Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რესტორანი, ლიმუზინი, საჩუქრები–რა ჯდება საქართველოში სასკოლო ბანკეტი?

თარიღი : 9-06-2016, 11:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
„მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე,“ – სოციალურ ქსელში ჟურნალისტ მეგი კავთუაშვილის მიერ ამ სათაურით გამოქვეყნებულმა სტატუსმა აქტიური დისკუსია გამოიწვია.

„მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების. რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ, რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.

ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემ „ქეიფ-დროს ტარებაში“ კიდევ დამატებით ვერ დავახარჯინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.

გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 – 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო. თან შარვალ-კოსტუმიც საყიდელი გვაქვს და ვის ვესესხო ფული, იმას ვფიქრობო. გლდანში ხდება ეს.

რა ბანკეტი, რა მასწავლებელი, რა ლიმუზინი, რა შარვალ-კოსტუმი... თუ დედამიწაზე არ ვარ „შემომილაწუნეთ“!“ – წერს კავთუაშვილი.

სკოლის გამოსაშვები ბანკეტი უცხოეთის ქვეყნებშიც გავრცელებული ტრადიციაა. თუმცა პრობლემა, რომელზედაც პოსტის ავტორი ამახვილებს ყურადღებას, იმ კონტრასტს ეხება, რომელიც, ერთის მხრივ, საქართველოს განათლების სისტემასა და სოციალურ ფონს, მეორეს მხრივ კი მოსახლეობის შემოსავლებს შორისაა.

„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, საშუალოდ რა ჯდება საქართველოში სასკოლო ბანკეტი ერთ ადამიანზე და რა ხარჯები შედის ამ თანხაში.

ამ მიზნით რამდენიმე რესპონდენტი გამოვკითხეთ, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს.

ნაძალადევის საჯარო სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, აბიტურიენტი:

„სკოლა წელს დავამთავრე. ბანკეტზე წასვლა დაახლოებით 700-800 ლარი დამიჯდა. 200 ლარი რესტორნის მენიუ და მისი ორგანიზება დაჯდა. ამაში შედის როგორც უშუალოდ მენიუ, ისე ქალაქგარეთ გასვლა და ფოტო და ვიდეო გადაღება. შემდეგ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წვრილწვრილი დეტალები, რომელიც საღამოზე დასასწრებად არის აუცილებელი. ამას ემატება მასწავლებლის საჩუქარი, ყველაფერი ჯამში ძალიან დიდ თანხამდე ავიდა. ჩემი აზრით, ჯობდა ეს ფული შემენახა, ცოტა დამემატებინა და დასასვენებლად წავსულიყავით კლასელები საზღვარგარეთ. ბევრად კარგად გავერთობოდით. სისულელეა ბანკეტებში ამდენი ფულის ყრა, არადა, რომ არ წახვიდე, სხვა თვალით შემოგხედავენ" .

საბურთალოს ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე, ამჟამად მეორე კურსის სტუდენტი:

„სკოლა რამდენიმე წლის წინ დავამთავრე. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ სკოლის დამამთავრებელი ბანკეტი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მახსოვს, რომ ჩვენ 250 ლარი გადავიხადეთ, მაგრამ ამ თანხაში ცხადია ტანსაცმელი და მომზადება არ შედიოდა. ხვდებით ალბათ - საერთო თანხა ძალიან მაღალი იყო. სამწუხაროდ ჩვენს რამდენიმე კლასელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეს თანხა გადაეხადა (ვგულისხმობ მხოლოდ 250 ლარს). ამ მომენტში თავს იჩენს სირცხვილი, ბრაზი, უთანასწორობის განცდა. ისიც მახსოვს, ერთ-ერთი კლასელი ამბობდა, „რა გაგიხდათ ეს 250 ლარიო." საბოლოოდ ბანკეტის სამზადისი სერიოზულ დაპირისპირებად იქცა.

საერთო ჯამში მსგავსი გამონათქვამების ავტორები გავაჩუმეთ და შევთანხმდით, რომ ვისაც პრობლემები ჰქონდა, ნაკლებ თანხას დადებდა. თითქოს ეს ტოლერანტული მიდგომაა, მაგრამ არის რაღაც დამამცირებელი მასში, განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში. ჩემი მეგობრებისგან წელსაც არაერთი მსგავსი შემთხვევა გამიგია".

არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაში ლიმუზინი მონაწილეობს, რომელსაც, ცხადია, ასევე მოსწავლეების მშობლების ხარჯით ქირაობენ.

რესტორნებისთვის სასკოლო ბანკეტი კვლავ შემოსავლიან ბიზნესად რჩება.

