Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვოცნებობ, როგორც პატარა უფლისწული ბრუნდება თავის პლანეტაზე, ისე დავბრუნდე ჩემს ქუთაისში, ჩემს თეატრში, ჩემს მაყურებელთან, ჩემს ბავშვებთან...”

თარიღი : 8-01-2021, 22:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
16 წლის იყო ქუთაისის თოჯინების თეატრში რომ შეაბიჯა. შეაღო კარი და მეორე ოჯახი შეიძინა. დახვდა თბილი და სიყვარულით სავსე გარემო, დახვდნენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც ძალა არ დაიშურეს პატარა ბიჭისთვის თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ. ამიტომ, ეს დღე, 2007 წლის 7 მაისი, ჩვენი რესპონდენტის ცხოვრების უმნიშვნელოვანესს თარიღად იქცა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ახლა 29 წლისაა. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge სწორედ ამ ბიჭის, ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობის, სერგი ქუთათელაძის, შესახებ მოგიყვებათ, რომელმაც თეატრს თავისი ცხოვრების 12 წელი მიუძღვნა.

"თეატრი თავიდანვე მიყვარდა. ბებია, ნუნუ ქუთათელაძე ქუთაისის თოჯინების თეატრში მუშაობდა. ძალიან პატარა ვიყავი რომ დავყვებოდი, მას შემდეგ შემიყვარდა ეს სფერო. სულ მაინტერესებდა თოჯინებს როგორ ათამაშებდნენ, თავად ასე კარგად როგორ თამაშობდნენ მსახიობები. ერთ დღესაც, მეც აღმოვჩნდი თეატრში, მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი. ქასთინგზე მივედი და ამიყვანეს. პარალელურად, კურსაგანმანათლებლო სასწავლებელში, თეატრალური სპეციალობის განხრით დავიწყე სწავლა. მოწიწებით, დიდი ინტერესით ვუდგებოდი ამ საქმეს, ვუსმენდი რეჟისორებს. ჩემი პირველი რეჟისორი ბექა ყურაშვილი იყო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში, ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. ასევე დამხვდნენ ისეთი მსახიობები, ისეთი ადამიანები, მათზე დღესაც ლეგენდები რომ დადის. ჩემთვის დიდი სტიმული იყო, მათ გვერდით რომ ვთამაშობდი. ყველა ძალიან დამეხმარა, კომფორტულად მაგრძნობინებდნენ თავს. ვერ ვიტყვი, რომ თეატრი ჩემთვის სამუშაო იყო, ეს უფრო დიდ ოჯახს წარმოადგენდა. ჩემს ოჯახში არ მაქვს იმდენი დრო გატარებული, რამდენიც თეატრში,"- ამბობს ქუთათელაძე.
https://i.postimg.cc/L4tq0ckh/AC0-D912-D-98-DF-4-F3-E-BBC4-5649758-D5525.jpg
12 წლის მანძილზე ბევრი როლი დაუგროვდა. ყველა გაითავისა და შეიყვარა. ამბობს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, სპექტაკლიდან სპექტაკლამდე, როლიდან როლამდე იზრდებოდა და ხვდებოდა, რომ თეატრი მისი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილი იყო.

"მახსოვს ჩემი პირველი სპექტაკლი "ელვათა ჟამი", სადაც მეფე მირიანის როლი მოვირგე. ზოგადად, ბევრი როლია, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, განსაკუთრებით "ოქროს წიწილას" და "შვლის ნუკრის ნაამბობს" გამოვყოფდი. ტანში ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა, დედას რომ უკლავდნენ შველს. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო და სულ ვტიროდი. ასევე მახსენდება "მოგზაურობა ყვავილეთში", სადაც წკიპას, ჭიანჭველას როლს ვთამაშობდი, თითქოს ეს თოჯინა და მე, ერთი და იგივე ვიყავით. მას შემდეგ იყო "კოკროჭინა"-ს როლი, რომელიც ასოცირდება ჩემს ცელქ ბავშვობასთან, დედა-შვილობასთან, რასაც ვგრნობდი დედაჩემის მიმართ. საერთოდ, ყველა როლში იმ გრძნობას ვდებდი, რაც ჩემთან ახლოს იყო,”-ამბობს სერგი.

ახლა პოლონეთშია, საკუთარი ოჯახიდან, ქალაქიდან, თეატრიდან შორს. ძალიან უჭირს ემიგრანტობა, ენატრება ყველაფერი, რისი დატოვებაც მოუწია, ენატრება იმდენად რომ ყოველ ღამეს, სიზმრებში ხედავს: როლებს, თოჯინებს, მაყურებელს...

"თეატრში გატარებული ყოველი წუთი, წამი, დღე, თვე თუ წელი, ყველაზე შთამბეჭდავი რამ არის ჩემი ცხოვრების მანძილზე. კი შევეჩვიე აქაურობას, მაგრამ აქ სხვა გარემოა, სხვა ემოცია, სხვა ხალხია, სულ ზემოდან გიყურებენ ... მაგრამ, თეატრის გარეშე აქაც არ ვარ. სულ ვცდილობ რაღაც როლები მოვირგო, აქაც ყველგან და ყველაფერში ვთამაშობ, ჩემს სამსახურშიდაც კი, სადაც ფოსტის ყუთებს ვამზადებთ, აქაც ვთამაშობ (თუნდაც ფოსტალიონის როლს), ყველას ვეთამაშები, არ მინდა დავივიწყო ის, რაც ამდენი ხნის ნაშენები, ნასწავლი მაქვს. როგორ გადმოგცეთ ეს ემოციები არ ვიცი. ყველანაირად ვცდილობ, თეატრის გარეშე აქაც არ ვიყო. სულ ვღიღინებ, ვმღერი, ყოველთვის ვიხსენებ რა სპექტაკლები მითამაშია. როცა აქ წამოვედი, იმდენად რთული აღმოჩნდა პირველი სამი თვე, ყოველ ღამეს მესიზმრებოდა ჩემი სპექტაკლები, თუ რას ვთამაშობდი, ჩემი თოჯინები, ჩემი კოკროჭინა ....

ახლა ვიმყოფები პოლონეთში სამუშაოდ, უკვე წელიწადი და 5 თვეა. აქ მარტო ხარ, არავის სჭირდები, არავინ გიწვდის ხელს, ძნელია ასე ცხოვრება, აქ ერთადერთი უფალი მყავს. მოკლედ, მეც ემიგრანტი ვარ... მეც ვმუშაობ, ვმუშაობ იმისთვის, რომ ცოტა წინ გადავდგა ნაბიჯი. მიჭირს აქ ყოფნა. ჩემი ყველა როლი მენატრება რაც მითამაშია. ტაში მენატრება.. მენატრება ჩემი ხალხი, ჩემი ქუთაისელები, ის ადამიანები, რომლებიც სულ გვერდით მყავდნენ. მენატრებიან ჩემი ბავშვები, რომელთანაც სპექტაკლები დამიდგამს (სკოლებში მიმუშავია, მიმიწვევდნენ ხოლმე). ახლაც მწერენ: სერგო მასწ, სად ხართ, რატომ დაგვეკარგეთ, როდის ჩამოხვალთ ... ძალიან რთულია, ვიხსნენებ, მერე ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ვიწყენ, მინდება წამოსვლა, მაგრამ მეორე წუთში, ჩემი მეორე "მე" დამიძახებს: სად, სად, სად მიდიხარ? იქით ჯერ არაფერი გაქვს და ვჩერდები ... " -ამბობს რესპონდენტი.

მეორე სფერო, სადაც სერგი თავისუფლებას პოულობს და საკუთარი განცდები გადააქვს, პოეზიაა. ამბობს, რომ მისი ლექსების უმრავლესობა მინორულია.

"როცა შეყვარებული ვიყავი, მოხდა ისე, რომ მოჰყვა ამას იმედგაცრუება და მას შემდეგ დავიწყე ლექსების წერა, მოდიოდა და მოდიოდა თავისით. პირველი ლექსი როცა დავწერე ძალიან ცუდ გუნებაზე ვიყავი, დავწერე და ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც საჭირო იყო, ეს ემოცია, დარდი ფურცელზე დარჩა და მეც მომეშვა. ჩემი ლექსები ძირითადად მინორია. როცა კარგ განწყობაზე ვარ, რითმები არ მოდის, როცა სევდა, ნოსტალგია მაქვს, მაშინ მოდის ყველაფერი. ჩემი ლექსები სულ გრძნობებზეა, სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე და ა.შ. რასაც ვგრძნობ, იმას გადმოვცემ მსმენელს, მკითხველს. მიხარია, როცა ინტერესდება ხალხი ჩემი პოეზიით. განსაკუთრებულად მიყვარს ტერენტი გრანელი, თითქოს მის რითმაში ვგრძნობ მეთვითონაც თავს, თითქოს მის რითმებს მივყვები..." - ამბობს სერგი.

მიიჩნევს, რომ მთავარი ღირებულება ადამიანებს შორის ურთიერთობა, ერთმანეთის დახმარება და ურთიერთგაგებაა. რაზე ოცნებობს? - დაბრუნებაზე ...

"მიხარია, რომ როცა გადავხედავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ყოველთვის იმ ადგილზე ვიდექი, სადაც შემეძლო დახმარება ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახის წევრების, სადაც მოსმენა შემეძლო, პრობლემის, სიხარულის გაზიარება შემეძლო. ურთიერთგაგებაა ალბათ ეს ყველაფერი.

სულ ვოცნებობ როგორც პატარა ბავშვი ... ახლა ჩემი ოცნება ისაა, როგორც პატარა უფლისწული ბრუნდება თავის პლანეტაზე, ისე დავბრუნდე ჩემს საქართველოში, ჩემს ქუთაისში, ჩემს თეატრში, ჩემს მაყურებელთან, ჩემს ბავშვებთან ... ჩემი ბუდე გავათბო ჩემს ქვეყანაში, შემდეგ შევქმნა ოჯახი.... როგორც ყველა ადამიანს, მინდა რომ ბედნიერი ვიყო. რომ ჩამოვალ, პირველი რასაც გავაკეთებ, ჩემს მშობლებს ჩავეხუტები ... მემგონი ერთი დღე დამჭირდება ამისთვის, თუ მეყო ესეც. მერე არ ვიცი რას გავაკეთებ. არ მიყვარს მომავლის დაგეგმვა, დღევანდელი დღით და ხვალინდელის მოლოდინით ვცხოვრობ. რაც დავგეგმე, არაფერი ამისრულდა, ამიტომ ჩვეულებრივად მივყვები დინებას. ერთი ის ვიცი, რომ თეატრის გარეშე არ შემიძლია, ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ყოველთვის და მუდამ მჭირდება, ისე როგორც ჰაერი. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მე მასწავლეს, დამანახეს, მაგრძობინეს. მენატრებიან რეჟისორები, განსაკუთრებით ეკა სირაძე, ბატონი კახა გოგოლაშვილი, ლევან გაბრიჭიძე, ზვიად სვანაძე, ჩემი პარტნიორები, მსახიობები, მეგობრები, ყველას მინდა მოვეფერო, ყველამ დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში ამა თუ იმ ეტაპზე..."-ამბობს სერგი ქუთათელაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 789-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისეთმა კაცმა მომიტაცა, რომელიც არც კი მესიმპათიურებოდა, თანაც ჩემზე იძალადა... უსიყვარულოდ, უცხო გარემოში ცხოვრება
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები გია ყანჩელს შეხვდნენ.

ამინდი