Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კარდაკარ უნდა ვიაროთ და ყველა ადამიანს ველაპარაკოთ, ავუხსნათ რა მდგომარეობაშია ქვეყანა,'-როგორ ემზადება ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის და რა გეგმები აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს

თარიღი : 28-10-2019, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მიერ მზადება უკვე დაწყებულია. მოსახლეობასთან ე.წ. ღია შეხვედრების ფორმატის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან, მათ საჭიროებებს ისმენენ და პრობლემების გადაჭრას 2020 წლის ბიუჯეტით ჰპირდებიან. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტო ოპოზიტიური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა ხვდება საკუთარ ამომრჩევლებს. არა მარტო ჩვენ, ჩვენი ლიდერებიც დადიან რეგიონებში. ახლახანს გრიგოლ ვაშაძე და დათო კირკიტაძე შეხვდნენ, როგორც პარტიულ აქტივს, ასევე გაესაუბრნენ ჩვენს წარმომადგენლებს. მიმდინარეობს ამ წუთში პროგრამაზე მუშაობა. ვგეგმავთ, რომ გვქონდეს პოზიტიური პროგრამა, თუ რას შევთავაზებთ გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს. დეტალები პარტიის შიგნით, პოლიტსაბჭოში ზუსტდება, შემდეგ კონსულტაციებს გავივლით ჩვენს პარტნიორ პარტიებთან, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოდიან, ამის შემდეგ საზოგადოებას გავაცნობთ ამ კამპანიას. გვინდა რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მოსახლეობასთან, ჩვენს აქტივთან შეხვედრები დაწყებულია. მალე უფრო აქტიურ ფაზაში გადავალთ. კარდაკარ უნდა ვიაროთ და ყველა ადამიანს ველაპარაკოთ, ავუხსნათ რა მდგომარეობაშია ქვეყანა და რაც მთავარია დავანახოთ ხედვა, როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა არსებული უმძიმესი სიტუაციიდან. როგორ დავიწყოთ ეკონომიკის განვითარება, სხვადასხვა ჩავარდნილი სფეროების ამოწევა, როგორ ვუშველოთ იმ ადამიანებს, ვინც სიმშილის ზღვარს მიღმა არიან. რაც შეეხება ჩვენს ოფისს, როგორც ყოველთვის ერთი ცენტრალური ოფისი გვაქვს, როცა კამპანია დაიწყება, საჭიროების მიხედვით გადავწყვეტთ ოფისის დამატება დაგვჭირდება თუ არა,“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა შუშანია.

„ჩვენი მწირი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ამჟამად ყველა რეგიონში ოფისი არ გვაქვს. თუმცა 2020 წლის პირველი თვეებიდან გვექნება ყველგან ოფისები. რეგიონალური ცენტრები აქტიურად მუშაობენ. იმერეთში ჩვენ ვართ. აქტივისტების მობილიზება, წარმომადგენლების ძიება უკვე დაწყებული გვაქვს, ვემზადებით საარჩევნოდ. თუმცა რეგიონებში ამომრჩეველთან ასე აქტიური მიმოსვლა არ დაგვიწყია. სტრატეგია ახლა დგება, მუშაობის რა სტილს ავირჩევთ, მთელს საქართველოს მოვივლით თუ უფრო რეგიონალურ ცენტრებში მოხდება შეხვედრები.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ტრადიციულად დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ არასდროს კოალიციაში არ შევალთ წინასაარჩევნოდ, არჩევნების შემდეგ კი პარლამენტში შეგვიძლია კოალიციურ მთავრობაში შევიდეთ. ამჟამად ძირითადი პრობლემების კონცენტრაცია ხდება, თუმცა ჩვენი პროგრამა რაც არის, ყველამ იცის. მემარცხენე ცენტრისტული პარტია ვართ, რომელიც ფიქრობს, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვანწილად უნდა იყოს წარმოდგენილი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში და სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შრომის უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე და არა როგორც ჩვენი ოპონენტები აცხადებენ ე.წ თავისუფალმა ბაზარმა უნდა დააბალანსოს ყველაფერი. თავისუფალი ბაზარი უნდა არსებობდეს, ოღონდ გარკვეული კონტროლის ქვეშ,“- აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

„წინასაარჩევნოდ რა თქმა უნდა ვემზადებით. ზოგადად ცხოვრება ისეთია ყოველ წუთში უნდა იყო ყველაფრისთვის მზად. ოფისები დიდი ქალაქებში, თითქმის ყველგან გვაქვს. ბათუმი იქნება ეს, ფოთი, ქუთაისი, ზუგდიდი, თბილისი, რუსთავი, თუ გორი. მზად ვართ ნელ-ნელა ყველგან გავხსნათ ოფისები. მზადება არის სერიოზული, თუმცა ჩემზე და ზოგადად ჩემს პარტიაზე იმის თქმა, რომ წინასაარჩევნოდ ვიყოთ მარტო აქტიურები, ამას ვერავინ იტყვის. ჩვენ სულ აქტიურები ვართ, ამას არ უნდა არჩევნები, პრობლემებზე სულ ვყვირით, სულ დავრბივართ, ტყიბულში იქნება გაფიცვა, ჭიათურაში, თუ წყალტუბოში, ყველგან ვარ, სადაც ვიგებ, რომ რამე პრობლემაა,“- აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

„საარჩევნოდ აქტიურ ფაზაში ჯერ არ ვართ შესული, ვემზადებით. ოფისები მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში გვაქვს. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროგრამას, დიდი ხანია გვაქვს ეს პროგრამა შედგენილი, ონლაინ დევს. არ შეგვიცვლია. ჩვენ გვაქვს ყველა მიმართულებით ჩვენი ხედვა და ამ ხედვების გადახედვას არ ვაპირებთ,“- აცხადებს პარტია „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

„საარჩევნო კამპანიისთვის სრულ მზადყოფნაში ჯერ არც ერთი პარტია არ არის. არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური. ელემენტარულად თარიღი არ ვიცით. რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრებს, ჩვენ გვყავს წარმომადგენლობა ქუთაისის საკრებულოში და ვალდებულებაც გვაქვს, როგორც საკრებულოს წევრებს, მოსახლეობას გავესაუბროთ და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რაც ხდება საქართველოში, საგარეო ფაქტორები იქნება ეს, შიგნითა ფაქტორები, ეკონომიკის ფაქტორები, ლარის დესტაბილიზაცია თუ ა.შ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები გავაცნოთ. ამ თემებზე საუბრები რა თქმა უნდა გვაქვს მოსახლეობასთან, როგორც სატელევიზიო ეთერით, ასევე კომენტარების სახით, როდესაც ჟურნალისტები გვისვამენ შეკითხვებს და ვპასუხობთ. ეს მუდმივად ხდება.

რაც შეეხება ოფისს, ერთი ცენტრალური ოფისი გვაქვს ქუთაისში. როგორც ყველა არჩევნების დროს, ვაპირებთ რამდენიმე ოფისის აღებას. გაიხსნება მინი შტაბები, იქ მეტი ხელმისაწვდომობა ექნება მოსახლეობას ჩვენს პარტიასთან კონტაქტში შემოვიდნენ. ჩვენც მეტი მობილურობა გვექნება იმისათვის, რომ მოსახლეობას ჩვენი პროგრამა გავაცნოთ. ჯერჯერობით ჩვენს კონტაქტებს ვამყარებთ მოსახლეობასთან და ვაფართოვებთ იმ ხალხთა წრეს, რომელთაც დავეყრდნობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან.
პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.
ახალგაზრდებით დაკომპლექტებული პარტიის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო საგენტო topnews -ი ქვეყანაში

ამინდი