Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელიც მაღაზიაში საკუთარი სურვილის მიხედვით ნივთის შესაძენად შევიდა, დირექტორმა გამოაგდო გარეთ 'ადგილს იკავებო'

თარიღი : 18-03-2019, 18:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ამ კვირაში რაგბის თამაში იყო და მინდოდა წავსულიყავი. ცოტა შორს არის, მაგრამ მაინც გადავწყვიტე. როცა მძღოლს დავურეკე და ვიკითხე, რა დამიჯდებოდა, 50 ლარი-ო მითხრა, პროტესტის ნიშნად რა თქმა უნდა არ გადავიხადე ეს თანხა და სახლში დავრჩი. ქალაქში ერთი ადაპტირებული ტრანსპორტი მაინც უნდა არსებობდეს, რომ გარკვეულ მანძილამდე მაინც მივიდე, შემდეგ კი ჩემით განვაგრძო გზა,"-ეს და სხვა მსგავსი შეზღუდვები, რომელსაც თამარ ხაჭაპურიძე ყოველდღიურად აწყდება, პროტესტის გრძნობას კიდევ უფრო ზრდის. ამბობს, რომ წლებთან ერთად სახელმწიფოს მხრიდან პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მთავარი ხარვეზი მაინც იმ ადამიანებშია, რომლებიც ბარიერებს ხელოვნურად უქმნიან.

"დღესაც, როცა ეტლით დავდივარ, ქუჩის ორივე მხარეზე ტრანსპორტია დაყენებული. ტროტუარებიც გადავსებულია მანქანებით. ძალაუნებურად გიწევს შუა გზაზე სიარული. ამ დროს კი მძღოლები გადმოიხედავენ და გკითხავენ: რა გინდა აქო?,’- ამბობს თამარ ხაჭაპურიძე.

სახიფათოდ გავლილი გზა იმ შენობებამდე წყდება, რომლებსაც პანდუსები აქვთ. მოლოდინი, რომ ჩახერგილ მანქანებს გაიყვანენ ხანდახან საათობით გრძელდება.

"შენობების გარკვეულ ნაწილზე გაკეთდა პანდუსები. მე უნდა ვისარგებლო ამ პანდუსით, მაგრამ ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის შესასვლელებთან მანქანებია დაყენებული. ამ დღეებში მაღაზიაში მინდოდა შესვლა, ძალიან კარგი, ფართო პანდუსია დაყენებული, მაგრამ 20 წუთი ვიცადე, რომ შესასვლელთან დაყენებული მანქანა ახალგაზრდა ბიჭებს გადაეყვანათ. ყველაზე უფრო ცუდი ის არის, რომ ხალხმა არ იცის, პანდუსთან მანქანა არ გააჩერონ,"-ამბობს თამარ ხაჭაპურიძე.

თამარი იმ ფაქტებს იხსენებს, რომელიც საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას ააშკარავებს. ამბობს, რომ ათეულობით წლის წინ ქუჩაში სწორედ პროტესტის გამო გამოვიდა. გამოვიდა, რათა დაემტკიცცებინა, რომ მისთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

"ფიქრობენ, ძალადობა ეს არის ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ძალადობაა როცა ირღვევა ჩვენი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ძალადობაა ისიც, როდესაც არაადაპტირებული გარემოა, ხელმიუწვდომელია ტრანსპორტი "ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ აშკარაა ბევრი ფაქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, განსაკუთრებით ქალების უფლებების შეზღუდვაზე მეტყველებს. ეს განპირობებულია ცნობიერების დაბალი დონით, ინფორმაციის ნაკლებობით, ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდენობით. განსაკუთრებული ხარვეზებია ინკლუზიური განათლებისა და პროფესიული განათლების კუთხით. ამ მხრივ მწირი ინფორმაცია აქვთ თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ისინი უფლებების მიღმა რჩებიან,"-ამბობს თამარი.

საკუთარი გამოცდილების კვალდაკვალ იმ ადამიანებზე ფიქრობს, რომლებსაც ახლა უწევთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა შეუსაბამო გარემომ შესაძლოა ახალგაზრდები განათლების გარეშე დატოვოს.

"მახსენდება ერთი გოგონას ისტორია, რომელიც 17 წლისაა და სოფელში ცხოვრობს, მას უნდა განათლება მიიღოს, მაგრამ მისთვის გარემოა ხელმიუწვდომელი. ტრანსპორტირებაა მისთვის საჭირო და ამიტომ განათლების მიღმა შეიძლება დარჩეს." ერთ ისტორიას გიამბობთ ჩემს მეგობარზე. ისიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქალია, რომელიც შევიდა მაღაზიაში, უნდოდა რაიმე საკუთარი სურვილის მიხედვით ეყიდა, მაგრამ დირექტორმა გამოაგდო გარეთ იმიტომ, რომ "ადგილს იკავებო". უთხრა, სხვა მოვიდეს და გიყიდოსო. როცა ამ ქალთან მივედი, ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მივედი დირექტორთან და რომ ვკითხე ამის შესახებ, ასეთი პასუხი გამცა: "მაღაზია ჩემია და ვისაც მინდა შევუშვებ და ვისაც მინდა-არაო". რა უნდა ვუპასუხო ამის შემდეგ ასეთი ცნობიერების მქონე ადამიანებს? ხალხი თუ დღეს იმას ფიქრობს, რომ თუ კი "ინვალიდია", უნდა იყოს სახლში,“- ამბობს თამარ ხაჭაპურიძე.

პროტესტის გამოვლინება თამარის მყარი საქმიანობაა. არასამთავრობო ორგანიზაცია 1999 წელს დააარსა, სახელიც სიმბოლურად შეურჩია- "ფრანკლინ რუზველტის სახელობის ინვალიდთა კავშირი". უკვე 20 წელია იმ ადამიანებზე ზრუნავს, რომელთაც იგივე პრობლემების გადალახვა მარტო უწევდათ. ამბობს, რომ საკუთარი უფლებების გააზრება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.

"15-20 წლის წინ ეტლით ქუჩაში გასვლა სირცხვილად ითვლებოდა და სწორედ მაშინ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და გამოვედი გარეთ, დავიწყე ქუთაისის ქუჩებში ეტლით სიარული. შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქალთა უფლებების დაცვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი, "ფრანკლინ რუზველტის სახელობის ინვალიდთა კავშირი" ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი, რომელშიც გაწევრიანებულ გოგონებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ევლოთ და მოეთხოვათ საკუთარი უფლებები. 20 წელი გავიდა, რაც ორგანიზაცია დავაარსე, ბევრი რამ შეიცვალა ამ კუთხით, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია,“- ამბობს თამარ ხაჭაპურიძე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 355-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
ქუთაისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამომრჩეველთა უფლებებზე უკეთ ინფორმირების მიზნით ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ.
ტურნირი ქუთაისის მერიის უშუალო მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება.
მსგავსი ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მომავალშიც გაიმართება.
ქუთაისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მალე პანდუსები დამონტაჟდება.

ამინდი