რა მოთხოვნებს უყენებენ ქუთაისის მერიაში მუშაობის მსურველებს?
თარიღი : 20-08-2013, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში 53 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა. კონკურსის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონკურსი მერიაში არსებული სამსახურების უფროსებს, მათ მოადგილეებსა და ვიცე-მერებს შეეხებათ. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის მსურველებს ბაკალავრის საგანმანათლებლო ხარისხი და ორ-წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, კონკურსანტს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი სამსახურისა და მერიის დებულებები ცოდნა მოეთხოვება. რაც შეეხება კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს windows 7-ს, Microsoft Office Word-სა და Microsoft Office Excel-ს. მერიაში მუშაობის მსურველებს ასევე, ქართული ენის ძალიან კარგად ფლობას სთხოვენ. საკონკურსო განაცხადის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 4 სექტემბრამდე აქვთ. კონკურსი ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას შეაფასებს, ხოლო მეორე ეტაპი წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას გულისხმობს.