Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ის, რაც აქამდე ვანის შესახებ არ იცოდით-უცნობი და საინტერესო ფაქტები და ადგილები ვანის მუნიციპალიტეტში

თარიღი : 17-01-2020, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ა(ა)იპ ვანის ტურიზმის ცენტრი უკვე მეორე წელია მუნიციპალიტეტში ტურისტული ადგილებისა და ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით ზრუნავს. ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ლილუაშვილი გუნდთან ერთად ვანის უნიკალური ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაზე მუშაობს, რაც მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას სარგებელს მოუტანს და ვანის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდას ხელს შეუწყობს.

ვანში მოქმედი ტურისტული ცენტრის საქმიანობისა და მიზნების შესახებ ნანა ლილუაშვილი, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnwes.com.ge-სთან საუბრობს. 
„ჩვენ 2018 წლის სექტემბრიდან ვფუნქციონირებთ, ფაქტიურად ნოლიდან დავიწყეთ ყველაფერი. პირველად დავაკომპლექტეთ გუნდი, რომლის ფორმირება დღემდე გრძელდება, რადგან მარტივი არ არის ტურიზმის სფეროში კვალიფიციური კადრების მობილიზება, ახალგაზრდები კარიერული წინსვლისთვის უმეტესად ქალაქება ირჩევენ, თუმცა გამიმართლა, რომ ნიჭიერი და შრომისმოყვარე გუნდი მყავს. არასრული 2 წელია რაც ვმოღვაწეობთ, თუმცა ძალიან ვცდილობთ აქტიურები ვიყოთ. 
http://www.picz.ge/img/s4/2001/17/3/3cfbc17042bf.jpg
 რით დავიწყეთ? ვანში ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივაა, რაც  ჩვენ ახლიდან შევისწავლეთ,  ესაა: 1. ისტორიულ-კულტურული მიმართულება - ვანი, როგორც ანტიკური ქალაქი ყველასთვის ცნობილია  და ვანში მოგზაურობა სწორედ ვანის მუზეუმებით, ანტიკური ნაქალაქარით და უძველესი ტაძრების მინახულებით უნდა დაიწყოთ. 2. ბალნეო-სპელეო, იგივე სამედიცინო ტურისტული შესაძლებლობები 3. სამთო-ექსტრემალური ტურიზმის მიმართულება 4. აგრო-ტურისტული შესაძლებლობა. ჩვენ ყველა აქ ჩამოთვლილ შესაძლებლობაზე გავაკეთეთ პროფესიული ფოტოსესია,  შევქმენით პოლიგრაფიული მასალა ორ ენაზე. ესაა ვანის ტურისტული ბროშურები, ერთი სახეობა ტურისტებს ამცნობს ინფორმაციას ვანის მუზეუმებზე, მეორე ბროშურაზე დატანილია ინფორმაცია ვანის მწვანე ზონის, იგივე ბალნეო-სპელეო ლოკაციებისა და სამთო-ტურისტული მიმართულების შესახებ. მესამე ბროშურა კი ვანის აგროტურიზმს ეთმობა. ყველა ბროშურას თან ახლავს ტურისტული რუკები, რომლებიც ასევე ჩვენი სამსახურის მიერ შეიქმნა.
http://www.picz.ge/img/s3/2001/17/1/1dd0db1360f3.jpg
ჯერჯერობით  მერიის შენობაში ვართ, არ გვაქვს ცალკე ოფისი. იმისთვის რომ ტურისტებს გავუადვილოთ ჩვენი ცენტრის პოვნა, მიმდინარე წელს, სეზონის დაწყებამდე, ქუჩაში დავამონტაჟებთ ვანის ტურიზმის ცენტრის მანიშნებელ საინფორმაციო აბრას.

ამასთან, ვანის ცენტრალურ ნაწილში ვგეგმავთ დავამონტაჟოთ მიმართულების მანიშნებლები, რათა ტურისტმა მარტივად მიიღოს ინფორმაცია, რა ძირითადი მთავარი ტურისტული ლოკაციების მონახულება შეუძლია და რამდენ კილომეტრშია ის ვანის ცენტრიდან,“-ამბობს ლილუაშვილი.

მისივე თქმით, 2019 წელი საკმაოდ დატვირთული და აქტიური იყო. მომზადდა ბევრი სატელევიზიო რეპოტაჟი, სადაც გაშუქდა ვანის ტურისტული პოტენციალი, ამასთან უმასპინძლეს რამდენიმე უცხოელ ბლოგერსაც. ლილუაშვილი იმედოვნებს, რომ 2020 წელსაც ასევე გაგრძელდება და ვანის რაიონით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.
http://www.picz.ge/img/s1/2001/17/4/45637e9d0678.jpg
„ვფიქრობთ, 2020 წელი ძალიან აქტიური წელი გვექნება. ამის იმედს გვაძლევს ის,  რომ უკვე  დასრულდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა. თავს უფლებას მივცემ ვთქვათ, რომ ესაა ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი რეგიონში, ამჯერად მიმდინარეობს საექსპოზიციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და დიდი იმედი გვაქვს, ახალ ტუტისტულ სეზონს ვანის არქეოლოგიურ მიზეუმში მოწვევით დავიწყებთ. დაგეგმილი გვაქვს უახლოეს პერიოდში გადავიღოთ მოკლე სარეკლამო ვიდეო-რგოლი, რომლითაც ტუროპერატორებსა და ტურისტებს შევუქმნით პირველ შთაბეჭდილებას, მოვიპატიჟებთ, რომ მათ მოგზაურობა 2020-ში სწორედ ახლადგახსნილი ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან დაიწყონ. 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გარდა, ჩვენს ტურისტებს საშუალება აქვთ სხვა არაჩვეულებრივი მუზეუმებიც დაათვალიერონ. ყველასთვის ცნობილია, რომ ვანში დაიბადა ბევრი ცნობილი მოღვაწე. ვანშია გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის, კორნელი კეკელიძის, კალისტრატე ცინცაძისა და სხვების სახლ-მუზეუმები. გარდა ამისა, ჩვენთან მოსულ ტურისტებს ვთავაზობთ ტაძრების ტურსაც. ვანში არაერთი უძველესი ტაძარია. მათ შორისაა სოფელ გადიდში მე-11 საუკუნის გადიდის მონასტერი უნიკალური ლაპიდარული წარწერით. ესაა ქვაზე კვეთის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშები ( საბჭოთა პერიოდში აქ იყო საბაგირო და  ე.წ პიონერთა ბანაკები), ახლა კი რაჩვეულებრივი ტყე-პარკია, სადაც ყველა ტურისტს საშუალება აქვს იპიკნიკოს, დაისვენოს, მოინახულოს არაჩვეულებრივი ტაძარი და დატკბეს ულამაზესი ხედებით,“-ამბობს ლილუაშვილი.

 ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი,  ვანში ბალნეო/სპელეო ტურიზმის განვითარების დიდ პერსპექტივაზეც საუბრობს. ამის მაგალითად მას დიხაშხოს გოგირდის გეიზერი მოჰყავს, რომელიც თვითნაბადი ბუნებრივი სიმდიდრეა.  გეიზერი, რომლის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტთან მისასვლელი გზა ძალიან რთულია, გეიზერს ვიზიტორები თითქმის ყოველდღე სტუმრობენ. 

 „ჩვენთვის ცნობილი იყო რომ ვანში არსებობდა ე.წ. ღია აუზები, რომლებსაც “ბზვანის აბანოს” ეძახდნენ. ლოკაციის დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ ის მდებარეობს სოფელ დიხაშხოს ჭალა-მიდამოებში. ესაა უნიკალუტი თერმული წყალი გოგირდის გეიზერებით და სახელწოდება “დიხაშხოს გოგირდის გეიზერი” აქედან უცებ აიტაცეს და დღეს სწორედ ასე ვუწოდებთ ამ უნიკალურ ლოკაციას. გეიზერი მომენტალურად გახდა ჰიტი. ასობით ტურისტი ჩამოვიდა 2019-ში სწორედ ამ გეიზერის სანახავად. 37 გრადუსია წყლის ტემპერატურა, ამდენად წყალში ჩასვლა ნებისმიერ დროსა და ამინდში შეგიძლიათ. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოხელოვანთან, დათო მირზაშვილთან. სწორედ მან გადიღო  დიხაშხოს გეიზერის ფოტომასალა. მას შემდეგ ძალიან ბევრმა ცნობილა ფოტოგრაფმა გადაიღო, მათ შორისაა გოგა ჩანადირიც და უცხოელი ფოტოგრაფები.
 ვიზიტორებში ობიექტის განსაკუთრებული პოპულარობის გამო, ხელისუფლებამ გეიზერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, გოგირდის გეიზერის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო. შერჩეულმა ინვესტორმა ტურისტული კომპლექსის მოწყობა დაადგილობრივების დასაქმება უნდა უზრუნველყოს.

 პროექტი გეიზერთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დიხაშხოს დეიზერის გარდა, პაციენტებსა და ტურისტებს  იღებს კურორტი სულორი. კურორტი რეაბილიტაციას საჭიროებს თუმცა არის რამდენიმე კეთილმოწყობილი კოტეჯი, გარემონტები თანამედროვე სტანდარტებით და მზადაა ტურისტების მისაღებად,“-ამბობს ლილუაშვილი. 

2020 წლის ტურიზმის ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსად ასევე იქნება  სამთო-ექსტრემალურ ტურიზმის გავითარებისთვის მუშაობა.

„შარშან, ჩვენმა სამსახურმა ახალი, ტურისტულად საინტერესო ლოკაციების აღმოჩენის მიზნით შეისწავლა  ვანში არსებული შემდეგი ლოკაციები: ესაა ჩანჩქერი ღურღუშა, სოფელ ძულუხში, ჩანჩქერი შაშხები, სოფელ ზედაგორაში. ეს უკანასკნელი 15 საფეხურიანი ჩანჩქერია, საკმაოდ ექსტრემალურია ულამაზესს ბუნებაში. ყუმურის თემშია დუცხუნის კანიონი, ვცდილობთ, რომ იქ შესაბამისი პირობები შევქმნათ იმისთვის, რომ ახალ სეზონზე კანიონინგის ტური შევთავაზოთ ტურისტებს. 

ძალიან საინტერესოა ვანის ალპური ზონა, რომელიც მდებარეობს ზღვის სონიდან 2852 მეტრ სიმაღლეზე და ესაზღვრება ადიგენის, ბაღდათისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს. დაგეგმილი გვაქვს ფოტოსესიის, რეპორტაჟების და სარეკლამო ვიდეოს გაკეთება. ალპურ ზონასა და ჯაჯის ტბას არც ახლა აკლია ტურისტები, მაგრამ გვინდა უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ყველას, ვინც იქ იმოგზაურებს, შესაძლებლობა აქვს იჯირითოს, ასევე იქ არიან ადგილობრივი მწყემსები, რომლებიც ემსახურებიან ტურისტებს და სთავაზობენ, როგორც უგემრიელეს, ეკოლოგიურად სუფთა იმერულ ყველსა და სულგუნს, ასევე იმერულ სამზარეულოს. რაც შეეხება ჯაჯის ტბას, მას სიყვარულის ტბასაც უწოდებენ. იქ სხვანაირი რომანტიკაა, არაერთი წყვილი დაქორწინდა კიდეც,“- ამბობს ლილუაშვილი.

ლილუაშვილი  Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ვანის აგროტურისტული შესაძლებლობების შესახებაც საუბრობს. 
http://www.picz.ge/img/s3/2001/17/0/0eaa19add5eb.jpg
„უკვე ბევრისთვის ცნობილია ფერმერ ლაშა ალანიას სასათბურე მეურნეობა, რომელსაც მოჰყავს ამერიკული სანანდრიასის ჯიშის მარწყვი, ჟოლო და სხვადასხვა სეზონური ხილი და ბოსტნეული. გვყავს სხვა  ფერმერები, ერთ-ერთია ქალბატონი ქეთევან თომეიშვილი.  ვანი ცნობილია ჩირებისა და თაფლების წარმოებითაც. სერთიფიცირებულია თაფლი „საჩინო“, რომელიც ევროპაშიც გადის. დაინტერესების შემთხვევაში ტურისტებს შეუძლიათ თავიანთი ხელით დაკრიფონ მათთვის სასურველი პროდუქცია, შეიძინონ, დააგემოვნონ და ა.შ. ანუ მომსახურების სფერო ნელ-ნელა ვითარდება და ჩვენი ფერმერები ყოველთვის მზად არიან უმასპინძლონ ტურისტებს.
http://www.picz.ge/img/s2/2001/17/d/d0ae6fcf9e0e.jpg
ვანის ტურიზმის ცენტრის ერთ-ერთი სამუშაო ლოკაცია 2020 წელს იქნება ყუმურის თემი მისი უნიკალური სოფლებით, რომლებიც  მიგრაციას განიცდის. აქ განვითარებულია მეღვინეობა და მეფუტკრეობა. ესაა მთიანი სოფელი, ამიტომ გვინდა გამოვიყენოთ ის  რესურსი, რაც ამ სოფლებშია და ხელი შევუშალოთ ახალგაზრდებისგან სოფლის დაცლას. ყუმურის თემში ცნობილია პატელესოულის უბანი, სადაც ხარობს ენდემური ვაზის ჯიში ალადასტური. ალადასტური მთელ ვანის რაიონშია გავრცელებული, თუმცა აღნიშნული გამოირჩევა განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობით და შაქრიანობით. ამ პატარა უბანში ვაზიც შესაბამისად ცოტაა, თუმცა განსაკუთრებულია. გადმოცემით ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში სტალინს უგზავნიდნენ პატელესოულიდან ღვინოს. მეტიც, დესპანიც კი ჰყავდა ერთ-ერთ ოჯახში, რომელსაც დანომრილი ჰქონდა თითოეული ძირი  და ყვავილის გამოსხმიდან ღვინის დადუღებამდე აკვირდებოდა პროცესს, რომ ნატურალური ალადასტური დამზადებულიყო. სოფელში ამბობენ, რომ ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩეოდა, თუმცა ამ მხრივ შესწავლილი არაა.

