Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყველა თეატრს უჭირს, ბიუჯეტი წინდასავით გვაქვს შემოცმული,'- თეატრების მდგომარეობა ქუთაისში

თარიღი : 23-11-2019, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამუშაო პროექტის მიხედვით, ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა 61 მილიონ 36 200 ლარს შეადგენს.  ბიუჯეტის პროექტი ქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე გადაეგზავნა. ცნობილია პრიორიტეტებიც, კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამების მხარდაჭერა. ჯერჯერობით უცნობია ადგილობრივი ხელისუფლება რამდენ თანხას გამოყოფს ქუთაისში მოქმედი კულტურული დაწესებულებებისთვის-თეატრებისთვის.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge თეატრების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა, რომლებიც იმ პრობლემებზე და საჭიროებებზე საუბრობენ, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

„თეატრებში უნდა იარონ ბავშვებმა. თუკი მერია ამაში დახმარებას აღმოუჩენს ბავშვებს, მოვლენ. ან ტრანსპორტი უნდა გამოიყოს მათთვის ან დაფინანსება. ადრე იყო ისე, რომ მერია ყიდულობდა სპექტაკლებს, ბავშვები მოდიოდნენ უსასყიდლოდ. 300 ლარამდე იხდიდა მერია თითო სპექტაკლზე. ტრანსპორტირებას თუ გააკეთებენ, მოვა ავტობუსი, აყურებინებს ბავშვებს და წაიყვანს უკან ისევე.

ვფიქრობთ იმასაც, რომ რეპერტუარი უნდა შეიქმნას ბავშვებთან ერთად, იმაზე, რაც მათ სურთ. უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობა. დიდი სურვილი გვაქვს, სკოლის მოსწავლეებმა ჩვენს სპექტაკლებში ითამაშონ, მონაწილეობა მიიღონ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად. იცით ისიც, რომ მსახიობებს არანაირი ხელფასი ჩვენთან არ აქვთ. ჩვენ შეგვიძლია ღია ცის ქვეშ, ნებისმიერ ადგილზე გამოვიდეთ, შემოქმედება გავწიოთ, მთავარია მსახიობებს მიზერული თანხები დაენიშნოთ ხელფასების სახით. ამ ეტაპზე სულ 15 მსახიობი გვყავს. ასეთი ჟანრის თეატრი არ არის ევროპაში. თბილისიდან რომ ჩამოყავთ, ქუთაისში ეყოლებათ აგერ და დაფინანასებას რომ მიიღებენ ნებისმიერ დროს გამოვლენ, რეპერტუატიც კარგად გაკეთდება.

ამასთან, ის პრობლემაც გვაქვს, რომ დარბაზია მოუწესრიგენელი აკუსტიკა აქვს საშინელი. ეს როგორც კი მოწესრიგდება, შემდეგ ყველაფერი აეწყობა. უამრავი ხარჯია, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. მე ვხატავ, მე ვკერავ, მე ვქსოვ... კოსტიუმები, ქსოვილები ხომ მჭირდება? ურთულესია. მცირედით მაინც რომ დაგვეხმარონ, უამრავ რამეს გავაკეთებ,“- ამბობს ქუთაისის ნიღბების თეატრის ხელმძღვანელი დათო ჯიშკარიანი.

„სადაზღვევო და სატრანსპორტო ხარჯებს თუ დაგვიფინანსებს მერია, კარგი იქნება. რა გითხრათ, ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, თუნდაც გასტროლების დაფინანსება, სპექტაკლის ყიდვა ან ავეჯით უზრუნველყოფა. გადაიარაღება გვჭირდება. ეს ალბათ სამინისტროს უფრო ეხება და მერიას ამაზე კიდეც რომ ვუთხრათ იტყვის, რომ ზედმდგომი ჰყავთ და ისინი მიხედავენო. ეს არის მერიის კეთილნებაზე დამოკიდებული. თუკი მათ სურვილი აქვთ, რომ ქუთაისში თოჯინების თეატრი ბავშვებისთვის იყო კეთილმოწყობილი, ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ. ჩვენთან მათ ბიუჯეტის თემაზე შეხვედრა ან მოწვევა არ ჰქონიათ, ასე რომ, რა ბიუჯეტი გააკეთეს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. გეტყვით იმას, რომ ყველა თეატრს უჭირს. ბიუჯეტი წინდასავით გვაქვს შემოცმული. არ გვყოფნის არასდროს. იმიტომ კი არა, რომ ბევრი ჭამის ხასიათზე ვართ, არა, არ გვყოფნის. მწირი ბიუჯეტი აქვს თეატრებს. ამიტომ დახმარებას ვინც გამოთქვამს, ყველასგან მივიღებთ,“- ამბობს ქუთაისის თოჯინების თეატრის დირექტორი თეიმურაზ ბაღდავაძე.

"ჩვენ ახლა იმდენი რამე გვჭირდება, მერიას კი არა სახელმწიფოს უჭირს დახმარება ჯერჯერობით, მაგრამ მათი ბიუჯეტიდან რაც შესაძლებლობა არის ყოველწლიურად, ყოველ კვარტალში ხან 20 000 გვაქვს, ხან 30 000, რომ თეატრმა ფუნქციონირება შეძლოს, სპექტაკლები დადგას, გასტროლებზე წავიდეს და სტუმრები მიიღოს. ამ კუთხით გვერდში გვიდგანან, თორემ თეატრს ამ წუთში რაც სჭირდება იმას 40-50 მილიონი არ ეყოფა, ისეთ მდგომარეობაშია ახლა, სარემონტოა თავიდან ბოლომდე, სახელმწიფო ამაზე უკვე გველაპარაკება, მიმდინარეობს პროექტების შედგება, თუმცა 2020 -ში დაიწყება ეს, თუ 2021-ში, არ ვიცით. ბევრი პრობლემა გვაქვს, ახლა განათებები ჩამოგვეშალა, ინვენტორი გაგვიფუჭდა, ასეთ საკითხებზე როცა მივდივართ მერიაში, ველაპარაკებით, ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ. ამას პირდაპირ გეუბნებით, რომ ჯერ მათ რამეზე ერთხელაც არ უთქვამთ უარი. თუმცა, ჩვენც არ ვართ ისეთები, რომ ყველაფერი მერიას მოვთხოვოთ, რომლის შესაძლებლობა მას ნამდვილად არ ექნება, შეიძლება მთელი წლის ბიუჯეტი არ ეყოს ერთ მესხიშვილის თეატრს,“ - ამბობს მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელი სულხან გოგოლაშვილი.

„ჩვენ ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტზე ვართ. ამდენად მერიას სარემონტო თანხის ან რაიმე ასეთის გამოყოფის უფლება არ აქვს. თუმცა, ახლა მაგალითად იუბილე გვაქვს და საიუბილეოდ რაღაც თანხა გამოგვიყო, ამგვარ საკითხებში როცა გვჭირდება რამე, გვეხმარებიან. ასე რომ, ცოტა-ცოტა დახმარება არის მათი მხრიდან. რაც შეუძლიათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გვეხმარებიან, სამინისტრო კი თავისას აკეთებს. იცით, რომ ჩვენი თეატრი რემონტში ჩასვა სამინისტრომ, მაგრამ ცოტა ხნით შეჩერებულია ეს საკითხი. პირველი ეტაპები გავიარეთ, ახლა მეორეს ველოდებით. თუკი რემონტი ჩაისმევა, ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო. როგორც იცით, ავარიულ სიტუაციაში ვართ. სამინისტრო დაგვპირდა დახმარებას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, ველოდებით რა იქნება“- ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრალები ადგილობრივი ხელისუფლებისგან სადადგმო და საგასტროლო ხარჯების დაფინანსებას სთხოვენ.
რას ფიქრობენ ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ დაწესებულების საქმიანობას ის ადამიანები, რომლებიც
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge თემაზე ხელოვანებს დაუკავშირდა.

ამინდი