თუმცა „კომერსანტის" მიერ გამოკითხულმა არცერთმა რესტორანმა არ დაასახელა ფასი, რაც სკოლის ბანკეტი ჯდება. „თბილისის ზღვის კლუბში" ამბობენ, რომ წელს ბანკეტებზე მომართვიანობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. რაც შეეხება იმას, თუ რა ჯდება საშუალოდ ერთი კაცი მომსახურება, ამაზე ამბობენ, რომ ეს კონფიდენციალურია და მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

ფასებზე არ საუბრობენ არც რესტორან „გუჯარში" და არც „ბაბილო სანაპიროზე". ორივე რესტორანში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკების თემაა და ვერც საშუალო ფასს დაასახელებენ. თუმცა, მათივე მტკიცებით, ბანკეტებზე მოთხოვნის დინამიკა არ შეცვლილა და ის ისეთივე პოპულარული და მოთხოვნადია, როგორც გასულ წელს.

Myrest.ge-ს ინფორმაციით, თბილისის ზღვის კლუბში არსებული რესტორნის ერთი დღით დაქირავება 6 600 ლარი ჯდება. იქ სასკოლო ბანკეტი ერთ ადამიანზე 250 ლარი ჯდებოდა.

რესტორან „ბერმუხაში" 50–კაციანი ბანკეტის გადახდა საშუალოდ 5700 დან 8360 ლარამდე ღირს (1 ადამიანი 114-167 ლარი). ბერმუხას ეს შეთავაზება ტორტს (სკოლის წარწერით), ფეიევერკს, წითელ ხალიჩას, ბანერს (სკოლის წარწერით), მუსიკოსებს, დიჯეის და 60–ლარიან მენიუს მოიცავს.

მცხეთაში მდებარე „გუჯარში" ეს თანხა 6400 ლარია (1 ადამიანზე 128 ლარი). თუმცა ამ ფასში მუსიკა, ტორტი, ფოიერვერკი, წამყვანი და სხვა მომსახურებები არ შედის.

„კომერსანტი" ივენთ კომპანია „შოუ თაიმსაც" დაუკავშირდა, რომელიც მსგავსი ღონისძიების დაგეგმვისას ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას საკუთარ თავზე იღებს. კომპანიის მონაცემებით, წელს ერთ ადამიანს სასკოლო ბანკეტი დაგეგმვით, მენიუთი და სხვადასხვა სერვისით საშუალოდ 200 ლარი უჯდება. კომპანიის ივენთ-მენეჯერი ანა ჩიბურდანიძე ამბობს, რომ მათთან დიდი მოთხოვნაა წამყვანებზე, რომლის ფუნქციაშიც შედის ბანკეტის წაყვანა, კონკურსების ჩატარება, ფლეშ-მობის ორგანიზება და მსგავსი ტიპის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. წამყვანის დაქირავება კი 1000 ლარი ღირს.

„თუ ვისაუბრებთ განსხვავებულ ბანკეტზე, რომელიც ქალაქგარეთ, ღია ცის ქვეშ ტარდება, დამატებითი მომსახურებით, საშუალოდ ერთ ბავშვს მთლიანი ორგანიზების შემთხვევაში მენიუს ჩათვლით 200 ლარამდე უჯდება. ასეთ ბანკეტებზე მოთხოვა არცთუ ხშირია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ისინი რესტორნებით შემოიფარგლებიან ხოლმე და ასეთ სიახლეებს ერიდებიან, რადგან ეს მათთვის დამატებითი ხარჯია"-აცხადებს ჩიბურდანიძე.

ფოტოსა და ვიდეოს ქირაობა მინიმუმ 700 ლარი, მაქსიმუმ კი 1500$ ჯდება.

მოყვანილი თანხებიდან და სერვისების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რთულია სასკოლო ბანკეტის საშუალო ხარჯის დაანგარიშება ერთ ადამიანზე. თუმცა ფაქტია, რომ თბილისში, საშუალო დონის ღონისძიების მოწყობა მინიმუმ 400 ლარი ჯდება. ამ ხარჯში, როგორც წესი, შედის მასწავლებლების დაპატიჟება და ზოგ შემთხვევაში მათთვის სოლიდური საჩუქრების გაკეთება.

შესაბამისად, ქართული რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შვილის გამოსაშვები საღამო ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

commersant.ge


ნანახია: 962-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქუთაისის სასამართლოში დასასწრებად მისი ერთი ჩამოსვლა 5 000 ლარი ჯდება.
როგორც მერაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, ქუთაისის სასამართლოში დასასწრებად მისი
მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სასაწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად,
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
2016 წლის დეკემბერში 5-6 ადამიანზე გათვლილი საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 149.5 ლარია, რაც 2015 წლის დეკემბრის მონაცემებს
"ნაც–ქოცურმა" რეჟიმმა ქუთაისში 15–მდე სკოლა შეიწირა"
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი იმერეთში გადახდენილი ისტორიის შესახებ წერს.
ქართული ფარმაცევტული ბაზარი ჯერაც დაურეგულირებელია, შედეგად მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სავსებით სამართლიანად უამრავი შეკითხვა და პრეტენზია

ამინდი