Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნატო ქათამაძემ ან დაამტკიცოს ჩემი ათასპარტიაგამოვლილობა ან ბოდიში მომიხადოს ცრუ ბრალდებებისთვის"

თარიღი : 21-11-2015, 18:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებას საკრებულოს წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლელა ქელბაქიანი პასუხობს. ნატო ქათამაძის განცხადებით, ქუთაისის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ლელა ქელბაქიანმა კომისიის სხდომა, სადაც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავნენ, ისე ჩაატარა, რომ მას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.

ლელა ქელბაქიანი აცხადებს, რომ კოლეგა დეპუტატის მხრიდან გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ფაქტების გავრცელება უსამართლობაა.

"ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, "რესპუბლიკური პარტიის" წევრ, უსამართლობის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლ ქალბატონ ნატო ქათამაძეს ამ ბოლო დროს ჩვევად ექცა გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ფაქტების გავრცელება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, რაც სწორედ უსამართლობის გამოვლინებაა. ვეცდები თავიდან გავიარო ყველა ის ბრალდება, რასაც ქალბატონი ნატო ამ ბოლო დღეებში ასე თავგამეტებით ახვევს თავს საზოგადოებას.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკრებულოს წარუდგინა 13 ნოემბერს და არა 15 ნოემბერს, როგორც ქალბატონმა ნატომ ბრძანა, (15 ნოემბერი არასამუშაო დღე - კვირა იყო). 16 ნოემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყველა წევრს დაეგზავნა კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დაგეგმილი იყო 18 ნოემბერს. კომისიის სხდომის დაწყების წინ ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში რიგი გარემოებების გამო, რაც დაკავშირებული იყო შემოსავლით და შესაბამისად ხარჯვით ნაწილში დამატებითი თანხების გაჩენის შესაძლებლობასთან, აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა, თუმცა საკრებულოს წევრების მიერ გაგზავნილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა წარდენის ვადა თვითმმართველობის კოდექსის თანახმად საკრებულოს 25 ნოემბრამდე აქვს განსაზღვრული, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებდნენ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში. სწორედ ამ დათქმით დაუბრუნდა აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის პროექტი. შესაბამისად მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ და უპირველეს ყოვლისა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, აუცილებლად მივიჩნიე, გვემსჯელა 13 ნოემბერს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტზე, რადგან ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და საკრებულოს დეპუტატის უპირველესი მოვალეობაა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში.
18 ნოემბრის კომისიის სხდომაზე ქალბატონმა ნატო ქათამაძემ და ბატონმა კახი დვალიშვილმა, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ბატონმა ბესიკ ბრეგაძემ, უარი განაცხადეს დღის წესრიგის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღებაზე იმ არგუმენტით, თითქოსდა წარმოდგენილი და გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტი ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან ის უკვე დაუბრუნდა აღმასრულებელს. შედეგად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომისიის მხოლოდ ოთხმა წევრმა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი რაოდენობა ქვორუმისათვის და შესაბამისად კომისიის სხდომა დახურულად გამოცხადდა.

პირადად მე, დღესაც, ისევე როგორც იმ დღეს ვთვლი, რომ არანაირი სამართლებრივი ჩარჩო არ დარღვეულა და წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი არანაირად არ ცდება კანონის მოთხოვნებს.

19 ნოემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მოგვმართა ყველა კომისიას, 25 ნოემბრამდე დაგვესრულებინა 13 ნოემბერს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის განხილვა. შესაბამისად 19 ნოემბერსვე კომისიის ყველა წევრს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გადავუგზავნე ამჯერად უკვე რიგგარეშე კომისიის სხდომის დღის წესრიგი, რომელიც ჩანიშნული იყო 20 ნოემბერს, დღის 3 საათზე. შესაბამისად, ქალბატონი ნატოს ბრალდება, თითქოსდა კომისიის თავმჯდომარემ არ გააფრთხილა კომისიის რომელიმე წევრი, არის უსაფუძვლო, რაც იოლად შეიძლება გადამოწმდეს, ვინაიდან სისტემა ინახავს ყველა მიმოწერას თარიღებისა და ადრესატების მინიშნებით. საკრებულოს ყველა დეპუტატი, მათ შორის ნატო ქათამაძეც, უკვე 6 თვეა ამ სისტემის მეშვეობით იღებს ამომრჩეველთა წერილებს და ყველა ოფიციალურ დოკუმენტაციას. შესაბამისად, ქათამაძის არაინფორმირებულობას ორი შესაძლო ახსნა აქვს: 1. ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ნაკლებად ზრუნავს საკუთარ ამომრჩევლებზე, მათი მიმართვების განხილვაზე, რადგან მთელი დღის მანძილზე არ გადაამოწმა პირადი კორესპონდენცია, ან 2. მან უბრალოდ არ იცის ამ სისტემის გამოყენება, რაც უკვე მისი კომპეტენტურობის პრობლემაა.

საინტერესოა ერთი ფაქტიც: 18 ნოემბერს ქალბატონი ნატო ქათამაძე საჯაროდ უარს აცხადებდა აქაოდა არარსებული ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ხოლო 20 ნოემბერს ის უკვე ასევე საჯაროდ აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ საშუალება არ მისცა იგივე პროექტის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა. და როდისაა გულწრფელი ქალბატონი ნატო? რამდენად მისაღებია პოლიტიკოსი ქალბატონისაგან პოზიციების ასე სწრაფი და რადიკალური ცვლილება? ალბათ გასაკვირი აღარ უნდა იყოს მისი პოლიტიკური გემოვნების მკვეთრი ცვლილებაც - "ლეიბორისტული პარტიიდან" "რესპუბლიკურ პარტია"-მდე. ცხადია, მას ნამდვილად აქვს მორალური უფლება ისაუბროს ჩემს „ათასპარტიაგამოვლილობის“ საკითხზე მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიყავი. ქალბატონო ნატო, დროა ფუჭი საუბრიდან ფაქტებით დადასტურებულ, არგუმენტირებულ მსჯელობაზე გადახვიდეთ და სწორედ ახლა გაქვთ მშვენიერი შანსი ამისათვის. მოვითხოვ, აუცილებლად გამოაქვეყნოთ, ჩემი რომელიმე სხვა პარტიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ, თქვენთვის ჩვეული „სამართლიანობის“ პრინციპის დაცვით, მომიხადეთ ბოდიში ცრუ ბრალდებებისათვის," - აცხადებს ლელა ქელბაქიანი.


ნანახია: 1726-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დეპუტატი უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ საკრებულოს წევრებმა რამდენიმე დღის წინ ჩაშლილი საკრებულოს
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატო ქათამაძის ღია წერილს პასუხობს.
თამაზ მარგველაშვილმა თუმცა ამ დროს კომისიას თამაზ მარგველაშვილმა ორი წევრი ლელა გურგენიძე და ალეკო ბაძგარაძე დაამატა
ქუთაისის საკრებულოს 10 დეპუტატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის

ამინდი