Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძაღლების იმედად დარჩენილი მოსახლეობისგან დაცლილი სოფელი რაჭაში, რომელიც ცოცხალ მუზეუმს წარმოადგენს

თარიღი : 21-01-2021, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვემო რაჭის სოფლებში ბევრგან შეხვდებით საუკუნოვან, ხის მოჩუქურთმებულ ოდა-სახლებს. მათი ნაწილი დღესაც პირველადი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი რესტავრაციას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი სოფელი, რომელიც ულამაზესი ხის სახლებით განთქმულია, სოფელი გოგოლათია. ის ამბროლაურიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული.

როგორც Topnews.com.ge-ს ჟურნალისტმა და გიდმა ხვიჩა ვაშაყმაძემ განუცხადა, გოგოლათში არსებული სახლები უთხოვარისგან, ცაცხვისა და თელასგან არის აშენებული. სამწუხარო კი ისაა, რომ ეს ულამაზესი ხის სახლები გამოკეტილია და მოდარაჯე ერთგული ძაღლების იმედადაა დარჩენილი.

"ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ ხოლმე სოფლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გუშინ გადავწყვიტეთ რაჭაში წავსულიყავით. გოგოლათის ნახვა დიდი ხანია მინდოდა. მსმენია, რომ ძალიან ლამაზი სოფელია, ულამაზესი ხის სახლებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ გოგოლათი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მაღალმთიანი სოფლები, მოსახლეობისგან დაცლილია. ამ სოფელშიც, როგორც ჩანს, ზაფხულობით ამოდიან. ზამთარში, ახლა რომ ვიყავი, ემოციური სანახავი იყო ყველაფერი. ყველა ჭიშკარს, ყველა სახლს, ბოქლომი ედო. მთელი სოფელი ფეხით მოვიარეთ და ერთი ადამიანიც არ შეგვხვედრია. ზოგიერთ სახლთან დავიძახეთ კიდეც, მაგრამ არავინ გამოგვხედა, რადგან ფიზიკურად არავინ იყო. ძალიან მტკივნეულია, როცა დადიხარ სოფლის ორღობეში და კაციშვილი არ გხვდება, მხოლოდ მიტოებული ძაღლებია, საკმაოდ ბევრი (გამხდრები), დაგვყვებოდნენ, სადაც დავდიოდით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზამთარში, ძაღლების იმედად არის დარჩენილი ეს სოფელი,"-ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.
https://i.postimg.cc/2S3QdVm6/3-CABBB06-B8-E8-448-F-ACE7-E4148-EEA8-D7-A.jpg
მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება სოფლის განვითარებასა და მოწყობაზე იზრუნებს, გოგოლათი ულამაზესი ტურისტული ლოკაცია გახდება.

"ულამაზესი ხის სახლები ვნახე, ბევრი მათგანი რესტავრაციას საჭიროებს, რადგან საუკუნოვანი სახლებია. ძალიან ბევრი კარგად, პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. სოფლის ლოკაციაც ულამაზეს ხეობაშია. თუკი ხელისუფლება ამ სოფელზე იზრუნებს, რომ ეს სახლები აღსდგეს, განავითაროს ინფრასტრუქტურა, გააკეთოს ყველაფერი, რაც სოფლისთვის აუცილებელია, მოსახლეობა ქალაქში თავის გადარჩენის მიზნით აღარ წავა და სოფელს დაუბრუნდება. ამასთან, გოგოლათი ულამაზესი ტურისტული ლოკაცია გახდება არა მხოლოდ ქართველებისთვის, უცხოელებისთვისაც, ეთნოსოფელი შეიძლება გაკეთდეს მის ბაზაზე.

სამწუხაროდ, გოგოლათი არ არის ერთადერთი დაცლილი სოფელი რაჭაში და ზოგადად, საქართველოში. ეს ტენდენცია გრძელდება და გაგრძელდება. ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით აგრარული ქვეყანა, რომ სოფელზე იყოს მთელი ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებული, მაგრამ ასეთი კოლორიტული სოფლები როცა გხვდება დაცლილი, მკვდარი (სეზონურად, ადამიანის დასასვენებლად ჩასვლა, არ ნიშნავს, რომ სოფელი ცოცხლობს) ტრაგედიაა უბრალოდ,"-ამბობს ჟურნალისტი.
https://i.postimg.cc/kXgK9B2c/90-D06-B20-E628-4997-ACD6-9-D6-AB05-CB330.jpg
Topnews.com.ge ამბროლაურის მერს ზვიად მხეიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სახლების რეაბილიტაცია და ზოგადად, სოფლის მოწყობა სახელმწიფოს მხრიდან იგეგმებოდა. საკითხზე აქტიურად მუშაობდნენ, თუმცა, ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია თემა და როგორც კი შესაბამისი მომენტი იქნება, აუცილებლად განახლდება.

"ეს არის ძველისძველი სოფელი. სულ 64 კომლია, აქედან 50 ხის უძველესი, უნიკალური სახლია. მოგეხსენებათ, რაჭველები კარგი დურგლები იყვნენ, მთელს სამეგრელოსა და დასავლეთში ძველი ხის სახლები, რაჭველების აშენებულია. რა თქმა უნდა თავისთვისაც კარგს აიშენებდნენ. სოფელში არსებული თითოეული სახლი მართლაც ხელოვნების ნიმუშია. როცა პრემიერად ბატონი მამუკა ბახტაძე იყო, მაშინ დაიძრა ეს თემა (ჩვენმა გუბერნატორმა დაძრა). ბატონი მამუკა ჩამოსული იყო თავად სოფელში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებიც იყვნენ და "სოფელი მუზეუმი"-ს სახელიც მიენიჭა. მაშინ ითქვა, რომ სახელმწიფო გააკეთებდა, თორემ ეს იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვერანაირად ვერ გავწვდებით. საპროექტოებიც იყვნენ ჩამოსულნი. საუბარი იყო ამ სახლების რეაბილიტაციაზე, მესერებზე, საკანალიზაციო სისტემაზე და ა.შ. ანუ მთლიანად სოფლის მოწყობაზე. შემდეგ ბატონი მამუკაც წავიდა, მერე პანდემია იყო და დროებით მიწყნარებულია ეს თემა. ნამუშევარი ამ თემაზე არის, ნიშნულები საპროექტოსი, მონახაზები, ყველაფერი გაკეთებულია. იცით რა მდგომარეობაც არის ახლა ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში, ეკონომიკური კრიზისია. იმედია მალე დალაგდება ყველაფერი და როცა მოგვეცემა ამისთვის შესაბამისი დრო, ამ თემას აუცილებლად განვაახლებთ,"-ამბობს ზვიად მხეიძე.

მამუკა ბახტაძე გოგოლათში, 2019 წელს, მართლაც იყო ჩასული. მაშინ განაცხადა, რომ სოფელში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა და გოგოლათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდებოდა არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში. საკითხზე მუშაობა ამჟამად შეჩერებულია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 316-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივების თქმით, სოფელში გზა ამორტიზირებულია, ტრანსპორტი არ არის, სკოლა და ბიბლიოთეკა კი გაუქმებულია.
სოფლის მკვიდრები გამოჩინებულის მოსახლეობისაგან დაცლის მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, 1970 -იან წლებში სოფელში მეწყერი ჩამოწვა
საქართველოში დაახლოებით 130 სოფელში 2 000 და მეტი მაცხოვრებელია, ზოგიერთ სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა 7 000-ზე მეტს აღწევს.
,,მარშუტი კვირაში ერთხელ, მხოლოდ პარასკევს მოდის"

ამინდი