Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მირჩევნია მოძრაობაში ვიყო, ეს მაძლევს ძალას. თუ გავჩერდები, ცუდად ვარ. როგორც კი რაღაცის კეთებას ვიწყებ, მერე ყველაფერი კარგად მიდის”

თარიღი : 21-02-2021, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას "გააზიარე წარმატება". რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

ჩვენი რესპონდენტი წარმატებული და ძლიერი პერსონაა, როგორც სამოქალაქო ისე კერძო სექტორში. პირველი ძალები იურიდიულ სფეროში მოსინჯა და საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდიც ჰქონდა. მიიღო გამოწვევა ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობაზეც. აქაც ბოლომდე დაიხარჯა და რაც მთავარია, არც ერთ პოზიციაზე, არასდროს გადაუხვევია ღირებულებებისა და ფასეულობებისთვის. ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო. სწორი ნაბიჯებით მიიწევდა წინ და სულ იმის შეგრძნებით ცხოვრობდა, ისეთი საქმე ეკეთებინა, რაც სხვა ადამიანებსაც მოუტანდა სარგებელს. ალბათ, ამიტომ უყვარს ის ასე ძალიან თავის თანაქალაქელებს (და არა მარტო).

ალბათ უკვე მიხვდით: ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი ნინო თვალთვაძეა. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ის თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებს იხსენებს.

"სკოლა წარმატებულად დავამთავრე. უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე, იქ არავინ მიცნობდა. რთულია, როცა მიჩვეული ხარ, გიცნობენ და იციან, კარგი მოსწავლე ხარ, ამიტომ ცოტა უცნაურ გარემოში აღმოვჩნდი ამ კუთხით. ასეთ მომენტებში ალბათ გიჩნდება სურვილი, თავი დაიმკვიდრო, გაეცნო სხვებს და იცოდნენ შენი შესაძლებლობები. ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა სწავლის სხვანაირი სისტემა გვქონდა. ყოველი სემესტრის ბოლოს ვკონკურსობდით, გამოცდაზე 5 უნდა მიგეღო (შეფასების 5 ბალიანი სისტემა იყო მაშინ), რომ უფასოზე დარჩენილიყავი. კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ მოტივაცია მქონდა.

გეტყვით იმასაც, რომ ჩემი განათლების მიღება მხოლოდ უნივერსიტეტით არ შემოიფარგლებოდა. იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". მოხალისედ როცა მივედი, მეორე კურსზე ვიყავი. დღეს ეს ადამიანები ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. ახლაც ღიმილით იხსენებენ, 18 წლის გოგო რომ შევიდა მათთან ოთახში და უთხრა, ამ ორგანიზაციაში მეც მინდა ყოფნა და ამის საშუალება მომეცითო. ძალიან მნიშვნელოვანი წლები გავატარე იქ. გარდა იმისა, რომ ყველა აქტივობაში ვიყავი ჩართული, ძალიან საინტერესო სემინარები და კურსები გვქონდა. თუ ვინმეს რამე უნდა ვურჩიო ამ რუბრიკის ფარგლებში, არის ის, რომ რაც შეიძლება ადრე ჩაერთვნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში. სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებდით ისე, რომ ხელფასი არ აგვიღია, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. შემდეგ ისე მოხდა, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე თავად გავხდი. ჩემი წარმატების საწინდარი ალბათ ისიცაა, რომ გამოწვევებს ყოველთვის ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ შიშის შეგრძნებაც გაქვს და ნერვიულობ კიდევაც, ამის გამო უკან არასდროს დამიხევია"-ამბობს ნინო თვალთვაძე.

მეხუთე კურსზე უკვე სამი სამსახური ჰქონდა. მუშაობდა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში იურისტად, ასევე კითხულობდა კერძო უნივერსიტეტში ლექციებს (უცხო ენაზე). "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კი ერთ-ერთი პროექტის კოორდინატორი იყო.

"შემდეგ ამავე ორგანიზაციაში, ფილიალის თავმჯდომარედ ამირჩიეს. ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე ვიყავი, 23 წლის. ამ დროს პირველი შვილი 6 თვის იყო. როგორც ჩვილების უმეტესობას, მასაც არეული ჰქონდა დღე და ღამე. მოკლედ, ძალიან რთულად მახსენდება ეს პერიოდი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესოდ. ამ გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, ფიზიკურად როგორ ვასწრებდი მიკვირს, თუმცა ბევრი ადამიანი მედგა გვერდით, რომ კარიერა და საკუთარი შემოსავალი მქონოდა,"-ამბობს რესპონდენტი.

ბევრი შემოთავაზება ჰქონდა პოლიტიკიდანაც, მაგრამ ეს სფერო არასდროს აინტერესებდა. არც იურისტობა ყოფილა მისი ოცნების პროფესია, უფრო ტექნიკური მიმართულებით ხედავდა საკუთარ თავს. დღესაც ასეა, მაგრამ, ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საქმისადმი დამოკიდებულებაა. თუ გინდა, რომ რაღაც სფეროში კარგი იყო, იქნები კიდეც, ამას შრომა მოიტანს.

"2012 წლიდან ვმუშაობდი აეროპორტში, როგორც იურიდიული მენეჯერი (შემდეგ ადმინისტრაციული). პარალელურად, წერეთლის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მშვიდი, ყველანაირი პირობით, მაგრამ სულ მქონდა შეგრძნება, მეკეთებინა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებსაც მოუტანდა სარგებელს. სწორედ იმ პერიოდში, „ამერიკის საბჭოებიდან“ დამირეკეს და შემომთავაზეს მონაწილეობა მიმეღო ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომლის ფარგლებში საქართველოდან 3 ახალგაზრდა შეირჩეოდა და პროფესიული სტაჟირების 6 კვირიანი პროგრამაში მიიღებდა მონაწილეობას. იმ დროს კერძო სექტორში ვიყავი, თან ორი შვილი მყავდა და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ეს. შერჩევის კრიტერიუმებშიც მთლად აღარ ვჯდებოდი. შემოთავაზებაც ფაქტობრივად შეცდომით მოხდა, ეგონათ კვლავ სამოქალაქო სექტორში ვიყავი. მაგრამ მაინც შევიტანე საბუთები და მაშინ ვუთხარი ჩემს თავს: თუ ეს გამომივიდოდა, შევიცვლიდი სამსახურს. დავიწყე ჩემით მეცადინეობა, გადავლახე ეტაპები და დამიბარეს გასაუბრებაზე, სადაც ბავშვთან ერთად მივედი, რადგან ვერსად დავტოვე. მოკლედ, შემარჩიეს და წავედი ამერიკაში. გავიარე ძალიან კარგი სტაჟირება. იქ აღმოვაჩინე, რომ მესამეზე ვიყავი ორსულად და დავბრუნდი ქუთაისში,"-ამბობს თვალთვაძე.

არასდროს უთქვამს უარი შემოთავაზებებზე. ფიქრობს, რომ თუ გამოწვევებს არ ეჭიდები, ისევ ერთ ადგილზე ხარ. ასე აღმოჩნდა მის კურირებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა.

"გამოჩნდა ვაკანსია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე და იქაც შევიტანე განცხადება. დირექტორთან (იტალიელი იყო) მქონდა ისეთი გასაუბრება, რომელზეც ძალიან ხშირად საუბრობენ ორგანიზაციაში. ისე მოხდა, რომ მისმა თვითმფრინავმა დააგვიანა და როცა მოვიდა, ძალიან გაბრაზებული იყო, თან შეხვედრაზეც აგვიანდებოდა. მითხრა, ჩაჯექი ტაქსიში ჩემთან ერთად, თან ამ შეხვედრაზე წავალ და თან გაგესაუბრებითო. მაშინ ჩავთვალე, რომ წარმოუდგენელი იყო მე შევერჩიე, მაგრამ აქაც შემარჩიეს. სადღაც ორ წელიწადში მან შემომთავაზა მათ ორგანიზაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოორდინატორი გავმხდარიყავი. ეს პოზიცია განთავსებული იყო ბრიუსელში. არ მინდოდა ქუთაისიდან წასვლა (მანამდეც ბევრი შემოთავაზება მქონდა უცხოეთში, მაგრამ ჯიუტად ვრჩებოდი აქ). მაშინ მითხრა: იყავი ქუთაისში, მაგრამ ძალიან ბევრი მგზავრობა მოგიწევსო. კონტრაქტით თვეში 8 დღე სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდი. 6 ქვეყანა იყო ჩემი საკურატორო, თან ევროკავშირის ორ პროექტს ვხელმძღვანელობდი, რომელთა ღირებულება მილიონ ევროზე მეტი იყო. ამავდროულად, წარმოვადგენდი ჩემს ორგანიზაციას ევროპარლამენტში, ევროსაბჭოს კონგრესსა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში. ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის და დემოკრატიის გაძლიერებაზე ვმუშაობდი. ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ხელს მკიდებენ და დიდ პერსპექტივას მიხსნიან. ისინი უფრო ხედავენ პოტენციალს ჩემში, ვიდრე მე იმ ეტაპზე. მაგალითად, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით მელუამ გამიწია რეკომენდაცია და ასე მოვხვდი ევროპის საბჭოს ექსპერტთა შორის და იქაც ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა,"-გვიყვება ნინო თვალთვაძე.

ყოველთვის გაურბოდა პოლიტიკას, მაგრამ ქუთაისის ვიცე-მერის პოზიციაზე მაინც აღმოჩნდა. თუმცა, თანამდებობა პრივილეგიად და მიღწევად არასდროს აღუქვამს. ქალაქისა და თანაქალაქელების წინაშე პასუხისმგებლობა აიღო და მთავარ მიზნად დაისახა: დარჩენილიყო იმ ღირებულებების ერთგული, რასაც სამოქალაქო სექტორში ყოფნისას ემსახურებოდა.

"ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი: არასდროს ვხედავდი თავს პოლიტიკაში. ამდენად, ბატონმა გიორგიმ მერის მოადგილის პოზიცია რომ შემომთავაზა, ძალიან მოულოდნელი იყო. ყოველთვის მადლობას ვეტყვი მას, რადგან მე არ ვყოფილვარ არც პარტიის წევრი, ერთად არც წინასაარჩევნო პერიოდი გაგვივლია. ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ოჯახებით და უნდოდა გვერდით დავგდომოდი. დავთანხმდი, რადგან ქუთაისში მინდოდა ვყოფილიყავი (უცხოეთში თვეში რამდენჯერმე მგზავრობა ფიზიკურადაც მღლიდა და ოჯახისთვისაც დისკომფორტი იყო). გულწრფელად, რომ გითხრათ ძალიან დიდი გამოწვევა იყო. თუ მანამდე თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს ვასწავლიდი როგორ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები, სწორი რა იქნებოდა დაგეგმარებაში, ახლა მე აღმოვჩდი მათ ადგილას. ძალიან მეშინოდა, იმ ღირებულებების ერთგული უნდა დავრჩენილიყავი, რასაც სამოქალაქო სექტორში ვემსახურებოდი, ეს იყო მთავარი ამოცანა. ამ პერიოდის შეფასება ახლა უფრო შემიძლია. როცა მერიაში ხარ, იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, იმდენად ხარ ჩართული ყველაფერში, დაფიქრებისა და შეფასების საშუალება ნაკლებად გაქვს. ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, გული მწყდება რაღაცებზე, მინდოდა უფრო მეტი გაგვეკეთებინა. ჰქონდა ამას ობიქტური და სუბიექტური მიზეზებიც, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე მოქალაქეებისგან, მარტო ერთი დღისთვის ღირდა ის უძილო ღამეები და ნერვიულობა, რაც ამ სამ წელს ახლდა.
https://i.postimg.cc/g0KXPfqm/D7-C4481-A-4-FDB-40-B9-93-E1-7360-D5-A901-E1.jpg
ვკურირებდი ტურიზმსა და საერთაშორისო ურთიერთობებს, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებს. ეს უკანასკნელი ყველაზე მტკივნეული იყო. არ შემეძლო ვინმეს გაჭირვების გატარება და იმის თქმა, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა და ვერ დავეხმარებოდით. სულ ვცდილობდით სხვა გზები და მექანიზმები გამოგვეძებნა ამ პრობლემების დასაძლევად. უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამის მოცულობითი და მასშტაბური დაფინანსება (ეს პროგრამა უკვე სტაბილურად არსებობს). ჩემთვის წარმატების ინდიკატორი იყო, რამდენიმე ოჯახი რომ ქუთაისში დაბრუნდა (თბილისში გადავიდნენ სერვისის არარსებობის გამო). ალბათ, მხოლოდ ამისთვის ღირდა ის, რაც ამ პროგრამამ მოიტანა. შევქმენით გადაუდებელი დახმარების პროგრამაც, სადაც ძალიან ბევრ კრიზისში მყოფს დავეხმარეთ. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდებოდა მრავალშვილიან ოჯახებზე. გარდა იმისა, რომ დაფინანსება გაიზარდა, განსხვავებული პროგრამებიც შევქმენით (მათ შორის ბიზნესის დახმარების პროგრამა, სტაბილური შემოსავლის გაჩენის შანსი რომ მიგვეცა მათთვის). ბევრი რამ გაკეთდა ტურიზმის სფეროშიც. მიხარია რომ რაც დავიწყეთ, ახლაც გრძელდება. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტი სჭირდება ქალაქს,"-ამბობს ნინო თვალთვაძე.

