Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პრესსამსახურების რეალური ფუნქცია არის ის, რომ ჟურნალისტები აარიდონ რესპოდენტებს და საერთოდ არასასურველი კითხვები აარიდონ რესპოდენტებს,'-როგორ ესმით პიარი იმერეთის რეგიონში მომუშავე პრესსამსახურებს

თარიღი : 15-10-2019, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მორიგი კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების პიარსამსახურებში ყოველწლიურად მზარდია, როგორც თანამშრომელთა რიცხოვნობა, ისე მათ ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯები.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება, დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი და 20 047 896 ლარს შეადგენს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარსამსახური თავდაცვის სამინისტროს ჰყავს, ყველაზე მრავალრიცხოვანი კი ჯანდაცვის სამინისტროს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რა ხდება იმერეთის რეგიონში და როგორია რეგიონში მომუშავე მედიისა და პრესსამსახურების თანამშრომლობის პრაქტიკა, რამდენად ხშირად მიმართავენ მედიის წარმომადგენლები პრესსამსახურებს და რამდენად ასრულებენ ეს უკანასკნელები მედიისათვის რესპონდენთან ურთიერთობაში დამხმარე რგოლის როლს.

როგორც ირკვევა, მედიის წარმომადგენლები პრესსამსახურების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული კადრებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ე.წ. პიარს უნდა ახასიათებდეს.

„ვერ ვიტყვი, რომ მედიასთან არ თანამშრომლობენ იმერეთის მუნიციპალიტეტების პიარები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც განუცხადებიათ, რომ კონკრეტული პირის მხრიდან ბრალდებებს არ პასუხობენ, არ აკეთებენ კომენტარს. ამასთან კარგი იქნება, თუ ხშირად მიაწვდიან მედიას ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობების მიმდინარე აქტივობებზე და არ გავიგებთ ამა თუ იმ მოვლენის, ღონისძიების, თუ პროექტის შესახებ პოსტფაქტუმ, მერიის გვერდზე დადებული ფოტოთი და ტექსტით. იმიტომ, რომ ხშირად მედიის წარმომადგენლებს კონკრეტული კითხვები გვაქვს და ამ კითხვების დასმას პირდაპირ ამ კითხვების ობიექტებთან ვერ ვახერხებთ. მედიასთან უფრო მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ პიარებს, მედიის არ უნდა ეშინოდეთ. პირიქით. ამასთან, პიარი ხელისშემშლელ ბერკეტად არ უნდა იქცეს მედიასა და ამა თუ იმ მოხელესთან ურთიერთობაში. პირიქით, პიარი უნდა იყოს ამ ურთიერთობის ხელშემწყობი, რასაც ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ,“ - აცხადებს ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ჟურნალისტი თამარ ქავთარაძე.

„ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მიმართვა. ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმეც კი. რა თქმა უნდა, ვუკავშირდებით იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებსაც, მაგრამ უფრო მეტად კონტაქტი ქუთაისის მერიისა და საკრებულოს პრესსამსახურთან გვაქვს. მათთან, როგორც ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თუ საქმიან ნაწილში ვიტყვი, ხშირად ხდება, რომ გვიგვიანდება პასუხის მიღება, ინფორმაციას ვერ ვიღებთ დროულად. ეს ალბათ განპირობებულია იმით, რომ პრესსამსახური ატარებს შუამავლის როლს რესპოდენტსა და ჟურნალისტს შორის, ამით დროს ვკარგავთ. ამბავი უნდა მოიკითხონ და ამის გამო გვიგვიანდება პასუხი. თანაც როცა გადმოცემული ამბავი მოდის ჩვენამდე, ის არის ყოველთვის მოკლე. შემდეგ გვიჩნდება კითხვები, ამიტომ კარგი იქნება თუკი პირდპირ დაგვაკავშირებენ რესპოდენტებთან და უშუალო კონტაქტი სწორედ მათთან გვექნება,“- ამბობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტი ნესტან ჩაგელიშვილი.

„17 წელია ამ სფეროში ვარ და შეიძლება თამამად ვთქვა, რომ არც ერთ პრესსამსახურთან განსაკუთრებული პრობლემა არ შემქმნია, არც ქალაქის და არც რეგიონის მასშტაბით. უბრალოდ ვხვდები, რომ როდესაც კრიტიკულ თემაზე ვმუშაობ ცდილობენ პასუხზე თავის არიდებას. ანუ, მათთვის სასურველი პასუხი თუ არ არის, ცდილობენ ინფორმაცია ან არ გასცენ ან გაახანგრძლივონ ინფორმაციის გაცემის დრო.

რადგან რადიოს ჟურნალისტი ვარ, სპეციფიური სამუშაო მაქვს. მჭირდება ხმა, რესპოდენტი და ზოგჯერ არ კმარა მხოლოდ წინადადებები, რამდენიმე სიტყვით ნათქვამი პასუხი. მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც ვახერხებ რომ მქოდეს სასურველი სინქრონი, ჩავწერო სასურველი რესპოდენტი და დავსვა ის კითხვა, რაც მაინტერესებს.
შენიშვნა ალბათ ერთი მექნებოდა ყველას მიმართ, როდესაც პრესსამსახური აქვეყნებს პოსტფაქტუმ რაღაც ინფორმაციას, მე არ ვთვლი რომ ეს არის კარგი, მე მჭირდება ინფორმაცია მანამდე, სანამ ფაქტი მოხდება. ცოტა მეტი კომუნიკაცია არ აწყენდა არავის, განსაკუთრებით შეიძლება ითქვას მხარის მუნიციპალიტეტების პრესსამსახურებზე. ზოგჯერ არ თვლიან ვალდებულად რაღაც ინფორმაცია მოგაწოდონ, თუ ბევრჯერ შეაწუხებ, შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ გასცენ გარკვეული ინფორმაცია (ყველას არ ეხება),“- ამბობს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი თათა კაჭკაჭიშვილი.

„ხშირად მიწევს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების პრესსამსახურებთან ურთიერთობა. რამე განსაკუთრებულ სირთულეს არ ვაწყდები, მაგრამ როდესაც მათ რესპოდენტის ჩაწერის სურვილით მივმართავთ, უმეტეს შემთხვევაში გვეუბნებიან „მოგაწვდით პასუხს“ და ტექსტის სახით გვაწვდიან ინფორმაციას. არის შემთხვევები, როცა გვეუბნებიან „საკითხს მოვიკითხავთ,“ „მოგიძებნით რესპოდენტს“ და შემდეგ შეიძლება ავიწყდებათ იმიტომ, რომ რამდენჯერმე გვიწევს მიმართვა. გარდა ამისა, მიმდინარე ღონისძიებების ნაწილს კი გვაგებინებენ, მაგრამ ზოგი ღონისძიება ჩვენთვის მაინც მიუწვდომელია. ხშირად, ჩატარებულ ღონისძიებებს მათ ოფიციალურ გვერდზე განთავსების შემდეგ ვიგებთ, რაც არ მომწონს, რადგან ესა თუ ის ღონისძიება შეიძლება ადგილზე მისვლისას უფრო საინტერესო იყოს და უფრო კარგად გავაშუქოთ. საკრებულოს დღის წესრიგის მოწოდებაც დღემდე პრობლემაა. ყველასთან იქნებოდა თხოვნა მეტი ყურადღება, მეტი ოპერატიულობა გამოიჩინონ,“- ამბობს „რადიო ძველი ქალაქის“ ჟურნალისტი ანა ჯიქია.

„დღის განმავლობაში რამდენჯერმე მივმართავ ქუთაისის მერიის პრესსამსახურს. ცდილობენ მოგვცენ პასუხები, მაგრამ როდესაც მათაც არ აქვთ ეს პასუხები, აქედან გამომდინარე არის შემთხვევები, როცა ვერ გვაწვდიან ინფორმაციას და ვერ ვიღებთ პასუხს. ვისურვებდი, რომ შუა ბარიერი თანამდებობის პირებთან არ იყოს. უნდა შეგვეძლოს მათ დავუკავშირდეთ და მათგან მივიღოთ პასუხები, არ უნდა გაურბოდნენ კომენტარებს. ვიტყოდი, რომ პრესსამსახურები უფრო ხელისუფლების წარმომადგენლების სამსახურში დგანან, ვიდრე მედიის სამსახურში, ხშირად მეხამრიდის ფუნქციას ასრულებენ და უფრო იცავენ მათ და მათ ინტერესებს,“ - ამბობს საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესის“ ჟურნალისტი ირინე მაკარიძე.
„ხშირად მივმართავ პრესსამსახურებს იქიდან გამომდინარე, რომ მიწევს იმ თემებზე მუშაობა, რომელიც ეხება პირდაპირ მათ. მათთან კომფორტულ ურთიერთობას რაც შეეხება, ოპერატიულობის პრობლემა დგას, რადგან ხშირ შემთხვევაში დაგვიანებით მაძლევენ პასუხს. სურვილი მექნება, ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით დროულად მქონდეს ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხები ან კომენტარები,“ - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე.

„მიუხედავად იმისა, მსმენია მაგალითები, რომ რაღაც ინფორმაცია დროულად ან სრულყოფილად არ მოუწოდებიათ, მე პირადად მსგავსს ფაქტს ვერ ვიხსენებ, რომ ან არ მომაწოდეს ინფორმაცია, ან ტყუილი ინფორმაცია მომცეს. არ ვიცი სატელევიზიო ფორმატში რომ ვართ და ყოველთვის ვუხსნი პრესსამსახურს, რომ ძალიან სწრაფად მჭირდება ინფორმაცია და სწრაფად უნდა მომიგვარონ და მომაწოდონ დ ა.შ ეს ფაქტორი მოქმედებს თუ არა, მაგრამ კონკრეტულ ფაქტს მართლა ვერ ვიხსენებ, როცა ამ კუთხით რაიმე პრობლემა შემექმნა,“- ამბობს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ხათუნა მაისურაძე.

"სამედიცინო დაწესებულებების პიარებთან ურთიერთობა მართლა კომფორტულია ჩემთვის. აი, ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც რომ დამირეკავს მათთვის, კართანაც რომ ვყოფილვარ და მითხოვია შეშვება, ძალიან ოპერატიულად გაუკეთებიათ ორგანიზება. საჯარო სამსახურებში კი დიდად ოპერატიულობით ვერ გამოირჩევიან. უკეთესი იქნება უფრო ოპერატიულები იყვენენ, მყისიერად მოახდინონ ამა თუ იმ ინფორმაციის მოწოდება, რესპონდენტის შეთანხმება და ა.შ,“ - ამბობს ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტი ეკა შალამბერიძე.

"სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები როგორც წესი, ნაცნობ-მეგობრობის და არა პროფესიონალიზმის ნიშნით კომპლექტდება. საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იმერეთის რეგიონში საქმიანობს და ცხადია, აქტიური შეხება გვაქვს რეგიონის მუნიციპალიტეტების პრესსამსახურებთან. სამართლიანობა მოითხოვს და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არიან პრესსამსახურები, რომელთან ურთიერთობა ნამდვილად კომფორტულია და რომლებმაც იციან თავისი საქმე, თუმცა ასეთი კადრები სამწუხაროდ მცირე რაოდენობითაა. ძირითად შემთხვევაში პრესსამსაურები მედიისათვის დახმარების ნაცვლად, ხელისშემშლელებად გვევლინებიან. ცდილობენ კითხვაზე პასუხის გაცემა აირიდონ და სხვასთან გადაგამისამართონ. რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ რესპონდენტს დამალავენ, ამით კარგ საქმეს უკეთებენ თავიანთ სამსახურს თუ თავიანთ ხელმძღვანელებს. თავს იმით იმართლებენ, რომ არ სცალიათ, ბევრი შეხვედრა აქვთ, გადარბენა აქვთ და ა.შ. მომისმენია ასევე პასუხად, დღეს კომენტარი არ იქნებაო. უკაცრავად, მაგრამ დღეს არ იქნება და სხვა დროს მოვიდე რას ნიშნავს, მარკეტში ვარ და რომელიმე პროდუქტს ვითხოვ, რომელიც დღეს გამოილია და ხვალ იქნება?

აღნიშნულ თემაზე ბევრის საუბარი შეიძლება, თუმცა ერთი კონკრეტული მაგალითით შემოვიფარგლები, რომელიც პრესსსამსახურის "პროფესიონალიზმს" უსვამს ხაზს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა ხათუნა კირკიტაძემ თავისი სამსახურის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასაშუალებას, რატომ ავრცელებთ ჩემს სამსახურზე კრიტიკულ აზრსო. საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge წლებია არსებობს და სააგენტოს რეიტინგულობას მისი ობიექტურობა, ოპერატიულობა და ზოგადად, საზოგადოების პრობლემების მთელი სიზუსტით გაშუქება განაპირობებს.

უკაცრავად მაგრამ, როდესაც მოქალაქე მომართავს სააგენტოს და უყვება პრობლემებზე, დარღვევებზე, იმ ფულის არაეფექტურ და არამიზნობრივ ხარჯვაზე, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ფულია, ჩვენ რა პოზიცია უნდა გვქონდეს? ბოდიშით, ბაღდათის მერიას და მის პრესსამსახურს ეწყინება და ვერ გავაშუქებთ თქვენს პრობლემებს-თქო?
ჩვენ ყოველთთვის ვუკავშირდებით მეორე და საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარესაც საპასუხო კომენტარისთვის, თუმცა ერთი თუ ორი შემთხვევის გარდა, ბაღდათის მერიის პრესსამსახურის პასუხი იყო: აფსურდულ ბრალდებებზე კომენტარს არ ვაკეთებ-თო. სამაგიეროდ, იპოვეს გამოსავალი და უჩივიან მედიასაშუალებას.

პიროვნულად ცხადია არავის ვეხები, თუმცა პროფესიონალიზმს რაც შეეხება, აქ ნამდვილად გვაქვს პრობლემები. რამდენიმე ფოტოს გადაღება და ორი წინადადების, ისიც არასრულყოფილად მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფბ-გვერდზე ატვირთვა არ ნიშნავს საზოგადოებისთან ურთიერთობას და თუ შენს მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, უნდა გამოხვიდე და არგუმენტირებულად, დასაბუთებით ესაუბრო როგორც ბრალდებების ავტორს, ისე საზოგადოებას, ეს შენი, როგორც პრესსამსახურის პირდაპირი მოვალეობაა. ბოდიშით, მაგრამ, როდესაც საქმე მოქალაქეთა ფულის ხარჯვას ეხება, მე პირველ რიგში როგორც მოქალაქეს, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემი ფული საჯარო სამსახურებში არაპროფესიონალი კადრების შენახვაზე იხარჯებოდეს,"- ამბობს საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მთავარი რედაქტორი ქრისტი ქარჩხაძე.

„ძირითადი შეხება ქუთაისის თვითმმართველობის პიარებთან გვაქვს. ახერხებენ რომ ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ზოგჯერ ამ ურთიერთობის ხარჯზე ხდება თუნდაც პასუხის დაგვიანება ან სრულყოფილად ვერ მიღება. ბოლო პერიოდში, ჩვენ, ჟურნალისტებს გვინდოდა კიდეც ერთობლივად განცხადება გაგვეკეთებინა იმის თაობაზე, რომ მაგალითად, როდესაც მერი მიდის რაღაც შეხვედრაზე, არ უნდა ვიგებდეთ ამას პოსტფაქტუმ. ხშირად ასურათებენ, დებენ პატარა ტექსტს და ტვირთავენ თავიანთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ამით შეიძლება ითქვას მოვალეობას იხდიან და ინფორმაციას გვაწვდიან, მაგრამ ჩვენთვის ეს ინფორმაცია გამოსადეგი არ არის, რადგან თავიდან ბოლომდე, საბოლოო ჯამში პიარზეა გათვლილი. ჩვენ კი გვაინტერესებს იქ რა ხდება შეხვედრაზე. ამას ვეტყოდით, რომ გაგვაგებინეთ წინასწარ. ჩვენ ანონსი გვჭირდება და არა დასრულებული შეხვედრის ფოტოები. რა თქმა უნდა მერიისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ჟურნალისტების გარეშე მოსახლეობასთან შეხვედრა, რადგან ჟურნალისტები ვერ გაიგებენ რა პრობლემებზე ისაუბრეს მოქალაქეებმა იმ შეხვედრაზე. დადებენ მხოლოდ მოკლე ინფორმაციას და ეგაა.

ანალოგიურ პრობლემებია საკრებულოსა და გუბერნიის პრესსამსახურებში. ხშირად ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიგებთ პოსტფაქტუმ, როგორიცაა ვთქვათ გუბერნატორის მოადგილის წარდგენა. რაც რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იცოდნენ ჟურნალისტებმა. უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა კითხვა დავსვათ სამომავლო გეგმებზე და ა.შ. საერთოდ პრესსამსახურების რეალური ფუნქცია არის ის, რომ ჟურნალისტები აარიდონ რესპოდენტებს და საერთოდ არასასურველი კითხვები აარიდონ რესპოდენტებს, მაგრამ გამჭვირვალობის ერთ-ერთი გარანტია არის ის, რომ ზუსტად იცოდნენ ჟურნალისტებმა როდის რა ხდება.

საკრებულოშიც იყო ზუსტად ის პრობლემა, რომ მაგალითად კომისიის სხდომებს არასდროს არ აანონსებდნენ და ბევრჯერ შენიშვნის სახითაც მითქვამს, საჯაროდაც დამიწერია ამაზე. ამ ბოლო დროს ცოტათი გამოსწორდნენ ამ კუთხით,"- ამბობს საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტი მარიამ პატარაია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დასაკავებლად 25 პრეზიდენტობის კანდიდატი იბრძვის.
ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დასაკავებლად 25 პრეზიდენტობის კანდიდატი იბრძვის.
Topnews.com.ge-სთან საუბარში ხელოვანები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავენ, რადგან შემოქმედ ხალხს

ამინდი