Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გადმოცემის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია გაუალი ტყით იყო დაფარული და სამეგრელოდან გამოქცეულ ყმა-გლეხებს შეუფარებიათ თავი,'- სამტრედიის სოფელი ღანირი რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 13-04-2019, 23:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) აგრძელებს უბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი". რუბრიკა ამჯერად სამტრედიის სოფელ ღანირის შესახებ გიამბობთ.

სოფელი ღანირი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ხონი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 55 მეტრზე, გეოგრაფიული კოორდინატები: ჩ.გ. 42°21'07.910". ა.გ. 42°15'09.370". ღანირს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის თემის სოფლები: ქუტირი და გვაზაური; სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ჭაგანი და ნაბაკევის თემის სოფლები: ჩხენიში და კვირიკე, აგრეთვე მდინარე ლოღობის ხეობა; დასავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ცხენისწყლის ხეობა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლები: სამიქაო და მაიდანი, ხოლო აღმოსავლეთიდან სოფელი ჭაგანი და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქუტირი. სოფელი ღანირი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ საშუალოდ 5 კმ_ზე ვრცელდება, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ- 5-6 კმ-ზე. სოფელ ღანირის ტერიტორიის მაქსიმალური წერტილია _ ჩრდილოეთით მდებარე წერტილი, საზღვარი სოფელ ქუტირთან, სამტრედია-ხონის საავტომობილო გზატკეცილი, ზღვის დონიდან 62მ. ხოლო მინიმალური წერტილია მდინარე ჭურთავის ხეობა, სოფელ მიწაბოგირასთან, ზღვის დონიდან 39 მ. საფოსტო ინდექსია 3917. საკადასტრო კოდი: 34.01.41, 34.01.42, 34.01.44. 34.01.48. 34.01.49. 34.01.50. 34.01.51. მანძილი სამტრედიიდან -10კმ, ქუთაისიდან- 40კმ, თბილისიდან- 265კმ.

სოფელ ღანირის სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ დოკუმენტური წყაროს სახით მონაცემები არ არსებობს. გადმოცემის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია გაუალი ტყით იყო დაფარული და სამეგრელოდან გამოქცეულ ყმა-გლეხებს შეუფარებიათ თავი, შემდეგ აქვე დასახლებულან. ტერიტორია არ გამოირჩეოდა მდიდარი მიწებით. მიწის სიმწირისა და სიღარიბის გამო ადგილობრივებს ტერიტორისთვის ღანირი დაურქმევიათ. მიუხედავად, იმისა, რომ სახელწოდება ,,ღანირი" ძველი ქართული სიტყვაა და მწირ, მოუსავლიან მიწას ნიშნავს. თუმცა ღანირში მოჰყავდათ სოფლის მეურნეობის ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ხორბალი, სიმინდი, ღომის ღომი, ქერი, ლობიო, მუხუდო, საადრიო კომბოსტო. XX საუკუნის შუა წლებამდე სოფელში თესდნენ და მოჰყავდათ ბამბა, ამზადებდნენ აბრეშუმის პარკს.

გადმოცემის მიხედვით სოფელ ღანირის ტერიტორიაზე დასახლებები 400 წლის წინათ გაჩნდა. XVII საუკუნეში. აღსანიშნავია, რომ სერგი ჭილაიას თავის ნაწარმოებში „ეკატერინე ჭავჭავაძე“ მოხსენიებული აქვს სოფელი ღანირი.

