Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5 წელიწადში იძულებით აუქციონზე ქონება 10 000–მდე ოჯახს გაუყიდეს

თარიღი : 25-10-2016, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 2015 წელს 1410 ერთეული შეადგინა. 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით კი, სსიპ “აღსრულების ეროვნული ბიუროს” მიერ სულ რეალიზებული იყო 9378 უძრავი ქონება. როგორც “რეზონანსი” წერს, უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება მოუწია. დღესდღეობით მოვალეთა რეესტრში 178 500-მდე ჩანაწერია.

საქართველოში ქონებადაკარგულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი ქონება, არ არსებობს, თუმცა მოვალეთა რეესტრში არსებული ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც მუდმივად მზარდია, იმაზე მიუთითებს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დღესაც ბევრი ადამიანია.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 178 500-მდე ჩანაწერია. არსებული მონაცემებით, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. ამის შესახებ “ბიზნეს-რეზონანსს” აღსრულების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აცნობა. მათივე ინფორმაციით, 100-დან მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ახერხებს დროებით მაინც დაიხსნას ქონება აღმასრულებლებისგან. შესაბამისად, პრობლემური ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვს საკუთრება, ეს იქნება უძრავი თუ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება იძულებით აუქციონის წესით რეალიზებულ ბინების და მიწებს. 2015 წელს ქონება 1 410-მა ადამიანმა დაკარგა, 2014 წელს იძულებით გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობამ 1721 ერთეული შეადგინა. 2013-ში კი ქონება 1946 ადამიანს ჩამოართვეს, 2012-ში – 1953-ს, 2011 წელს კი – 1850 ოჯახს გაუყიდეს უძრავი ქონება იძულებით აუქციონის წესით. სულ 2011-15 წლებში უძრავი ქონება 9 378-მა ოჯახმა დაკარგა.

როგორც “საზოგადოება და ბანკებში” განმარტავენ, პრობლემური სესხების საკითხი, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე (განვითარებად) ქვეყნებში აქტუალური საკითხია. რამდენადაც საქართველო დაბალი/საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, სესხის გადაუხდელობის შანსი საქართველოში შედარებით მაღალია.
კომერციული ბანკები ცდილობენ კრედიტების გაცემის დროს გაითვალისწინონ მსესხებლის შემოსავლები და არ გასცემენ სესხებს მხოლოდ უზრუნველყოფის საფუძველზე. შედეგად სესხების ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენებელი, გაცემული კრედიტების მოცულობის 2.2%-ს შეადგენდა (2015 წელს), რაც არ არის მაღალი, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისათვის.

2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სსიპ “აღსრულების ეროვნული ბიუროს” მიერ სულ რეალიზებულია 9378 უძრავი ქონება. აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება 2011 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა კრედიტორების მიხედვით მონაცემების გამიჯვნა აღსრულების ბიურომ 2013 წლის ბოლო კვარტლიდან დაიწყო.

როგორც “საზოგადოება და ბანკების” კვლევაშია აღნიშნული, 2015 წელს რეალიზებული 1410 უძრავი ქონებიდან, კომერციულ ბანკებზე 387 (27.4%) მოდის. 225 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 16%-ის ტოლია, 720 შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, რაც მთლიანი რაოდენობის 51%-ია. სხვა იურიდიულ პირებზე 78 რეალიზებული უძრავი ქონება მოდის – მთლიანი რაოდენობის 5.5%.

2014 წელს სულ აუქციონის წესით 1343 უძრავი ქონება გაიყიდა. აქედან ყველაზე დიდი წილი 735 (55%) კვლავ კერძო მევახშეებზე მოდიოდა. კომერციული ბანკების მოთხოვნის შედეგად რეალიზებული იყო 306 (23%) უძრავი ქონება, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ 231 (17%) გაიყიდა. 71 (5%) უძრავი ქონების შემთხვევაში კრედიტორებს სხვა იურიდიული პირები წარმოადგენდნენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან რეალიზაციაში კერძო მევახშეებს ყველაზე დიდი წილი – 51% – უკავიათ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ გაცემული სესხები კომერციულ ბანკებთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და სესხის გაცემის “გამარტივებული” პირობებით გამოირჩევა. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სესხის უზრუნველყოფაზე და ნაკლები ყურადღება ექცევა მსესხებლის გადახდისუნარიანობას.

“კერძო მევახშეობის სფერო საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ დაურეგულირებელი. პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისაგან თანხას, ძირითადად, მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა სესხულობს. კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება დიდად ზარალდება, შესაბამისად, სასურველია ამ სექტორის რაც შეიძლება მინიმუმადე დაყვანა. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობას მნიშვნელოვნად შემცირებს და ფინანსურად გაჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობასაც ასე თუ ისე გააუმჯობესებს.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში შედარებით მცირეა (27,4% და 16%), რაც იმით შეიძლება ავხსნათ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ვალის ამოღების უკანასკნელი ფორმაა. ისინი ამ გზას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის 2 კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 6 241 248 ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

კიდევ უფრო დიდია წლევანდელი სტატისტიკა. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის მეორე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ჯამში 12 175 285 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 95%-ით აღემატება.

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდას საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა გაცემული სესხის ოდენობას უკავშირებს. მისი აზრით, მიკროსაფინანსო დაკრედიტების ზღვარი დღეისათვის არსებული 50 ათასი ლარიდან აუცილებლად უნდა დავიდეს 15-20 ათას ლარამდე. ეს, პრაქტიკულად, გამორიცხავს უძრავი ქონების ჩადებას წვრილმანი სესხის სანაცვლოდ.

“თუ ქონების ღირებულება არის 100 ათასი, 20 ან 30 ათასიანი სესხის აღებისას ადამიანი კარგად დაფიქრდება ღირს თუ არა ქონება კრედიტის სანაცვლად ჩადოს. ამიტომ თვითონ კანონის – “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” – ეს მუხლი აუცილებლად შესაცვლელია, ანუ დასაწევია მიკროსესხის ზედა ზღვრის დონე. ამის შემდეგ პრობლემა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იქნება”, – განუცხადა “ბიზნე-რეზონანსს” ელიავამ.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ელიავას თქმით, აქაც სიტუაცია არასახარბიელოა იმის გამო, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა, კრედიტუნარიანობა მცირდება. ეს ხდება იმის გამო, რომ მათი შემოსავალი არ იზრდება, ხოლო ფასები მაღლა მიიწევს. შესაბამისად, კომერციული ბანკების მიერ უძრავი ქონების დასაკუთრების მონაცემებიც, რა თქმა უნდა, მაღალია.

“არსებულ სტატისტიკაში არ არის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის და ბიზნესის დასაკუთრება. ხშირად მთლიანად ბიზნესიც ექცევა კომერციული ბანკების ხელში და ის აუქციონზე გასაყიდად, პრაქტიკულად, არ გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ კომერციული ბანკები თავისი ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკოტრებენ მოსახლეობას და ბიზნესს. მართალია, ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ამგვარი მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

პირველ რიგში, შემოსაღებია კანონი გირაოს შესახებ, კანონი იპოთეკის შესახებ, თუ რა ქონება შეიძლება ჩაიდოს გირაოში, რა ქონება შეიძლება კომერციულ ბანკმა წაიღოს და რომლის საკითხი მხოლოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს (ვის საკუთრებაში დარჩება და როგორ მოხდება მისი რეალიზება).

ყველაფერ ამას სჭირდება შესაბამისი იურიდიული ბაზა და იგი მიახლოებული უნდა იყოს საბანკო პრაქტიკის ცივილიზებულ საერთაშორისო ნორმებს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ შედეგს, როდესაც მოსახლეობა რჩება სახლ-კარის გარეშე, ბიზნესი ჩამოცილებულია საკუთარ საქმიანობას და ორივე კოტრდება. ეს სიტუაცია არ წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების პერსპექტივებას”, – განაცხადა ლია ელიავამ.

იმ დრომდე, ვიდრე არ დაიწევა საფინანსო სექტორის საპროცენტო განაკვეთები, ვიდრე არ დარეგულირდება იპოთეკასთან და ზოგადად გირაოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები, მოსახლეობა ყოველთვის იქნება საკუთარი ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ეს კი ყოველთვის იქნება სოციალური დაძაბულობის წყარო.

bfm.ge


ნანახია: 1262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 214.9 მლნ ლარი შეადგინა
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
200 ათასამდე ერთეული ქონება კერძო მევახშეების ხელშია.
მწერალთა სახლის უკვე ყოფილი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი