Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნასვამმა მამამ დედას ცემა რომ დაუწყო, ჩავერიე. მამამ სკამი გამომიქანა და ძლიერად მომხვდა. რომ არ გავჩერდი, გავიდა მეორე ოთახში, თოფი გამოიტანა, გადატენა და მომიშვირა. ტვინს გაგასხმევინებ, შე ლაწირაკოო"

თარიღი : 21-11-2019, 17:59 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზში თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები მოეწყო. ღონისძიება  ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. თეატრალიზებულმა მონოლოგებმა თვალსაჩინო გახადა ის უარყოფითი შედეგები, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ.

„წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული მონოლოგები. ეს იყო რეალური ისტორიების დადგმა. ბავშვებმა, მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ამ დადგმაში, განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟები. ეს პერსონაჟები იყვნენ: მასწავლებელი; ბაღის მეთოდისტი; მშობელი, რომელიც ბულინგის სირთულეს წააწყდა; ბავშვი, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. გვყავს ასევე ორი ბავშვი, რომლებიც სკოლაში არსებულ სირთულეებზე ლაპარაკობდნენ. სულ ექვსი ისტორია მოისმინა აუდიტორიამ. ეს რეალური ისტორიები ასახავენ იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებაში ბავშვებს, მშობლებს, უფროსებს აწუხებთ. ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია,“- ამბობს კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ გენერალური მდივანი ქეთევან კალანდაძე.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge შემოგთავაზებთ თეატრალიზებული მონოლოგებისას გაჟღერებულ რამდენიმე ისტორიას, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობას ეხება. აღნიშნული ისტორიები აღებულია „ქალები საქართველოდან“ და ჟურნალ „ინდიგოდან“.

ოჯახში ძალადობა:
„იმ დღეს სახლში მორიგი ჩხუბი ატყდა, ისევ არაფრის გამო. მამა ნასვამი იყო. სიფხიზლეში კიდევ იკავებდა ხოლმე თავს, მაგრამ როგორც კი დალევდა, ვეღარ მალავდა აგრესიას. ყველას გვაგინებდა. შევეცადე თავი შემეკავებინა, არ ჩავრეულიყავი და გარეთ გამოვედი, მაგრამ დედას ცემა რომ დაუწყო, შევბრუნდი და ჩავერიე. სკამი გამომიქანა და ძლიერად მომხვდა. ეგონა გავჩერდებოდი, მაგრამ დედას ყოველთვის ვიცავდი და ახლა რა გამაჩერებდა?! რომ დამინახა, მაგრად ვიდექი, გავიდა მეორე ოთახში, თოფი გამოიტანა, გადატენა და მომიშვირა. ტვინს გაგასხმევინებ, შე ლაწირაკოო, დამიღრიალა. ყველა გაიქცა ოთახიდან, დედაც, მეზობლებიც, ჩემი ძმაც. მე და ჩემი და დავრჩით მარტო თოფთან. ჩახმახის გადაწევის ხმა რომ გავიგე, თვალები დავხუჭე. ვიცოდი, უეჭველი მესროდა. არსად არ მივრბივარ, მესროლე-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს ეზოდან დედაჩემმა დაიკივლა, პატრული მოვიდაო. ტყუილად დაიკივლა. მაშინ პოლიცია არ გამოგვიძახებია. მამაჩემს შეეშინდა და გაიქცა. ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს, თოფიც როცა გაისროლა მამამ, 112-ში დავრეკე. პოლიცია როცა მოვიდა, მამაჩემი უკვე დამალული იყო, თუმცა გასროლის ხმა ყველამ გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ძალადობის სცენა საკუთარი თვალით ნახეს, მეზობლები პოლიციას ჩემს წინააღმდეგ აქეზებდნენ, ლალას საქციელის გამოა ეს კაციგაგიჟებულიო. მე მარცხვენდნენ, როგორ ვიკადრე და მამის წინააღმდეგ პოლიციას როგორ დავურეკე. თვითონ პოლიცია მეუბნებოდა, არ წახვიდე პროკურატურაში, ჩვენ მოგიგვარებთ შინაურულადო. ამ პერიოდში უკვე ინფორმირებული ვიყავი და ვიცოდი, სამართლებრივად რა ენაზე უნდა მესაუბრა პოლიციასთან. დავემუქრე, თუ ახლავე არ მიხედავთ თქვენს საქმეს, გენ. ინსპექციას შევატყობინე- თქო. ამის მერე ყველა პროცედურა ისე შეასრულეს, როგორც საჭირო იყო. მამა დააკავეს. სასამართლო დავა ახლაც მიმდინარეობს. საქმე აღძრულია ოჯახში ძალადობის კუთხით. ყველა ნათესავი დავკარგე, არავინ გაამართლა ჩემი საქციელი მამას რომ ვუჩივლე".

ბულინგი სკოლაში:

“რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე იმ იმედით, რომ სადღაც მივაგნებდი იმ სიტუაციას, რომელიც მჭირდებოდა. საერთოდ ვფიქრობ, რომ სკოლაში უმთავრესია მეგობრული მასწავლებლები, მყუდრო გარემო და შემდეგ უკვე საგნების სწავლა. და არა ისეთი, ჩვენს სკოლებში რომ არის, მასწავლებელი ყურს რომ აგიწევს ან მერხს რომ გესვრის. გეცინებათ ხო? მე კიდევ ესენი ჩემი თვალით მინახავს. ამ დროს ყოველთვის მიჩნდება პროტესტი და თუ ვერ ვახერხებ შეპასუხებას და თავდაცვას მასწავლებლისგან დაუმსახურებელ ლანძღვაზე, უბრალოდ ვდგები და კლასიდან გავდივარ. იცით რამდენი ოქმი დაუწერიათ ჩემ ყოფაქცევაზე და რამდენჯერ დაუყენებიათ საკითხი ჩემი სკოლიდან გაშვებაზე? მაინც ვთვლი, რომ ყველა ბავშვს გვაქვს უფლება გავაპროტესტოთ და შევეწინააღმდეგოთ იმას, რასაც ვთვლით დაუმსახურებლად. იმიტომ, რომ როცა ხვდები, რომ უსამართლოდ იჩაგრები, მერე სწავლის მოტივაციაც გეკარგება და შურისძიებაზე ფიქრის მეტს არაფერს აკეთებ. ერთხელ, მერვე კლასში როცა ვიყავით, გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთ გოგოს ისე მოქაჩა თმა, რომ ბავშვი ატირა. კიდევ ერთ კლასელს, რომელსაც წონის პრობლემა ჰქონდა, მათემატიკის მასწავლებელმა უთხრა, შენ იმიტომ ვერ სწავლობ, ბევრს ჭამ და გონება არ გიმუშავებსო. იმ გოგომ შესვენებაზე იტირა და მერე მთელი კვირა სკოლაში არ დადიოდა იმიტომ, რომ მთელმა კლასმა დასცინა. დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებისთვის გეოგრაფია და მათემატიკა ყველაზე საძულველი საგნებია. არც ერთს არ ეცოდინება ეს საგნები, როცა გაიზრდებიან. მეც არ ვიცი მათემატიკა ისე, როგორც მეცხრე კლასელმა უნდა იცოდეს იმიტომ, რომ ყველა სკოლაში დირექტორიდან დაწყებული სასწავლო ნაწილით დამთავრებული იმას გაიძახოდნენ, რომ მე არ მაქვს მათემატიკური ტვინი. მერე მეც ჩავიქნიე ხელი, არ მაქვს და ნუ მაქვს, ჰოდა თუ არ მაქვს, არ ვისწავლი! არადა შეიძლებოდა კარგად მცოდნოდა მათემატიკა ახლა, სხვანაირად რომ მომდგომოდნენ. დაბალ კლასებში მთელი წლები ვიტანჯებოდი ბულინგით. მეც მქონდა წონის პრობლემა და ხან რას მეძახდნენ ბავშვები და ხან რას. ერთხელ მახსოვს არდადაგებიდან რომ დავბრუნდი, მწვანე კალგოტკა მეცვა და თმაც მოკლედ მქონდა შეჭრილი. ჰოდა შევედი თუ არა კლასში, ბიჭებმა სიცილი დაიწყეს, „ჰალკი“ მოვიდაო. მე მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ჰალკი და სახლში, რომ მოვედი, დავგუგლე. გული გამისკდა. სკოლაში რამდენიმე დღე არ დავდიოდი მაგის გამო. კი, ახლა უფრო გავძლიერდი, მაგრამ მაშინ როგორ ცუდად ვიყავი არავის დავუცვივარ, არ აქვს სკოლას არანაირი გეგმა, როგორ შეიძლება ეს ბულინგი მოაგვაროს. კი შემოდიოდნენ დირექტორიც და სასწავლო ნაწილიც და უბრძანებდნენ მეორედ არ გააკეთოთო, მაგრამ ეს კატეგორიული აკრძალვა ნიშნავს, რომ ბავშვი ამას აუცილებლად გააკეთებს. როგორც ვხედავ მასწავლებლები დროს საერთოდ არ უთმობენ ბავშვებს შორის ურთიერთობების მოგვარებას, მათთვის მნიშვნელოვანია სასწავლო გეგმა და პროგრამა, ჩვენთვის კი ურთიერთობები და მერე სწავლა”.

ბაღის მეთოდისტი:

„სულ რაღაც ერთი წლის წინ, ჩვენი საბავშვო ბაღის ეზოში არაფერი იყო. ეზოში მხოლოდ ორი სასრიალო იდგა 400 ბავშვზე და ეზოს დიდი ნაწილი სრულიად აუთვისებელი იყო. სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონის ბაღების ინფრასტრუქტურა არ არის მორგებული იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც ხარისხიან და ინკლუზიურ სკოლამდელ განათლებას უზრუნველყოფს. ძალიან ხშირად მივმართავთ ჩვენს თვითმმართველობას იმისთვის, რომ გაზარდოს ბიუჯეტი ახალი სასწავლო მასალების შესაძენად, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 10 ლარია გამოყოფილი ერთ ბავშვზე, ისიც ყოველწლიურად. ამის გამო მშობლებს ხშირად ვთხოვთ, სახლიდან მოიტანონ ის სათამაშოები და წიგნები, რომელიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ეს უბრალო სათამაშოები არაა. ეს აუცილებელი და საჭირო საგანმანათლებლო მასალებია, რაც წესით ბაღს უნდა ჰქონდეს. ბევრ აღმზრდელს არ აქვს ბავშვებთან პროფესიონალური ურთიერთობის გამოცდილება. ამას ისიც ემატება, რომ ჯგუფში 40-50 ბავშვია ერთდროულად და 2 პედაგოგს ძალიან უჭირს მათი მართვა: უნდა გაართონ, ჰიგიენა დაიცვან, აჭამონ, გაასეირნონ, განვითარებაზე და უსაფრთხოებაზე იზრუნონ, ამავდროულად ყველა ბავშვს ინდივიდუალურად მიუდგნენ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. თან ანაზღაურებაც ძალიან დაბალი აქვთ, 300 ლარზე ოდნავ მეტი. ჰოდა არც მუშაობის უნარ-ჩვევები აქვთ და არც მოტივაცია. სამწუხაროდ ძალიან ცოტა პედაგოგს აქვს იმის ფუფუნება, რომ თვითონ დააფინანსოს თანამედროვე პროფესიული განვითარების ტრენინგი, მუნიციპალიტეტსაც ეს ბიუჯეტი არ აქვს. ამიტომ ბევრ ბაღს ჯერ კიდევ მოძველებულ შენობებში და მოძველებული მეთოდებით,ინერციით უწევთ მუშაობა. ამ კუთხით მე ძალიან გამიმართლა და ზუსტად ისეთ ტრენინგზე მოვხვდი, რომელზეც ვოცნებობდი. საკუთარი ხარჯებით მოვახერხე ეს. ახალი მეთოდების გაცნობამ ბევრი შესაძლებლობა დამანახვა და ჩვენს ბაღს ჩვენით მივხედეთ: ძველი საღებავები მოვიტანეთ სახლებიდან და ეზო მოვხატეთ, ლაბირინთები გავაკეთეთ და ბავშვებს დამატებითი გასართობი გავუკეთეთ. ყოველდღე სხვადასხვა რამეს ვაკეთებთ, აი მაგალითად გუშინ ბაყაყის დღე გვქონდა: გამოვჭერით მწვანე ბაყაყები და კედელზე გავაკარით, თან წინა დღეს მშობლებს ვთხოვეთ ბავშვები მწვანე ფერებში გამოეწყოთ. ბავშვები მღერიან სიმღერებს ბაყაყებზე, აფერადებენ და უსმენენ სხვადასხვა ამბებს მათზე. ეს გართობაცაა და ბავშვების უნარების განვითარებაზე მიმართული აქტივობა. როგორ შეიძლება ყოველდღიური ამოცანები სახალისო გავხადოთ? მე შევდივარ, ვაანალიზებ სიტუაციას და ვთავაზობ მეთოდს, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს. ჩვენ მოვიფიქრეთ ხელსაბანთან სიმღერით მისვლა და თუ ადრე ამაზე ძალიან ვწვალობდით, ახლა უმტკივნეულოდ და დამოუკიდებლად მიდიან ბავშვები ხელის დასაბანად. ასე ვაჩვევთ პირადი ჰიგიენის ნორმებს. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა ძველ მეთოდს იყენებს. უნდა რომ ბავშვი გააჩეროს, წყნარად იჯდეს. ხშირად ბავშვებს „გაჩუმობანას“ ათამაშებენ, რომ ცოტა დაისვენონ ხმაურისგან, ან დაშინების მეთოდით აჭმევენ საჭმელს, აი, ვინც არ შეჭამს, იმას მშობელი არ მოაკითხავსო. ეს ხშირად უცოდინრობითაც მოსდით და გულგრილობითაც. ბაღის ადმინისტრაციაც ვერ ერევა კადრების შერჩევაში და ხშირად მუნიციპალიტეტი თვითონ წყვეტს ვინ დაასაქმოს და ამგვარი გარიგებების დროს, ავიწყდებათ, რომ არაპროფესიონალი კადრების შერჩევისას ყველაზე დიდ დარტყმას აყენებენ ბავშვებს“.

ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანიის ფარგლებში ხვალ, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, მესხიშვილის თეატრის წინ ბაღების თემაზე ქუჩის დისკუსიები გაიმართება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბევრ მშობელს აინტერესებს ეს საკითხი, მართლაც, რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლისას, რა არის ის ელემენტარული ცოდნა და
ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის.
2016 წლის 17 იანვარს ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოავარია მოხდა. მანქანა, რომელშიც მამა, დედა და ორი პატარა გოგონა ისხდნენ,

ამინდი