მსოფლიოში სიძველით ცნობილი ერთ-ერთი პირველი მღვიმოვანი ტყიბულში მდებარეობს
თარიღი : 14-03-2016, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში არსებულ მღვიმოვანზე გიამბობთ.
ცუცხვათის მღვიმოვანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, ოკრიბა-არგვეთის სერზე, ზღვის დონიდან 250-400 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ მღვიმურ სისტემას ,,მაღარას” სახელით მოიხსენიებს. 1970 წლიდან პროფესორ ლევან მარუაშვილის ინიციატივით დაიწყო ცუცხვათის მღვიმოვანის კომპლექსური შესწავლა. მღვიმური კომპლექსი გამომუშავებულია ცუცხვათის ქვაბულში გამდინარე პატარა მდინარის-შაბათაღელის მიერ ქვედაცარცული ასაკის მასიურ კირქვებში. შესასვლელები განლაგებულია ოკრიბა-არგვეთის სერის ორივე მხარეზე. მღვიმურ სისტემას უკავია 6-7 ჰა. მდინარის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე მღვიმემდე 60-70 მეტრია; მღვიმეების აბსოლუტური სიმაღლეები 290-360 მტრის ფარგლებში მერყეობს. მღვიმოვანი გარშემორტყმულია გორაკ-ბორცვებით, რომელთა თხემები ზღვის დონიდან 600-800 მ სიმაღლეზეა.
თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები.
განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: 1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის - VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს - შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა.
მსოფლიოში სიძველით ცნობილ მღვიმოვანში თბილისის სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის ასისტენტ პროფესორ, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილის ორგანიზებით, მღვიმის მნიშვნელობის შესახებ საველე ლექცია ჩატარდა.
ცუცხვათის მღვიმოვანის პოპულარიზაციის ღონისძიებაში ტყიბულის საკრებულოს წევრი ბორის გაბრიაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის თემში წარმომადგენელი გოჩა პატარიძე და ცუცხვათის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ჩიხლაძე მონაწილეობდნენ. ტყიბულის ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომლების დახმარებით, შედარებით ადვილად მოხდა მოსწავლეების გადაადგილება უნიკალურ ცუცხვათის მღვიმოვანში. მღვიმოვანში მოსწავლეების ინიციატივით მოეწყო მღვიმის დასუფთავების აქცია. მდინარის მიერ წყალდიდობის დროს შემოტანილი ნარჩენებისგან მღვიმოვანის დასუფთავებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები. დასუფთავების აქციის შედეგად შეგროვებული ნარჩენები კი მღვიმოვანიდან ადგილობრივების დახმარებით გამოიტანეს. გარდა ამისა, დაიგეგმა ცუცხვათის მღვიმოვანის სისტემის პოპულარიზაცია, სადაც აგრეთვე მოწვეული იქნებიან მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობივი თუ სხვადასხვა რეგიონის ტურისტები.
