Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პირდება ქუთაისის მოსახლეობას მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე?

თარიღი : 13-09-2021, 19:42 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი "მესამე ძალის" მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძეა.


1. რატომ გადაწყვიტეთ ქუთაისის მერობა?

ვერავინ ვერსად და მით უმეტეს, საქართველოში ვერ იდგება საკუთარი ისტორიის მიღმა. საქართველოს ისტორია, სახელმწიფოებრივი ტრადიცია და თვითმყოფადი კულტურა თითოეული ქართველის „მე“-ს განუყოფელი ნაწილია, რასაც ჩვენი წინაპრები იცავდნენ მუდმივად, რომის იმპერიიდან რუსეთის იმპერიით დამთავრებული. ამ ბრძოლაში ყველა თაობას საკუთარი გამორჩეული ტვირთი აკისრია, მათ შორის ჩვენს თაობაზე გადის დღეს ბრძოლის ხაზი - ხორცი შევასხათ იმ მუდმივ იდეას, სწრაფვას, რისთვისაც ეწამებოდა, ქმნიდა, ლოცულობდა ჩვენამდე მოღწეული ყველა ქართველი თაობა.

მე, ჩემს გუნდთან ერთად, ვთვლი, რომ დღეს საზოგადოების განვითარება მხოლოდ ჯანსაღ კონკურენციას შეუძლია. არსებობს მესამე ძალა, თავის ქვეყანასა თუ ქალაქზე უსაზღვროდ შეყვარებული, ამავე დროს პროფესიონალი და საქმის მკეთებელი ადამიანებისა, რომელთაც ძალუძთ დღეისათვის არსებული პოლიტიკის ორპოლუსიანობის დილემის გარღვევა. ვთვლი, რომ ახლა შორიდან ცქერის დრო არ არის და ვერთვები ამ ბრძოლაში, რათა შევცვალოთ ქვეყანაში და ჩემს ქალაქში - ქუთაისში გაბატონებული კლასი.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

დავიბადე 1975 წელს ქალაქ ქუთაისში.

სკოლაც და უნივერსიტეტიც აქ დავამთავრე. 1997 წლიდან, როდესაც სამსახურეობრივი მოღვაწეობა მანქანათმშენებლობის ლიცეუმში მასწავლებლად დავიწყე, თითქმის არ დარჩენილა სფერო, რაშიც გამოცდილება არ მომიღია. ვიყავი ქ.ქუთაისის საკრებულოს წევრი, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ფონდის თავმჯდომარე, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ააიპ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი... 2013 წლიდან კი, ვმოღვაწეობ კერძო ბიზნესში. ასე, რომ, ვთვლი, რომ გამაჩნია საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, ვემსახურო საკუთარ ქალაქს.

ქუთაისის განვითარების გეგმაზე მუშაობა, სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად, ერთი წლის წინ დავიწყეთ. წარმოგიდგენთ ამ გეგმის რამდენიმე ძირითად პუნქტს:

- ქუთაისი - საპარლამენტო დედაქალაქი. ამ სტატუსის ჩამორთმევით და პარლამენტის თბილისში გადატანით, ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისს უდიდესი ბოროტება გაუკეთა. ჩვენ, ჩვენს საპარლამენტო გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, ამ სტატუსის დასაბრუნებლად.

- სპეციალური კანონი ქალაქ ქუთაისის შესახებ. აქაც დაგვჭირდება საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა, და ,იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაგვიჭერენ მხარს, რომ საკანომდებლო დონეზე მიენიჭოს ქუთაისს რეალური თვითმმართველობა. ქალაქს გააჩნდეს შესაძლებლობა, მთავრობის კანცელარიიდან ტრანსფერების ხვეწნის გარეშე გვქონდეს ღირსეული ეკონომიკური ბერკეტები, ქუთაისელების გადახდილი გადასახადის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩეს ქალაქის ბიუჯეტში.

- მასშტაბური საინვესტიციო პროექტები ახალი სამუშაო ადგილების შექნისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით:

- ინდუსტრიული პარკის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა დარგის სამრეწველო ობიექტები, რომელთაც განესაზღვრებათ მაქსიმალურად ხელსაყრელი საგადასახადო პირობები, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველსაყოფად.

- აშენდება IT - ქალაქი.

- აშენდება მსოფლიოში უნიკალური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დრაივ მუზეუმი „მედეა“. ეს იქნება გრანდიოზული სივრცე, სადაც ვიზიტორი ვირტუალურად იმოგზაურებს საქრთველოს ისტორიაში, ანტიკური ხანიდან დაწყებული, თანამედროვე ხელოვნების მიღწევებით დამთავრებული.

- გაგრძელდება ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია მდ. რიონის მიმართულებით, მოეწყობა საფეხმავლო ხიდი ბოტანიკურ ბაღსა და ხარების ეკლესიას შორის.

- ქალაქის ცენტრში პარკირების პრობლემის გადასაჭრელად, ცენტრალური ბაღის ქვეშ აშენდება დახურული საპარკინგე სივრცე.

- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას. თითქმის განადგურების პირას მისული მუხნარის ტყის გადასარჩენად გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. მუხნარისა და კორპის ტყეში, ქუთაისელთა და ქალაქის სტუმრების დასასვენებლად მოეწყობა სარეკრეაციო ზონები. პარლამენტის შენობის ირგვლივ გაშენდება თავდაპირველი რპოექტით გათვალისწინებული ათასწლეულის პარკი.

- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ, განათლებისა და კულტურის სფეროს:

- კატასტროფულად მცირეა თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების: საბავშვო ბაღების, სამუსიკო და სპორტული სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურება. განისაზღვრება ვაუჩერული დაფინანსება საბავშვო ბაღებისთვის. პირველივე წელს მოხდება პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაორმაგება, მიეცემათ ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტები.

- სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის აშენდება სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, ადაპტირებული აუზითა და სხვა აღჭურვილობით.


3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ჩემს ქალაქთან 5-თვიანი განშორების შემდეგ მდგომარეობა უფრო მძიმე დამხვდა, ვიდრე წასვლამდე დავტოვე. უფრო მძიმე, ვიდრე შორიდან, გამომგზავრებისას მეგონა. ისევ ის გადათხრილი ქუჩები, ისევ ის პრობლემები - ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის, უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა და სამწუხაროდ, ქვეყნის დატოვების მსურველთა უფრო გრძელი რიგი ავიაბილეთების ოფისებთან... ამიტომ, დღეს უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი გარდატეხა, დავაბრუნოთ ხალხში განცდა ხვალინდელი დღის იმედისა, რწმენა იმისა, რომ ჩვენ შევცვლით, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი!

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
ჩვენი მისიაა, რომ ქუთაისი გახდეს დასავლეთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრი. ამ ქალაქში შემოსული ადამიანი გაკვირვებული უნდა დარჩეს არა მხოლოდ წარსულის დიდებული ძეგლებით, არამედ აწმყოს მოცემულობით, რაც გულისხმობს თითოეული ქუთაისელის კულტურის, სულიერი ფასეულობების, განათლების, იუმორის, ერთმანეთისადმი ემპათიის გასაოცარი უნარის წარმოჩენას. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ნიჭი და შესაძლებლობა რეალიზებული იქნება ამ ქალაქში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს კი დაეთმობა მაქსიმალური ყურადღება. სწორედ ასეთი წარმომიდგენია ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?


ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ფონდის თავმჯდომარედ მუშაობისას ჩემთვის საამაყო და უფრო მეტად საპასუხისმგებლო იყო, მონაწილეობა მიმეღო ქალაქის ცენტრალური უბნის - მეფეთუბნის ავტენტური არქიტექტურული იერსაცის დაბრუნების, შენებისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში.

წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისისა და იმერეთის რეგიონალურ დირექტორად მუშაობისას მოხდა ქუთაისის სათავე ნაგებობებისა და გადამქაჩი სადგურების, 28 ქუჩის წყალმომარაგების ქსელისა და საქუსლიის გორის რეზერვუარების რეაბილიტაცია. რამაც საშუალება მოგვცა რომ უკვე 2010 წლის ბოლოსათვის 24 საათიანი წყალმომარაგებით უხრუნველგვეყო ავტოქარხნის დასახლება დაახლოებიტ 20 000 აბონენტი. ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი უნდა დასრულებულიყო 2-3 წელიწადში თუმცა ეს პროექტი მხოლოდ გასულ წელს დასრულდა, თანაც წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელის რეაბილიტაციის გარეშე.
ვიმედოვნებ, რომ კიდევ მომეცემა საშუალება, მონაწილეობა მივიღო ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში!

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
ოპონენტებს ვეტყვი, რომ ჩვენი, ყველას მიზანია ქუთაისის უკეთესი მომავლისათვის ზრუნვა და ბრძოლა. ვიყოთ ღირსეული ოპონენტები ამ ბრძოლაში.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
ჩემი პროგრამის ზოგიერთი პუნქტის შესახებ ზემოთ მოგახსენეთ. აქ შეიძლება ამომრცეველმა მკითხოს, როგორ? როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს?
დიახ, ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ჩვენ გვჭირდება გამარჯვება. მე, ჩვენ ყველას მოგვიწევს ბევრი შრომა, კარდაკარ სიარული იმისათვის, რომ ჩვენი ამომრჩეველი დავმუხტოთ რწმენითა და ენერგიით, ხმა მისცეს “მესამე ძალას” - ქუთაისის აღმშნებლობის იდეას.

ძნელია? დიახ, რა თქმა უნდა, ძნელია. არც ბაგრატის ტაძრის აგება იყო იოლი ათი საუკუნის წინ. არც ორი საუკუნის მანძილზე იავარქმნილი მისი კედლების აღდგენა იყო იოლი ათიოდე წლის წინ. მე მგონი, აწ გარდაცვლილი მეუფე კალისტრატე იყო მხოლოდ, რომელსაც სჯეროდა და ყოველ კვირას ქადაგებდა, რომ მოესწრებოდა ერთიანი საქართველოს სიმბოლოს, ბაგრატის ტაძრის, აღდგენას. და მან ეს შეძლო... ჩვენ ეს შევძელით, მისი რწმენით.

ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა ყოფილიყო ამ არჩევნებზე ჩვენი დევიზი, ან სლოგანი და გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი ავტოკალამი. მომავლის შესაცვლელად ჩვენ არ გვჭირდება თოფი, დამბაჩა და სხვა მისთანები. ჩვენ მოვალთ თითოეულ თქვენგანთან და ჩვენს რწმენასთან ერთად სიმბოლურად გადმოგცემთ გამარჯვების მთავარ ამ იარაღს და მოგიწოდებთ - „აიღე კალამი - შეცვალე მარტივად“! და, დამერწმუნეთ, ჩვენ ამას შევძლებთ, შევძლებთ გავარღვიოთ მოჯადოებული ჯაჭვი ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად!




ნანახია: 295-ჯერ

მსგავსი სიახლეები