Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოსწავლე: მინდა სხვისთვის მისაბაძი ადამიანი გავხდე

თარიღი : 22-02-2021, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ჭკვიან, აქტიურ და ნიჭიერ ქუთაისელ გოგონას სესილი ცაკაშვილს გაგაცნობთ. სესილი მე-5 კლასის მოსწავლეა. ჯერ 11 წლისაა, თუმცა ბევრი იდეა აქვს, თანაც საინტერესო.

"ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ძალიან კარგი კლასელები მყავს, ვმეგობრობთ ერთმანეთთან. ყველანი აქტიურად ვართ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამასთან, პროფესიონალი პედაგოგები გვყავს. განსაკუთრებით ინგლისურის, მათემატიკისა და ხელოვნების მასწავლებელი მიყვარს, ასევე ჩემი დამრიგებელი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს. ყველა საგანი საინტერესოა და კარგად ვსწავლობ. ონლაინ სწავლა არც ისეთი რთული იყო, ვფიქრობ, რომ გავუმკლავდით ამ გამოწვევას. დავალებებს კარგად ვასრულებდი, ვმეცადინეობდი სახლში, მაგრამ მაინც "ლაივში" გვირჩევნია ბავშვებს სწავლა. რომ თქვეს, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდებაო, ძალიან გამიხარდა. დიდი ხანი არ მყავდა მეგობრები და მასწავლებლები ნანახი,"-ამბობს სესილი.

გვიყვება, რომ სკოლაში თითქმის ყველაფერი მოსწონს, თუმცა რაღაცებს შეცვლიდა: საპირფარეშოებს გაარემონტებდა, შექმნიდა სკოლის თეატრალურ დასს და გააკეთებდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქიმიის ლაბორატორიას.

"ჩემი სკოლა ძალიან მომწონს, მაგრამ კარგი იქნება, თანამედროვე სტანდარტების საპირფარეშო გვქონდეს, მით უფრო რომ პანდემიის დროს აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ეს მალე თუ მოხდება, გამიხარდება. ამასთან, ძალიან მინდა სკოლაში თეატრის დასი იყოს. დავდგამდით სხვადასხვა სპექტაკლებს, ცეკვებს, მაგალითად "გედების ტბას". თან, ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვია, ვინც ცეკვავს და ისინიც ჩაერთვებოდნენ ამ აქტივობებში.

რაც შეეხება ქიმიის ლაბორატორიას, ქიმიას ჯერ არ ვსწავლობ, მაგრამ როცა დავიწყებ, არ მინდა მხოლოდ ფორმულები ვისწავლო, ლაბორატორიაში პრაქტიკული სამუშაოები მირჩევნია. ბევრ ფილმს ვუყურებ ხოლმე სკოლის შესახებ, იქ ისეთი ლამაზი და დიდი, თანამედროვე ლაბორატორიები აქვთ, მინდა ასეთი ჩვენს სკოლაშიც იყოს. უფრო საინტერესო იქნებოდა გაკვეთილებიც.

ასევე მინდა, გაკვეთილებზე სხვადასხვა ადგილას წავიდეთ. მაგალითად, ხელოვნების გაკვეთილზე - მუზეუმში, ან გალერეაში; ბუნების გაკვეთილზე - ბუნებაში ან ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც ძალიან ლამაზია. რომ გვიხსნიან მაგალითად დუმფალას, ხომ უნდა ვნახოთ სინამდვილეში როგორია? მარტო ფოტოებიდან არ უნდა ვუყურებდეთ,"-ამბობს სესილი.

ჩვენს პატარა რესპონდეტს მსახიობობის ნიჭიც აქვს. ეხერხება ხატვაც და დიზაინერობაც.

