Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას გეგმავს ქუთაისის მერია ქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის?

თარიღი : 12-01-2021, 21:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2021 წლის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში, სოციალური მიმართულებით, 5 მილიონ 634 700 ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტი დაახლოებით 373 000 ლარითაა გაზრდილი.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან, ქუთაისი მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, დეტალურად საუბრობს იმ ახალი სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც ბენეფიციარების მხარდაჭერისა და გაძლიერებისკენაა მიმართული.

"მოხდა რამდენიმე ახალი პროგრამის დამატება. მათ შორის მნიშვნელოვანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შინ მოვლის საპილოტე პროგრამა, რომელიც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხორციელდება. მათ მოიპოვეს ევროკავშირის გრანტი და ჩვენი თანადაფინანსებით ვახორციელებთ ამ პროგრამას.

ასევე დაგვემატა ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების პროგრამა. ანუ, ქუთაისში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილები, რომელთაგან ერთს მაინც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მერიისგან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. გარდა სარეიტინგო ქულების შესაბამისობისა, საჭიროა წყვილი რეგისტრირებული იყოს ქუთაისში და მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც ქუთაისი იყოს. აღნიშნული, ოჯახების შექმნის ხელშეწყობის მიზნითაა. ესეც საპილოტე პროგრამაა.

დამატებით გაძლიერდა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. აღნიშნული ამგვარადაა დასათაურებული: "მრავალშვილიანი ოჯახების მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა". ანუ, მერია იღებს განაცხადებს ნებისმიერი ოჯახისგან, რომლებიც წარადგენენ ბიზნესს იდეას, მოხდება ამის განხილვა, კომერციული და სამართლებრივი რისკების შეფასება და დაფინანსება. აქ დაფინანსების კონკრეტული ციფრი არაა განსაზღვრული. ერთჯერადად შევძლებთ 4 000 ლარით დაფინანსებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 4 000 ლარის ზევით შეუძლებელია. დამოკიდებულია ინიციატივასა და იდეაზე. მსგავსი პროგრამა აქამდეც არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს გავაძლიერეთ აღნიშნული პროგრამა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც დავამატეთ პანდემიასთან დაკავშირებით არის, ინტერნეტის გადასახადის გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. 65 000 ქულაზე ქვევით მყოფი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც ოჯახში ჰყავთ თუნდაც ერთი ბავშვი 6-დან 18 წლამდე, გადავუხდით ინტერნეტის გადასახადს. ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და ხელი არ შეეშალოთ ონლაინ სწავლების რეჟიმში. პირობითად, თუ წლის ბოლომდე სწავლა დარჩა ონლაინ, ბიუჯეტურად ამ კუთხით მზად ვართ.

გარდა ამისა, ჩვენ საპილოტე რეჟიმში დავამატეთ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა. ეს გახლავთ აწ უკვე საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი შენგელიას ინიციატივა და გულისხმობს, პროფესიული რისკის შემცვლელ საწარმოში მომუშავე პირების სკრინიგს (აქ იგულისხმება მაგალითად, შახტის თანამშრომელი, ქუთაისში თუა რეგისტრირებული), ანუ, ისეთი სპეციალობის მქონე პირები, რომელთა სასუნთქ გზებს სამუშაო გარემო უქმნის საფრთხეს. ამისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი ჩვენი ბიუჯეტიდან. ნამდვილად სერიოზული პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის ფილტვის კიბო, ზოგადად სიმსივნური დაავადებები და პრევენცია არის ის კომპონენტი, რომელიც სწორი და მიზნობრივი მიმართულებაა სოციალური საქმიანობისთვის. შესაბამისად, პრევენციულ დონეზე აღმოჩენილი პრობლება ბევრად უფრო დაბალ დანახარჯებს მოიცავს, ვიდრე უკვე დამდგარი პრობლემის შემდეგ ფინანსური ზიანი.

იცით, რომ გვაქვს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. გაიზარდა ბენეფიციარების რაოდენობა, გასულ წელს გახლდათ 138 ბენეფიციარი და წელს ეს ციფრი 174-მდე გაიზარდა. შესაბამისად, მოხდა ბიუჯეტის დაკორექტირებაც და გაზრდაც. ციფრებში რომ გითხრათ, გასულ წელს ბიუჯეტში იდო 550 000 ლარი აღნიშნული პროგრამისთვის, წელს კი ჩაიდო 727 000 ლარი. შესაბამისად, ეს პროგრამაც გაძლიერდა.

