Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მერი, რომლის მთავარ მიზანს საკუთარი მოქალაქეების დასაქმება წარმოადგენს

თარიღი : 5-03-2021, 22:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მეტი სამუშაო ადგილის შექმნა - ეს ლადო ჯურხაძის ერთ-ერთი ამოცანა იყო, როდესაც ხონის მუნიციპალიტეტის მერი გახდა. როგორც მერი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, ამ კუთხით გუნდთან ერთად ბევრი ნაბიჯი გადადგა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.

"დასაქმების პრობლემა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არა მარტო ჩემს მუნიციპალიტეტში, არამედ ზოგადად, საქართველოში. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც შეიძლებოდა მეტი სამუშაო ადგილი შემექმნა ჩემს მუნიციპალიტეტში, ამისთვის, ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვდგამდი გარკვეულ ნაბიჯებს, სულ ვფიქრობდით რამე ისეთი გაგვეკეთებინა, რაც ხელს შეუწყობდა ადამიანებს დასაქმებაში. ამ კუთხით ბევრი პროგრამა ხორციელდება საქათველოში. ამ პროგრამაში ჩაბმა ცოტა ურთულდებათ მოქალაქეებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა გარკვეული ჯგუფი გამოყოფილი, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში დაინტერესებულ მოქალაქეებს ხელს უწყობდნენ. წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის შედეგი, რომ ხონი მოწინავე იყო "აწარმოე საქართველოში" წარდგენილ პროექტებში, მცირე გრანტებში. ამას გარდა, იყო პროგრამა მცირემიწიანი მოსახლეობისთვის, კენკროვანი კულტურების განაშენიანებისთვის. აქაც მაქსიმალური გავაკეთეთ და დღეს ამ კუთხითაც ხონი არის მოწინავე. სამოცი ბენეფიციარია ამ პროგრამაში ჩართული და 18 ჰექტარია განაშენიანებული კენკროვანი კულტურით. ეს იყო ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით, რომ ის სიკეთეები, რასაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს, მოსახლეობამდე მარტივად მიგვეტანა. აგვეხსნა, რომ ეს არ არის რაღაც რთული პროგრამა და ამაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩართვა. გარკვეული წინსვლები ამასთან დაკავშირებით გვაქვს,"-განაცხადა ჯურხაძემ.

მისივე თქმით, ხონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით წელიწადნახევარში 3 საწარმო აშენდება. ჩაიდება ინვესტიციები და დასაქმებიან ადგილობრივები.

"ჩემს გუნდთან ერთად მე მუდმივად მქონდა სხვადასხვა პოტენციურ ინვესტორებთან საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განეხორციელებინათ გარკვეული ინვესტიციები. ეს ცოტა რთული თემაა, თუმცა მე კერძო სექტორიდან ვარ თავის დროზე წამოსული და ამ სექტორთან საუბარი მიადვილდებოდა, როცა რაღაც პერსპექტივებს ვხედავდი. მაგრამ ამან, მთელი სამი წლის განმავლობაში რომ ვთქვათ, დღევანდელ დღეს გამოიღო ნაყოფი. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარში სამი დიდი საწარმო შეემატება ხონს. აქ მუდმივად 350-400 ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდება. ეს უკვე გადაწყვეტილი თემებია, პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება, ინვესტიციები უკვე წამოვა. ეს არის დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ეს საინვესტიციო პროექტები სეზონურად დაახლოებით 1000-მდე კაცს დაასაქმებს (ზოგი ორი, ზოგი სამთვიანი პერიოდი იქნება).

ჩვენი სწორი ხედვებიდან გამომდინარე და პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებით, შევძელით ისიც, რომ დაახლოებით 2022 წლისთვის ხონში იქნება უკვე 150 ჰექტრამდე ლურჯი მოცვის პლანტაცია და ხონი იქნება ერთ-ერთი მოწინავე ამ კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მინიმუმ 200 კაცამდე მუდმივად დასაქმებული ადამიანები იქნებიან, სეზონურად კი - გაცილებით მეტი. ამას სჭირდებოდა გარკვეული შრომატევადი სამუშაო და ეს ნაბიჯები ჩვენ გადავდგით,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მერი საუბრობს იმაზეც, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების კერაა. შესაბამისად, ხონში, 2022 წლისთვის პროფესიული სასწავლებელი აშენდება.

"ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩემს გუნდთან ერთად იყო, აღმედგინა ჩემი მუნიციპალიტეტისთვის განათლების კერა, რაც ოდითგანვე ჰქონდა ხონს. ამ კუთხითაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. ეს ჯერჯერობით დაუსრულებელი პროექტია, თუმცა 2022 წლისთვის ალბათ ესეც დასრულდება. ეს არის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა (კერძო ინვესტორი ახორციელებს). ჩვენს მოსახლეობას დღევანდელ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიმართ გადამზადების საშუალება მიეცემა. ვდგამ ამ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გადამზადებული მოქალაქეები მყავდეს, რათა ადვილად დასაქმდნენ.

მეორე ნაბიჯი, რომელიც განათლების კუთხით გადავდგით იყო ის, რომ გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილ გრანტში მივიღეთ მონაწილეობა (სადაც ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით მოვიპოვეთ). ბატონი მამუკა ცოტნიაშვილი იყო მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გამიწია იმაში, რომ ეს პროექტი ჩვენთან წამოვიღეთ და ჩვენ შევძელით სამი დიდი პროექტის განხორციელება. ერთ-ერთი ამ პროექტთაგანი იყო გადამზადების ცენტრის ჩამოყალიბება. დავაინტერესეთ ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაცია და დაახლოებით 9 თვეა, რაც გადამზადების ცენტრი ფუნქციონირებს. რამდენიმე გადამზადებული ჯგუფი უკვე არსებობს. მსმენელები 3-4 თვიან კურსებს გადიან და კონკრეტულ სპეციალობას ეუფლებიან, ზოგი ტურიზმის სფეროში, ზოგი მენეჯმენტის, უცხო ენების და ა.შ. მოკლედ, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი. ამ პროექტიდან გამომდინარე, დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან ერთად ჩვენ საგრანტო პროგრამა გამოვაცხადეთ, სადაც მონაწილეობის მიღება მცირე და ადგილობრივ მეწარმეებს შეეძლოთ. გამოვავლინეთ 16 მცირე მეწარმე კონკურსის წესით და მათ 2000 ევროიანი გრანტი (აღჭურვილობის სახით) მიეცათ, რომ თავიანთი საწარმოები განევითარებინათ. ეს მცირე საწარმოები ასე ვთქვათ გადაიარაღდა და მეტი მუშახელის დასაქმების პერსპექტივა მიეცათ. რადგან დაინტერესება დიდი იყო, კიდევ უფრო განვავითარეთ ეს პროექტი და დავუმატეთ "შეგირდების" პროგრამა, სადაც ამ 16-მა მცირე მეწარმემ დაახლოებით 30 ახალგაზრდა ხელფასიან სტაჟირებაზე აიყვანა 10 თვის განმავლობაში. ანუ გვეყოლება 30 გადამზადებული, საქმეში კარგად ჩახედული ახალგაზრდა. ეს არის ის ნაბიჯები, რაც ამ კუთხით გადაიდგა, გეგმები გაცილებით მეტი გვაქვს და მე, ან შემდეგ სხვა მერს მიეცემა საშუალება, მომდევნო პერიოდში დაწყებული განავითაროს. ამას გარდა, ვცდილობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამარჯვებულ კომპანიებს (საკმაოდ ბევრი ხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში), ადგილობრივები დავასაქმებინოთ.

დაწმუნებული ვარ, 2-3 წელიწადში შედეგს გამოიღებს ის პროგრამები, რაც მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მე წარმატებულად ჩავთვლი თავს, როცა შედეგი სახეზე იქნება და ჩემს მოქალაქეებს დავეხმარები,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 824-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი