Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ

თარიღი : 10-06-2016, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
8 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციისა და შესაბამისი აქტის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილია სპეციალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში.

წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წესები

წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წინასაარჩევნო აგიტაცია.

წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები, რომლის წესები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით.

პოლიტიკური პარტიები
პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აქვთ უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დროის მკაცრად ლიმიტირებულ პერიოდში უნდა შესრულდეს. მაგალითად, შესაბამისი უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტებმა ცესკოს უნდა წარუდგინონ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კანდიდატურები. ამასთანავე, პარტიებმა განსაზღვრულ ვადებში უნდა მიმართონ ცესკოს რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით, წარადგინონ პარტიული სია, დანიშნონ წარმომადგენლები შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში და სხვა.

საარჩევნო სუბიექტების (პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდეულებას წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტები ვალდებული არიან საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში შექმნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და მიაწოდონ ანგარიშის რეკვიზიტები აუდიტის სამსახურს. საარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ასევე ევალებათ 3 კვირაში ერთხელ კამპანიის ფინანსური ანგარიში წარუდგინონ აუდიტის სამსახურს.

საარჩევნო ადმინისტრაცია
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის ზედამხედველობას ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. არჩევნების ჩატარება უკავშირდება საარჩევნო კოდექსით დადგენილ სპეციალურ ვადებს, რასაც ცესკო საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით განსაზღვრავს. ცესკოს მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ საოლქო საარჩევნო კომისიებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მედიამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და საარჩევნო პროცესში ჩართულმა აქტორებმა.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლების აკრედიტაცია, ამომრჩეველთა რაოდენობის გამოქვეყნება და სხვა.

ადგილობრივი თვითმმართველობა

საარჩევნო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობებს ძირითადად საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი გარემოს ხელშეწყობა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ევალებათ. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გამოყონ ადგილები საარჩევნო სუბიექტებისათვის სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის, ასევე, შენობები სააგიტაციო შეხვედრებისთვის. დადგენილ ვადაში უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობების და ადგილების ჩამონათვალი, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია და ასევე, ადგილები, სადაც ასეთი მასალის განთავსება შეიძლება.

მედია
მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქების რეგულირება მეტად კომპლექსური საკითია. ერთის მხრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დაბალანსება, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკური რეკლამის განთავსება მკაცრად რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
საარჩევნო კოდექსით დადგენილია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი.

საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

კანონი, ასევე, განსაზღვრავს ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“; აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა

საარჩევნო კოდექსით მკაცრად არის რეგლამენტირებული იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის გამართვა. ეს ადგილებია:

• საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;
• სასამართლოები;
• სამხედრო ნაწილები.

საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. ესენია:

• საარჩევნო კომისიის წევრი;
• მოსამართლე;
• საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეები;
• გენერალური აუდიტორი;
• საქართველოს სახალხო დამცველი;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე და ორგანიზაცია;
• საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციები;
• სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
• საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობის პირებს ეკრძალებათ:

• სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ასევე არჩევას;

• სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა;

• წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსდა მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, საკრებულოს წევრებს, გამგებლებსა და მერებს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს.

• ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა;

• იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის;

• იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

• აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

• აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის შექმნა, სადაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ასევე, რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას.

• აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

ზემოაღნიშნული წესების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას და იწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ამომრჩევლის მოსყიდვა

დღეიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პარტიებს, კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ პირადად, ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარდა სააგიტაცო მასალის დარიგებისა. ასევე, აკრძალულია ფულის, ან სხვა მატერიალური ფასეულობის გადაცემის დაპირება.

პარტიას, ბლოკს, კანდიდატს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ზემოაღნიშნულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.


ნანახია: 750-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რომელი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ეძლევათ ან ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა? როგორც ისჯება არჩევნების
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო
ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული
რა პასუხისმგებლობას იწვევს სააგიტაციო მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა? კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ
კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები - არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი