოვიდპაციენტების პირველი ტალღა, სწორედ კლინიკა "ბომონდმა" მიიღო.

"დასავლეთში ყველაზე დიდი დატვირთვა ამ კუთხით "ბომონდს" ჰქონდა. ჩვენთან იყო სამეანო-გინეკოლოგიური კოვიდცენტრიც, პედიატრიული კოვიდგანყოფილებაც და ა.შ. მძიმე პერიოდი იყო. მძიმე იმიტომ, რომ ჩვენც პირველად შევეჩეხეთ ამ დაავადებას და პაციენტებიც, რომლებიც ძალიან შეშინებულები იყვნენ. წარმოიდგინეს, რომ რაღაც განსაკუთრებული დაავადება ჰქონდათ. ალბათ გავლენას ახდენდა ისიც, რომ ნიღბები გვეკეთა და აღჭურვილები ვიყავით. რადგან პაციენტებს მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ჰქონდათ, ჩემს განყოფილებაში მყოფ მედდებსა და საშუალო მედპერსონალს ვუთხარი, რომ ძალიან დიდ სტრესში იყვნენ პაციენტები, ამიტომ რაც იყო სტანდარტი, რომ ექიმი ერთხელ უნდა შესულიყო და მედდა მარტო მანიპულაციების დროს, ამ სტანდარტებს ვარღვევდით. სულ შევდიოდით, დღეში რამდენჯერმე. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ყველა პაციენტი კმაყოფილი გაეწერა. ძალიან შრომატევადი და მძიმე იყო ეს პერიოდი. ჩემი სახის კანზე არის კვალი იმ პერიოდის, როცა მთელი ღამე არ გვეძინა, ოფლში ვიწურებოდით და დღეში 4-5-ჯერ ვიცვლიდით ფორმას. თითქმის ყველა ჩემმა საშუალო მედპერსონალმა გადაიტანა კოვიდი და მე -არა. არ ვიცი როგორც არ დამემართა. ჩვენს რეანიმატოლოგსაც შეხვდა, ბატონ ტარიელ კუხიანიძეს, რომელიც სულ გვერდში გვედგა. ძალიან შეგვაშინა, ძალიან მძიმედ იყო. გეტყვით იმასაც, რომ ავადმყოფი დადიოდა, მოიხსნიდა სიპაპს და გვეხმარებოდა, როცა პაციენტების მდგომარეობა მძიმდებობა. ასე ალბათ, იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც მოწოდებით მართლა ექიმები არიან,"-ამბობს შორენა ვარდუკაძე.
საკუთარი დაკვირვებითა და გამოცდილებით გვიყვება, რომ კოვიდთან ბრძოლისას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. ადვილად არ უნდა დანებდე ამ დაავადებასთან და ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდე. კოვიდთან წინა ხაზზე ბრძოლამ ბევრი რამ ასწავლა: განსაკუთრებით ის, რომ ერთმანეთის გაფრთხილება და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია.

"ყველა პაციენტის ყველაფერი ვიცოდი. არავის არ უნდოდა სახლში წასვლა (მაშინაც კი როცა გამოჯანმრთელდებოდნენ), რადგან ეშინოდათ, მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ჰქონდათ. ყველგან გვქონდა საწოლები გაშლილი, მათ შორის დერეფანშიც. ყველა პაციენტი მახსოვს, გვარები და სახლებიც კი შემიძლია ვთქვა. ეს დაავადება ძალიან არის დამოკიდებული პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. სულ უნდა ეფერო პაციენტს, მაგრამ კოვიდპაციენტებს განსაკუთრებით სჭირდებათ სითბო, მოფერება და კარგი განწყობა, კარგი გარემო. ძალიან უცნაური დაავადებაა. ბევრი რამ ვნახე ამ პერიოდში, დიდი გამოცდილება მივიღე. ახლა, მგონია, რომ ადამიანები შეეჩვივნენ კოვიდთან თანაცხოვრებას. დაგვანახა, რა ხანმოკლე და რა მოულოდნელია ცხოვრება. აგერ, სიცოცხლით სავსე ადამიანი, შეიძლება უცებ ჩაქრეს. ამდენად, ერთმანეთის სიყვარული, გაფრთხილება ყველაზე მნიშვნელოვანია. მეტად უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს. კიდევ უფრო შემაყვარა ამ დაავადებამ ადამიანები, იმიტომ რომ მეშინია ყოველი ადამიანის დაკარგვის, ნაცნობი იქნება თუ უცნობი, უნდა გვეშინოდეს, ცოტა ვართ ისედაც,"-ამბობს ექიმი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“

ამინდი