იმერეთში პრემიერის დავალებით მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ
თარიღი : 5-01-2016, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან მთავრობის წარმომადგენლები. დიდთოვლობისგან დაზარალებულ რეგიონებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ჩავიდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა იმერეთის გუბერნატორ გიგი ჭიჭინაძესთან ერთად, სამტრედიაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. სამტრედიაში ამ დროისათვის დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის იმერეთში ძაბვის გარეშე 8000-მდე აბონენტი რჩება. გარდა ამისა, მესამე დღეა იმერეთის რეგიონში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. ასევე, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი გზებიც. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონის 12-ვე ერთეული საგანგებო რეჟიმში მუშაობს.