Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘განსაკუთრებული პოპულარობა წითელმა პალტომ მომიტანა, რომელიც ერთ თინეიჯერ გოგოს შევუკერე,’-ხუთი შვილის დედა ტყიბულიდან, რომელიც საკუთარ ბიზნესს მართავს

თარიღი : 28-10-2020, 21:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ტყიბულის მკვიდრი მარიამ ცხოვრებაშვილი ხუთი შვილის დედაა. წლების წინ სამკერვალო სალონი „მარიამის ატელიე“ დააფუძნა, რომელიც დროთა განმავლობაში გააფართოვა და დღეს საკუთარ ბიზნესს უძღვება. საკუთარი საქმის შესახებ მარიამი თავად საუბრობს.

“კერვა ბავშვობიდან ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ოჯახში ბებიაც კერავდა და - მამიდებიც. მეც მათგან ვისწავლე. სტუდენტობის დროს სულ საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი მეცვა ხოლმე. თარგებს იმდროინდელი მოდის ჟურნალებიდან ვიღებდი და თანამედროვე დიზაინით ვკერავდი.

მშობლიური ახალციხიდან ტყიბულში დაქორწინების შემდეგ გადმოვედი. შეკვეთების მიღებაც სწორედ აქ დავიწყე. თავდაპირველად ძალიან ძველი მანქანით ვმუშაობდი, ისიც მეგობარმა მათხოვა. მახსოვს, განსაკუთრებული პოპულარობა წითელმა პალტომ მომიტანა, რომელიც ერთ თინეიჯერ გოგოს შევუკერე. ყველა კითხულობდა, ვისი ნახელავიაო. თანდათან მსურველების რიცხვმაც მოიმატა, ამიტომ გადავწყვიტე, ფართი მექირავებინა და მეწარმედ დავრეგისტრირებულიყავი.

პარალელურად, იმასაც მივხვდი, რომ თანამედროვე მოწყობილობები მჭირდებოდა, ამიტომ როცა სამთავრობო პროექტმა „აწარმოე საქართველოში“ დამაფინანსა, ახალი მანქანა შევიძინე. იგი ქსოვილს გაცილებით მაღალი ხარისხით ამუშავებდა და კიდევ უფრო დახვეწილ სამოსს ქმნიდა. მალე „მარიამის ატელიესთვის“ ჩემი სახლის გვერდით ფართიც შევიძინე და შესაბამისად მოვაწყვე.
ამასობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტიც წამომეწია. მისი დახმარებით, უამრავი მოტივირებული ქალი გავიცანი და ძალიან სასარგებლო ტრენინგებიც გავიარე. სამწუხაროდ, ტყიბულში ახალი ცოდნის მიღება რთულია და ბედნიერი ვიყავი, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ამ შეხვედრების შემდეგ ჩემი სამუშაო სულ სხვაგვარად დავინახე, ფინანსური მხარეც განსხვავებულად დავაბალანსე, ყოველი თვე გადავიანგარიშე, 1 კაბის ფინანსური ღირებულება შევაფასე. მოკლედ, საქმიანობას მართლაც ბიზნესის თვალით შევხედე.

აღმოჩნდა, რომ ჩემმა იდეამ პროექტის გრანტიც მიიღო, რითაც ძალიან მნიშვნელოვანი მოწყობილობები — საქარგავი და სწორი გვირისტის მანქანები, ასევე, სპეციალური უთო ვიყიდე. მათი დახმარებით წარმოება გამეზარდა, იგი უფრო მრავალფეროვანი, ხარისხიანი და თანამედროვე გახდა, შრომა კი შემიმსუბუქდა და დროც დამეზოგა. ამას გარდა, პროექტი ბრენდირებაში დამეხმარა და უკვე ახალი ლოგოც მაქვს. ძალიან მინდა, საქორწინო კაბების შეკერვა უფრო ინტენსიურად დავიწყო და თან გავფართოვდე კიდეც. ჯერჯერობით ორი ქალი მყავს დასაქმებული, თუმცა თუ ჩემი ატელიე გაიზრდება, ეს რიცხვიც მოიმატებს.

ტანსაცმელთან ერთად, მომხმარებლებს ჩანთებსა და სხვა აქსესუარებსაც ვთავაზობ. ფასებიც ისეთი მაქვს, რომ ადგილობრივები გასწვდნენ. ჩემთვის ადამიანების კმაყოფილება ერთ-ერთი მნიშვნელოვნი პრიორიტეტია. არაფერი მირჩევნია იმის ნახვას, როცა ისინი ბედნიერი ღიმილით მიდიან. ტყიბული რაღაცნაირად ნაცრისფერი ქალაქია და ვფიქრობ, ჩემს ატელიეს მასში სიახლე და ფერები შემოაქვს. სამოსს, რომელსაც ვკერავ, ნაცრისფერი ქალაქის მაქმანებს ვუწოდებ ხოლმე. ვოცნებობ, დეფილე მოვაწყო და რომელიმე მიტოვებული ადგილი ჩემი კაბებით გავაფერადო.

5 შვილი მყავს. მათ აღზრდაში მხოლოდ ჩემი მეუღლეა ჩართული. ამ პირობებში საკუთარი საქმის დაწყება მარტივი არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გავბედე, მიზანს გავყევი და დღეს ჩემი შემოსავლით ოჯახს ვეხმარები, ბიზნესს წარმატებით ვმართავ. ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ხშირად უკვირთ ხოლმე, რომ ხუთშვილიანი დედა საქმეს ასე ვუძღვები. ძალიან მინდა, ჩემი ისტორია სხვა ქალებისთვისაც მოტივაციად იქცეს, რადგან ეკონომიკაში ქალების ჩართულობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივაა. სწორედ ჩვენ, მეწარმე ქალები ვქმნით დოვლათს და რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, ეკონომიკური წინსვლაც მეტად მასშტაბური გახდება”.

ისტორია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევანი ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამაყობს, რომ მთავარი პროფესიის მიუხედავად, მისი სამუშაო გამოცდილება მრავალმხრივია.

ამინდი