"ცოტა მსახიობობის ნიჭიც მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, გაკვეთილებზე ჩავრთო ეს ჩემი თეატრალური ნიჭი. მაგალითად, ხელოვნების გაკვეთილზე შევეცადე დავმსგავსებოდი იაპონელს. გავაკეთე მარაო, ჩავიცვი კიმანო, რომელიც იაპონური ეროვნული სამოსია და თმებზე, იაპონელებს რომ უკეთიათ, ისეთი ჩხირები დავიმაგრე. ეს ჩხირებიც და მარაოც ჩემი ხელით გავაკეთე, ამ კუთხითაც მაქვს ნიჭი. მძივებსაც ვაწყობ და მათ გაყიდვაში ბებო მეხმარება. ამასთან, კარგად ვხატავ, უფრო პორტრეტების ხატვა გამომდის. ჰელოუინისთვის გავაკეთე სამოსი და ყველას ძალიან მოეწონა"-ამბობს რესპონდენტი.

ცოდნას, სკოლის გარდა სხვადასხვა აქტივობიდან იღებს. დადის ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, ასევე პირველ სამუსიკო სკოლაში და მესხიშვილის თეატრში, მსახიობ ავთანდილ სახამბერიძესთან.

"ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, საბალეტო დასში ვარ. 4 წლის ვიყავი როდესაც შევედი, ყველაზე უფროსი ვარ ჯგუფში. ამასთან, თიბისი ბანკის სტიპენდიაც მაქვს. თავიდან ახლობლის რჩევით მივედი, მერე იმდენად მომეწონა გარემო, თან შევხედე, რომ კარგად გამომდიოდა ცეკვა, დავრჩი და უკვე 7 წელია ვცეკვავ. ამას გარდა, დავდივარ პირველ სამუსიკო სკოლაში. ერთი წლის წინ შევედი, მინდოდა ფორტეპიანოზე დაკვრა მცოდნობა. კონცერტზეც გამოვედი და წარჩინებული ბავშვების დაფაზეც მოვხვდი. პანდემიის გამო დროებით შეჩერებულია სწავლა. მუსიკის და ცეკვის გარდა, ბატონ ავთანდილ სახამბერიძესთანაც დავდივარ, მასწავლის მეტყველებას, ენის გასატეხებს, ვყვებით ლექსებს, ვდგამთ სპექტაკლებს და ა.შ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი.

გეტყვით იმასაც, რომ "წიგნების თაობაშიც" დავდიოდი ახალი გახსნილი რომ იყო, ბევრს ვკითხულობდით, აზრებს ვუცვლიდით ერთმანეთს, ძალიან ბევრი აქტივობა გვქონდა. შემდეგ, ცოტა ხანი შევწყვიტე სიარული, მაგრამ ისევ ვაპირებ მისვლას. თავიდანვე მივეჩვიე ასეთ გრაფიკს, პირველი კლასიდან ფაქტობრივად ასე ვარ. დასვენებისთვის და თამაშისთვის დიდი დრო არ მრჩება. თუ თავისუფალი დრო მაქვს, მამასთან ერთად ველოსიპედით ვსეირნობ ცენტრალურ ბაღში, სპორტულ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევით. ზოგადად, მამა ძალიან აქტიურად ერთვება ჩემს ცხოვრებაში და მეხმარება ბევრ საკითხში. დედა ჩემი მისაბაძი ადამიანია, ბევრს კითხულობს, კარგად მეტყველებს, კარგი მანერები აქვს. მინდა მეც, სხვისთვის მისაბაძი ადამიანი გავხდე,"-ამბობს სესილი.

ფიქრობს, რომ მიზნის მისაღწევად მთავარია ისწავლო. სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს და ჩვენც გვიმხელს.

"მიმაჩნია, რომ წარმატებისთვის აუცილებელია ბევრი შრომა, სწავლა, კითხვა და უამრავ აქტივობაში ჩართვა. სამომავლოდ, მინდა წავიდე ბრიტანეთში, იქ ვიცხოვრო და პრიმა-ბალერინა, ან კარგი მსახიობი გამოვიდე. ამისთვის ბევრს ვიშრომებ,"-ამბობს სესილი ცაკაშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 374-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი