Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ იყო საბა კლდიაშვილი, რომლის სახელი ქუთაისის მერიის გვერდით მდებარე სკვერს მიენიჭა

თარიღი : 11-01-2021, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, მერიის შენობის გვერდით არსებულ სკვერს საბა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა, დიდი ქიმიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, რომელიც მსოფლიო მასშტაბის გმირად იქცა.

კაცი, რომელსაც დიდი მომავალი და ოცნებები ჰქონდა, ლექციებს წყვეტს და თავის თანამოაზრე სტუდენტებთან ერთად, ოდესაში, გვამებით მოფენილ ქუჩებში, უდანაშაულო ხალხის დასაცავად მიდის. "მე ქართველი ვარ, იმ ერის შვილი, რომელსაც არასოდეს დაურბევია სხვა ერი," -ეს არის მისი ბოლო სიტყვები. ამის შემდეგ, საკუთარი სხეულით გადაეფარება ებრაელ ხალხს, სხვა ერს და სხვა ქალაქში.

მისი დაკრძალვის ცერემონიალი, ოდესიდან - საქართველომდე სახალხო გლოვის ჭეშმარიტი საჯარო გამოვლინება იყო. საბა ქუთაისის ცენტრში, მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. მისი პირველი საფლავი, სწორედ ამ სკვერის ადგილას გაიჭრა, სკვერის, რომელსაც საბა კლდიაშვილის სახელი ახლახანს მიენიჭა.

ინიციატივა სამოქალაქო აქტივისტს ზეკო ხაჩიძეს ეკუთვნის. ხაჩიძე Topnews.com.ge-სთან ყვება, რომ სურდა საბას უკვდავყოფა, როგორც მაგალითი თაობებისთვის, მნიშვნელოვანი ყოფილიყო.

"საბა კლდიაშვილთან ჩემი შეხება გუბერნიიდან დაიწყო, არქივებზე როცა ვმუშაობდი (იმ პერიოდში ქუთაისის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა). ძალიან ღრმად მოგვიწია ამ პიროვნებასთან შეხება, როგორც ამბავთან, რომელიც ქუთაისს ახასიათებდა მისი ფასეულობით ძალიან მნიშვნელოვნად. ტოლერანტობაზე როცა ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე საღი მაგალითია საბა კლიაშვილი და რატომ? შეიძლება იყოს იმპულსური გმირობა და გმირობა, რომელიც აბსოლუტურად გაცნობიერებულია. საბას ეს გმირობა გაცნობიერებული ჰქონდა, ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თანაც, ის იყო ეფრო კლდიაშვილის შვილი, რომელიც იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი დედა ქუთაისში, თეატრის მოყვარეთა დასის დამფუძნებელი, ანუ, თვითონ საზოგადო მოღვაწის შვილი. ფაქტია, რომ ასეთი ფასეულობები ციდან არ ვარდება, რაღაც გენეტიკურიცაა. ეს ქუთაისის სინამდვილე, ქუთაისის უახლესი ისტორია იყო. საბას სახელის უკვდავყოფა კი, რაღაცნაირად არ მოხდა. ქუთაისში არ გვქონდა საბა კლდიაშვილის არც ქუჩა, არც სკვერი, არც ძეგლი (ბიუსტი საფიჩხიის სასაფლაოზეა, მაგრამ ასე თვალშისაცემად ქუჩაში გამვლელს არ შეხვდება). არადა, რით ჩნდება მაგალითები და თაობებისთვის სტანდარტები? როცა კითხულობ - ეს ვინ არის, როცა ამბავს გებულობ, მაშინ ხომ?.. მერე, ბევრი ამბავი გავიგეთ, ბევრი რამ ითქვა ებრაელებისა და ქართველების ურთიერთობაზე, მაგრამ ასეთი შეწირული, ასეთი დიდი ფასით გადახდილი გმირობა იშვიათია. კაცმა, რომელსაც ჰქონდა მისი პოლიტიკური პოზიცია, იყო დიდი მეცნიერი, ჰქონდა დიდი მომავალი, სხვა ოცნებები, თავი ებრაელი ხალხის გადარჩენას შესწირა და ქალაქმა არ დაუდგას ასეთ ადამიანს ძეგლი, რომელმაც თვითონ დაუდგა მსოფლიო მოქალაქეობაში ძეგლი საკუთარ ქალაქს, საკუთარი არსებობით და საკუთარი სიკვდილით, ძნელი წარმოსადგენია.

ვფიქრობ, რომ საბა კლდიაშვილის სახელზე, ორ მაისობის პროგრამებში, ტრადიციული ივენთიც უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ მისი სახელის უკვდავყოფისა და პოპულარიზაციისთვის, რომ სწორ მაგალითზე იზრდებოდნენ თაობები და შერცხვეთ სხვა ერებზე შემთხვევით ამოცდენილი სიტყვების, მიხვდნენ, რომ ეს არასწორია, ამის მაგალითი იყოს მისი სკვერიც და მისი ძეგლიც, რომელიც ალბათ შევძლებთ და დაიდგმება ამ სკვერში, ან ტრაფარეტი გაკეთდება,"-ამბობს ზეკო ხაჩიძე.

სწორედ მან და მისმა მოსწავლეებმა (ქუთაისის 1-ლი სკოლიდან) შეიტანეს ინიციატივა მერიაში. ზეკო ხაჩიძე ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან მისი მოსწავლეების პირველი სამოქალაქო აქტი მათ ბიოგრაფიაში სწორედ საბა კლდიაშვილის უკვდავყოფით იწყება.

"ყველა ლამაზი ის იყო, რომ ჩემი მოსწავლეები იღებდნენ ამაში მონაწილეობას, მათ უფრო გამამაგრეს ამ თხოვნით, რომ არა პრივატული, არამედ ოფიციალური ყოფილიყო ეს თხოვნა, მათი მონაწილეობა ყოფილიყო ამ წინადადებაში გადამწყვეტი. დავით ერემეიშვილი იყო მაშინ მოვალეობის შემსრულებელი, უბრალოდ ჩავაყენე საქმის კურსში, რომ განცხადება მაქვს შემოტანილი და იქნებ განიხილოთ-მეთქი. ამის შემდეგ არც ზედმეტი ზარი დამჭირვებია, არც ზედმეტი გახსენება. მითხრა, კომისია როგორც კი შედგება, ამას გავიტანთო. სიმართლე გითხრათ, კომისიის შედგომის იმედი არ მქონდა, რადგან პანდემია იყო და შეიძლებოდა ბევრი ხელისშემშლელი მომენტი ყოფილიყო. მალევე, აპარატის უფროსმა, გენადი კუჭუხიძემ, დამირეკა, შენი საკითხი კომისიაზე გატანილია და თანახმა არიანო, ამით ძალიან მადლობელი ვარ. კარგია რომ მომავლისთვის არ გადაიდო ეს თემა. ხანდახან ვიცით ხოლმე მოვლენების მნიშვნელობა, მაგრამ სწორად ვერ ვპასუხობთ, ამ შემთხვევაში სწორად უპასუხეს, მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო ალბათ ეს თემა, რაც ძალიან მახარებს,"-ამბობს ზეკო ხაჩიძე.

ცნობისთვის, მთავარანგელოზის ეკლესიის დანგრევის შემდეგ საბა კლდიაშვილის ნეშტი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ახლაც დგას ძველი ბიუსტი. ზეკო ხაჩიძე იმედოვნებს, რომ მერიის გვერდით მდებარე სკვერს, მალე კლდიაშვილის ძეგლიც დაამშვენებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 405-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხაჩიძის თქმით, ის თეატრის გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.
13 წლის საბა მასზე ერთი წლით უმცროს ძმასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყელვანში ცხოვრობს.
ზეკო ხაჩიძე აცხადებს, რომ მის ძირითად მოვალეობას წყალტუბოში მიმდინარე პროცესების პრომოუშენი წარმოადგენს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზეკო ხაჩიძის მოვალეობას საზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს. ხაჩიძე იმერეთის გუბერნიაში

ამინდი