Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხალხზე ზრუნვა თუ ბიუჯეტის დაკანონებული ძარცვა ‘ქართული ოცნების’ ჩინოვნიკების სასარგებლოდ?-რას საქმიანობენ ქუთაისის საკრებულოს ფრაქციები

თარიღი : 13-03-2019, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, იმერეთის რეგიონის საკრებულოებში არსებული ფრაქციების უმრავლესობას 2018 წლის განმავლობაში ინიციატივები არ გაუჟერებია, თუმცა ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის ჯამში, მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ჯამში 61 ფრაქციაა წარმოდგენილი, აქედან ქუთაისის მუნიციპალიტეტში 5 ფრაქცია ფუნქციონირებს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ფრაქციების საქმიანობით და მათ მიერ გაჟღერებული ინიციატივებით დაინტერესდა. როგორც ირკვევა, ფრაქციების გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, მათი ინიციატივები მცირეა.

ოპოზიცია ფრაქციების საქმიანობას კრიტიკულად აფასებს. ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ფრაქციების სიმრავლეს ხელოვნურად შექმნილ ბიუროკრატიად მიიჩნევს, რაც მისი თქმით, მმართველი გუნდის ჩინოვნიკებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

"ეს ფარაქციები არის ხელოვნურად შექმნილი იმისათვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა აიღონ ხელფასი საკრებულოში. სხვა რაიმე დატვირთვა არ არსებობს. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ გამოაქვეყნა წინა წლის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში ფრაქციების მხრიდან გაჟღერებული 31 ინიციატივიდან 24 ინიციატივა ჩვენ ფრაქციას ეკუთვნის. მხოლოდ 4 ინიციატივა წარადგინა დანარჩენმა ოთხმა ფრაქციამ. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ნოტარიუსის ფუნქცია უფრო აქვს საკრებულოს, ვიდრე რაიმე საზედამხედველო, რაც კანონით აქვს განსაზღვრული. ფრაქციების არსებობის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ კონკრეტულმა დეპუტატებმა დაფინანსება მიიღონ და მეტი ანაზღურებადი ადამიანი იყოს საკრებულოში და მეტმა უმრავლესობის წევრმა აიღოს ხელფასი. ეს არის აბსოლიტურად ხელოვნურად შექმნილი ფრაქციები. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი პარტიის ფრაქცია ფუნქციონირებითაც არ ფუნქციონირებს. არც პარტია გაუგონია ხალხს და არც მათი ინიციატივა," - განმარტავს გიგა შუშანია.

"ევროპული საქართველოში" გამოსავალს ოპოზიციური პარტიების გააქტიურებაში ხედავენ. ქუთაისის საკრებულოს წევრის მერაბ მეშველიანის განმარტებით, ფრაქციების ხელოვნური ზრდა თვითმმართველობისთვის სარგებლის მომტანი არ არის. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მათი ინიცირებით მაღალსართულიანი ბინების პრობლემის გადაწყვეტა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციის სახით არ საკრებულოში წარმოდგენილი.

"ფრაქციების შექმნა არ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად იმისათვის, რომ ვინმე დასაქმდეს და დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს. რაც უფრო მეტი ფრაქცია იქნება ოპოზიციის მხრიდან, უკეთესია იმისათვის, რომ მეტი გავლენა ჰქონდეს ოპოზიციას და მეტი ინიციატივის გაჟღერების საშუალება მოგვეცეს. „ევროპულ საქართველოს“ ფრაქცია არ აქვს, მაგრამ რამდენიმე ინიციატივა გვქონდა, ერთ-ერთი ჩვენი ინიციატივა შეეხებოდა მრავალსართულიანი ბინების სარდაფებში არსებული პრობლემის მოგვარებას, რასაც ჩვენ ვითხოვდით წლების განმავლობაში და ბიუჯეტში მოხდა მათი გათვალისწინება. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, არამარტო ქუთაისის შემთხვევაში, არამედ რეგიონების შემთხვევაშიც, ხშირად ფრაქციები იქმნება იმისთვის, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების დასაქმება," - განმარტავს მერაბ მეშველიანი.

ფიქციას უწოდებს საკრებულოს ფრაქციების საქმიანობას „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ირაკლი კიკვაძე და განმარტავს, რომ მათი არსებობა დამატებითი ფინანსური რესურსი მიღების საშუალებაა.

„დღევანდელი მოცემულობით საკრებულოს ფრაქციები წმინდად ფიქციია. ამ ყველაფერის სათავე კი ერთპარტიულობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაამყარა და რომელიც ყველა შესაძლო ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს კლავს. რეალურად ფრაქცია ბერკეტია, რომელიც ამა თუ იმ საკითხზე ინიციატივების, საკანონმდებლო პროექტების გასატანად უნდა გამოიყენებოდეს, ჩვენში დამკვიდრებული მახინჯი ერთპარტიული სისტემის გამო კი მხოლოდ დამატებითი ფინანსური რესურსი მიღების საშუალებაა, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ბიუჯეტის დაკანონებული ძარცვა მმართველი პარტიის სასარგებლოდ,“- ამბობს ირაკლი კიკვაძე.
ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი მოსაზრებას არგუმენტებით ამყარებს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მიღებული კანონით ფუჭად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.

„ამის მაგალითია 2017 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ფრაქციის მოადგილეების თანამდებობის შემოღების შესახებ, რომლითაც ისედაც არაფრისმოქმედ ფრაქციებს დაუმატეს დამატებითი ბიუჯეტის ხარჯი- მხოლოდ სავარძელში მჯდომი მოადგილეები, სხვა არაფერი. და ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ შედეგებს: იმერეთის მასშტაბით 61 ფრაქციაა, საიდანაც 70%-ზე მეტს არც ერთი ინიციატივა არ წარუდგენიათ საკრებულოსთვის, არადა ფრაქციების ანაზღაურებისა და სხვადასხვა სახის ხარჯებისათვის მილიონობით ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან. ოცნების ხელისუფლება წლიდან წლამდე დაკავებულია ბიუჯეტის საკუთარ თავზე მორგებით და მხოლოდ ამიტომაც არის ჩამოსაცილებელი სახელისუფლებო ბერკეტებიდან ყველა სხვა მათ ჩადენილ დანაშაულს რომ თავი დავანებოთ," - განმარტავს ირაკლი კიკვაძე.

ბერკეტების არარსებობაზე საუბრობს ასევე პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თემურ ცამციშვილის განმარტებით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გადაწყვეტილება მარცხისთვისაა განწირული. ბიუჯეტიდან ფრაქციების შესანახად გაწეულ ხარჯებს კი ცამციშვილი არამართებულს უწოდებს.
"არსებული კანონმდებლობით და პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობას არ გააჩნია არანაირი ბერკეტი და ძალაუფლება ადგილზე გადაწყვეტილების მიღების. შესაბამისად, ოპოზიიციის ნებისმიერი ინიციატივაც მარცხისთვისაა განწირული. რაც შეეხება დაფინანსებს, ბიუჯეტიდან არც ოპოზიციური და არც მმართველი პარტიის შესანახად თანხები არ უნდა იხარჯებოდეს“,ამბობს თემურ ცამციშვილი.

ოპოზიციის კრიტიკის კვალდაკვალ topnews.com.ge მმართველი პარტიის ფრაქციების წარმომადგენელთა მოსაზრებითაც დაინტერესდა. ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის მხრიდან ოთხი ფრაქციაა წარმოდგენილი: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება -კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები" და "ქართული ოცნება - მწვანეები“.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" თავმჯდომარე ნანა კოსტავა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ფრაქციას ინიციატივები ჰქონდა, თუმცა საარჩევნოდ გადატვირთული რეჟიმის გამო, მათი მონაცემების კვლევაში შეტანა არ მომხდარა.

"ჩვენ ვმუშაობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებზე, ასევე გვაინტერესებს მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების პრობლემები, გენდერული საკითხები, განათლება და სპორტის მიმართულებები. ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ მოსახლეობას და ვპასუხობთ ყოველდღიურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოციალური პრობლემები თუ სხვა. ფრაქციის სხდომებს თვეში ერთხელ მაინც ვატარებთ და განვხილავთ პრობლემურ საკითხებს. მერთან შუამდგომლობა გავაკეთეთ, რომ მუნიციპალური და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი რაც შეიძლება მალე შემოვიდეს ქალაქში," - განმარტავს ნანა კოსტავა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მარეხ ნიჟარაძე ინიციატივებზე საუბრისას ბიუჯეტის მიხედვით განხორციელებულ პროექტებზე და საჭიროებებზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ინიციატივები როგორც გენდერულ, ასევე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.

„ ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში, ქუთაისში საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია გაიმარება, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდება,“-ამბობს ნიჟარაძე.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციების რაოდენობის ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში, ზოგადია და ფრაქციის თავმჯდომარესა თუ მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებას.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 442-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალური მოძრაობა' მმართველი პარტიის 100 დღის საქმიანობას აჯამებს.
„მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, თუმცა თუ „ქართული ოცნება“ ჩათვლის საჭიროდ, რომ მე უნდა ვიყო მათი ფრაქციის წევრი, მე მათ მხარს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გია გოქაძის განცხადებით, ბიუჯეტის 4 მლნ ლარით გარღვევა ფრაქციების "პატრიოტთა ალიანსის"
ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ

ამინდი