ამჟამად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერია და აქაც საკმაოდ საპასუხისმგებლო მისიას შეეჭიდა. პარალელურად საგანმანათლებლო სფეროში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საქმიანობს და ტრენერობასაც ეწევა.

"ახლა იქ ვარ, რამაც ქუთაისს დიდი ბიძგი უნდა მისცეს განვითრებაში. ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, აეროპორტი რომ გაიხსნა, პირველი დღიდან ვმუშაობდი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც - ანალოგიურად მოხდა. ბედნიერი ვარ, რომ იმ მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილე ვარ, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. იქ ვარ, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი მეც მქონდა, აღმოჩნდა, რომ ეს ინტერესი მათი მხრიდანაც იყო. ასე შედგა ჩვენი თანამშრომლობა. სადაც ვარ, ჩემი ამოცანაა, მაქსიმალურად დავიხარჯო. რაც შეეხება უახლოეს გეგმას, სადოქტოროს დასრულებაა, დეცენტრალიზაციის საკითხებზე,"-ამბობს რესპონდენტი.

გვიყვება რომ ბავშვობიდან მათემატიკასთან ერთად, თუკი რამ აინტერესებდა და უყვარდა, ეს მხატვრობა იყო. მართალია პროფესიად არ აქცია, რადგან იმ პერიოდში არც თუ პერსპექტიული იყო, თუმცა დღემდე ხატავს და არაა გამორიცხული, წლების შემდეგ, როგორც მხატვარი, ისე ვიხილოთ.

"მაქვს ისეთი მომენტები, როცა ემოციებს ვაგროვებ და ეს ემოციები ნახატებში გადმომაქვს. ეს ხელოვნების ის დარგია, სადაც ღიად ამბობ რისი თქმაც გინდა, თან ტოვებ სათქმელს. თავის დროზე ხატვა აღმოჩნდა სამყაროსთან კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც ძალიან მისაღები იყო ჩემთვის. მერვე კლასში ვიყავი, დამოუკიდებლად მივედი მასწავლებელთან. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში, ჩემი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებასა და სამყაროს აღქმაში. საკმაოდ სერიოზულად ვფიქრობდი ამ მიმართულებაზე, მინდოდა ჩაბარებაც, მაგრამ იმ პერიოდში მხატვრის პერსპექტივა ნამდვილად არ იყო მომხიბვლელი. მაშინ მასწავლებელმაც მითხრა, გქონდეს შენი პროფესია და თუ მხატვრობა შენია, ყოველთვის შენთან იქნებაო. საკმაოდ ბევრი ნახატი მაქვს, მე-11 კლასში მნიშვნელოვანი გამოფენა მქონდა. ახლა წარმოსახვა მუშაობს, მაგრამ ხელი იმდენად აღარ, ვარჯიში სჭირდება ფორმაში რომ იყოს. ვნახოთ მომავალში რა იქნება,"-ამბობს ნინო თვალთვაძე.

ამბობს, რომ გარკვეული სირთულეები მის ცხოვრებაშიც ყოფილა, მაგრამ არასდროს გაჩერებულა, სულ მოძრაობაშია. კარგად იცნობს საკუთარ თავს და ზუსტად იცის, რა არის მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ, მიზანს: წარმატებით გაართვას თავი გამოწვევას, ყოველთვის აღწევს. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენი შრომა და ბრძოლა უწევს სასურველი შედეგის დასადებად.
https://i.postimg.cc/MZLcx0RM/C11-DD840-976-E-436-B-9-C37-1-D0690-BDCC1-B.jpg
"ყოველთვის ორიენტირებული ვარ გამოსავლის ძიებაზე. არ შემიძლია დიდხანს ვიყო ცუდად. ყველაზე დიდი დისკომფორტი მაშინ მექმნება, როცა გაუგებრობაში ვარ (რაღაც გადაწყვეტილება მაქვს მისაღები). დანარჩენ სიტუაციაში, მშვიდად ვხვდები გამოწვევებს. არ ვვარდები პანიკაში, არ მგონია, რომ ამით რაღაც სრულდება. ვიცი, რომ როცა გამოწვევაა, უნდა დაიძლიოს და გაკეთდეს კარგად. თუ ოდესმე ჩამითვლია, რომ რაღაც არ გამოვა, იმას საერთოდ არ ვკიდებ ხელს (ასეთი რაღაცები იშვიათადაა). რთული დღეები რა თქმა უნდა მქონია, ძალიან რთულიც, თუმცა ამაზე დიდხანს ვერ ვჩერდები. მირჩევნია მოძრაობაში ვიყო, ეს მაძლევს ძალას. თუ გავჩერდები, ცუდად ვარ. როგორც კი რაღაცის კეთებას ვიწყებ, მერე ყველაფერი კარგად მიდის.

ვფიქრობ, რომ მთავარია დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და გამოწვევებისადმი. არასდროს დამიბრალებია ჩემი წარუმატებლობა სხვისთვის. არ ვეძებ დამნაშავეებს რაღაც სიტუაციაში და ესეც ძალიან მეხმარება. მთავარია კარგად იცნობდე შენს თავს და ზუსტად იცოდე შენთვის რა არის მნიშვნელოვანი და ღირებული. თუ ეს არ გაქვს, მაშინ ყველაფერი მეორეხარისხოვანი და უინტერესო ხდება. მნიშვნელოვანია სწორი წარმოდგენების შექმნაც რაღაც სიტუაციაზე, არ უნდა გქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები. როცა მოლოდინები არ ემთხვევა რეალობას, აქ უკვე წარმოიქმნება გარკვეული სირთულეები. ყველამ უნდა იმოძრაოს და აკეთოს რაღაც. შეიძლება პირველ ჯერზე არ გამოგივიდეს, ამისთვისაც მზად უნდა იყო. არც ესაა პრობლემა, ახლა თუ არა, მეორედ, მესამედ გამოვა. უნდა სცადო, მერე ბევრი რამ გაგიიოლდება"-ამბობს ნინო თვალთვაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 753-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
„როცა სახლში ვიყავი, მეზობლები ფრთხილად იყვნენ, რომ რაიმე არ დაცემოდათ თავში“

ამინდი