Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ვერ გავაკეთებ,’ ‘შეუძლებელია,’ ‘გამორიცხულია,’-ეს სიტყვები არ არსებობს ჩემს ლექსიკონში. რაც კი ჩამიფიქრებია, მომინდომებია, ყველაფერი მქონია’

თარიღი : 10-01-2021, 20:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

რუბრიკის მორიგი რესპონდენტი, მარიკა ვაჭარაძე საუკეთესო მაგალითია იმის, როგორ შეიძლება ერთი პროფესიით სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილება რამდენიმე პროფესიად აქციო და საკმაოდ წარმატებულ და დამოუკიდებელ ქალად შედგე. წარმატებული გზის დასაწყისი ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში, ჟურნალისტიკას უკავშირდება. სფეროს, რომელსაც თავისი ცხოვრების 20 წელი მიუძღვნა. და რაც მთავარია, ოცივე წელი წარმატებული და ნაყოფიერი იყო.

"1996 წელს სტუდენტი გავხდი და 97-ში, იანვრის პირველივე ნომერში, უკვე დაიბეჭდა ჩემი სტატია გაზეთ "P.S" -ში. ეს იყო ჩემთვის პირველი წარმატება იქიდან გამომდინარე, რომ პირველი კურსის სტუდენტი მოვხვდი იმ დროს ყველაზე წარმატებულ და გავლენიან გაზეთში ჟურნალისტად. მთელი სტუდენტობის პერიოდში, რაც კი წარმატება მქონია, უკავშირდება "P.S" -ს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს აქტუალური არ იყო გარემოსდაცვითი საკითხები, ჩვენ, რედაქცია გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, ეს თემები წამოგვეწია და პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, გარემოსდაცვით ჟურნალისტიკაზეც მეწერა. ანუ, კლიმატის ცვლილებებზე, მყინვარების დნობაზე, რაზეც ახლა აქტიურად საუბრობენ, მე ჯერ კიდევ 2002 წელს მაქვს დაწერილი სტატიები, რასაც წარმატებად მივიჩნევ. შემდეგ, ორი წელი ვიმუშავე ტელეკომპანია "Mega Tv"-ის საინფორმაციო სამსახურში, ჟურნალისტად. მიმუშავია რადიო "ძველ ქალაქში"-ც (კონკრეტული პროექტის ფარგლებში) და ადამიანის უფლებათა ცენტრში. არჩევნებშიც ჩართული ვიყავი, როგორც დამკვირებელი, ასევე ჟურნალისტი, ვაშუქებდი პროცესებს, საინტერესო პერიოდი იყო, კარგად მახსენდება.

შემდგომ პერიოდში, როცა აქტუალურად წამოვიდა წამალდამოკიდებულთა ნარკომომხმარებლების პრობლემები, დავიწყე ამ თემების გაშუქება. რამდენიმე კონკურსში გავიმარჯვე კიდეც, რომელიც "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" მიერ იყო გამოცხადებული. ამავე ქსელში ამიყვანეს კოორდინატორად ჯერ სამტრედიაში, შემდეგ უკვე ქუთაისში. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ნარკომომხმარებლებში ბ/ც ჰეპატიტისა და აივ ინფექციით გამოწვეული ზიანის შემცირება და მათი ოჯახების წევრებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც უფასო ტესტირებას ვატარებდით.

საკმაოდ წარმატებული იყო "BP"-ს მიერ გამოცხადებული კონკურსებიც, სადაც სამჯერ პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. შემდგომ ეტაპზე აღარ ვღებულობდი უკვე მონაწილეობას, მინდოდა, სხვა ახალი სახეებიც გამოჩენილიყვნენ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს შორის. ამიტომ, რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემი რესურსი, ამ მიმართულებით ამოწურული იყო. დღეს კი ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს მიმართულება განვაახლო, ვნახოთ რა იქნება,"-ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

ამბობს, რომ დღეს, რასაც წარმოადგენს და ყველაფერი, რაც აქვს, ჟურნალისტიკამ მისცა. სწორედ იმ სფეროებში დასაქმდა, რაზეც, როგორც ჟურნალისტი ისე წერდა.

"ყველაფერი მომცა ჟურნალისტიკამ. თუ დღეს, მარიკა ვაჭარაძე - ეს სახელი და გვარი ვინმეს რამეს ეუბნება, ეს არის სწორედ ამ პროფესიის დამსახურება. ჟურნალისტიკამ მომცა შესაძლებლობა მემუშავა სხვადასხვა სფეროში. დღეს აქტიურად მიდის საუბარი მედიაში, რომ ჟურნალისტმა უნდა აიღოს ერთი მიმართულება: კულტურა, სპორტი, გარემოსდაცვა, სოციალური თემა, პოლიტიკა, ეკონომიკა თუ სხვ. მაშინ კი რედაქციებს არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, თემატური მიმართულებით ჰყოლოდათ ჟურნალისტები, ამიტომ ფაქტობრივად ყველაფერზე ვწერდით. ამან მე მომცა შესაძლებლობა ბევრ საკითზე საკმაოდ ტევადი ინფორმაცია მიმეღო. შემიძლია ვთქვა, რომ ექსპერტულ დონეზეც კი დამიწერია გარემოსდაცვაზეც, ნარკომომხმარებელზე და ა.შ. როცა სოციალურ თემატიკაზე ვმუშაობდი, ამან მომცა სტიმული სოციალური მუშაკის კურსები გამევლო. გავიარე 6-თვიანი კურსი და სააგენტოში ამ კუთხითაც დავსაქმდი. ერთი წელი ბავშვთა მიმართულებით ვიმუშავე. ამის შემდეგ ა/ო "People in need"-ში სოციალური მუშაკი ვიყავი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი იყო ჩემი საკურატორო ორი წლის მანძილზე და საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ პროექტი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროექტები, თუკი რომელიმე წარმატებული იყო, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მქონდა ძალიან კარგი საინფორმაციო ბაზა, ცოდნა და შესაძლებლობა, რა თემებზეც მიწევდა წერა და მუშაობა, შედეგზე ორიენტირებული პროექტები განმეხორციელებინა. ეს ყველაფერი მე მომცა ჟურნალისტიკამ, ფაქტობრივად, იმ სფეროებში დავსაქმდი, რაზედაც ვწერდი.

არასდროს არ მიკეთებია მოვალეობის მოხდის მიზნით სტატიები, ყოველთვის ვცდილობდი, ვინმესთვის რაიმე ღირებულის მომტანი ყოფილიყო. ის მასალები, რაც იბეჭდებოდა, შეიძლება "მოდური" იმ პერიოდში არ ყოფილიყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წინ, სამომავლო საქმისთვის იყო და ასეც მოხდა..."- ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

მის ცხოვრებაშიც იყო ისეთი ეტაპები, როცა შემოსავლის გარეშე დარჩა. თუმცა ყოველთვის სიახლეების ძიებაში იყო, არ ჩერდებოდა ... სწორედ ამიტომ, ახალ გამოწვევებს არ უშინდებოდა და ახალ პროფესიებს ადვილად უღებდა ალღოს.

"2015 წელს, დადგა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, როცა ფაქტობრივად არაფერი მქონდა და ახალი სამსახურის ძიებაში ვიყავი; ჟურნალისტებს არ ჰქონდათ ეკონომიკურად სტაბილური ანაზღაურება, ამიტომ დამიდგა ახალი გამოწვევა. სწორედ იმ პერიოდში, ახალი ხილივით იყო პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის სამსახური. ჩავაბარე გამოცდა და ვიმუშავე ამ მიმართულებით ხონში. ხელს ვუწყობდით ახალგაზრდებს, კარგად წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები, ვასწავლიდით, როგორ უნდა შეეცნოთ სამომავლო პროფესია, რისი უნარი და შესაძლებლობები ჰქონდათ ( ეს ორი რამ თუ არ მოვიდა თანხვედრაში, ძალიან ძნელია რამეს მიაღწიო). ეს გაგრძელდა დაახლოებით ორი წელი. შემდეგ სამსახური გაუქმდა და დავრჩი უმუშევარი. დავიწყე ახალი სამსახურის ძიება, უკვე ზუსტად ვიცოდი სადაც უნდა ვყოფილიყავი, რა უნდა მეკეთებინა და მალევე გამოჩნდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, სადაც იმერეთის ბიუროს წარმოვადგენ, დღეს ეს ჩემი ძირითადი სამსახურია. ვფიქრობ, რომ ვემსახურები იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ჰქვია, რადგან საქართველოს განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოსთან და ევროკავშირთან არის ასოცირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიზანს ძალიან მალე მივაღწევთ. ამისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს ერთად შესასრულებელი, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ამაზე,"-ამბობს რესპონდენტი.

მიიჩნევს, რომ მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა და გამოწვევების მიღება გაძლევს შესაძლებლობას, ყოველთვის იყო "მოდაში", არ "მოძველდე" და ყველა სიახლეს დროის შესაბამისად უპასუხო.
https://i.postimg.cc/X70mLdTx/45-B2-DE15-89-F0-46-B3-B089-F1-A06-D587-A6-E.jpg
"რა თქმა უნდა წავქცეულვარ, მაგრამ მთავარია, რომ ყოველი წაქცევის მერე ფეხზე დავდექი და უფრო ძლიერი ნაბიჯებით განვაგრძე სვლა! ჩემი პიროვნული ისტორია კარგი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრების ეტაპზე, როდესაც ახალ-ახალი გამოწვევები დგება, არ შეშინდე; რომ გადავხედავ, იმდენ თემაზე მაქვს ნამუშევარი, იმდენად რადიკალურად განსხვავებული საქმეები მიკეთებია, შესაძლებელია იფიქრო, როგორ? რანაირად? ვფიქრობ, რომ ყველა საქმე ჩემთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო. არც ერთ ასაკში არ არის საშიში, დაეუფლო ახალ პროფესიას. ახლაც იმაზე ვფიქრობ, საბუღალტრო საქმეს ჩავუჯდე და ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში გავიარო კურსები. რატომაც არა? შეგიძლია ყველაფერი ისწავლო, რა იცი რაში გამოგადგება. ბევრი პროფესია არსებობს, რომელიც შეგიძლია პარალელურ რეჟიმში შეისწავლო, გქონდეს იმის რესურსი, შემდგომ ეტაპზე, როცა დაგჭირდება გამოიყენო.

ამასთან, აუცილებელია გქონდეს საკუთარი თავის იმედი. მე ყოველთვის ვუდგები საქმეს ისე, რომ შეუძლებელი არაფერია. ხშირად, როცა რაიმე საკითხთან დაკავშირებით მეკითხებიან ან ორჭოფობენ, ჩემი პასუხია: "რა პრობლემაა". ვფიქრობ, რომ არ არსებობს საკითხი, პრობლემა, რომლის მოგვარებაც, გადაჭრა პრობლემა იყოს. მთავარია ვიყოთ სულით და ხორცით ჯანმრთელები, ამის აუცილებლობა პანდემიამ კიდევ უფრო მწვავედ დაგვანახა. "ვერ გავაკეთებ", "შეუძლებელია", "გამორიცხულია"- ეს სიტყვები არ არსებობს ჩემს ლექსიკონში. რაც კი ჩამიფიქრებია, მომინდომებია, ყველაფერი მქონია ისე, როგორც მინდა. ეს ყველაფერი სწორედ "რა პრობლემაა"-ს დამსახურებაა.

უმნიშვნელოვანესია განათლება! ყოველთვის ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მივიღო. მსოფლიო იმდენად სწრაფად ვითარდება, იმდენად სწრაფი განვითარებაა ნებისმიერ სფეროში, თუკი ამას, დღეს ერთი ნაბიჯით ჩამორჩი და ხვალ-მეორეთი, მერწმუნეთ, რომ თვეების შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ აყვეთ იმ რიტმს, რაც მომავალში - ერთი წლის შემდეგ იქნება,"-ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

ჟურნალისტიკიდან ენჯეო სექტორთან თანამშრომლობამ გაუჩინა ინტერესი არასამთავრობო ორგანიზაცია თავად შეექმნა. მარიკა რეგიონალური ინიციატივების ცენტრ "ნათელი მომავლის" დამფუძნებელია (ორგანიზაცია იმერეთის რეგიონში ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს). ამასთან, ფერმერ ქალთა ასოციაციასა და პოლიტიკის ინსტიტუტში კოორდინატორია. საინფორმაციო ცენტრ "ნატოსა და ევროკავშირში" კი წლებია, იმერეთის ბიუროს წარმოადგენს. ახლა მორიგი გამოწვევის წინაშე დგას:

"ძალიან კარგი ახალი გამოწვევა მაქვს, სოფლის მეურნეობის სფეროში ვაპირებ მცირედი ნაბიჯები გადავდგა. გავაკეთე სათბური, მარწყვი მინდა მოვიყვანო და გაზაფხულიდან შევუდგები ამ საქმეს. ეს იდეა პანდემიის პერიოდში დამებადა. ამ საქმეშიც ვაპირებ ძალების მოსინჯვას, არ ვიცი რამდენად წარმატებული ვიქნები ამ საქმიანობაში, თუმცა ვფიქრობ, უკვე წარმატებაა; თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე გადავერთვები სოფლის მეურნეობაში,”-ამბობს ვაჭარაძე.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს, შესაბამისად, კიდევ ბევრჯერ გავიგონებთ მისგან ფრაზას, რომელმაც ჩვენი რესპონდენტის წარმატებაზე დიდი მნიშვნელობა იქონია: "რა პრობლემაა?" ...


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 464-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“

ამინდი