 აქ გავიცანით ბატონი  მირზა ჯულუყიძე, რომელიც აწარმოებს ალადასტურს ტრადიციული მეთოდით, ასევე საკუთარი ხელით ამზადებს თერმულ სკებს. სადაც  ეკოლოგიურად სუფთა თაფლი, სეზონურად კი ეკოლოგირად სუფთა ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. გაჩნდა იდეა აღვადგინოთ ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდი.

სოფელი ყუმური ცნობილია ფოლკლორული შესაძლებლობებითაც. სწორედ აქ შეიქმნა უნიკალური ფოლკლორული სიმღერა „ნადური“, რომელიც უკვე ოქროს ფონდშია შესული. სიმღერა შეიქმნა ადგილობრივი ანსამბლის „დუცხუნის“ მიერ, მისი წევრებიდან დღეს მხოლოდ ორია ცოცხალი. სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა, მას არაერთი ანსამბლი ასრულებს. გასულ წელს, შემოდგომაზე, დუცხუნში ჩამოსული იყო ანსამბლი „ანჩისხატი“, მათ სურდათ ეს სიმღერა სწორედ იმ სოფელში შეესრულებინათ, სადაც ის შეიქმნა, გაჩნდა ისეაც მომავალში არტ ფესტივალის ჩატარებისთვის, დიდი იმედი გვაქვს რომ შევძლებთ განვახორციელოთ.

ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი Topnews.com.ge-თან საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების გზებზეც საუბრობს. 

„ჩვენ შეძლებისდაგვარად, რამდენადაც ჩვენი ბიუჯეტი ამის საშაუალებას გვალევს, ვმონაწილეობთ ტურისტულ გამოფენებზე  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ვანი იმერეთის თერთმეტივე რაიონთან ერთად არის DMO-ს წევრი. ბრენდ “იმერეთის” სტენდით  “ქუთაისისა და იმერეთის ტუტიზმის ცენტრთან” შეთანხმებით ავირჩევთ ვანისთვის შესაბამის სამიზნე ქვეყნებს და მათთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რომელსაც oრგანიზებას უწევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ძალიან უწყობს ხელს  ჩვენი ტურისტი შესაძლებლობების ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე. დაგეგმილი გვაქვს ინფოტურების მოწყობა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურ-ოპერატორებისთვისაც. ძალიან აქტიურია ჩვენი სამასახურის გვერდი (ვანის ტურიზმის ცენტრი) სოციალურ ქსელში.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ვანის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს, რომლის მხარდაჭერისა და ძალისხმევის გარეშე ვერაფერს შევძლებთ. ასევე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოფლის გამგებლებსა და დეპუტატებს, რომლებიც მუდმივად გვაწვდიან ინფორმაციებს მათივე რწმუნებულ სოფლებში ტურისტულად საინტერესო ლოკაციების შესახებ,"-აცხადებს ნანა ლილუაშვილი. 

მისივე თქმით, ვანის ტურიზმის ცენტრი წელსაც აქტიურად იმუშავებს და დაკავებული იქნება, როგორც აქამდე ცნობილი ლოკაციების განახლებული მასალის შეთავაზებით, ასევე ახალი ლოკაციების აღმოჩენისათვის მუდმივი ძიებით.

ესაუბრა: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1042-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის

ამინდი