რა საფრთხეს შეიცავს 'დასიცხული' გაზიანი სასმელები?

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ პროექტს- ,,დამზადებულია იმერეთში“, რომლის მიზანია იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.
ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე ბევრი პროდუქტი მზადდება, თუმცა მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული მათ ხარისხზე. ნაკლები ხარისხი პოდუქციის რეალიზაციის დაბალ ფასს განაპირობებს. სწორედ მომხმარებელთა დაკვეთით, ბაზარზე ჩნდება ახალი სახელები,ზოგიერთი კი საერთოდ ქრება.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პროექტის ფარგლებში-,,დამზადებულია იმერეთში“, რეგულარულად შესთავაზებს მოსახლეობას ინფორმაციას ბაზარზე არსებული სიახლეებისა თუ პრობლემების შესახებ.
ამჯერად იმ პრობლემაზე გიამბობთ, რაც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში მზის სხივების ქვეშ მოხვედრილმა გაზიანმა სასმელმა ჩვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას შეუქმნას.
რა პირობებში იყიდება გაზიანი სასმელები ქუთაისის ბაზრობებზე? ტემპერატურის მატებასთან ერთად, იმატებს მოთხოვნა გამაგრილებელ სასმელებზეც, როგორიცაა მაგალითად ლიმონათი, ბევრისთვის და განსაკუთრებით ბავშვების საყვარელი სასმელი.
Topnews.com.ge გთავაზობთ ინფორმაციასა და ფოტოკოლაჟს თუ როგორ პირობებში ინახება ბაზრობებზე გამაგრილებელი სასმელები და რა საფრთხის შემცველია ისინი.
ეს ეგრეთ წოდებული „კეჩის ბაზრობაა“. გაყიდვაში ჩაშვებულ ლიმონათებს აქ მთელი დღის განმავლობაში პოლიეთილენის სქელ ცელოფანში, გახვეული მზის ქვეშ ინახავენ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა გამაგრილებელ გაზიანი სასმელის შეფუთვაზე დატანილია შემდეგი სახის ტექსტი „შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.“ გამყიდველები ხშირად ამას არ ითვალისწინებენ და სასმელებს მზის სხივების ქვეშ დღეების განმავლობაში გაყიდვამდე ტოვებენ, რაც ხშირად არასათანადო პირობებში გაჩერებული გამაგრილებელი გაზიანი სასმელის გაფუჭების მიზეზი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმებით ლიმონათის სიცხეში განთავსება მიუღებელი და საშიშიც კია, ქუთაისელი გამყიდველების ნაწილი ამას არ ეთანხმება. ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე: ფუჭდება თუ არა გამაგრილებელი სასმელი, როდესაც მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება? პასუხი უარყოფითია. მათი თქმით, ლიმონათის მსგავს პირობებში გაჩერება არა თუ რამდენიმე საათი, არამედ რამდენიმე კვირაც შეუძლიათ ისე, რომ სასმელმა ვარგისიანობა არ დაკარგოს.

„ეს ერთი თვეც რომ იდოს ასე, არ გაფუჭდება. გაზიან სასმელს გაზი ინახავს და არ აფუჭებს სიცხეში როდესაც დევს. ამიტომ, ასეთი ლიმონათებისთვის სიცივეც არაა საჭირო,“- აცხადებს გამაგრილებელი სასმელების ერთ-ერთი გამყიდველი.
საკითხს უფრო მარტივად უყურებენ გაზიანი სასმელების სხვა გამყიდველები. მათი თქმით, ლიმონათის ათობით შეკვრა დღეში ისე სწრაფად იყიდება, რომ მზე მის გაფუჭებას ვერ ასწრებს.
„ასეთი ლიმონათი დღეში იმდენი იყიდება სად ასწრებს გაფუჭებას, თორე კი".

როგორც ირკვევა, მსგავს ბაზრობებზე გამყიდველები შესაძლო რისკებზე ინფორმაციას არ ფლობენ ან ნორმების დაცვას უბრალოდ საჭიროდ არ თვლიან და მომხარებლის ჯანმრთელობასაც არც ისე სერიოზულად აღიქვამენ. არადა როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა იმაზე გაცილებით მწვავეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კონკრეტულად კი, მზის მწველი სხივების ობიექტი არა მხოლოდ ბოთლში არსებული ბუნებრივი თუ ხელოვნურად დამზადებული სითხეებია, არამედ თავად ბოთლიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასტანდარტულადაა დამზადებული. ბოთლი, რომელიც ძალიან რბილი და არამდგრადია, მზის სხივებზე განაგრძობს წვას და ორგანიზმისთვის მომწამვლელი ხდება.
ბევრი არსებული საფრთხის მიუხედავად, გამაგრილებელ სასმელებს მსგავს ბაზრობებზე მომხმარებელი ბევრი ჰყავს. გამყიდველები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ სტანდარტების დაცვას, თუმცა მომხმარებლის უფლებაა მოითხოვოს პროდუქტზე ხარისხის შემოწმება, ყურადღება მიაქციოს სასმელის ვარგისიანობის ვადებს, მის შემადგენლობასა და შეფფუთვას.
მარუსა ხურციძე