Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კლასების გაერთიანება, გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირება-რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის?

თარიღი : 28-08-2018, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
2018-2019 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო სკოლებში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილება ძირითადად, 1-ელ მე-6 კლასებს შეეხება და მოსწავლეთა შეფასებას, საგაკვეთილო დროს, უცხოურ ენებს მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, რა სიახლეებს გეგმავს უწყება სკოლებში სექტემბრიდან და რა შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა, ამ საკითხებზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა საუბრობს.

- 2018-2019 სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო ცვლილებებს გეგმავს. რომელ კლასებს შეეხება ძირითადად ეს ცვლილება?
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, 2018-2019 სასწავლო წელს სიახლეები ძირითადად დაწყებით საფეხურს - პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეეხებათ. ეს ეხება შეფასების სისტემას, გაკვეთილების ხანგრძლივობას, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გაძლიერებას, უცხოურ ენას და ა.შ.

- მოსაწავლეთა შეფასების სისტემაში რა ცვლილებები იგეგმება?
- 1-ელ მე-4 კლასებში ახლა მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმითაც ქულით შეფასება არ ხდება, არის მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. მაგრამ შეიცვალა ის, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრშიც მოსწავლე ქულით არ შეფასდება. როგორც იცით, 1-ელ მე-4 კლასებში ძირითადად ერთი მასწავლებელი ასწავლის რამდენიმე საგანს, ბავშვები მიჩვეულები არიან კლასის მასწავლებელს, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, დამრიგებელიცაა; მე-5 კლასიდან კი შემოდიან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, შემოდის ნიშნების წერის სისტემაც, იქმნება განსხვავებული სასწავლო გარემო. ისე ხდება, რომ თუ მასწავლებელმა უმაღლესი შეფასება არ დაუწერა, ბავშვები ვერ ხვდებიან, რატომ მიიღო მაგალითად, 9-იანი, რომელიც ასევე მაღალი ქულაა და არა 10-ანი - ეს კი ბავშვებისთვის სტრესია. ამდენად, მე-5 კლასის პირველი სემესტრიდან ქულებით შეფასების ამოღების გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ არ მიგვიღია; ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები დირექტორებთან და პედაგოგებთან გავიარეთ. მათ დაგვიდასტურეს, რომ ბავშვებისთვის ნიშნების წერის სისტემაზე გადასვლა სტრესული იყო, ამიტომ ზოგიერთი დირექტორის გადაწყვეტილებით, მასწავლებლები პირველი სამი კვირის განმავლობაში ნიშნებს ისედაც არ წერდნენ. ამდენად, გავიზიარეთ სკოლების ინიციატივა, რომ პირველ სემესტრში ნიშნები არ დაწერილიყო, მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს შეჩვეოდნენ და შემდეგ გადავსულიყავით ქულებით შეფასებაზე.
გარდა ამისა, საშინაო დავალებების მხრივ გვქონდა ისეთი სიტუაცია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიდი ოდენობით დავალების მიცემა ხდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესზე მოსულიყო მეტი დატვირთვა, ამიტომ გადავწყვიტეთ 1-ელ მე-6 კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში ნიშანი საერთოდ არ დაიწეროს. ნიშანი დაიწერება საკლასო აქტივობებში, შემაჯამებელ დავალებებში, მაგრამ საშინაო დავალება იქნება მომზადება გაკვეთილისთვის. რაც შეეხება სემესტრულ და წლიურ შეფასებას, ჩვეულებრივ შეფასდებიან მოსწავლეები, როგორც აქამდე ხდებოდა.

- გარდა ამისა, ცვლილება იგეგმება უცხოური ენის სწავლების მიმართულებითაც. კონკრეტულად რას მოიცავს ეს ცვლილება და ვის შეეხება?
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხოური ენის სწავლება დაიწყება პირველი კლასის მეორე სემესტრიდან. მართალია, ბავშვების ნაწილი მომზადებული მოდის სკოლაში, მაგალითად, იცის ანბანი, ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებები, მაგრამ რადგანაც ჩვენთან სკოლამდელი განათლება სავალდებულო არ არის, 1-ელი კლასი ითვლება საანბანე პერიოდად, ამიტომ ვფიქრობთ, სანამ ქართულ ანბანს სწავლობენ ბავშვები, მანამ უცხოური ენა არ შემოვიტანოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოური ენა შემოვიდეს პირველი კლასის მეორე სემესტრიდან. თუმცა, აქაც ხაზგასასმელია, წამყვანი ზეპირი მეტყველების განვითარება იქნება.
რაც შეეხება მეორე უცხოურ ენას, სკოლისთვის სავალდებულოა მინიმუმ ორი უცხოური ენის შეთავაზება და აქედან ერთი აუცილებლად ევროპული ენა უნდა იყოს. ხშირად არ აქვთ მშობლებს ინფორმაცია, რომ არსებობს ამგვარი შესაძლებლობა. ვთხოვეთ სკოლებს, რომ მშობლებისთვის კარგად განემარტათ, რომ მათ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სხვადასხვა ენას შორის. მაგალითად, არის სკოლები, სადაც წლებია მეორე უცხოური ენა რუსულია, იშვიათად, გერმანული. თუ მსურველი მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება, შეუძლიათ ახალმა თაობამ განსხვავებული უცხოური ენის სწავლა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში მეორე უცხო ენა რუსული იყო წლების განმავლობაში. ეს არ ნიშნავს რუსული ენის ამოგდებას, რუსული რჩება ერთ-ერთ უცხო ენად და ის საკმაოდ მოთხოვნადია, მაგრამ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალში ხარისხიანი განათლება მიიღონ, ევროპული ენების აკადემიურ დონეზე სწავლებას უნდა შევუწყოთ ხელი.

- რაც შეეხება ჯგუფების ჩამოყალიბებას ენის ფლობის დონეების მიხედვით, რომელი კლასებიდან აპირებთ ასეთი ჯგუფების ჩამოყალიბებას და რამდენი ასეთი დონე შეიძლება იყოს?
- საერთოდ, სკოლას ორ საგანში შეუძლია გაყოს კლასი - ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში. ამასთან, მასწავლებელს შეუძლია უცხოურ ენაში მოსწავლეთა ენის ფლობის დონეები გაითვალისწინოს. რომელი კლასიდან და როგორ დააჯგუფებს ბავშვებს, ამაზე სკოლამ და მასწავლებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაძლებელია ისიც, რომ თუ ორი პარალელური კლასია, აქედან ოთხი განაყოფი გააკეთოს და დონეების მიხედვით დააჯგუფოს ბავშვები. აქ ძალიან მნიშნველოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბავშვებს არ ვყოფთ ძლიერ და სუსტ მოსწავლეებად, არამედ ენის ფლობის დონის მიხედვით ხდება მოსწავლეთა დაყოფა.

- ეხება თუ არა ცვლილება პარალელურ კლასებს? მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით, თითო კლასში 18 ბავშვი უნდა იყოს, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ასევე შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება და 15 მოსწავლით ჯგუფის განსაზღვრა. გვაქვს თუ არა სიახლე ამ მიმართულებით და რამდენი მოსაწავლე უნდა იყოს თითო კლასში.
- ამ მუხლში ცვლილება არ გვაქვს. მოსწავლეთა რაოდენობა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმითაც ასევეა განსაზღვრული.

- რაც შეეხება ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობას, მაქსიმალური რაოდენობა ახლა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. თუმცა, 2018 წლის 15 სექტემბრიდან ეს პუნქტი ძალადაკარგულად ითვლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით რამდენი მოსწავლით შეიძლება განისაზღვროს ჯგუფი?
- 2014-2015 სასწავლო წლამდე ვინც იყვნენ მოსწავლეები ჩარიცხული, ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა 30 მოსწავლით განისაზღვრა და გამონაკლის შემთხვევაში 35-ს არ უნდა აჭარბებდეს. 35 მოსწავლიანი კლასები მილევად რეჟიმშია და ცოტა ხანში აღარ იქნება, რადგან 2014-2015 სასწავლო წლის შემდეგ ვინც ჩაირიცხა, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა შემცირდა და 25-ით განისაზღვრა. აქაც შეიძლება გამონაკლისის დაშვება და ჯგუფის მაქსიმუმ 29 მოსწავლით დაკომპლექტება, თუმცა ეს გამონაკლისიც დასაბუთებული უნდა იყოს.

- რაც შეეხება მცირეკონტინგენტიან სკოლებს, სადაც 1-2 მოსწავლეა კლასში. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შესაძლებელია კლასკომპლექტების შექმნა. რა იგულისხმება ამაში და რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს კლასკომპლექტში?

- კლასკომპლექტში შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 10 მოსწავლე და შესაძლებელია გაერთიანდეს ორი კლასის მოსწავლეები. მაგალითად, 1-ელი და მე-3 ან მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები ერთ კლასში. არ არის აუცილებელი, რომ ყველა საგანში გაერთიანდნენ ეს ბავშვები. მაგალითად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შესაძლებელია რამდენიმე კლასის გაერთიანებაც, ასევე ხელოვნების გაკვეთილზე. ეს თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის საჭირო, როგორ დაგეგმოს და განახორციელოს. თუ სწორად მოხდება პროცესის დაგეგმვა და დარეგულირება, შესაძლებელია, რომ უფროსკლასელები ჩაერთონ უმცროსკლასელების განათლების პროცესში. პროცესის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მერწმუნეთ, ასეთ კლასკომპლექტში გაცილებით მეტადაა შესაძლებელი ინდივიდუალური მიდგომა, ვიდრე, 35-მოსწავლიან ჯგუფში. კლასკომპლექტები აქამდეც იყო, მაგრამ მასში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 15-დან 10-მდე, სიახლე ეს არის. ასეთი კლასკომპლექტები ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება.

- რაც შეეხება დამრიგებლებს, რა ფუნქციით რჩება დამრიგებელი კლასში, იცვლება თუ არა მისი ფუნქციები და შესაძლებელია თუ არა კლასს დამრიგებელი არ ჰყავდეს?
- კლასს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დამრიგებელი და ის აუცილებლად უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. თუმცა, შესაძლებელია მცირეკონტინგენტიან სკოლებში ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. ასეთ სკოლებში ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს.

- გაკვეთილების ხანგრძლივობის მიმართულებითაც იგეგმება სიახლეები...
- დიახ, გაკვეთილების ხანგრძლივობა მე-2 კლასში 5 წუთით შემცირდა და ნაცვლად 45 წუთისა, 40 - წუთიანი გახდა; პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, მე-2 კლასში - 40 წუთით, ხოლო მე-3-მე-12 კლასებში - 45 წუთით. გარდა ამისა, პირველ კლასში აუცილებელია გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელმა ბავშვები ფიზიკური აქტივობით გაავარჯიშოს, რადგან პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა, ამიტომ მათთვის განსხვავებული ფორმის აქტივობების შეთავაზება აუცილებელია.

ipn.ge


ნანახია: 12692-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სწავლის პროცესი მინისტრის ბრძანებით, დასახელებულ სკოლებში 3 დღითაა შეწყვეტილი.
ყველაზე მეტმა, 3 657 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასიდან მიატოვა, მათ შორის ბიჭების რაოდენობა გოგონების რაოდენობას 877-ით აღემატება.
ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.
სასწავლო ცენტრი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #62-ში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს.
სასწავლო ცენტრი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #62-ში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი