Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქმარმა შვილის სანაცვლოდ ბინა და მანქანა მომთხოვა,“ - ემიგრანტის ნაამბობი

თარიღი : 16-02-2016, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ნატალია ჭიჭინაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ემიგრანტის სტატუსი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის აირჩია. მის ემიგრანტულ ცხოვრებას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. კითხვაზე-თუ რა ფაქტორებმა განაპირობა ემიგრანტთა რიცხვს შეერთებოდა, პასუხი ყველასთვის ცნობილი ფრაზებით დაიწყო: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, ეკონომიკური კრიზისი, გაუსაძლისი მდგომარეობა და შვილებისათვის საკმარისი რესურსების არქონა. სწორედ ეს ფაქტორები გაიძულებს გადადგა ყველაზე ძნელი ნაბიჯი. სხვა გზა არ მქონდა: ან უნდა წავსულიყავი და რაღაც შემეცვალა ან შიმშილით მომვკვდარიყავი.წასვლამდე ყველაფერში ვცადე ბედი. თავდაპირველად ჩემი პროფესიით ვმუშაობდი მინიმალური ანაზღაურებით, შემდეგ ვაჭრობას მოვკიდე ხელი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ერთადერთ იმედად წასვლა მესახებოდა და ამიტომ გავხდი იძულებული ქმარ-შვილი დამეტოვებინა და სხვა ქვეყანას შევფარებოდი მათ გადასარჩენად.

როგორი იყო გზა საკუთარი სამშობლოდან მაშინ თქვენთვის უცხო ქვეყნამდე?
ადრე ადამიანებს იტაცებდნენ და მონებად აქცევდნენ. ამ შენთხვევაში კი თავად გადავიხადე ფული, რომ ჩემი თავის მონობა მეყიდა. ავიღე პროცენტიანი ვალი და შევუდექი საბუთების შეგროვებას. გავაკეთე ჩეხეთის ვიზა, რომლითაც მხოლოდ ჩეხეთამდე შემეძლო ჩასვლა. იმ დროისთვის ევროპის საზღვრები ჩაკეტილი იყო და ერთადერთი გამოსავალი გადაპარვა იყო. ყოველ წამს უკან ვიხედებოდი, მაგრამ უკან დაბრუნების გზა მოკვეთილი მქონდა. ჩეხეთში უნდა დამხვედროდა ქართველი პიროვნება, რომელთანაც წინასწარ ვიყავი შეთანხმებული, მაგრამ მან დახმარების ხელის გამოწოდება არ ისურვა და ტელეფონი გამომირთო. ჩეხეთში ჩასვლის შემდეგ 150 ევროდ ავიყვანე ტაქსი, რომელსაც რამდენიმე მეტრში ავსტრიის საზღვართან უნდა მივეყვანე. ჩეხეთმა ჩვეულებრივ გაგვატარა და ავსტრიამ-არა. ბევრი მცდელობის შემდეგ მანქანით ვერ მოვახერხე გადასვლა და მატარებლით მოგვიწია ვენაში ჩასვლა. ვენაში ერთი კვირა გავჩერდი. ამ ხნის განმავლობაში ერთ ოთახში ვიყავი ტუსაღივით გამოკეტილი.ქალაქში ვერ გავდიოდი. ვინმეს რომ დავეჭირე, ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. ამის შემდეგ ერთი თვით ბინა დავიდე კალაბრიაში. აქ კიდევ უფრო მძიმე გახდა გაჩერება. ერთი თვე ქართველებთან უმუშევარი ვიყავი. არანაირი სახსარი არ გამაჩნდა, რომ თავი მერჩინა. ქართველები კი დახმარებით თავს არ იწუხებდნენ. არავინ არაფერს არ გაწოდებდა. შიმშილს ვერ გავუძელი და ცხოვრებაში პირველად პური მოვიპარე. ამის შემდეგ ბედი ლაგვილაში ვცადე, სადაც ერთი კვირით თავი ეკლესიას შევაფარე. იქ უფასო საჭმელი იყო. თავს შემოწირულობებით ვირჩენი და ღამეს ვათევდი. ცოტა მოგვიანებით უცხო ქართველის დახმარებით ვიპოვე სამსახური, სადაც ერთი წელი 13-წევრიან ოჯახს ვემსახურებოდი. ისინი ადამიანად არ მთვლიდნენ, ბავშვებს კვირაში ერთხელ ვესაუბრებოდი, მხოლოდ ორი წუთით. დანარჩენ დროს კი მათზე მონატრებაში და ტირილში ვატარებდი. ბავშვები მენატრებოდა, მინდოდა უკან წამოსვლა, მაგრამ ვიცოდი იქ რაც დამხვდებოდა და ეს მაჩერებდა. როდესაც მათ სურათს ვუყურებდი, ბალიშს ვასველებდი ცრემლით, რომელიც მათი მონატრებით იყო გაჟღენთილი. ერთი წლის შემდეგ ბინა რეჯო-ემილიაში დავიდე და მას შემდეგ აქ ვარ. შედარებით უკეთეს გარემოში და პირობებში მიწევს მუშაობა. ნელ-ნელა ავეწყვე, ქალაქში უპრობლემოდ გადავაადგილდებოდი. 6 წლის შემდეგ საბუთი გავაკეთე, რომლითაც საქართველოში შევძლებდი სტუმრად ჩამოსვლას.

თუ იყო ენობრივი ბარიერი?
ენას 4 თვეში დავეუფლე. სხვადასხვა სახის წიგნით და კონსპექტით ვმეცადინეობდი. რაც შეიძლებოდა მალე უნდა მესწავლა, რომ დასაქმება არ გამჭირვებოდა. ოჯახებთან კომუნიკაციით ბევრი შევისწავლე. მთავარია მოინდომო და ეს სირთულეს არ წარმოადგენს.

როგორ იმოქმედა თქვენმა წასვლამ თქვენი და თქვენი ოჯახის ურთიერთობაზე?
ამ ხნის განმავლობაში შვილები წამოიზარდნენ. ჩემი მდგომარეობით ისარგებლა ქმარმა და მისმა ნათესავებმა. ოჯახის მართვის სადავეები აიღეს. ბავშვები ვერ იღებდნენ იმას, რაც მათ სჭირდებოდათ და რისთვისაც მე ეს გზა გავიარე. უფროსი შვილი უყურადღებობით უსწავლელი დამრჩა. ხოლო როდესაც უმცროსი ბიჭის წამოყვანა დავაპირე, მამამ პრობლემები შემიქმნა და არჩევანის წინაშე დამაყენა. სასწორის ერთ მხარეს შვილი და მეორე მხარეს ფული დადო. თუკი მე მას ბინას ვუყიდდი და მანქანას დავუტოვებდი, ბავშვზე უარს იტყოდა და ნებას მომცემდა, წამეყვანა. ამიტომ იძულებული გავხდი სასამართლოს მეშვეობით დავპირისპირებოდი. ათასობით თანხა გადამახდევინა, რომელიც ჩვენ შვილებს უნდა მოხმარებოდა. სასამართლომ განაჩენი ჩემს სასიკეთოთ გამოიტანა და შვილი დიდი ძალისხმევით ჩემთან წავიყვანე. ჩემი ოჯახის მთლიანობა შეეწირა ევროპაში წასვლას. უმცროსი შვილი, რომელიც წავიყვანე, უარყოფითად არის განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიმართ. ის, რაც მან მანდ გადაიტანა, მხოლოდ ცუდ გრძნობას უღვიძებს და თავის ქვეყანაში წასვლის სურვილი არ აქვს. სამაგიეროდ, აქ წარმატებული მოსწავლეა და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.

ეხლა რას გრძნობთ? რა შეცვალა თქვენში ემიგრაციაში გატარებულმა წლებმა?

მონატრების სურვილი არასოდეს გამნელებია. ერთ მომენტში ყველაფერი მენატრება, ერთ პერიოდში ყველაფერი მძულს. დედაჩემის საფლავი მენატრება. ჩემი ეზო მენატრება, სადაც გავიზარდე. ახლობლების, მეგობრების სითბო მენატრება, მაგრამ როდესაც ჩამოვდივარ ვერ ვგრძნობ მეზობლის, ნათესავის და მეგობრის სითბოს. ისინი გაყინულები არიან. ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა არის,რომ წლების შემდეგ დავბრუნდე ისეთ საქართველოში, რომელიც წელში გამართული იქნება და ყველა მოქალაქე შეძლებს არსებობას. სირთულეების მიუხედავად, ბედნიერი ვარ. მყავს შვილები და პატარა შვილიშვილი. მე უკვე მათი ბედნიერებით მითენდება ყოველი დილა.

რას ეტყოდით ქართველ ქალებს, რომელთაც ემიგრაციაში წასვლის სურვილი აქვთ?


კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ. თუ ოჯახის რჩენის საშუალება გაქვთ, ამ ნაბიჯს ნუ გადადგამენ. თუ შეგიძლიათ შვილების მომავლის მცირედით მაინც უზრუნველყოფა, დარჩით საკუთარ ოჯახში, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, რადგან აქ წამოსვლის შემდეგ ხდება შვილებს შორის გაუცხოვება. იმ სიყვარულს, სითბოს, მოფერებას რაც მათ ყველაზე მეტად დედისგან სჭირდებათ, ფული ანაცვლებს. ბევრჯერ გამიგონია ბავშვებისგან საყვედური: მე ყველაზე მეტად შენი სითბო მინდოდა და არა ფულიო. ნუ ათქმევინებთ ამ გულიდან წამოსულ სიტყვებს თქვენს ყველაზე საყვარელ არსებებს თუ შეგიძლიათ მათთვის ელემენტარულის გაკეთება საკუთარ ქვეყანაშიც. როგორც ფაშისტები აცლიდნენ დედებს შვილებს, ისე გვაცლის ჩვენი ქვეყნის მთავრობა ჩვენს შვილებს. იბრძოლეთ იმისათვის, რომ ამ ომში მათ არ გაიმარჯვონ.


ნანახია: 2217-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი ათასობით ემიგრანტია, რომლებიც ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში
ქუთაისში მცხოვრები თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად თავშესაფარს ეძებს.
ქუთაისში, რძლის მიერ საკუთარი სახლიდან გამოშვებული დედა-შვილი თავს საავადმყოფოს შენობას აფარებს.
შემთხვევა, რომელმაც გურგენ თხელიძეს სამშობლოსა და ოჯახის დატოვება აიძულა, 2007 წელს მოხდა.

ამინდი