იტვირთება

დიმიტრი უზნაძე - ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში,"-გამოფენა ქუთაისში

დიმიტრი უზნაძე - ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში,"-გამოფენა ქუთაისში

 ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა  გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართველ ფსიქოლოგს, ფილოსოფოსს, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელს - დიმიტრი უზნაძეს. გამოფენისა და კონცეფციის იდეის ავტორია  ლონდონის ქინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ევროპის აკადემიის არჩეული წევრი, დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი  ქეთი ჭანტურია.
 
ქუთაისის მუზეუმში გამოფენის გახსნის იდეა განპირობებულია იმით, რომ სწორედ ქალაქ ქუთაისს უკავშირდება დიმიტრი უზნაძის ბიოგრაფიის პირველი წლები: 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, 1909–1918 წლებში კი ამავე გიმნაზიაში ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. 1933–1942 წლებში დიმიტრი უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.

გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი, დიმიტრი უზნაძის არქივის სახით, განთავსდება მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში. ამით, ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი კიდევ ერთი დიდი მეცნიერისა და მოღვაწის პირადი არქივით გამდიდრდება. 

გამოფენა ,,დიმიტრი უზნაძე - ხიდი ევროპული და მსოფლიო ფსიქოლოგიის კონტექსტში’’ -  ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ტარდება. გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს 10 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლება. 

გამოფენის გახსნას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე 
დაესწრო. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები