Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ისწავლე რომ ასწავლო

თარიღი : 8-09-2016, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ,,ბლოგი“, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ფართო საზოგადოებას ,,გაანდოს განცდები და ემოციები“ მისივე შემოქმედებით ან უბრალოდ, გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა საკითხზე. რუბრიკა ,,ბლოგი“-ს სტუმარია კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამთა თურმანიძე.

"12 წელია ვასწავლი და ამ 12 წლის განმავლობაში ყოველ ჯერზე ხელახლა ვსწავლობ თუ როგორ უნდა ვასწავლო. უფრო სწორად, ყოველ ჯერზე ხელახლა ვუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას თუ რა შემიძლია მივცე მათ და როგორ გავაკეთო ეს.

ჩემი სტუდენტების უმეტესობა ალბათ არ დამეთანხმება, მაგრამ გულის სიღრმეში ვაცნობიერებ, რომ საკმაოდ მოძალადე მასწავლებელი ვარ. ოღონდ მოძალადე, რომელიც ცდილობს შეაყვაროს ის რაც თავად უყვარს და პირად წარუმატებლობად თვლის თუ ეს არ გამოუვიდა. საბედნიეროდ, ჯერ არც ისე ბევრი წელი მაშორებს ჩემს სტუდენტებს და ხშირად შემიძლია სიტუაცია მათი თვალით შევაფასო, მათი სიზარმაცე და ეშმაკობები გავიგო და ხანდახან თვალიც დავხუჭო.

ბოლოსდაბოლოს რა არის განათლება? თარიღებისა და ფორმულების ზუსტი ცოდნა, თუ იმის გარჩევის უნარის შეძენა თუ რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი, რა ნამდვილი და რა ყალბი, რა არის კარგი და რა ცუდი.

საქართველო ალბათ უნიკალური ქვეყანაა, სადაც მშობლები ჯერ კიდევ იხდიან ფულს იმაში, რომ მათი შვილები უსწავლელები დარჩნენ. საბედნიეროდ, უკანასკნელ წლებში ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება. ასევე წლების განმავლობაში იცვლება და მრავალფეროვნდება ე.წ. „პრესტიჟული“ პროფესიების ჩამონათვალიც. დიდი ხნის განმავლობაში ქართველი მშობლისთვის ყველაზე სასურველი სამედიცინო ფაკულტეტი იყო, თან შვილის ბუნებრივი მონაცემებისა და უნარების გათვალისწინების გარეშე. ამ სანატრელ ფაკულტეტზე შვილების მოსაწყობად გულანთებული მშობლები არაფერს იშურებდნენ, იქნებოდა ეს სადღაც ციმბირის მივარდნილ ქალაქში შესაბამისი მანიპულაციებისა და ფინანსური ხარჯის დახმარებით მოწყობა (რა თქმა უნდა ერთი წლის შემდეგ უფრო პრესტიჟულ სასწავლებელში გადმოყვანის პერსპექტივით) თუ წლების მანძილზე ჯიუტად ერთსა და იმავე ფაკულტეტზე უიმედო ჩაბარების მცდელობა, რომელიც, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, საზოგადოების თვალში წონას მატებდა სასურველ სარძლოს.

დროის ცვლილებასთან ერთად პრიორიტეტებიც შეიცვალა და სამედიცინო ფაკულტეტს სასურველების ნუსხაში დიდი ხანია ჩაენაცვლა იურისტისა თუ ეკონომისტის კვალიფიკაციის მომცემი სპეციალობები. სასურველი სპეციალობების ჩამონათვალი ქვეყნის განვითარების პარალელურად, ბაზარზე არსებული მოთხოვნილების შესაბამისად ყალიბდება და იცვლება - ამ ჩვენს განვითარებადი კაპიტალიზმის სამყაროში ეს უკვე აღიარებული ჭეშმარიტებაა. პროფესიის და მასთან ერთად მთელი დანარჩენი ცხოვრების არჩევისას, საკითხი არ დგება ასე - „რა შემიძლია“, „რა მიყვარს“, „რა მაინტერესებს“, არამედ „არ შემეშალოს და ავირჩიო ის, რაც მომავალში თავის რჩენის საშუალებას მომცემს“. ამიტომაც კატასტროფული სისწრაფით მცირდება ინჟინრების, ფიზიკოსებისა თუ ქიმიკოსების რაოდენობა და დაუსრულებლად ივსება იურისტ-ეკონომისტთა რიგები (ბნელ 90-იანებში ასეთი ჰიბრიდიც კი გამოიგონეს), რომელთაც უკანასკნელ წლებში IT და PR სპეციალისტებიც შეემატნენ. და რა თქმა უნდა, უკვე მერამდენე წელია კონკურს გარეშეა ინგლისური ენის სპეციალობა, მაშინ, როდესაც სხვა ევროპულ თუ აღმოსავლურ ენებზე ასეთი დიდი მოთხოვნა არ არის. მაგრამ შეიძლება კი ცხოვრება მშობლისა და დროის მოთხოვნის გათვალისწინებით არჩეული პროფესიით, რომელიც არ გიყვარს და მხოლოდ ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს და რომელიც წლებთან ერთად მომაბეზრებელ მოვალეობად იქცევა. შედეგი კი ცარიელი, უმიზნო და უსიხარულო არსებობაა.

ჩვენი მთავარი პრობლემა ალბათ მიდგომის ცვლილებაა. ზოგადად, ქართველებს კი მოგვწონს იმაზე ფიქრი, რომ გენიალური დილეტანტების ქვეყანა ვართ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცის პრინციპით, მაგრამ განათლება ის სფეროა, რომელშიც დილეტანტიზმი დაუშვებელია. მასწავლებელი კი კეისრის ცოლივით, ყოველგვარ ეჭვზე მაღლა უნდა იდგეს. ამიტომაც ნულოვანი ტოლერანტობა არა მხოლოდ კრიმინალს, არამედ მასწავლებლის არაპროფესიონალიზმს. ალბათ ყველაზე მკაცრი რეგულირება ამ მხრივ უნდა იყოს, რადგან სწორედ მასწავლებელი განაპირობებს დიდწილად თუ ვინ იქნები მომავალში, ის რასაც ჩადებს შენში კარგს თუ ცუდს, იმას ვეღარაფერი ამოშანთავს. ამიტომაც მასწავლებელს ნამდვილად არ აქვს სისუსტის, დაღლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის და მითუმეტეს მოუმზადებლობის უფლება. მიუხედავად საკმაოდ შემწყნარებლური ხასიათისა ამ სფეროში კატეგორიული სიმკაცრის მომხრე ვარ და ვიქნები.

ამ ჩემს წერილში ალბათ უფრო მეტ კითხვას ვსვამ, მათ შორის საკუთარ თავთანაც, ვიდრე პასუხს ვცემ. თემაა თვითონ მეტისმეტად რთული და ფუნდამენტური, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის მიღება ძალიან ძნელია. თან ყველა ქმედება ამ სფეროში მომავალზეა გათვლილი. რატომ არის, რომ თითქმის ყველა ახალი ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში განათლების რეეფორმით იწყებს? იმიტომ, რომ კარგად აცნობიერებს, რომ რასაც ჩადებს განათლებაში ხწორედ ის დაუბრუნდება მომავალში საკუთარი მოქალაქეების სახით."


ნანახია: 2952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"მე ყოველთვის მიყვარდა რისკი და გადაზედმეტებული სწრაფვებიც მქონდა მიუღწეველის და შეუცნობელისკენ".
საინფორმაციო სააგენტო Topnews com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ბლოგი, რუბრიკის სტუმარი ახალი პოლიტიკური ცენტრი –
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით 'ბლოგი'.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ინჟინრების, გეოლოგების, სეისმოლოგების, ბოტანიკოსებისა და სხვა მსგავსი პროფესიების
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
"ქალბატონო რიმა! დედაჩემი ისევ იტალიაშია, რადგან ლარი და თვრამეტი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის. რა ქნას იმ ხალხმა, ვისაც არ