Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘წარმატება არის წლების განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობის შედეგი,’-წარმატებული ქუთაისელი ქალისა და მეამბოხე სამოქალაქო აქტივისტის ტრადიცია და რთული გზა წარმატებამდე

თარიღი : 27-02-2021, 21:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

რუბრიკის მორიგ რესპონდენტად ქუთაისში ერთ-ერთი წარმატებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონი, ნატო დანელია შეირჩა. არც მისი ცხოვრება ყოფილა მარტივი. 36 წელი საზღვარგარეთ გაატარა. ბევრი ბრძოლა უწევდა, მაგრამ არასდროს ნებდებოდა. ახლაც იბრძვის, იბრძვის უკეთესი მომავლისთვის.

"დავიბადე მსოფლიოში ულამაზესსა და უსაყვარლესს ქალაქში, ქუთაისში. თავიდანვე განსხვავებული ვიყავი. მქონდა პროტესტის ტალღა სკოლაშიც, ვერ ვეგუებოდი ისეთ მოვლენებს, რომლებიც ჩემი მოსაზრებით არასამართლიანი იყო. ეს მეამბოხე სული დღემდე გამომყვა. სკოლის დამთავრების შემდეგ საუკეთესო უნივერსიტეტში, ესტონეთში ვისწავლე. ასევე სანკტ-პეტერბურგში, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ვარ. პროფესიით ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ. 36 წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი სხვადასხვა ქვეყანაში (პოლონეთში, გერმანიაში და ა.შ). 2009 წელს, ოჯახთან ერთად ჩამოვედი საქართველოში და მას შემდეგ აქ ვარ. ძალიან ვნანობ, უფრო ადრე რომ არ წამოვედი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფრის საფუძველი შრომა იყო. მდიდარი ოჯახის შვილი ნამდვილად არ ვყოფილვარ, ერთი მოკრძალებული ოჯახიდან ვარ. მთავარი იყო დედააზრი, რომელიც დედასგან მოდიოდა - განათლება. შეეცადა ყველა შვილისთვის მიეცა განათლება და მადლობელი ვარ მისი, იმ საბჭოთა კომუნისტური პერიოდის დროს რომ მოახერხა, 17 წლის გოგონა წავეყვანე სასწავლებლად. მას შემდეგ თავად გავიკვლიე ცხოვრების გზა,"-ამბობს რესპონდენტი.
https://i.postimg.cc/wv6f3JVt/24-B858-E6-B3-B7-40-CC-8974-3214-CEFD11-B2.jpg
სამედიცინო ფაკულტეტი მისი საოცნებო პროფესია არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა დაწყებული საქმე კარგად შეესრულებინა. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს იმას უმტკიცებდა, რომ თუ სხვას შეეძლო რაღაცის მიღწევა, მასაც აუცილებლად გამოუვიდოდა. ამისთვის ბევრს შრომობდა.

"სამედიცინო-სამკურნალო საქმე ჩემი არჩეული ნამდვილად არ ყოფილა. იმ პერიოდში ძალიან პრესტიჟული პროფესია იყო. ვინც სამკურნალო საქმეზე ეწყობოდა, ის ან ძალიან მაგარი ან მდიდარი კაცის შვილი იყო და რამდენიმე რეპეტიტორი უნდა ყოლოდა. მე არასდროს მყოლია, ეს იყო ჩემი თავის წინაშე პრესტიჟის დამტკიცების ამბავი, რომ რეპეტიტორებისა და ფულადი დახმარების გარეშე შემეძლო მესწავლა ყველაზე საოცნებო და მაღალკონკურსიან ფაკულტეტზე. საერთოდ, მთელი ცხოვრება ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ თუ სხვას შეუძლია, მე რატომ არ შემეძლო? ახლაც ვცდილობ, განათლების პროცესს არ გამოვეთიშო, ვიკითხო, ვისწავლო, ვიყო გაცნობიერებული. ძველებურად აღარ გამომდის, თუმცა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატებისკენ.

ვმუშაობდი კერძო სექტორშიც, შემდეგ "გრანდმოლის" დირექტორი გავხდი, ორჯერ ამირჩიეს, 2023 წლამდე მაქვს მმართველობის უფლება მონიჭებული, მერე ალბათ სხვას გადავაბარებ ამ საქმეს. ეს ჩემთვის თანამდებობა ნამდვილად არ არის. ეს არის მძიმე გონებრივი სამუშაო და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკაშიც და არ არის გამორიცხული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვიყარო კენჭი ქუთაისში. ვნახოთ რა გამოვა "-ამბობს ნატო დანელია.

დაისახო მიზანი, იბრძოლო და გქონდეს რწმენა, რომ ყველაფერი გამოვა - ასეთია ჩვენი რესპონდენტის წარმატების ფორმულა. ამბობს იმასაც, რომ უნდა შეგეძლოს, თვალი გაუსწორო საკუთარ შეცდომებს და შეძლო მისი დამარცხება.

"წარმატება არის წლების განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობის შედეგი. შეუძლებელია გონებრივად დარჩე იგივე ადამიანი, რაც მის წინ იყავი. აუცილებლად უნდა დაიმატო გამოცდილება და პრაქტიკაში განახორციელო. ძალიან კარგია სხვის შეცდომებზე სწავლა, მაგრამ ადამიანებს საკუთარი შეცდომები გაგვაჩნია, თვალი უნდა გავუსწოროთ ამ შეცდომებს (რაც არ უნდა მწარე იყოს) და შევძლოთ მისი დამარცხება, შემდეგ კი აღარ გავიმეოროთ. ხშირად გამომდის ეს, ზოგჯერ არა, მაგრამ ეს პროცესი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

მთავარია მიზანიც, რისკენ მიისწრაფვი. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს დაბალი სამიზნე ან უცებ მოსაპოვებელი. თამასა უნდა იყოს მაღალი და ყველაფერი გააკეთო დასახულის მისაღწევად. უნდა გქონდეს რწმენა, რომ რასაც დაისახავ მიზნად, ის გამოვა. გამოვა მხოლოდ ერთი ფაქტორის გამო: რომ მე მინდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა ყოველდღიურ რუტინაში არ ფიქრობ ამაზე, მაგრამ მცირე-მცირე ნაბიჯებით გიელვებს გონებაში: ხომ გინდოდა ეს მიზანი, ხოდა ამ მიზნისკენ სწრაფვის გზაზე ხარ. ესეც გაძლიერებს, როცა სწრაფვის გზას ადგახარ,"-ამბობს დანელია.

ნატო დანელიასთვის წარმატება ერთგვარად თავისუფლებასთან ასოცირდება. გვიყვება იმ საინტერესო ტრადიციის შესახებაც, რომელსაც ყოველ წელს ასრულებს და რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში სტიმულს აძლევს და ეხმარება.

"რამდენად წარმატებული ვარ არ ვიცი. ერთადერთი ის ვიცი, რომ არასდროს არავინ დამხმარებია არასამართლიანი გზით თუნდაც მატერიალურის მოპოვებისთვის. ასეთი ადამიანი უბრალოდ დაბადებული არ არის. ვიცი, რომ ვერავინ, დედამიწის ზურგზე ვერ დამაყვედრებს, რომ აი შენ, ეს რომ მოიპოვე, ჩემი დამსახურებააო. ასეთი შიში არ მაქვს და ამას მივყავარ ჩემს თავისუფლებამდე. ალბათ, ამიტომ უფრო ვარ ასეთი მეამბოხე, პროტესტის გამწვავებული შეგრძნების, იმიტომ მინდა უფრო მეტი სამართლიანობა, უკეთესობა. ეს ალბათ ამ განვლილი გზის დამსახურებაა. სხვათა შორის არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა შენს თავს ეუბნები: ყოჩაღ ნატო, შენ ეს შეძელი, ეს დაიმსახურე. ჩემს ასაკში ეს ძალიან მაგარია. წარმატება თავისუფლებაა. თუკი არ არის მონობით მიღწეული, ის დიდი სიამოვნება და დიდი თავისუფლებაა.

მაქვს ასეთი ტრადიცია: ყოველ 31 დეკემბერს, ვწერ 10 პუნქტიან მიზანს განსახორციელებლად (მომავალი წლისთვის). ვინახავ ამ დაწერილს სათუთად და წლის განმავლობაში შიგნით არ ვიხედები. ერთი წლის შემდეგ, 31-ში ვხსნი და გამოხშირვას ვაკეთებ იმ მიზნებისას, რომლებიც შესრულებულია და დარჩენილს ვუმატებ ახალ მიზნებს. სხვათა შორის კარგი სტიმულია, როცა იცი მთელი წლის განმავლობაში შენ იქ მიზნები გაქვს, რომ ეს არის შენი მინიმუმი, რომელიც უნდა ჩააბარო გამოცდასავით. ჩამოწერილებიდან მიახლოებით 75% გამომდის. ამიტომაცაა, რომ ეს თამასა ძალიან მაღალი უნდა იყოს, რათა მიზანი კარგად შესრულდეს,"-ამბობს რესპონდენტი.

ფიქრობს, რომ ცუდი მომენტები ცხოვრებაში დიდხანს არ გრძელდება, რომ ერთ დღესაც აუცილებლად გამოანათებს მზე, მანამ რწმენა უნდა შეინარჩუნო და ეცადო ცხოვრებას პოზიტიურად შეხედო.

"სამჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან. ამისთვის ძალიან მყარი ფსიქიკის უნდა იყო ადამიანი. უნდა გახსოვდეს, რომ ყოველ დაღმართს აუცილებლად მოჰყვება აღმართი. აღმართის ავლა იმდენად ძნელი არ არის, მთავარია, რომ ახვალ წონასწორობა შეინარჩუნო და დაღმართი რომ მთავრდება, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. რწმენა უნდა გქონდეს, რომ მიზნად აიღებ ახალ სიმაღლეს და ნაბიჯ-ნაბიჯ იარო მისკენ.

მე ბებია მყავდა, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით 105 თუ 115 წლის გარდაიცვალა. არავინ ვიცოდით მისი დაბადების თარიღი, მანაც არ იცოდა. ბებიაჩემი ძალიან პოზიტიური, შრომისუნარიანი, თბილი და ენერგიული ქალი იყო. სიკვდილის ბოლომდე ის არ ჩაწოლილა და მთელი თავისი არსებით შეიგრძნობდა ცხოვრების სურნელს, გვახალისებდა. მახსოვს, დედაჩემს დილის 6 საათზე დაადგებოდა და ეუბნებოდა: ადექი რძალო, გაიღვიძა ბუნებამო (ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ). დიდი პოზიტივი, დიდი ენერგია შემოჰქონდა. ბებიამ ძალიან ბევრი შვილიშვილი და შვილთაშვილი დატოვა და მითხრა, მე ვიქნებოდი ერთ-ერთი მისი პირდაპირი შთამომავალი, რომელიც იქნებოდა აქტიური და იცოცხლებდა აუცილებლად 120 წელი. ვცდილობ, შევასრულო ბებიას დანაპირები, ვიყო პოზიტიური, აქტიური და სიცოცხლის ხანგრძლივობა მქონდეს მინიმუმ ბებიაჩემის ხნის,"-ამბობს ნატო დანელია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 364-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი