Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხალხი ქვეყნიდან გარბის, ქვეყანა იცლება. ამ დროს ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი კომფორტის მოწყობით, კორუფციით, ბიუჯეტიდან თანხების მიტაცებით.  ბიძინა ივანიშვილი ხან ზღვას იერთებს, ხან ცას"

თარიღი : 17-10-2019, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ. "ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ მისი ამომრჩეველი მმართველი გუნდის მუშაობითა და მიღწეული შედეგებით კმაყოფილია, ამიტომ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს. ოპოზიაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალია.  ამასთან, ოპოზიცია გამოსავალს კოალიციური მთავრობის შექმნაში ხედვას.

„მოგების შანსი აქვთ ძალიან დაბალი. თავის რესურსებით, თავის მოსამართლით, პროკურორით, პოლიციით, მასწავლებლით, მერიის თანამშრომლებით, აი ყველაფრით რომ გასკდნენ ახლა მუცელზეც, ყველაზე დიდი 30 %-მდე აიღონ. ამასაც ძალიან მაღალ ციფრს ვამბობ. როგორც ხედავთ, ყოველ დღე ახალ-ახალ სკანდალებში ეხვევიან. ახალი სკანდალი რომ არ გააგორონ, არ შეუძლიათ რა. გააჩნია ამ ერთ წელიწადში ამ სკანდალებს რა დონეზე აიყვანენ, როგორ დაარეგულირებენ, თორემ შეიძლება არჩევნებამდეც ვერ მიაღწიონ. მაგათ ყოველდღიურ ქმედებებს რომ ვუყურებ, ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. უნდა შეიქმნას მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. ესაა გამოსავალი, ეს იქნება სტაბილურობის გარანტი. ერთპარტიულობა უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში,"-აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“  თანათავმჯდომარე გოგი წულაია.
 
„ხელისუფლების მავნებლურმა ქმედებებმა  მოიტანა უმძიმესი შედეგები ქვეყნისთვის. საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ ეკონომიკა უკან მოდის, სამუშაო ადგილები არ იქმნება, ფასები ყოველდღიურად იზრდება,
ხალხი ქვეყნიდან გარბის, ქვეყანა იცლება. ამ დროს ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი კომფორტის მოწყობით, კორუფციით, ბიუჯეტიდან თანხების მიტაცებით.  ბიძინა ივანიშვილი ხან ზღვას იერთებს, ხან ცას, აკრძალა ფრენები. ხან პინგვინების მოშენებით, ზებრებისა და ზვიგენების გამოკვებითაა დაკავებული.  ისინი საერთოდ აცდენილი არიან ქართველი ხალხის ინტერესებს.  აქედან გამომდინარე, 2020-ში გარდაუვალია ივანიშვილის მარცხი. ამისთვის ოპოზიციას ძალიან მძიმე და  რთული გზის გავლა დასჭირდება. მნიშვნელოვანია ერთიანობა. ის, რომ ყველა პროდასავლურმა ოპოზიციამ მთელი რესურსი მიმართოს ივანიშვილის მოშორებისთვის. ქართული სახელმწიფოს წინაშე მთავარი ამოცანა დღეს მშვიდობიანი არჩევნების გზით ივანიშვილის მოცილებაა, რათა ქვეყანამ განვითარება და წინსვლა დაიწყოს,"-ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია.
 
„ხალხის გულის მოგების შანსი "ქართულმა ოცნებამ" დიდი ხანია დაკარგა. ჯერ კიდევ წინა საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება მორალურად წამხდარი იყო. პრაქტიკულად  2016 წელს მას დაპირება არ გაუცია. მისი ერთადერთი დაპირება იყო ის, რომ თუ მე არ დავრჩები ხელისუფლებაში, დაბრუნდება ძველი რეჟიმიო. შეიძლება ითქვას, რომ როგორც წინა ხელისუფლება 2007 წლის ნოემბრის აქციებზე გაკოტრდა მორალურად, ანალოგიური მოუვიდა "ქართულ ოცნებასაც". ერთია ის, რომ დაპირებები ვერ შეასრულა და მეორე, უკვე ძალადობრივ რეჟიმადაც ჩამოყალიბდა ამ დარბევების, პოლიტპატიმრების გაჩენის ფონზე, თვალები დათხარა ხალხს და ეს თვალებმთხრელი გახარია პრემიერმინისტრად დანიშნა. აქედან გამომდინარე, როცა მორალურად გაკოტრებულია და თან დაპირებები ვერ შეასრულა, არანაირი შანსი აღარ აქვს რეაბილიტაცია მოახდინოს ხალხის თვალში. ძალადობით, არჩევნების გაყალბებით შეეცდებიან დარჩნენ ხელისუფლებაში, თუმცა პირველ ადგილზეც რომ გავიდნენ, უმრავლესობა არ ეყოლებათ, ვერც მთავრობას ჩამოაყალიბენ. აუცილებლად შეეცდება ივანიშვილი იყიდოს ის ერთ-ორ კაციანი პარტიები პარლამენტში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოუვა.  დიდი შანსია ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ერთი  პარტია უკვე ვეღარ შეძლებს ხელისუფლების შეცვლას, მოგვიწევს კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა და ახალი პოლიტიკური ერა დაიწყება,“- აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.
 
„ხელისუფლებას უდიდესი ბერკეტი აქვს.  ერთი წელიწადი არ არის ცოტა დრო, რომ ბიუჯეტის ხარჯზე, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე რამე მოახერხოს. გავიხსენებდი ერთი წლის წინ  საპრეზიდენტო არჩევნებზე საბანკო ვალები რომ ჩამოუწერეს ხალხს. ასეთ რამეს უნდა ველოდეთ, მაგრამ მთავარია აქ ოპოზიცია როგორ იმუშავებს. შევძლებთ თუ არა რამე ერთ ძირითად, მთავარ  მესიჯზე ჩამოყალიბებას, რომ საზოგადოებას დავანახოთ,  ამ ქვეყანაში არსებობენ ალტერნატიული ძალები, ისეთი ოპოზიციური ძალები, რომლებიც დაიწყებენ ცვლილებების მოტანას. ვგულისხმობ პირველ რიგში ეკონომიკურ პოლიტიკას. თუ ჩვენ ეკონომიკური რეფორმები არ გავატარეთ, მერწმუნეთ ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და არაფერზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. კარგი იქნება მთავარ ეკონომიკურ მესიჯზე თუ ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებას დავარწმუნებთ იმაში, რომ "ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა არის მცდარი, სიღარიბისთვის, მარცხისთვის განწირული. მეორე მხარეს კი იქნება ალტერნატივა,  ჩვენი რეფორმებით გაჭირვებიდან ამოვიყვანოთ ხალხი,“- აცხადებს პარტია „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

სხვაგვარად ფიქრობენ მმართველ გუნდში.

„მხოლოდ დაპირებების შესრულება არ იქნება არჩევნებზე გადამწყვეტი. მარტო დაპირებებით რომ იყოს ყველაფერი განსაზღვრული, იმდენია შესრულებული, რომ რეალურად მოაზროვნე უნდა ხვდებოდეს "ქართული ოცნების" დიდი უპირატესობით გამარჯვებას. რაც ითქვა დაპირებები, ისინი რომ შესრულებულიყო 100 %-ით და ცოტა გადამეტებითაც, ჩათვალეთ, რომ ხალხის უკმაყოფილება მაინც იქნებოდა იმიტომ, რომ ადამიანის მოთხოვნილებები უფრო სწრაგად იზრდება, ვიდრე მისი დაკმაყოფილების გზები. ადამიანი ყოველთვის უკმაყოფილოა, მიღწეულს არ ჯერდება. ეს თავისთავად კარგია. მე ღრმად მწამს, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე მოიპოვებს გამარჯვებას. არ მესმის თქვენ რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ მოსახლეობის უმეტესობა ცუდათაა განწყობილი ჩვენს მიმართ? მე სხვა ინფორმაცია მაქვს. უმეტესობა ხვდება, რომ ეს ხელისუფლება არაა აგრესიული, რომ მისი ზრუნვის ცენტრში ადამიანები დგანან. ჯანმრთელობის საკითხები ამ ხელისუფლებას პრიორიტეტად რომ არ დაესახა, დღეს შეიძლება გვქონოდა არნახული გაჭირვება და სიკვდილიანობის მატება, მაგრამ ეს გაკეთდა. გაკეთდა ბევრი რამ. დამნახველი ბევრია, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე,"- ამბობს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნები"-დან ალეკო ახალაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

 


ნანახია: 228-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისინი თვლიან, რომ ის მიღწევები, რომლებზეც საუბარია წერილში, რეალობას აცდენილია და სიმართლეს არ შეესაბამება.
„ქართული ოცნების“ სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელად ამავე პარტიის წევრი ვალერი ფოცხვერია აირჩიეს. კონფერენცია,
"ქათული ოცნება" კოალიციის რეჟიმში არჩევნებზე აღარ გამოვა.

ამინდი