სოფელ ღანირში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უნიკალურია. ეკლესიის მშენებლობა 1780 წელს დაუწყიათ და 1804 წელს საბოლოოდ დასრულებულა. იგი ერთნავიანია, ირგვლის ხის ლამაზი პორტიკებითა და დერეფნითაა დამშვენებული. თავის დროზე ყავრით ყოფილა გადახურული, ხოლო გასული საუკუნის დასაწყისში მოთუთიებული თუნუქით გადაუხურავთ. ეკლესია დამშვენებული წაბლის ხის 6 სვეტით, ჭერი რამდენიმეჯერმე დააზიანა ჩამონაჟონმა წყალმა, რის გამოც ორჯერ განაახლეს ის. ეკლესია სიძველისგან გადახრილა დასავლეთის მხარეს, ამიტომ XX საუკუნეში რკინის ბიჯგები შეუყენეს, ეკლესიის შენობა, რომლის სიგრძე 33 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე - 10 მეტრია. ოვალური ფორმისაა, აგებულია თელისა და წაბლის ფიცრებისგან ყოველგვარი ლურსმნის გარეშე. გადმოცემის თანახმად, მშენებლები იყვნენ გვარად - კაკაბაძეები, ეკლესიის საშენი მასალა კი ცოდვათა შესანდობრად შესწირა ვინმე ელისბარ გოგიბერიძემ, რომელსაც საკუთარი ტყე ჰქონია და საუკეთესო მასალა-წაბლი და თელა არ დანანებია. შენობის ირგვლივ ქვის დიდი ფილებით მოპირკეთებული დახურული აივანია. ეზოში სამრეკლოში განთავსებული დიდი საეკლესიო ზარი, რომელიც ყოველ კვირასა და ქრისტიანულ დღესასწულებზე. ღანირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მისი სიძველით მთელს საქართველოშია ცნობილი. ამჟამად არსებული ტაძრის აშენებამდე აქ ყოფილა ქვითკირის პატარა ეკლესია, რომლის ნაშთებიც ახლაც არის შემორჩენილი. ტაძრის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის აქ შემონახული ხელოვნების უძველესი ნიმუშები - წარწერები და ხატები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი მხატვრულ - ისტორიული ღირებულებისააა, ვერცხლის უძველესი ჭედული ხატი - წმ. გიორგის გამოსახულებით X-XI საუკუნით თარიღდება. წმიდა გიორგის ხატი 30X25 დაფერილია ოქროს წყალში, (გარდა აშიებისა) და შემკულია 7 თვლით (აკლია ორი თვალი) რომელთაგან ერთს (ზემოთა აშიაზე მჯდომარეს) აქვს წარწერა. ქვედა აშიაზე ხატს აქვს წარწერა „წ-ო დიდებულო მთავარ მოწამეო გიორგი, შემწე, მეოხ/ მცველ და მფარველ ეყავ დეკანოზს სვიმონს და მათეს, რომელთა შეამკეს ხატი ესე (1802 წ) ეს უნიკალური ხატი საქართველოს ხელოვნებს მუზეუმში ინახება. ტაძარი კაკლის ხის მასალით არის აშენებული, 100 წელზე მეტია მას რესტავრაცია არ ჩატარებია. მხოლოდ კანკელი გამოიცვალა. ტაძარი შიგნიდან თითქოს ნოეს კიდობანს წააგავს. გარედან კოდობნის ნიშნები არ ეტყობა, ასეთი არქიტექტურის მქონდე ერთადერთი ტაძარია საქართველოში. ტაძარში დღემდე არის შემონახული ნათლობის ემბაზი, რომელზეც შემდეგ წარწერას ამოიკითხავთ: „წელსა 1872, მაისის 23 დღესა, შევწირე ემბაზი, მე დათიკა სიმონის ძე ცოტაძემ, ჩემი სულის სამეოხოდ წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიას“. 1990 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აქ წირვა-ლოცვა განახლდა. ის ერთხელ სტუმრობდა კიდეც ეკლესიას. ტაძარში ინახება უდიდესი წმინდანის გიორგის მუხლის ნაწილი. მრევლს დღესასწაულებზე საშუალება ეძლევა მიეახლოს ამ სიწმინდეს. 2008 წლის 10 მაისს კანკელს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები შეიცვალა მთლიანი კანკელი, გაკეთდა კაკლის ხის ახალი კანკელი.

სოფლის მთავარი დღეობა ელიაობაა. ამინდის ღვთაების - ელიას სახელობის დღესასწაული. ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):
,,ამინდის შეცვლასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების გარდა, რომლებიც მაის-ივნისში, ან საჭიროების დროს იმართებოდა, ხალხურ დღეობათა კალენდარში გამოყოფილია განსაკუთრებული დღე – 2 აგვისტო (ძვ. სტ. 20 ივლისი), როდესაც ამინდის განმგებელის ელიას სახელობის დღე აღინიშნება. საეკლესიო კალენდარიც ამ დღეს ილია წინასწარმეტყველს, იგივე თეზბიტელს მოიხსენიებს. უძრავი დღესასწაულის გარდა, წმიდა ელიას გვალვის დროს გაწვიმებას არა მარტო ხალხი, არამედ ეკლესიაც შესთხოვდა. გადმოცემის თანახმად, ღანირში დღესასწაულს შემდეგნაირად აღნიშნავდნენ საყდრის გარშემო კაცები ორსართულიან ფერხულს მართავდნენ, ქალები კი - ერთრიგიანს და ,,ოკრიალეს" გაიძახოდნენ. დღეობის აღნიშვნის ტრადიცია დღემდხე გრძელდება, ამჯერად უკვე ერთი უბნის ხალხი იკრიბებიან და იშლება საერთო სუფრა.

სოფ. ღანირში ადრე აუშენებიათ სამი ეკლესია და სამი სასაფლაო. მათგან მხოლოდ ერთი მოქმედებს - 1720 წელს აშენებული წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული, ბაზილიკის ტიპის ხის ეკლესია, რომელშიც ინახება წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი. გადმოცემის თანახმად, მშენებლები ყოფილან კაკაბაძეები, ეკლესიის საშენი მასალა კი, ცოდვათა შესანდობრად, შესწირა ელისბარ გოგიბერიძემ, რომელსაც საკუთარი ტყე ჰქონია და საუკეთესო მასალა წაბლი და თელა არ დანანებია. ხის შენობის აშენებამდე ძველად ქვითკირის დაზიანებული ეკლესია ყოფილა, რომელიც დაუნგრევიათ და ხის გამძლე ეკლესია აუგით. ღანირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ვახტანგ მაღლაკელიძე.

სოფელში არის 1935 წელს დაარსებული აკაკი ტერელაძის სახელობის საჯარო სკოლა, რომლის დირექტორი 2002 წლიდან გახლავთ გოჩა დანელია. ღანირში დაარსდა ბაგა-ბაღიც. ღანირის მოსახლეობამ თავისი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში. საბჭოთა რიგებში გაწვეული 348 ახალგაზრდიდან 201 შინ არ დაბრუნებულა.

ღანირში ჩამოედინება მდ. ცხენისწყალი, ღელეებიდან აღსანიშნავია: ჭურთავა, ლეღვნარა, წყაროსთავა, წყაროსწყალა, წყაროსთავა და სხვა. სავარაუდოდ, სოფელში პირველი დასახლებები XVII საუკუნიდან უნდა გაჩენილიყო. პირველი მოსახლენი ღანირში სამეგრელოდან არიან ჩამოსულნი, რასაც ადასტურებს სოფელში მეგრული გვარების სიმრავლე.
ღანირიდან იყვნენ ცნობილი ქართველები:

ეროსი მანჯგალაძე - ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი, (1925-1982). მეტად საინტერესო ეკრანული სახეები შექმნა მსახიობმა ქართულ კინოში: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“), მილიციის რწმუნებული („ქვევრი“), გეორქ გეორქოვი („ვერის უბნის მელოდიები“), ჩორეხი („ნატვრის ხე“), სევერიან წივწივაძე („თოჯინები იცინიან“) და სხვები. მის სახელს ატარებს სპორტული სტადიონი და კულტურის სახლი სამტრედიაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნიკოლოზ ელიავა - დაბადებული სოფელ ღანირში, 1917 წელს იყო თბილისის ქალაქის თავი, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და კომისიის თავმჯდომარე, საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა 1937 წელს.

ლია ელიავა (1934-1998) ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა ქ. თბილისში 1934 წლის 24 მაისს. წარმოშობით გახლდათ სამტრედიის რაიონის სოფ. ღანირიდან. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე - პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე. გასული საუკუნის 70-იან წლებში ლია ელიავა წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად და წლის სახედ დასახელდა. ქართველი მსახიობის ფოტო პოლონური ჟურნალის, “ეკრანი”, საახალწლო ნომრის გარეკანს ამშვენებდა. ითამაშა 39 ფილმში. გარდაიცვალა 64 წლის ასაკში.

ვახტანგ ბალავაძე (1926-2018) პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს, იყო 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა: „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა: „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ 2 (1972, 1976), ხალხთა მეგობრობის (1980), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FIL ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). იყო ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

ღანირიდან იყვნენ:
ბენედიქტე ბალავაძე — ქართველი გეოფიზიკოსი.
აკაკი ტერელაძე — მეორე მსოფლიო ომის გმირი
კონსტანტინე მანჯგალაძე — ქართველი ქორეოგრაფი
კოკინია დგებუაძე — საზოგადო მოღვაწე.
ჯემალ ღაღანიძე — ქართველი მსახიობი

რუბრიკაში "ჩემი სოფელი" ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.

ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.

რუბრიკაში მონაწილეობის მსურველმა სოფლებმა სააგენტოს უნდა მიაწოდონ მათ სოფელზე მომზადებული ნამუშევრები ტექსტური, ვიდეო თუ ფოტო მასალის სახით. მოწოდებული მასალები Topnews.com.ge-ზე გამოქვეყნდება.

იყავი შენი სოფლის გზამკვლევი ინტერნეტ სივრცეში.


სოფელ ღანირის შესაახებ მასალა მოამზადა თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა.


ნანახია: 679-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ოფშკვითის ცენტრში მდებარეობს.

ამინდი