Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

11 წელიწადში ლიცენზია მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმდა – რატომ ვერ რეაგირებს ჯანდაცვის მინისტრი ქართველი ექიმების არაკეთილსინდისიერებაზე?

თარიღი : 14-08-2017, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2006 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სერტიფიკატი მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმა, ეს მაშინ, როდესაც კლინიკებში გარდაცვლილი თითქმის ყოველი მესამე პაციენტის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. მართალია, სამინისტრო ყველა ამ ფაქტს სწავლობს, თუმცა არსებული სტატისტიკიდან ისეთი სურათი იკვეთება, რომ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის ბრალდება ხშირად უსაფუძვლოა.

არადა, ფაქტები, როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა.

2017 წლის 19 ივლისი – თერჯოლის კლინიკაში, ორ წლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბავშვმა ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ბავშვი დაიღუპა.

2017 წლის 9 ივლისი – ბათუმში 34 წლის მშობიარე ქალბატონი გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი მშობიარეს გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებდა.

2017 წლის 8 ივლისი – გორის საავადმყოფოში ასაკოვანი ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი მკურნალ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებდა.

ყველა ამ და სხვა ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურმა სპეციალური მოკვლევაც ჩაატარა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით – პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 198 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მათ შორის: 105 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს. აქედან: 1 თვით - 46 ექიმს, 2 თვით - 32 ექიმს, 3 თვით - 6 ექიმს, 4 თვით - 2 ექიმს, 5 თვით - 2 ექიმს, 6 თვით - 5 ექიმს. სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, მომართვის საფუძველზე, მიმდინარეობს 27 შემთხვევის შესწავლა, რაც პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან არის დაკავშირებული. მთლიანად კი 2006 წლიდან 2017 წლის 3 აგვისტოს პერიოდში სერტიფიკატი 8 ექიმს გაუუქმდა.

“11 წელიწადში მხოლოდ 8 ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა რა თქმა უნდა, ცოტაა, რადგან პაციენტის ოჯახების მხრიდან ექიმის დადანაშაულების ფაქტები ბევრად მეტია“, – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე და სამინისტროს ექიმების პროფესიული ზრდისთვის უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.


„ნებისმიერი სხვა ქვეყნის სტატისტიკა რომ აიღოთ და შეადაროთ მას ეს მონაცემი, ვნახავთ, რომ ექიმის სერთიფიკატს ბევრად მეტ ექიმს ართმევენ. ჩვენი სტატისტიკა კი ორ რამეზე მეტყველებს: ერთი ის, რომ კონკრეტული შემთხვევების განხილვა ბოლომდე არ ხდება. ის ადამიანები, ვისაც პრობლემები ექმნებათ ჯანდაცვის სამინისტროში არ მიდიან ამ საქმეების განსახილველად. მეორე არის ის, რომ ხშირად ექიმის მიმართ უნდობლობასთან დაკავშირებული საუბრები ხშირად გადამეტებულია და ჯანდაცვის სამინისტრომ ამის გამოსწორებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის კვალიფიკაციის პრობლემა დგას და მის ამაღლებას ხელი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს.

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ასეთი დაბალი ნდობა არ იყოს. ექიმისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობის საკითხი უნდა ამაღლდეს. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ექიმების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ამის პრობლემა ნამდვილად დგას. რაც შეეხება ექიმების განათლებას, უნდა მოვამზადოთ ისეთი კადრები, რომლებიც მაღალკვალიფიციურები და კონკურენტუნარიანები იქნებიან, თუ ჩვენ უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებებს გადავხედავთ, ეს სამწუხაროდ, არ ხდება.“ - აღნიშნა ჩიხლაძემ.

როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი აცხადებს, „რაც შეეხება ექიმების კვალიფიკაციას სხვადასხვა რაიონში ამ კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა. დიდ ქალაქებში ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. სწორედ ეს ყველაფერი შემდგომში პაციენტების მხრიდან უნდობლობას იწვევს.“

ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმზე, მათ მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერასა და ამასთან, პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებაზე „კომერსანტი არაერთხელ წერდა. განსაკუთრებით საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობაზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში ექიმთა შეცდომების გამო 60–ზე მეტი მშობიარე და ჩვილი დაიღუპა. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისინი გარკვეული დროის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის შესრულებას მაინც აგრძელებენ.

ამ საკითხით „კომერსანტი რამდენიმე წელია დაინტერესებულია. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის არცერთ ფაქტს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და საბჭო მაქსიმუმ ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერებით ან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმების დაწესებით შემოიფარგლება. სხვა სადამსჯელო ღონისძიება ექიმების წინააღმდეგ პრაქტიკულად, არ გატარებულა.

რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან საუბრისას პროფესიული განვითარების საბჭოს რამდენიმე წევრმა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, ისიც განაცხადა, რომ სააგენტოს წევრები უფრთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ მიერ განხილული შემთხვევების 80%-ში ექიმების ბრალეულობა დასტურდება, თუმცა „პროფესიული სოლიდარობის გამო ასეთი ექიმები ფაქტობრივად, დაუსჯელები რჩებიან და რამდენიმე თვეში უპრობლემოდ აგრძელებენ პაციენტების მკურნალობას.

პრობლემას წარმოადგენს ზედმეტი მედიკამენტის გამოწერა და პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ბევრი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან, კლინიკები კი ფორმა #100-ის არასწორად შევსებას. კლინიკები ხშირად ფორმა #100-ში პაციენტს სულ სხვა ნოზოლოგიას უწერენ, ხელოვნურად ამძიმებენ პაციენტის მდგომარეობას, რათა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან უფრო მეტი დაფინანასება მიიღონ. ასეთ დროს, კლინიკა ბიუჯეტიდანაც გაზრდილ დაფინანასებას იღებს და პაციენტსაც ბევრს ახდევინებს.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ერევა ან არ სურს, საკითხის გადაჭრა. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია და აუცილებელია, მისი სასწრაფოდ მოგვარება. არ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობის ხელოვნური დამძიმება ექიმის ფინანსური ინტერესი იყოს, არ შეიძლება კლინიკებში მუშაობას აგრძელებდნენ ის ექიმები, რომელთა არაკვალიფიციურობის გამო ასობით პაციენტი იღუპება და ა.შ. აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, კერძოდ კი მინისტრმა სასწრაფოდ მოახდინოს ამაზე მკაცრი რეგირება, სხვა შემთხვევაში, ისიც არაკეთილსინდისიერი ექიმების თუ კლინიკების თანამზრახველი გამოვა.




ნანახია: 1545-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პაციენტთა დაღუპვის
სოციალურ ქსელში ბათუმში მცხოვრები ნათია ჩაგანავას ფოტოები გავრცელდა. 26 წლის გოგო დაახლოებით ერთი თვეა კომაშია.
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში 4 წლის წინ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ალა მატინოვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან ითანამშრომლებს, რომლებიც
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი