Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში შესაძლოა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს

თარიღი : 11-10-2021, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ბაზარზე ახალი საბანკო დაწესებულებები, მიკრობანკები გაჩნდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და ის პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. მისი სავარაუდო დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემდეგ კი სებ-ი მიკრობანკების ლიცენზირების პროცესს დაიწყებს.

მიკრობანკი ერთგვარი შუალედური კომპანიაა მსხვილ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის. ის უფრო მეტად რეგულირდება, ვიდრე მისო, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ვიდრე მსხვილი ბანკი. ამასთან, მიკრობანკისთვის 1 მილიონი ლარიდან 10 მილიონამდე იზრდება საწესდებო კაპიტალის მოცულობა, ეძლევა დეპოზიტების სისტემის შემოღების უფლება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის განაცხადის წარდგენას გეგმავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისია“, რომელიც კანონპროექტზე მუშაობის პროცესშიც იყო ჩართული. უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა იცვლება საქართველოს საბანკო ბაზარზე მიკრობანკების შემოსვლით, კომპანიის გენერალური დირექტორმა გია პეტრიაშვილმა გაგვიზიარა:

რას ნიშნავს საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მიკრობანკების გაჩენა განსაკუთრებით ასეთ კრიზისულ პერიოდში?

ეს არის ძალიან დროული და პროგრესული ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან და ვფიქრობ, რომ მიკრობანკების გაჩენა საფინანსო სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მიკრობანკები კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ახლა ის ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის. ცნობილია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული და განვითარებულია სამეზობლო რეგიონში და მე ვფიქრობ, ამ შესაძლებლობის გახსნით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს რეგიონული ლიდერის პოზიციას საფინანსო სექტორში.

მიკრობანკი, თავდაპირველად, ეს არის ახალი პერსპექტივა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ყველა მირკოსაფინანსო ორგანიზაცია ვერ ისარგებლებს ახალი შესაძლებლობით, მაგრამ შედარებით მსხვილ ორგანიზაციებს ზრდის საშუალება მიეცემა. პირველივე ეტაპზე, მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების კანდიდატაც მინიმუმ სამი ორგანიზაცია მოიაზრება. შედარებით მცირე მისოებისთვის კი ეს იქნება ზრდის სტიმული და უბიძგებთ გაერთიანებისა და გამსხვილებისკენ, რაც მისასალმებელია. მეორე მხრივ, ახალი კანონი იძლევა საშუალებას, რომ დასავლურმა სტრუქტურებმა, არსებულმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა მოინდომონ ქართულ ბაზარზე შემოსვლა, რაც ნიშნავს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას.

რა იცვლება არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც მიკრობანკის სტატუსის მიღება სურთ?

მიკრობანკის ლიცენზიის მიღება ნიშნავს სესხის მაქსიმალური თანხის 10-ჯერ გაზრდას. ცნობილია, რომ მიკროსაფინანსოებს შეეძლოთ მხოლოდ 100 000 ლარის ფარგლებში დაკრედიტება და მიკრობანკს უკვე საშუალება ეძლევა, 1 მილიონ ლარამდე გასცეს სესხები. ეს პერსპექტივა მთლიანად მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სექტორს, როგორიც არის საშუალო და მიკრობიზნესი, რაც ეკონომიკის ხერხემალია. მიკრობანკების გაჩენა სწორედ აღნიშნული სექტორის დაკრედიტების წახალისებას ემსახურება.

რა თქმა უნდა, აღნიშნული მოცულობის თანხებით დაკრედიტება მსხვილ ბანკებსაც შეუძლიათ, მაგრამ მიკრობანკს ექნება მოთხოვნა, მისი პორტფელის 70% ზუსტად ამ ტიპის სესხებისგან შედგებოდეს. ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ ვიწრო სპეციალობის ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებული იქნება ზუსტად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე.

მიკრობანკების ნდობის ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მათი გამჭვირვალობა გაიზრდება, კრედიტორებისთვის უფრო მისაღები გახდება და შესაბამისად, მიკრო ბანკები უფრო ადვილად შეძლებენ საერთაშორისო დაკრედიტებისა და ინვესიტიციების მოზიდვას, ვიდრე ამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ახერხებდნენ.

თუნდაც ის ფაქტი, რომ მინიმალურ საწესდებო კაპიტალზე მოთხოვნა თუნდაც 10-ჯერ იზრდება და 1 მლნ ლარის ნაცვლად უკვე აუცილებელი ხდება 10 მლნ ლარი, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მიკრობანკი უფრო სტაბილური და უფრო მსხვილი ორგანიზაციაა და უფრო კარგად რეგულირებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

თქვენ ახსენეთ, რომ მიკრობანკი უფრო მეტად რეგულირდება, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. საინტერესოა, ეს ნდობის ხარისხის გაზრდის გარდა, სხვა ახალ შესაძლებლობებს იძლევა, თუ ერთგვარად შემაფერხებელი შეიძლება იყოს კომპანიისთვის?

გაზრდილ რეგულაციებს პაკეტში მოჰყვება ახალი უფლებები და შესაძლებლობები და მათ შორის გამოვყოფდი რამდენიმეს: დეპოზიტების მოზიდვა, რაც მიკროსაფინანსოებისთვის ნებადართული არ იყო; მიმდინარე ანგარიშების გახსნა, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს საშუალებას მისცემს, სრულყოფილად მოემსახურონ საკუთარ კლიენტებს (კლიენტს აღარ მოუწევს, პარალელურად სხვა მსხვილ ბანკთან ითანამშრომლოს) და სესხის მოცულობის 1 მლნ ლარამდე გაზრდა, რაც იწვევს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობას (ცნობილია, რომ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა მხოლოდ 200 000 ლარამდე შეიძლება და ვინაიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის „ჭერი“100 000 ლარი იყო, მათ პორტფელი მთლიანად ლარში ჰქონდათ. მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი წილი კი, განსაკუთრებით მსხვილ მიკროსაფინანსოებს უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ და ეს დისბალანსი ვალუტებს შორის კომპანიისთვის ძალიან სერიოზულ ფინანსურ რისკებს იწვევდა). შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ მიკრობანკების მეტად რეგულირებაზე, ვსაუბრობთ პარალელურად ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე, რაც კომპანიას მხოლოდ განავითარებს.

თქვენ ჩართული იყავით კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, რამდენად გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა თქვენი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოსაზრებები?

მიკრობანკების საქართველოს ბაზარზე გაჩენაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო, რის საფუძვლადაც შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები მივიჩნიოთ, რომელშიც ამგვარი ტიპის ფინანსური ორგანიზაციის შემოღებაზე იყო საუბარი.

კონკრეტულად კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულ ბანკთან ერთად აგვისტოს თვეში დავიწყეთ. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი პროცესი და მათ ჩვენი ბევრი რეკომენდაცია და შენიშვნა გაითვალისწინეს.

თუ ჩვენი მოლოდინით მიკრობანკების შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა, მაშინ ეროვნული ბანკი ლიცენზირების შესახებ განაცხადების მიღებას ავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყებს. ჩვენ ვგეგმავთ, ვიყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართავს და დიდი იმედი გვაქვს, დასტურის მიღებას შევძლებთ.

გაზრდის თუ არა კონკურენციას მიკრობანკების ბაზარზე შემოსვლა და აისახება თუ არა ეს სესხების საპროცენტო განაკვეთებზე?

რეგულატორის მხრიდან მიკრობანკების გაჩენის მთავარი მოტივაცია სწორედ კონკურენციის გაძლიერება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირებაა.

რა თქმა უნდა, საბანკო სექტორში ბაზრის მოთამაშეებისა და შესაძლებლობების გაზრდა, კიდევ ერთი ახალი საფინანსო ორგანიზაციის გაჩენა მხოლოდ გაზრდის კონკურენციას. მიკრობანკების გაჩენა მაინც გამოიწვევს კონკურენციის ზრდას იმ სეგმენტში, სადაც ისინი იქნებიან წარმოდგენილი. საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე.

საინტერესოა, როგორ განვითარდება „ემბისი“, როდესაც მიკრობანკის ლიცენზიას მიიღებს, რა შეიცვლება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის?

მიკრობანკის ლიცენზიის მიღება იქნება გამოწვევებით აღსავსე რთული მეტამორფოზა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ლიცენზიის მიღება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეძლო ყველა გაწერილი პირობის გამოყენება. ახალი მიმართულებების, ახალი პოზიციების, ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა იქნება საჭირო, რაც დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთანაც. მიუხედავად ამისა, ახალი შესაძლებლობები იმდენად მიმზიდველია, რომ კომპანია მზადაა, გასწიოს ეს ხარჯებიც, საკუთარ თავზე აიღოს რისკებიც, რათა მომხმარებელს უფრო სრულფასოვანი მომსახურება შესთავაზოს და მიკროსაფინანსო სექტორიდან საბანკო სექტორში გადაინაცვლოს.

bpn.ge


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასაბანკო დაწესებულებების შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკებმა მსესხებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლონ.
ონლაინ სესხების მიკროსაფინანსოებად გადაკეთებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი განცხადებით, გარკვეული