Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ოჯახში რამდენი სულიც იყო იმდენი ქათამი ან ინდაური იკვლებოდა და იმდენივე ხაჭაპური ცხვებოდა,'-სამტრედიის სოფელი ნიგორზღვა რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 14-06-2019, 09:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) აგრძელებს უბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი". რუბრიკა ამჯერად სამტრედიის სოფელ ნიგორზღვის შესახებ გიამბობთ.

სოფელი ნიგორზღვა მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 120 მეტრზე, გეოგრაფიული კოორდინატები: ჩ.გ. 42°19'53.535". ა.გ. 42°05'11.833". სოფელ ნიგორზღვას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფელი საჯავახო და გომის თემის სოფელი დაფნარი, სამხრეთიდან -სოფელი გამოჩინებული და ტოლების თემის სოფელი ზემო ნოღა; დასავლეთიდან- სოფელი ჭოგნარი, აღმოსავლეთიდან -გომის თემის სოფელი ცივწყალა და ოფეთის თემის სოფელი პატარა ოფეთი. სოფელი ნიგორზღვა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, საშუალოდ 3 კმ_ზე ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე 3,5-4 კმ-ზე. ტერიტორიის მაქსიმალური წერტილია სამხრეთით მდებარე წერტილი, სოფელ გამოჩინებულის მიმდებარე ტერიტორია, სიმაღლე ზღვის დონიდან 408მ; ხოლო მინიმალური წერტილია მდინარე რიონის მარცხენა შენაკად თხილნარას ხეობაში, სოფელ საჯავახოს საზღვრის ახლოს, სიმაღლე ზღვის დონიდან -50მ. საფოსტო ინდექსი: 3914. საკადასტრო კოდი: 34.15.45. 34.15.46. 34.15.50. მანძილი სამტრედიიდან- 13კმ, ქუთაისიდან - 46კმ., თბილისიდან -266კმ. სოფელი შედგებოდა ორი უბნისაგან: ნიგორზღვა 1 და ნიგორზღვა 2, ამჯამად, ეს ორი სოფელი გაერთიანებულია. XX საუკუნის დასაწყისში ნიგორზღვა საჯავახოში შედიოდა. 1908 წელს ნიგორზღვაში 933 ადამიანი ცხოვრობდა, 2002 წელს-531, 2014 წელს-325 და 2018 წელს დაახლოებით 250 ადამიანი ცხოვრობს.
სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ ორი ვერსიაა გავრცელებული. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელში ძალიან ბევრი ნიგვზის ხე ყოფილა- „ნიგვზების ზღვა“ და ეს სახელი ამოტომაც დარქმევია. ხოლო მეორე ვერსიით, სოფელი ადრე ნაზღვაური ყოფილა.

1852 წელს, ნიგორზღვაში, ააგეს წმინდა გიორგის ეკლესია. 1861 წელს მეორე ეკლესიაც აშენდა. 1890 წელს, საეკლესიო მოღვაწის სიმონ კანდელაკის აქტიურობით, სოფ. ნიგორზღვაში, აიგო ქვისა და ხის ეკლესია. ტაძართან არსებობდა სამრევლო სკოლაც. ეკლესიები კომუნისტებმა დაანგრიეს. ??აღდგენითი სამუშაოები 2004 წელს დაიწყო, მისი სიმაღლე 14 მეტრია. მშენებლობაში მონაწილეობდნენ სოფლის მკვიდრები: გულივერ გაგუა, ოთარ ტონია, მამუკა მსხილაძე, ზაზა არდიშვილი, სოსო ტონია. კოლმეურნეობის ჩამოყალიბების შემდეგ, ეკლესია დაუნგრევიათ და მისგან კოლმეურნეობის კანტორა აუგიათ. მეორე წმ. გიორგის ეკლესიაც საბჭოთა ხელისუფლების დროს დაინგრა. მასალა გამოიყენეს გზების შესაკეთებლად, კანტორის ბეღელისთვის, ეკლესიის ქვები ბევრმა სახლებში წაიღო და გადმოცემით ყველა მათგანს უბედურება შეემთხვა. ეკლესიის დანგრევის შემდეგ ეკლესიის ზარს საჯავახოს რკინიგზის სადგურზე იყენებდნენ. შემდეგ, ბადრი ტონიას ინიციატივით, ზარი ღანირის ეკლესიას გადაეცა. ნიგორზღვის ეკლესიები იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ერთ-ერთი ეკლესიიდან შემორჩენილია იყო ნანგრევები და ერთი კედელი. მათ შორისაა ერთადერთი ჩუქურთმიანი ქვა, რომელიც ეკლესიის მარცხენა კედელზე, შესასვლელის თავზეა დატანილი.
https://i.postimg.cc/0N61jpY6/nigorzgvaa.jpg
1958 წელს, ქუთაისის ნ.ბერძენიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის მიერ, მოეწყო ექსპედიცია სოფელ ნიგორზღვაში, სადაც ბევრი უძველესი საყოფაცხოვრებიო ნივთი და საცხოვრებელი პალატები. იქნა აღმოჩენილი. აქ მოპოვებული ნივთების ნაწილი ინახება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. აღსანიშნავია დარანის გამოქვაბული, სადაც ნაპოვნია დამბაჩა და ხანჯალი. ეს ადგილი, სავარაუდოდ, თავშესაფარი ან სამალავი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ სოფელი ნიგორზღვა საკმაოდ ადრეული პერიოდიდან იყო დასახლებული.

მოსახლეობა განსაკუთრებით აქტიურად ვაჭრობდა თხილით და ხე-ტყით, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობდა. სოფელი ნიგორზღვა რომ მდიდარი იყო თხილით, მოწმობს შემორჩენილი ტოპონიმები „ნესტორის ნათხილები“ „თხილნარა“ (მდინარის გასწვრივ თხილები იყო ჩარიგებული). ნიგორზღვის მოსახლეობა საჯავახოშიც ვაჭრობდა. აქ, ყოველი წლის 12 ივლისს, ტარდებოდა „პეტრე-პავლობა“ - ქალაქობა (იარმუკობა). ეს ქალაქობა, თითქმის, ორ კვირას გრძელდებოდა. ბაზრობა პარასკევობით იმართებოდა. სოფელი მდიდარი იყო ხე-ტყით, განვითარებული იყო მედურგლეობა (ამზადებდნენ კოდებს, კიბეებს, საწნახელებს, სასიმინდეებს). დიდი ადგილი ეკავა მეთუნეობასაც. მეთუნეობის ცენტრი იყო კიკვაძეების უბანი (უბან პირველ ნიგორზღვაში). აკეთებდნენ დოქებს, ქოთნებს, კეცებს, ქვევრებს, თიხის მილებს. ამ უბანში იყო წყლის წისქვილებიც: ნაჭახლების ღელეზე, ე.წ „ჭოლა გაგუას წისქვილი“. წისქვილი აგრეთვე მდ. თხილხარაზე იყო აგებული. სოფელს ჰქონდა ორი კრამიტის ქარხანა. სადაც კრამიტის ქარხანა იყო, დღემდე შემორჩა სახელი „საკრამიტე“.კოლმეურნეობას მოჰყავდა მარცვლეულ კულტურებიდან: ლობიო, სოიო, სიმინდი, არახისი; ასევე ბოსტნეული: პომიდორი, ხახვი, კიტრი, კომბოსტო, ჭარხალი, ბოლოკი, სტაფილო; ხილი. განვითარებული იყო მეცხოველეობა. თავიდან ჰქონდათ თხის ფერმები, მდებარეობდა მდ. თხილნარის ხეობაში და ორპირის ტერიტორიაზე. განვითარებული იყო ასევე მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მეაბრეშუმეობა. 1935-36 წლებიდან გაშენდა ჩაის პლანტაციები. ხნავდნენ ხარით.

სოფელი ნიგორზღვა დაყოფილია უბნებად, რომელთაც თავისი სახელიაქვს: ლაშე, სახრო, ნამოჩვარი, ნაკალოები, მეწყნარი. დამახასიეთებელია კუთხეების გამოყოფა აქ დასახელებული გვარების მიხედვით - შანიძეების, ძიგუების, გაგუების, კიკვაძეების და ა.შ. საერთოდ, სოფელი წყაროებით მდიდარია. ბევრს სახელიც აქვს: ეკლესიისწყარო, დობიროსწყარო, ნაჭახლებისწყარო, ლაშესწყარო, კანტორისწყარო, გენიოზასწყარო, შურასწყარო, ნადიასწყარო. სოფელ ნიგორზღვაში გავრცელებული იყო სხვადასხვა წესჩვეულებანი. განსაკუთრებით, აღინიშნებოდა ძვ. ახალწელს - „შელოცვა ღამე”. 13 იანვარს, ღამით, იკვლებოდა ნასუქი ქათამი (ქათმებს სპეციალურად ასუქებდნენ). ოჯახში რამდენი სულიც იყო იმდენი ქათამი ან ინდაური იკვლებოდა და იმდენივე ხაჭაპური ცხვებოდა. საახალწლოდ, ცალკე კლავდნენ ქათამს სტუმრისთვის.

სოფელში ადრე იყო კლუბი, სამედიცინო პუნქტი და ბიბლიოთეკა, რომელიც 1998 წელს გააუქმეს. ნიგორზღვაში პირველი სამრევლო სკოლა 1880-იან წლებში გაიხსნა მღვდელ ნიკოლოზ კანდელაკის თაოსნობით. 1977 წლამდე, სოფ. ნიგორზღვაში, ხის სკოლა იდგა. შემდეგ აიგო ორსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელსაც ეწოდა ნიგორზღვის საჯარო სკოლა. სოფელში ფუნქციონირებდა: კლუბი და მაღაზია. საფერშლო - სამეანო პუნქტი ფუნქციონირებდა 1962-1997 წლებში. მისი ხელმძღვანელი იყო ლენა (ჩიტო) დავითის ასული თარგამაძე. სოფლის ბიბლიოთეკა 1998 წელს გააუქმეს და რაიონულ განყოფილებას შეუერთეს.

სოფელ ნიგორზღვის გამოჩენილი ადამიანები არიან:
გაგუა ალექსანდრე (1928-2002) - იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, დაამთავრა დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი ეკონომისტის სპეციალობით. მუშაობდა სამტრედიაში ბუღალტერის თანამდებობაზე. 1961-1991 წწ. მუშაობდა სამტრედიის სოფელ ვაზისუბნის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ ბუღალტრად. აგრეთვე მუშაობდა დიდ ჯიხაიშის ინსტიტუტში პედაგოგად. მისი თაოსნობით ნიგორზღვაში მოეწყო წყალმომარაგების ქსელი, კეთილმოეწყო სოფლის გზა.

გაგუა გივი (1939-2017) - გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. დაამთავრა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით. 1966-1969 წწ. სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს თეოფანე დავითაიას ხელმძღვანელობით. 1969-2017 წწ. მუშაობდა გეოგრაფიის ისტიტუტში, ბოლო დროს იყო კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1971 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - ,,სოფლის მეორნეობის პროდუქტების უწყვეტი წარმოების აგროკლიმატური რესურსები საქართველოში”. 1973-1975 წწ. სამეცნიერო მივლინებით მუშაობდა კუბის რესპუბლიკაში ქვეყნის აგროკლიმატური რესურსების შესასწავლად. შეადგინა კლიმატური და აგროკლიმატური რუკები, რომლებიც შევიდა კუბის ეროვნულ ატლასში, რომელიც გამოიცა გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ 1989 წ. ავტორია 120-მდე სამეცნიერო შრომისა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე.

გაგუა გულივერ - დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მიენიჭა მშენებელ-ინჟინრის კვალიფიკაცია, 1981-1985 წწ. სწავლობდა სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის საბინაო საექსპუარაციო ტრესტის მთავარ ინჟინრად, კომუნალური გაერთიანების უფროსად. არის გაგუების საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და თავჯდომარე. მისი თაოსნობით ნიგორზღვაში აღსდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

გაგუა ზურაბ - დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, 1978-2004 წწ. მუსაობდა საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროში ოფიცრის თანამდებობიდან, შს სამინისტროს სამმართველოს უფროსის ჩათვლით. მონაწილეობდა ბრძოლებში ცხიინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, აქვს პოლკოვნიკის წოდება.

თარგამაძე გრიგოლ (1910-1983) - დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ,,ქართული ენა და ლიტერატურა”, მუშაობდა სოფელ გომის საშუალო სკოლის დირექტორად. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისარიატში მეოთხე განყოფილების უფროსად. 1948 წ. მუშაობდა სოფელ მელაურის რვაწლიანი სკოლის დირექტორად, შემდეგ გადადის სოფელ ნიგორზღვის სკოლის დირექტორად. 1954-1955 წწ. იყო სამტრედიის რაიონის განათლების განყოფილების გამგე, იყო ოფეთისა და ნიგორზღვის სკოლის დირექტორი. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ნიგორზღვის სკოლაში.

თარგამაძე ვიტალი (1934-1995) - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1981-1995 წწ. მუშაობდა ნოღის საშუალო სკოლაში ფიზიკური კულტურის მასწავლებლად. იყო თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. მისი მოსწავლეები იყვნენ ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების წევრები.
თარგამაძე კონსტანტინე (1910-1994) - სატყეო ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. მეტყევე. დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი 1934 წ.1937–1952 წწ. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1938 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ეკონომიკის და ტყის ტაქსაციის კათედრის გამგე, 1983-1994 წწ. ამავე კათედრის პროფესორი, 1953-1956 წწ ინსტიტუტის რექტორი. კონსტანტინე თარგამაძე მუშაობდა სატყეო მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). 1968 წ. მიანიჭეს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

თარგამაძე ომაინ (1906-1989) - დაამთავრა თსუ-ს აგრონომიული ფაკულტეტი, მუშაობდა მესტიის სოფელ ბეჩოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის, არასრული საშუალო და საშუალო სკოლის დირექტორად. მუშაობდა სამტრედიის აღმასკომის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროს აგრონომად, ვაზისუბნის მევენახეობის მეურნეობის დირეტორად, საჯავახოს სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარედ, საჯავახო საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ საწარმოო სწავლების დარგში.

კახიანი გივი (1922-2008) - დაამთავრა ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმი. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, კავკასიის, უკრაინის ფრონტზე. ომის შემდგომ წლებში მუშაობდა დაიწყო სამტრედიის სავაჭრო ორგანიზაციებში, არჩეული იყო საჯავახოს სოფლის კოოპერატივის გამგეობის თავჯდომარედ, მუშაობდა საჯავახოს საშუალო სკოლის დირექტორად. დაჯილდოებული იყო დიდი სამამულო ომის მონაწილის I და II ხარისხის ორდენებითა და მედლით.

ტონია თამარი (1919-2003) - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი, იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, კავკასიის ფრონტზე. ომის შემდეგ მუშაობას იწყებს საჯავახოს საუბნო ამბულატორიაში სტომატოლოგად. 1963 წ. გადაყვანილ იქნა სამტრედიის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, სადაც მუშაობდა დიდი ხნით. ომის დროს წარმატებით შეასრულა დაჭრილთა მოვლა-მკურნალობის საპასუხისმგებლო მისია. დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებით და მედლებით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და სამტრედიის რაიონის სტომატოლოგიური პოკლინიკის მიერ გამოცხადებული ჰქონდა მადლობები.

შანიძე დიმიტრი (1928-2001) - დაამთავრა პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო ოფეთის საშუალო სკოლაში ქიმია ბიოლოგიის მასწავლებლად. 1955 წ. დაინიშნა სოფელ ნოღის რვაწლიანი სკოლის დირექტორად. მისი დირექტორობის დროს სკოლის ფიცრული ნაგებობის ადგილზე აშენდა სკოლის სამსართულიანი კაპიტალური შენობა. 1966 წ. გადავიდა ნიგორზღვის რვაწლიანი სკოლის დირექტორად. დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ჯილდოთი.

სოფელში ხარობს უნიკალური ჯიშის ხეხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი, ბროწეული, ბალი, ალუბალი, წაბლი, თხილი, კაკალი და სხვა. ვაზის კულტურიდან აღსანიშნავია ცოლიკაური. აგრეთვე, აღსანიშნავია, თხმელაზე ან თუთაზე ასული, მაყვალივით შავი ადესა. ნიგორზღვაში, ყველაზე ადრეული პერიოდიდან ცხოვრობდნენ ადამიანები ,სამტრედიის სხვა სოფლებთან შედარებით.

ნიგორზღვის ტერიტორიაზე გაედინება ღელეები: დათეს ღელე, მერეს ღელე, თხილნარა,- რომლითაც მარაგდება სოფელი წყლით. სოფლის საინტერესო აინტერესო ადგილია ,,ნამოჩვარი” - ადგილი რომელიც მაჩვებს უკავშირდება და გამოირჩევა ბუნებრივი წყაროებით. აღსანიშნავია ბუნებრივი წყარო- ლაშე, რომელიც დიდი დებიტით ხასიათდება. ნიგორზღვას ჰქონდა ორი კრამიტის ქარხანა, რომლებიც XX საუკუნის შუა ხანებში დაანგრიეს. სოფელში აკეთებდნენ თიხის დოქებს, ქოთნებს, კეცებს, ქვაბებს. სოფელში ჩამოედინება მდ. თხილნარა.

სოფელში გავრცელებული გვარებია: თარგამაძე, გაგუა, ქორიძე, ჩაჩუა, ჩხაიძე, ტონია, ზამთარაძე, შანიძე, კალოიანი, თევზაძე, არდიშვილი და სხვა. გაგუების წარმომადგენლები აგრეთვე ცხოვრობენ სოფლებში: დიდი ჯიხაიში, საჯავახო. სულ საქართველოში 3952 გაგუა ცხოვრობს, აქედან სამტრედიის მუნიციპალიტეტში - 425, მეორე მსოფლიო ომს შეეწირა 207 გაგუა, მათ შორის 28 სამტრედიიდან იყო.

მასალა მოამზადა გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა.


ნანახია: 661-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს.

ამინდი