Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘10 წლის ასაკში უკვე ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში,’-ცნობილი მოჭადრაკის წარმატების ფორმულა, მუდმივი შრომა და მარცხი, როგორც მიზნის მიღწევის მთავარი ინგრედიენტი

თარიღი : 20-02-2021, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

პროექტის მორიგი რესპონდენტი 26 წლის მოჭადრაკე მერი არაბიძეა. ჭადრაკის თამაში პირველი კლასიდან დაიწყო. გვიყვება, რომ დედას ძალიან სურდა ჭადრაკს გაჰყოლოდა, ამდენად, მის წარმატებაში მშობლის როლი დიდია.

"ჭადრაკის თამაში პირველი კლასიდან დავიწყე. ბავშვობიდან კარგი მეხსიერება მქონდა, ადვილად ვიმახსოვრებდი ყველაფერს, ამიტომ, დედას ძალიან უნდოდა ჭადრაკში შევეყვანე. ფიქრობდა, რომ წარმატებას მივაღწევდი. მიხარია, რომ მისი მოლოდინი გამართლდა. ჩემი პირველი მწვრთნელი ანზორ მაჩიტიძე იყო, ორი წელი მასწავლიდა სამტრედიაში, შემდეგ ქუთაისის საჭადრაკო კლუბ "მაიაში" დავდიოდი, ალექსანდრე არსენიძესთან. ამ დროიდან უკვე ქუთაისის სახელით გამოვდივარ. სამი წლის უკან, თბილისში გადმოვედი და ზურაბ სტურუასთან ვმეცადინეობ, პარალელურად, ბატონ ალექსანდრესთან ინტერნეტით კონსულტაციები მაქვს ხოლმე,"-ამბობს მერი არაბიძე.

გვიყვება, რომ 10-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჩემპიონატებში ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას. საერთო ჯამში, ასაკობრივ კატეგორიაში ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონატებზე, 14 მედალი აქვს აღებული. 6 ოქროს, 7 ვერცხლის და 1-ბრინჯაოს.
https://i.postimg.cc/7LgQ242Z/2-D550904-CAE7-42-C5-8-DD3-32-AEBF141-C22.gif
"პირველი წარმატება იყო, როცა 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, იმერეთის ჩემპიონი გავხდი და საქართველოს ჩემპიონატის საგზური მივიღე. იმავე წელს, საქართველოს ჩემპიონიც გავხდი და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვე. 2004 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი. მახსოვს, ჩემპიონატი თურქეთში მიმდინარეობდა. რამდენიმე თვეში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი. 11 ტური ტარდებოდა და 11-ვე მოვიგე. ამ ასაკში აბსოლუტური შედეგის დადება რთული იყო, მაგრამ მაინც მივაღწიე მიზანს. ვამბობ ხოლმე, რომ უკვე 10 წლის ასაკში ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში. არასდროს მქონია მომენტი, მეფიქრა რა პროფესიას ავირჩევდი. იმდენად წარმატებული ვიყავი თავიდანვე, არც მიფიქრია ჭადრაკს რაღაც პერიოდი შევშვებოდი, თუნდაც უნივერსიტეტში სწავლის გამო. ჭადრაკში ერთი თვეც რომ უმოქმედოდ იყო, ჩათვალე, რომ ძალიან ბევრმა გაგასწრო. აქ ყოველდღიური მუშაობაა სამუშაო, რომ ფორმაც შეინარჩუნო და უფრო მეტად გაიზარდო,"-ამბობს რესპონდენტი.

მერი ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატია ჭადრაკში(WGM), ამასთან, მამაკაცთა შორის საერთაშორისო ოსტატი (IM). 2005 წელს კი პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა. ის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკედ დაასახელა. 2015 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდებაც, თუმცა ეს ყველაფერი არაა, გვიყვება რომ:

"2019 წლის საქართველოს ქალთა ჩემპიონი ვარ, ასევე ორგზის ვიცე-ჩემპიონი ქალთა შორის (2012 - 2020). ვარ მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე მეოთხედფინალისტი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. იმდენად ბევრია ეს ტურნირები, ჩამოთვლაც არ შემიძლია. ამასთან, საქართველოს გრან-პრის სერიის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, ასევე მამაკაცთა გრან-პრის ეტაპების პრიზიორი.

პირადი ჩემპიონატების გარდა, გვაქვს გუნდური მიღწევებიც, ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო ის, რომ ჩვენი გუნდი 2015 წელს, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, პირველი ადგილის მფლობელი გარდა და Ш დაფაზე, მცირე ოქროს მედალიც ავიღეთ. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ( 2015წ) - Ш ადგილი დავიკავეთ. 2018 წელს, საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსნები გავხდით. 2019 წელს, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, გუნდმა III ადგილი აიღო და მე კი II დაფაზე - ვერცხლის მედალი. 2019 წელს ევროპის ჩემპიონატზეც გავედით და II ადგილი დავიკავეთ, მე კი IV დაფაზე - ოქროს მედალი,"-გვიყვება მოჭადრაკე.

ამბობს, რომ ჭადრაკის თამაშს განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, მაგრამ შრომისმოყვარეობა მაინც ყველაფერზე მთავარია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარცხი მასზე კარგად მოქმედებს და შემდეგ, გაორმაგებული ძალებით უფრო დიდ წარმატებას აღწევს.

"ტურნირებზე მოსამზადებლად ყველას თავისებური მიდგომა აქვს. მეც ჩემი განრიგი მაქვს, დილით როდის უნდა ვისაუზმო, როდის მოვემზადო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, როდის დავიძინო ტურის წინ და ა.შ. ეს პროგრამა შედგენილი მაქვს, ჩემზე კარგად მოქმედებს და არ ვცვლი. ვცდილობ, ამ გეგმით ვიმოქმედო ყოველთვის. ფსიქოლოგიური განწყობაც თავის როლს თამაშობს ამ დროს. ვფიქრობ, რომ ნიჭი და შრომისმოყვარეობა აუცილებელია წარმატების მისაღწევად. მთავარია სიზარმაცე დაძლიო. როცა გადაღლილი ვარ და ვხედავ დამატებითი მუშაობა მეზარება, ყველანაირად ვცდილობ, თავს დავატანო ძალა. იცით, რომ პანდემიამ ბევრი რამ გააჩერა. არც ევროპა-მსოფლიოს ტურნირები ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, მთელი წელი არ გავჩერებულვარ, ყოველდღიურად ვემზადებოდო და ვმუშაობდი სახლში. ამასთან, ფედერაციაც მამეცადინებდა ონლაინ. იმდენად მიჩვეული ვარ ასეთ გრაფიკს, რამდენიც არ უნდა ვთქვა ტურნირიდან დაბრუნებულმა, ცოტა ხანი დავისვენებ-მეთქი, მესამე-მეოთხე დღეს ისევ ვიწყებ მეცადინეობას, ვერ ვჩერდები, ცხოვრების წესად მექცა. გეტყვით იმასაც, რომ წარმატებების შემდეგ უფრო ვდუნდები ხოლმე, მარცხი კი უფრო კარგად მოქმედებს ჩემზე, უფრო მეტად ვმუშაობ მერე საკუთარ თავზე, ვცდილობ ბევრი რამ გამოვასწორო, სულ ვიბრძვი,"-ამბობს მერი არაბიძე.

როგორც მერი არაბიძე ამბობს, სამომავლოდ კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობას, რათა არაერთი ტიტულით დაგვიბრუნდეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 525-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.

ამინდი