Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სად არიან და რას საქმიანობენ ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარები?

თარიღი : 11-01-2021, 21:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
როგორი იყო გასული 4 წელი ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატებისთვის და სად აგრძელებენ ისინი ამჟამად საქმიანობას? აღნიშნული კითხვით იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ დიმიტრი მხეიძეს, გენადი მარგველაშვილს და კობა ნარჩემაშვილს მიმართა.

დიმიტრი მხეიძე 4-წლიან მუშაობას ნაყოფიერად აფასებს. ამბობს, რომ მუდმივად მზად იყო მოქალაქეების საჭიროებებისთვის მოესმინა და კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული პრობლემები რეაგირების გარეშე არ დაეტოვებინა. ამჟამად ყოფილი მაჟორიტარი საექიმო საქმიანობას დაუბრუნდა და სამედიცინო მომსახურებას პაციენტებს თავად უწევს.

"2016 წლიდან ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისის წარმომადგენელი. 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა. ხალხთან ურთიერთობის გამოცდილებაც შევიძინე. სხვათა შორის ძალიან დამეხმარა ის, რომ ექიმი ვიყავი, რადგან ყოველდღიურად გაჭირვებულ ხალხთან მქონდა შეხვედრა ჩემი საექიმო პრაქტიკის პერიოდში. ამიტომ გამიიოლდა ამ 4 წლის განმავლობაში ხალხთან ურთიერთობა. ძალიან ბევრ საინტერესო კანონპროექტზე ვიმუშავე, შემიძლია ვთქვა, რომ ნაყოფიერი იყო ამ ხნის განმავლობაში პარლამენტში ჩემი ყოფნა. ბევრი კარგი საქმე გავაკეთე ჩემს მეგობრებთან, ჩემს გუნდთან ერთად. ჯერჯერობით ვაგრძელებ ჩემს საექიმო პრაქტიკას ჩემს კლინიკაში,"-ამბობს დიმიტრი მხეიძე.

ქუთაისის მაჟორიტარობის პერიოდს ნაყოფიერად აფასებს გენადი მარგველაშვილიც. მისი თქმით, ბევრი გამოწვევა იყო, რომელსაც გუნდთან ერთად კარგად გაუმკლავდა. გამოწვევები ახლაც აქვს. ყოფილი პარლამენტარი და დეპუტატი ამჟამად საგანმანათლებლო სფეროშია და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო აქვს.

"იცით, რომ მე განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტშიც ვიყავი და ამავე დროს ქუთაისის მაჟორიტარიც. იმ პერიოდში მომემატა თერჯოლის რაიონის სამი საარჩევნო უბანი, რომელშიც 8 სოფელი შედიოდა. კონკრეტულად მაჟორიტარის ვალდებულება რაც არის, მოუსმინოს მოსახლეობას და მათი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანის განხორციელება დაიწყოს, ამას ვაკეთებდით.

ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსებისა და პროგრამების თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ, საკმარისად დიდი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამოქმედების შემდეგ, ჭოგნარისა და კვახჭირის სოფლებს მძლავრი დატვირთვა ჰქონოდათ. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ და დარწმუნდებით მალე ამაში. რაც შეეხება გოდოგანი-ნაგარევი-ჭალასთავი-ბროლისქედის მიმართულებას, აქ სოფლების ნაწილს არ ჰქონდა გაზი, არ იყო გზა, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, მოვაწესრიგეთ ინფრასტრუქტურა, შევიყვანეთ გაზი, ყველაზე მაღალმთიან სოფლებშიც კი (ამაში მაშინ ძალიან დაგვეხმარა გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე, რისთვისაც მადლობა მათ). მაქსიმუმს ვაკეთებდით ხალხის დასახმარებლად.

რაც შეეხება უშუალოდ განათლების კომიტეტის მიმართულებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი შემოვიტანეთ. სამი წელი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლო წელიწადი კი თავმჯდომარე ვიყავი. თავმჯდომარეობის დროს, იცით, რომ კოვიდმა ძალიან შეგვიშალა ხელი. თუმცა, რამდენიმე პროექტი წამოვიწყეთ და შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის გზამკვლევივით დავდეთ სამინისტროსთან ერთად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე აღარაფერს ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ეს სამომავლოდ. ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი. საბოლოო ჯამში ეს ოთხი წელი ნაყოფიერი იყო.

იცით, რომ ჩემი ამოცანა არის ნიჭიერ ბავშვებთან ურთიერთობა, ამიტომ ოლიმპიადები იქნება, კონფერენციები თუ ნებისმიერი ტიპის კონკურსები, რომლებიც აღმოაჩენს და გზაზე დააყენებს ამ ნიჭიერ ბავშვებს, ამ თვალსაზრისით რუსთაველის ფონდში ვარ კონსულტანტი (ოლიმპიადების მიმართულებით) და ამავე დროს, ჩვენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის აპარატის ხელმძღვანელად დავინიშნე. ეს ორი მიმართულება ერთდროულად მაქვს. აქაც გვაქვს ჩვენებური ხედვა (სამინისტროსთან ერთად), ქუთაისის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, პარალელური ლიანდაგური სქემით, ერთმანეთის შემწეობით და გვერდში ყოფნით (ერთ უღელში უნდა იყოს შებმული ქუთაისის უნივერსიტეტი და აწსუ), რაც შეიძლება მძლავრად უნდა ავამოქმედოთ ქუთაისი, როგორც საგანმანათლებლო ჰაბი მთელს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ასე რომ სამუშაო ბევრია, გამოწვევა მიღებულია და ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას ვემსახურო. მთავარია რწმენა გვქონდეს იმისა, რომ ხვალინდელი დღე უეჭველად უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი,"- ამბობს გენადი მარგველაშვილი.

სირთულეებით სავსედ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიურად აფასებს მაჟორიტარად ყოფნის პერიოდს კობა ნარჩემაშვილიც. Topnews.com.ge-სთან ის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

"საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიურად შევაფასებდი ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური ურთიერთოების თვალსაზრისით იმიტომ, რომ მერე მე დავტოვე როგორც იცით, უმრავლესობა. საკმაოდ რთული იყო, არ იყო იოლი, კომუნიკაციურადაც, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემი ურთიერთობები უმრავლესობასთან, ან თვითმმართველობასთან, არ ასახულიყო ამომრჩევლის საჭიროებებზე. ამას პირდაპირ გეტყვით, მეტ-ნაკლებად ვაღწევდი. ზოგჯერ ვაღწევდი ამომრჩევლის ინტერესების სასარგებლოდ, ზოგჯერ ამას ვერ ვაღწევდი რიგი გარემოებების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი საჭიროების (სოციალური, ინფრასტრუქტურული) წინაშე იდგა ის ოლქი, სადაც მე ვიყავი დეპუტატი, ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი რამე იქნება, იმიტომ რომ ქუთაისის ოლქებს შორის, ყველაზე მეტად დაზარალებული სწორედ 49-ე ოლქია.

ჯერჯერობით პოლიტიკასთან ურთიერთობა არ მაქვს. ჩემი ინტერესების სფერო არის ის, რომ საზოგადოებრივი პოზიციიდან გარკვეული ცვლილებები მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე. დავრწმუნდი, რომ მარტო შიგნიდან პოლიტიკური სისტემის შეცვლა შეუძლებელია, თუ გარედან არ იქნა ამაზე სერიოზული წნეხი. გარედან რომ იყოს, საზოგადოების მიდგომებიც უნდა შეიცვალოს პოლიტიკოსებთან და პოლიტიკასთან მიმართებაში იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, შიგნით ძალიან ხარ შეზღუდული ვალდებულებებითა და რეგლამენტით, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც. ხანდახან წარმოუდგენელი შეზღუდვაა, რომელიც არ გაძლევს სრულად რეალიზებისა და საზოგადოებისთვის სრულად დანახების საშუალებას, იმისას, რისი საჭიროებაც დღეს არის პოლიტიკაში. არის თემები, მათ შორის სოციალური, რომელიც განსაკუთრებით ამ პანდემიამ გამოააშკარავა, რომელზე ხაზგასმაც, ჩემი აზრით, იქნება მნიშვნელოვანი. დღეს ამაზე აქცენტირებულად საზოგადოება არ აკეთებს მობილიზებას, ამის გაკეთება აუცილებელი იქნება. თან, რომ გითხრათ სიმართლე, ეს არჩევნები რაღაცნაირად შუალედურად მეჩვენება და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, ბევრი რამე წინა გვაქვს. საინტერესოა, პროცესების საექსპერტო ანალიზი და შემდეგ ამისი გაცნობა საზოგადოებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ ეტაპზე ვარ, ასე ვთქვათ, თანამოაზრეებთან შეხვედრების და ძიების პროცესში, რასაც სერიოზული მუშაობა სჭირდება,"-ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მხეიძემ, კობა ნარჩემაშვილმა და გენადი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში, დეპუტატის მანდატი 2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიიღეს. ამჟამად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძეა. ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქუთაისის წარმომადგენელი იქნება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერმა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაახასიათა.
დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს ღია სატელევიზიო დებატები შესთავაზა.

ამინდი