Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელი ითხვისი რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 15-05-2016, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) იწყებს ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი".

რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.

ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.

რუბრიკაში მონაწილეობის მსურველმა სოფლებმა სააგენტოს უნდა მიაწოდონ მათ სოფელზე მომზადებული ნამუშევრები ტექსტური, ვიდეო თუ ფოტო მასალის სახით. მოწოდებული მასალები Topnews.com.ge-ზე გამოქვეყნდება.

რუბრიკის ფარგლებში გთავაზობთ გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, გიორგი დვალაშვილის მიერ მოწოდებულ მასალას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის შესახებ.


ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძველი დასახლებული პუნქტი სოფელი ითხვისი მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს მდებარეობს. სოფელი ქალაქს 8 კმ-ითაა დაშორებული. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილი მდებარეობს მდ. ითხვისწყლისა და მდინარე ყვირილას შეერთების მიდამოებში (ზღვის დონიდან 380 მ), ხოლო ყველაზე მაღალია ე.წ ,,დვალაშვილების გორა” ზედა ითხვისში (ზ.დ 810მ). სოფელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 5-6 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკნ 4-5 კმ-ზე.

ითხვისის მეზობელი სოფლებია: ჩრდილოეთით სოფ. კალაური, სოფ. წასრი და ბეგიაური, დასავლეთით _ სოფელი კალაური და შუქრუთი, აღმოსავლეთით _ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ქორეთი და ითხვისის თემის საკრებულოს სოფ. ბჟინევი. სოფელი არაოფიციალურად ორ ნაწილადაა გაყოფილი: ზედა ითხვისი და ქვედა ითხვისი, თუმცა არცერთ ისტორიულ დოკუმენტში ითხვისი ცალ-ცალკე არ მოიხსენიება.

2014 წლის მონაცემებით, სოფელ ითხვისში ცხოვრობს 995 კომლი 2950 მაცხოვრებლით, ხოლო ითხვისის თემის საკრებულოში მთლიანად 1313 ოჯახი და 4000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. გავრცელებული გვარებია: მეგრელიშვილი _ 125 კომლი, იაკობიძე _ 88, ღავთაძე _80, კაპანაძე _ 79, მახათაძე _ 65, კობერიძე _ 50, გოგატიშვილი _ 43, ბაძგარაძე _ 42, ფხალძე _ 36, დვალაშვილი _ 29, მოცრაძე _ 26, დარბაიძე _ 25, ბიბიაშვილი _ 22, წერეთელი _ 20, ხახიშვილი _ 20, ჩინჩალაძე _ 17, ქურციკიძე _ 17, აბდუშელიშვილი _ 15, აბაშიძე _ 5. აღსანიშნავია, რომ გვარუციძე, მოცრაძე და ყობიაშვილი ითხვისის გარდა არსად არ გვხვდება. სავარაუდოდ ამ გვარებმა ზემო იმერეთში სახეცვლილება განიცადეს და შეიცვალეს პირვანდელი სახე.

ითხვისი ერთ-ერთი უძველესი სოფელია, ისტორიულ ძეგლებში XV საუკუნის დამლევიდან მოიხსენიება. სოფლის სახელწოდების შესახებ ორი ლამაზი თქმულება არსებობს, რომელთაგანაც ერთი უფრო მეტად გავრცელებულია:

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, სოფლის დღევანდელ ტერიტორიაზე გზად გაუვლია მგზავრს და წინ შემხვედრთათვის უკითხავს სოფლის სახელი, რა ერქვა ამ სოფელს. ერთ-ერთს უთქვამს: ,,მე არ ვიცი, მეორე იტყვისო”. სავარაუდოდ, სწორედ სიტყვა ,,იტყვისო” – დან მომდინარეობს სოფლის სახელი. ითხვისისადმი მიძღვნილ ლექსებში რითმა ,,იტყვის-ითხვისს” ხშირად გამოიყენება, მაგალითად:
,,ეჰ, კაცის ენა რაღას არ იტყვის
ახსოვს მაისში მოთოვა ითხვისს”.

მეორე თქმულების თანახმად, ითხვისის მიდამოებში ტურმე მცირე ტბები და იხვები ყოფილა. მეზობელ სოფელ ქორეთიდან კი, ქორების გუნდი ხშირად თავს ესხმოდა ტბაში მობანავე იხვებს, ამიტომ სოფლის სახელწოდებაც იხვებს უკავშირდება. სოფელს ,,იხვეთი”, უფრო კი ალბათ ,,იხვისი” ეწოდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ითხვისი ცნობილია, როგორც ნაქალაქარი, ნაქალაქარი კი, ძირითადად, ,,ისი” სუფიქსით ბოლოვდება.
ითხვისის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგები მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა. 1953 წლიდან ითხვისში ჩაის პლანტაციები გაშენდა. ამ პლანტაციების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ევროპაში ერთ-ერთ მაღალ ადგილზეა გაშენებული, მდებარეობს ზღვის დონიდან 810 მეტრზე (,,დვალაშვილების გორა”), სადაც კი ჩაის კულტურა ხარობს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160515131521.png


ითხვისის მცოვრებლებზე დიდი იყო მანგანუმის მრეწველობის გავლენა. ის აქაური მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ითხვისის ზეგანზე წლეების განმავლობაში ფუნქციონიებს მანგანუმის #32 მაღარო. 1952 წლიდან დაიწყო მადნის ღია წესით მოპოვება. 1957 წლის ბოლოს კი გაიხსნა ,,ახალი ითხვისის” მაღარო კომპლექსი (აქ გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი ,,განგაში”). სოფლის მიწისქვეშა შრეებიდან გამოღებულ იქნა მრავალი ასეული ტონა მადანი, რომელმაც სახლების, წყაროების, საკულტო ნაგებობების, სასმელი წყლების დაზიანება და ათეული ჰექტარი მიწის დამეწყვრა გამოიწვია. ითხვისი ცნობილია აგრეთვე, თავის წიაღში მოპოვებული კვარცის სილით.
http://www.picz.ge/img/s2/1605/15/7/7258a419e20c.jpg


1962 წლამდე არავინ იცოდა რა სიმდიდრეს ინახავდა ითხვისის მიწისქვეშეთი. ,,ახალი ითხვისის” მაღაროთა სამმართველოს მანგანუმის ღია კარიერზე მრავალტონიანი ექსკავატორის მემანქანემ მადნის ამოღებისას მიწაში შემთხვევით, მდიდრული სამარხი აღმოაჩინა. ეს მოხდა ,,ჩილათას” ბორცვზე. შამარხიდან ამოღებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ჩილათას ბორცვზე აღმოჩენილი მდიდრული სამარხი გვიან ბრინჯაოსა და ადრეფეოდალური ხანისაა. ნაპოვნია კოლხური კერამიკა, ბრინჯაოსა და რკინის იარაღები, ბრინჯაოს ნივთების ჩამოსასხმელი ყალიბები. Aქვე აღმოჩნდა ბერძნული შავლაქიანი კერამიკაც. ეს არქეოლოგიური მონაპოვარი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ითხვისსზე, როგორც ერთ-ერთ ნაქალაქარზე, რომლის დაწინაურების ხანა ემთხვევა კოლხეთის სახელმწიფოს არსებობის პერიოდს – ძვ.წ. აღ. –ით VI-VI საუკუნეებს.

სულ გაითხარა 12 სამარხი, რომელთაგანაც სიმდიდრით გამოირჩევა სარკოფაგი, რომელშიც განისვენებდა წარჩინებული ქალი მოახლითურთ. მას ჩატანებული ქონდა უამრავი ნივთი. სხვა ნივთებთან ერთად მასში აღმოჩნდა ძვ. წ.აღ-ით V საუკუნის II მეოთხედის ანტიკური შავი ფიგურებიანი კილიკი და შავლაქიანი ჯამი, რომელზეც ბერძნულად იკითხება სახელი ,,მეტოს”. ეს არის ბერძნული დამწერლობის უძველესი მაგალითი საქართველოში. შახელი ,,მეტო” სვანეთშიც გვხვდება. ეს ფაქტი ადრეანტიკურ ხანაში ბერძნულ სამყაროსთან ქართველების ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს. Aარქეოლოგიური მასალებიდან ჩანს ,რომ ზემო იმერეთი ქართლთან ერთად დაწინაურებული ყოფილა.

სოფელს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მფარველობს. ითხვისში 1847 წლიდან არსებობდა ამ წმინდანის სახელობის ტაძარი, რომელიც დეკანოზ ექვთიმე წერეთლის ხელმძღვანელობით აგებულა. გადმოცემის თანახმად, ეკლესიას აშენებდნენ ბერძენი ხელოსნები. ეს ეკლესია წარმოადგენდა ყვირილის მარცხენა მხარეს მდებარე ჭიათურისა და საჩხერის სოფლების ერთ-ერთ სასულიერო ცენტრს. დეკანოზის გარდაცვალების შემდეგ, ტაძარმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ეკლესია მანგანუმის მადნის მიწისქვეშა წესით დამუშავების გამო ნელ-ნელა ზიანდებოდა. ჩამოიშალა სახურავი, დაიბზარა კედლები. 1991 წელს 29 აპრილის მიწისძვრამ კი ტაძარი თითქმის მთლიანად დაანგრია. დანგრეულ ტაძართან ახლოს აიგო ახალი ეკლესია, აწ განსვენებული ითხვისელი ქველმოქმედის _ ბონდო კაპანაძის თაოსნობით. ტაძარი მოხატეს და ფრესკებით დაამშვენეს: ავთანდილ, ტარიელ და გიორგი ვართაგავებმა. ახალი ტაძარი ძველის იდენტურია, ოღონდ მასშტაბებია გაზრდილი. გუმბათის სიმაღლე 18 მეტრია, ტაძრის სიგანე კი 11 მეტრი.
http://www.picz.ge/img/s4/1605/15/9/9219c57bf25a.jpg


ითხვისის მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილია ლეგენდა გორამ გოდაბრელიძის შესახებ. მტრის ტყვეობაში მყოფმა გოდამმა, ილოცა, ღმერთი ადიდა და იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე საკუთარ ხალხთან ყოფნა ინატრა. ძედამხედველებმა ტყვეს დასცინეს: ,,თუ ასეთი ძლიერია თქვენი ნათლისმცემელი, წაგიყვანის და ტაძართან მიგიყვანოს”. მეორე დილით სასწაული იხილეს: ნათლისმცემლის ტაძართან ახლოს, ღავთაძეების უბანში, გოდაბრელიძე მძინარე ნახეს, ხელში ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი ეჭირა, რომელიც შემდეგში ეკლესიისთვის შეუწირავს. გოდაბრელიძეს ჩოქვით გადაუვლია ითხვისი, რამდენიმე ადგილას ჯვარი დაუსვამს. ეს ადგილები დღეისათვის სოფელში წმინდა ადგილებადაა მიჩნეული. ღამდენუმე ,,საჯვარეზე” მცირე ზომის სალოცავია აგებული.

1929 წელს ზედა ითხვისში, ვლადიმერ ბარჯაძის სახლში, სერგო მეგრელიშვილის თაოსნობით გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, რომელიც ჯერ 8 წლიანად, შემდეგ კი საშუალო სკოლად გადაკეთდა. დღეისათვის სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ორი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2015 წლისათვის ითხვისის # 1 საჯარო სკოლაში სწავლობდა 194 მოსწავლე, ხოლო პედაგოგი იყო 37, რაც შეეხება ითხვისის #2 საჯარო სკოლას, მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 70-ს, ხოლო პედაგოგი კი 21. სულ ითხვისში არსებულ ორივე საჯარო სკოლაში სწავლობდა ჯამში 264 მოსწავლე, ხოლო საჯარო სკოლაში დასაქმებულია ჯამში 58 პედაგოგი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს კარსტული მღვიმე ,,თსუ-95”, რომელიც გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მისასვლელი გზა მდინარე ყვირილას ხეობიდან არის როგორც საფეხმავლო ბილიკი, აგრეთვე საჰაერო საკიდი საბაგირო გზა. მღვიმე აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა თსუ-ის დაარსების 95 წელთან დაკავშირებით თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.

მღვიმის წინა ნაწილი (შესასვლელის სიმაღლე 0,5 მ, სიგანე 3 მ) 8 მეტრი სიგრძის დაბალი დერეფნითაა წარმოდგენილი, რომელიც ძალზე ვიწრო და დაბალი ხვრელით უკავშირდება მღვიმის მეორე, უფრო ვრცელ დარბაზს (სიგანე 11 მ, სიმაღლე 11 მ). ჰაერის ტემეპერატურა მუდმივად +13.5 – +14°C-ია. მღვიმეში რამდენიმე სართული გამოიყოფა. მღვიმის აბსოლუტური სიმაღლე 495 მეტრი, ხოლო მდინარის შეფარდებითი სიმაღლე – 122 მეტრია. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან ნგრევის და გამოფიტვის ადგილობრივი პრუდუქტები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმის წინა ნაწილი დინამიურია, ბოლო – სტატიური. დროებითი ღვარების შემოსვლას პერიოდული ხასიათი აქვს. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და სხვადასხვა სახის მწერები.

მომავალში, მღვიმეში აუცილებელია შემდგომი კომპლექსური კლვევების ჩატარება. მღვიმის ათვისება შესაძლებელია როგორც ტურისტული მიზნებისათვის, აგრეთვე საწავლო-საგანმანათლებლო მიზნითაც. მღვიმეში შესაძლებელია ჩატარდეს საველე ლექციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. აგრეთვე აუცილებელია უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება მღვიმის დასაცავად, რათა არ მოხდეს ნაღვენთი ფორმების (სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატების) ადამიანის მიერ მექანიკური დაზიანება.


ნანახია: 12474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და სოფლის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას
მღვიმე საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ამავე სოფლის მკვიდრის ბიძინა
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.
ვანის გამგებელი სამწლიან საქმიანობას აჯამებს.

ამინდი