გაძლიერდა ასევე გადაუდებელი დახმარების პროგრამა, გახდა უფრო მრავალფეროვანი. ამ კუთხით წელს ბიუჯეტი გაორმაგდა და გახდა 100 000 ლარი. ასევე გავზარდეთ ლიმიტი და იქნება 1 500 ლარი მაქსიმალური. რატომ მოხდა ამის გაზრდა? წელს, გარდა გადაუდებელი რეაგირებისა, ჩვენ შევძლებთ მწვავე კრიზისში მყოფი ადამიანების დახმარებას. მაგალითისთვის, თუ შარშან ადამიანი იმყოფებოდა დიდ სიდუხჭირეში, არ ჰქონდა საცხოვრებელი პირობები, პირობითად, წლებია ჩამოდიოდა სახლში წყალი, არ ჰქონდა ფანჯარა და ა.შ, უხეშად რომ ვთქვათ, ყოველდღიურ ყოფად იყო ეს სიტუაცია გადაქცეული და ჩვენ არ შეგვეძლო დახმარება, რადგან კრიზისი უნდა ყოფილიყო გადაუდებელი რეაგირების. ახლა, მას შემდეგ, რაც შეფასდება ბენეფიციარის ყოფა, თუ მას აქვს კრიზისული მდგომარეობა, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პროგრამითაც. ანუ, ხელ-ფეხი გაგვეხსნა და ამ პროგრამის ფარგლებში შეგვიძლია ბევრად უფრო თამამად და თავისუფლად დავეხმაროთ მათ.

სიახლეა ისიც, რომ სოციალურ პროგრამებზე განაცხადების მიღება, რომელიც აქამდე სოციალურ სამსახურში ხორციელდებოდა, დავშალეთ უკვე მუნიციპალიტეტების მიხედვით და წელს 12-ვე მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით მივიღებთ განაცხადებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების კომფორტისთვის, რათა მათ მარტივად მიიღონ თავიანთ უბანში ის სერვისები, რაც გააჩნია ადგილობრივ ხელისუფლებას. ამდენად, ერთი სამსახურის გარდა (სოციალური სამსახური), 12 სხვადასხვა ადგილას იქნება შესაძლებელი განაცხადების მიღება. აღნიშნული ახლახანს დავიწყეთ, პირველი ორი თვის მანძილზე საპილოტე რეჟიმში იქნება, დაიხვეწება მალე და გრძელვადიან პერსპექტივაში გვეგმავთ,"-ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

მისივე თქმით, წელსვე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, მერიის სოციალური პროგრამების სრული კვლევა და ანალიზი იგეგმება.

"ეს გულისხმობს ჩვენი პროგრამების მიზნობრიობის, ეფექტურობის შეფასებას, რამდენად პასუხობს ის არსებულ გამოწვევებს. ველოდებით, რომ აღნიშნული კვლევის შედეგად გამოიკვეთება ის ახალი გამოწვევები და ის მიზნობრიობა, რასაც სოციალური პროგრამები უნდა ახორციელებდეს. სოციალური პროგრამა ხომ იმისთვის არის, გააუმჯობესოს ბენეფიციარების ყოფა, უნდა იყოს მორგებული მათ გაძლიერებაზე და არა მათი დღევანდელი ყოფის შენარჩუნებასა ან გაუარესებაზე. შესაბამისად, ეს სტანდარტი დავიწესეთ ჩვენ თვითონ. გვინდა, რომ ეს პროგრამები იყოს დეტალურად შესწავლილი და იმ ბენეფიციარებს, ვინც გვყავს, სწორედ რომ მიზნობრივად დავეხმაროთ და მივცეთ ის, რაც სჭირდებათ გაძლიერებისთვის, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აღარ იყვნენ დამოკიდებულები საბიუჯეტო დახმარებასა და სოციალურ დახმარებაზე. იმედია აღნიშნული კვლევის შემდეგ კარგ პროდუქტს დავდებთ,"-განაცხადა მერის მოადგილემ Topnews.com.ge-სთან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 294-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება.
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული

ამინდი