Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალი, რომელმაც ნულიდან დაიწყო და დღეს საკუთარ ბიზნესიმპერიას მართავს-წარმატება საქმემ მოიტანა

თარიღი : 24-01-2021, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

რუბრიკის მორიგი რესპონდენტი ნატალია კვანტალიანია. ქალი, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საკუთარ ბიზნესსიმპერიას მართავს. ყველაფერი ნოლიდან დაიწყო. ვიდრე ბიზნესს წამოიწყებდა, ბევრი სირთულე გაიარა. დღეს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესსპროექტებს თანაბარი წარმატებით ხელმძღვანელობს. ყველაფერი კი მის მშობლიურ რაიონში, სამტრედიაში დაიწყო.

"წარმატება საქმემ მოიტანა. ნებისმიერ საქმეს, რასაც ხელს ვკიდებ, უდიდესი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდები. ჯერ კიდევ მერვე კლასში ვიყავი, როცა მძლეოსნობაში, შეჯიბრებაზე გამიყვანა მასწავლებელმა და ყველანაირი მომზადების გარეშე პირველი ადგილი დავიკავე. მაშინ თბილისიდან სპორტკომიტეტის წარმომადგენლები გვესწრებოდნენ, იმდენად მოვეწონე, მითხრეს თბილისში, სპორტულ სკოლაში (გლდანში არსებული) მესწავლა. იმ დროს რაიონში (სამტრედია) სპორტი და ქალი, ცოტა ისე ჟღერდა, ჩემი მშობლებიც წინააღმდეგები იყვნენ, რადგან სკოლაში წარჩინებით ვსწავლობდი და არ უნდოდათ თბილისში, ნაკრებში გადმოვსულიყავი. მოხდა ისე, რომ დავითანხმეთ და გადმოვედი თბილისში, სპორტს და სწავლას ერთმანეთს ვუთავსებდი. ორივე წარმატებით დავამთავრე და რაიონში დავბრუნდი. მოხდა ისე, რომ მცირე ასაკში დავოჯახდი. პარალელურად, ჩემი მასწავლებლების, მწვრთნელების ხელშეწყობით მწვრთნელ-მასწავლებლად დავიწყე მუშაობა (თამაზ გოგიბერიძემ, ნანა შენგელიამ, სერგო ჯიმშიანმა, ლილი ვაშაკიძემ და სხვებმა, სწორი გზა დამანახეს და ბევრი რამ მასწავლეს). მალე ჩემი შრომა ყველასთვის შესამჩნევი გახდა და თვითონ რაიონმა გამიკეთა უნივერსიტეტში წარდგენა, დაუსწრებლად, პედაგოგ-ორგანიზატორის ფიზკულტურის ფაკულტეტზე. ამავე ინსტიტუტში, სამკურნალო-სამედიცინო ფაკულტეტიც დავამთავრე. ბევრი აღვზარდე მძლეოსნობაში, გამოვყოფდი მაკა იანტბელიძეს, რომელიც ნაკრებშიც მოხვდა (მოგვიანდებით ჩემი ნათლულიც გახდა). ეს სპორტული სული ბიზნესში, საქმიან ურთიერთობაში დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სპორტსმენებს ერთი რამ გაგვაჩნია: სიყვარული, ერთიანობა, ერთგულება და შრომისუნარიანობა.

ბევრი სირთულე გავიარე. ცხოვრებასთან მარტო მომიწია გამკლავება, დავრჩი პატარა შვილთან ერთად. არ ვიცოდი ფინანსურად როგორ გვეარსება, ასაკითაც პატარა ვიყავი. პირველი საქმე, რამაც მცირე შემოსავალი მომიტანა, ბერეტების ქსოვა იყო. ქარგვა, კერვა, ქსოვა დედამ კარგად იცოდა და მან შემასწავლა. ბავშვს როცა დავაძინებდი, ვქსოვდი პატარა ბერეტებს. თავიდან შვილს ვუქსოვდი, მერე იმდენად მოეწონა ჩემს მეზობელს, თავის ნათესავებში და ახლობლებში გამაყიდინა. ამან იმხელა ინტერესი და სტიმული გამიჩინა, ბევრი შეკვეთა მქონდა (რამდენიმე წლის მერე ისრაელშიც აღმოჩნდა ჩემი მოქსოვილი ბერეტი). ამასთან ერთად, მწვრთნელობის ხელფასიც დამემატა,"-ამბობს ნატალია კვანტალიანი.

იხსენებს ყველაზე მძიმე, 90-იანი წლების პერიოდსაც, როდესაც ყველას უჭირდა. ცხადია, გამონაკლისი არც მისი ოჯახი ყოფილა. გაჭირვებისგან თავის დასაღწევად რაღაცის მოფიქრება იყო საჭირო. თხილის ჩაბარების იდეაც ასე გაჩნდა. თვლის, რომ ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს, თუ ეს მის ოჯახს სჭირდება.

"90-91-იანი წლები ჩვენი რაიონისთვის ძალიან რთული პერიოდები იყო. ისევე როგორც მთელს საქართველოს, ჩვენც გაორმაგებულად მოგვიწია სიძნელეების გადალახვა. იყო ომი, ყაჩაღობები, ქაოსური სიტუაციები... მამა მოხელე მყავდა, დედა - ექიმი, შეძლებულ ოჯახად ვითვლებოდით ასე თუ ისე, კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობდით, თუმცა ისე მოხდა, ჩვენი ოჯახიც ვერ გადაურჩა და დაგვაყაჩაღეს. იმისთვის რომ გვეარსება, საჭირო იყო რამე წამოგვეწყო. მოვიფიქრე, ზუგდიდიდან ჩამოგვეტანა თხილი და გაგვეყიდა. ღვინის საწნახელებში ვამტვრევდით თხილს, მთელი ჩვენი სამეზობლო ვათენებდით ღამეებს და ვაბარებდით ბათუმში. ასე გავიტანეთ ცოტა ხანი თავი. მაშინ, ჩემი წამოწყებული ყველა საქმე არსებობისთვის იყო. ყველაფერს სწორი მიმართულებით ვუყურებდი და შრომას არ ვიზარებდი.

1994 წლიდან თბილისში გადმოვედი, 16 კვ.მ. ბინაში ვცხოვრობდით მე და ჩემი პატარა გოგონა. მაშინ, ცხოვრების ახალი ეტაპი ფაქტობრივად ნოლიდან დავიწყე. ძალიან ბევრს ვშრომობდი. დავაარსე კომპანია "ფილა-კულაში", ფილების წარმოებას ვხელმძღვანელობდი. ჩემი კომპანიის მიერ გამოშვებული ბეტონის ხარისხიანი ფილები საქართველოს არაერთ ქალაქს და ღირსშესანიშნავ ადგილს ამშვენებს: თბილისს, მთაწმინდის პარკს, ქუთაისს (მათ შორის ცენტრალური ბაღი), თელავს, ბათუმს, სიღნაღს, მცხეთას, გორს და ა.შ. ბევრ დიდ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მათ შორისაა კომპლექსი ბაზალეთის ტბაზე, თეთრ ტბაზე და ა.შ. ამის შემდეგ იყო კომპანია შპს "დავითი". ამასთან, ვთანამშრომლობდი ძალიან კარგ პარტნიორებთან: ქართველ ებრაელთან და მაროკოელთან. ერთს ძმად ვთვლიდი და მეორეს - მამობილად. ძალიან ბევრი ვისწავლე მათგან ბიზნესის კუთხით. 5 წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დიდი და სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, შემოვიტანეთ ქვეყანაში დიდი ინვესიტიციები სამშენებლო სფეროში, სამრეწველოში და ა.შ. მათ ჩემი სახით კარგი, სანდო მენეჯერი შეიძინეს. მერე შემომთავაზეს უცხო ქვეყნების ბიზნესშიც ჩამედო ფული, მაგრამ არ დავთანხმდი, მერჩივნა, ჩემს ქვეყანაში ჩამედო ინვესტიცია. ერთი შვილი და 5 შვილიშვილი მყავს (საზღვარგარეთ). ყველას ვეუბნები, სადაც გინდათ ისწავლეთ, წარმატებულები იყავით, ოღონც საქართველოში უნდა დაბრუნდეთ და სამომავლოდ, აქ უნდა გააკეთოთ ის ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. საქართველოს ჩვენს გარდა არავინ აგვიშენებს იმ გულით, იმ სიყვარულით, რაც ჩვენ გვაქვს. შეიძლება დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენსავით ვერავინ გააკეთებს გასაკეთებელს.
https://i.postimg.cc/mk2GTgZP/DFBA88-A2-8-F00-408-C-A2-C5-6-BC64-C7-AE50-B.jpg
ერთადერთი ბიზნესმენი ვარ, რომელსაც არც თქმის მეშიანია, არ უკან მოხედვის, არც რომელიმე გადადგმული ნაბიჯის. არის ნათქვანი: არ მკითხო როგორ ვიშოვე პირველი მილიონი, დანარჩენს გეტყვი ყველაფერსო. მე პირდაპირ გეტყვით, გულწრფელად. 1 მილიონის მაგივრად 3 მილიონი რომ ერთად ავიღე სესხი და ჩემს ქვეყანაში დავიწყე განვითარება, ზუსტად იმ ბიზნესმენთა კატეგორიას მივეკუთვნები. მთავარია სისტემა ააწყოს ადამიანმა, მერე ყველაფერი მოვა. ყველა საქმეს სწორად ვეკიდები. ვაყენებ სათავეში ისეთ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც შრომისმოყვაროება გააჩნიათ და სტრუქტურა იციან. საგადასახადო სისტემასთანაც და ჩვენი ქვეყნის წინაშეც პირნათლად ვასრულებ მოვალეობებს. ბედნიერებაა, როცა სამუშაო ადგილებსაც ქმნი, სხვებსაც ახარებ, არ გაშინებს არაფერი და არც ერთი პერიოდი. პანდემიის დროსაც არავინ შემიმცირებია, პირიქით, გვერდით დავიყენე ჩემი თანამშრომლები და ერთად გავუმკლავდით გამოწვევებს,"- ამბობს ბიზნესმენი.

არაერთი სოციალური პროექტის ავტორია, თუმცა მთავარ მიღწევად მაინც სისხლის ბანკის შექმნას თვლის, ბანკის, რომელიც ქვეყანაში ფასებისა და მიწოდების სერვისის კუთხით პირველია. ჯანდაცვის სფეროში საქმიანობის წამოწყებასაც თავისი ისტორია აქვს:

"2010 წელს დედა გამიხდა ავად, ანევრიზმა გაუსკდა. მომიხდა ერთ-ერთ კლინიკაში დაწვენა. მაშინ შევეხე სისხლის თემას. საიდანაც მიწევდა სისხლის შესყიდვა, გული მისკდებოდა ისეთ პირობებში ხდებოდა. არ ვიცოდით ოპერაცია დაღუპავდა, თუ იქ აღებული სისხლი. მაშინ ვთქვი, რომ თუ დედა გადამირჩებოდა (დღეს 80 წლისაა, ჯანმრთელად მყავს, რაც ქართველი ექიმების დამსახურებაა), ან ეკლესიას დავეხმარებოდი, ან ისეთ რამეს გავაკეთებდი სამედიცინოს კუთხით, ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო რომ იქნებოდა. ამ პერიოდში, ღია აუქციონზე გამოვიდა სისხლის ბანკი. ვიფიქრე, რომ ხალხისთვის ამაზე საჭირო საქმეს ვერ გავაკეთებდი. ფაქტობრივად, ნოლიდან მომიხდა ყველაფრის დაწყება. დღეს 10 წელი შეუსრულდა ჩვენს სისხლის ბანკს, საკმაოდ წარმატებულია ხარისხით, შედეგით. როგორც ამბობენ, ერთი ადამიანის გაღებული სისხლი, სამი გადარჩენილი სიცოცხლეა. ამ 10 წლის განმავლობაში 300 000-ზე მეტმა გადარჩენილმა სიცოცხლემ გადააჭარბა. ამაყი ვარ ნამდვილად, ამაზე მეტი ბედნიერება რაა. ეს ჩემთვის ყველაზე ღირსეული კომპანიაა, რაც კი შემიქმნია, რომ არ ჩავთვალო ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში პირველია თავისი ექიმ-პროფესორებით, აკადემიური გუნდით, რომლებიც წარმატებით ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას.

დღეს ბევრი კლინიკა მაქვს. მათ შორის სამტრედიის სისხლის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ბატონი ლაშა კვანტალიანი ჩავუყენე სათავეში. აქ 25 ადამიანი მყავს დასაქმებული. რამდენიმე თვის დაფუძნებულია საგარეჯოს სისხლის ბანკიც, იქ დამზადებული პლაზმა საზღვარგარეთ წარმატებულად სარგებლობს. დიდი შედეგია, როცა შენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე ზრუნავ და ამასთან, მაღალი ხარისხით აღებული პლაზმები სხვა ქვეყანაში სერიოზულ ადგილს იმკვიდრებენ,"- ამბობს რესპონდენტი.

ნატალია ერთდროულად არის მშენებელი, მეწარმე, სამედიცინო კლინიკისა და სასტუმროების ქსელის მფლობელი. ყველა კომპანიას თავად ხელმძღვანელობს, ყველა დეტალი სიღრმისეულად აქვს შესწავლილი. ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ წლები გავიდოდა და ასეთ სერიოზულ პროექტებს მოკიდებდა ხელს, თუმცა ყველაფერი გამოუვიდა. ამბობს, რომ მთავარია, ბიზნესი სუფთად და გულით აკეთო.
https://i.postimg.cc/Ssdw1bLk/38443900-A30-A-4-DCD-84-E1-B5205394-AF17.jpg
"მაქვს სასტუმროები სამტრედიაში, ბორჯომსა და თბილისში, პარალელურად 2 ჰოსტელი. ახლა 10 დღეა ბორჯომში ვარ, სანამ არ დავდებ იმ შედეგს რაც მინდა, არ გავჩერდები. გამოვა გამოვა, არ გამოვა და ჩვენ ხომ ვცადეთ? ბორჯომში სამი თემა გავაერთიანე: დიეტური კვება; ჯანსაღი კვება და გამაჯანსაღებელი პროცედურები და სასტუმრო, რომ აღარაფერი ვთქვათ, პანდემიის შემდეგ ბავშვთა გასართობ ცენტრზე, სადაც ბორჯომელებს დაბადების დღეების გადახდა შეუძლიათ.

ჩართული ვარ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაშიც. სერიოზულად ვმუშაობ სოფლის მეურნეობის თემაზეც. 2008 წელს ჩავდე ინვესტიცია და ვიყიდე მიწები, რომლებსაც მეცხვარეობის კუთხით ვიყენებ, ფერმებისთვის. მინდა ნუშის, ნიგვზის, ზეთისხილის პლანტაციების თემისთვისაც დავამუშაო მონაკვეთები და ჩემი ახლობლების დიდ წრესთან ერთად განვავითარო. ყოველ ღამე ოთხი საათი მძინავს. დილას მშენებლებთან და მეცხვარეებთან რეკვით ვიწყებ, ყველაზე ადრე ისენი იღვიძებენ და ჩავდივარ მერე ყველა მიმართულებით. ყველა კომპანიას ვეხმიანები და ვეხები იმ დოზით, რასაც საჭიროება მოითხოვს, არც ერთმა არ იცის რა დროს დავადგები თავზე,"-ამბობს ნატალია კვანტალიანი.

მალე მთავარ ოცნებას აიხდენს. თბილისში, სამხედრო ქალაქ "ნატალი სითი"-ს აშენებს. ამბობს, რომ პროექტი განსაკუთრებით საინტერესო საზღვარგარეთ წასული ქართველებისთვის იქნება, რომლებიც, იმედი აქვს, მალე დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში.

"თბილისის ზღვაზე, მახათას მთაზე დიდი კომპლექსი რომ აშენდება, ეს ჩემი ოცნების ბოლო მწვერვალი იქნება. მინდა საზღვარგარეთ მყოფ ყველა თანამემამულეს ხელი შევუწყო დაბრუნებაში და თავისი ფუძე ჰქონდეთ აქ. ჩემი ემიგრანტი ოჯახის დაბრუნებით დავიწყებ. უდიდეს პროექტს ჩავუყარე საფუძველი. სამხედრო ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს მიწის ნაკვეთს და ვილის აშენებას. ეს იქნება თანამედროვე უბანი, სადაც ცხოვრება ყველას მოუნდება.

ყველაფერს ღირსეულად და პირნათლად ვუძღვები. წარმატებაში, პირველ რიგში ოჯახის სიყვარული, ერთადერთი შვილის იმედი და მისი ლამაზი ოჯახის არსებობა დამეხმარა. ყველა საქმეში გვერდით მიდგანან. ამასთან, მნიშვნელოვანია თანამშრომლების სიყვარული, ისინი ჩემი დიდი მეგობრები არიან, ერთად ვშრომობთ. ამ ცხოვრებაში უფლის წყალობა, სიყვარული ნებისყოფა, შრომა და პასუხისმგებლობა ყველაზე მთავარია,"- ამბობს ნატალია კვანტალიანი.

ამბობს, რომ მისი ისტორია კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიწყო ნოლიდან და ახვიდე მწვერვალზე. წინ კიდევ ბევრი საინტერესო და დიდი პროექტი აქვს განსახორციელებელი, რომელსაც კვლავ ჩვეული ენერგიით, პასუხისმგებლობითა და საქმის სიყვარულით მიუდგება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 316-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“

ამინდი