Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"აჩრდილები და მტვერი", -ნინო თედორაშვილის ბლოგი

თარიღი : 21-11-2015, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ,,ბლოგი“, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ფართო საზოგადოებას ,,გაანდოს განცდები და ემოციები“ მისივე შემოქმედებით ან უბრალოდ, გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა საკითხზე. რუბრიკა ,,ბლოგი“-ს სტუმარია ნინო თედორაშვილი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. ნინო წერს ლექსებს, თუმცა თავს პოეტად არ მოიხსენიებს. აქვს ,,საკუთარი სამყარო“, რომლის თანაზიარიც ერთი ჩანახატით გაგვხადა.

აჩრდილები და მტვერი

რამდენიმე საათის უკან რაღაცაზე ჩავფიქრდი. ვერ ვიტყვი რაიმე გადავწყვიტე ან დავასკვენი-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავეთანხმე საკუთარ თავს. წარმოვიდგინე, რომ ღამის ხუთი საათია. მინდა რომ თქვენც წარმოიდგინოთ (ალბათ ვისაც ამ დროს გძინავთ ვერ წარმოიდგენთ). როგორც ყოველთვის, ფანჯრებთან ვდგავარ, ქარს სადღაც შორს წაუღია ჩემი თმები და გაყინული თითების სითბო. ვდგავარ და ვაცნობიერებ, რომ რაც არ უნდა ბევრი მეგობარი მყავდეს, ახლა სრულიად მარტო ვარ. უკვე რამდენიმე წელიწადია ვცხოვრობ დედამიწაზე, რომელზეც კაცმა არ იცის რამდენი ადამიანია და მაინც ყოველთვის ყველგან მარტო ვიყავი. იმასაც ვაცნობიერებ, ცხოვრებაში ვინც არ უნდა იყოს ჩემს გვერდით და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დადგება მომენტი როცა კვლავ გავაანალიზებ, რომ მარტო ვარ და რატომღაც გვერდიდან ან ზემოდან დავინახავ ჩემს თავს, ცხოვრებას....

ყოველთვის გამოინახება დრო როცა ასეთ ფიქრებს მიყვები ძალიან შორს, ისე შორს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა გეკარგება და იმ ადგილას ძალით ჩერდები სანამდეც მიხვალ, რაღაცის შიშის და დაღლის გამო, ყოველ ჯერზე ეგ გზები იმატებს სივრცეში და უფრო ღრმად მიდიხარ. ვიცი რომ უკან დასახევი გზები მოჭრილია, ვიცი და მაინც მივდივარ წინ. მე ყოველთვის მიყვარდა რისკი და გადაზედმეტებული სწრაფვებიც მქონდა მიუღწეველის და შეუცნობელისკენ. ვის არ ჰქონია, მე რომ არ მქონოდა. ბუნებრივია ეს მიუღწეველი ყოფითი რამ არასდროს იყო. ის უფრო აბსტრაქტულ სუბსტანციაში განფენილი და მოარული რამაა, თვალს რომ მოჰკრავ და მყისვე უფრო შორს გარბის. ყველაზე მეტად ის მამწუხრებდა, რომ რეალობაში არსებული სიდიდეები არასდროს მიზიდავდა და იძულებული ვხვდებოდი ინტერესისთვის და მრავალფეროვნებისთვის, ასევე სტიმულისთვისაც თავად მომეგონებინა რაიმე, დამესახა მიზნად და იმთავითვე დამევიწყებინა, რომ ის არარეალური და ჩემი გამოგონილი იყო. მე ვიჯერებდი მის არსებობას. სად ეს არ ვიცი, მაგრამ მე მისი არსებობა მჭირდებოდა, ჰოდა მუდამ გულანთებული ვისწრაფვოდი მისკენ. არის ამაში რაღაც საოცარი და გარდამავალი, განსაკუთრებით თუ დიდი ფანტაზიის უნარი გაქვს. ბევრჯერ მიფიქრია ხომ შეიძლება რაღაც ნორმალურის ნიშან -წყალი ჰქონდეს წარმოსახვებს-მეთქი, მაგრამ მივხვდი რომ არ შეიძლება. ყოველი გაფიქრება ისე განსხვავებულია წინა ჯერზე გაფიქრებულთაგან და ზოგჯერ საპირისპირო-ალოგიკური რომ მიკვირს. მიკვირს იმდენად, რამდენადაც მგონია სხვებს ასე არ ემართებათ.

ნუთუ ფიქრებზე საუბარი არ შეიძლება? ნუთუ არ შეიძლება ხმამაღლა იფიქრო? აი ფილმებში რომელიღაც პერსონაჟი ნიკაპთან მოთენთილ ხელს რომ მიიბჯენს და თვალებს მოწკურავს, კადრი ნელ-ნელა რომ აახლოებს მის გაფართოებულ გუგების რადიუსს და ვიღაც იწყებს საუბარს თუ რას ფიქრობს იგი იმ წუთს და განიცდის, მერე თითოეულ ნაკვთს თავისი აზრი ეძლევა და დატვირთვა. ნუთუ არ შეიძლება ჩვენი საუბრებიც და ერთმანეთის მზერა იმ მოახლოებულ კადრებს ჰგავდეს? ყველაფერი ან საოცარი ხმაურით ან უკიდურესი დუმილით მიდის. ჩვენ კი იმ ხმაურშიც ვხმაურობთ და ამ დუმილშიც ვდუმვართ. ნუთუ არ შეიძლება ამ საერთო ხმაურ-დუმილიდან ჩვენ ჩვენი დუმილი და ხმაური გვქონდეს?
ხანდახან ისეთი რაღაცაც უნდა გააკეთო, რომ არ დაგიგეგმავს. არ მიყვარს დეკლამაციური ქმედებები. სავსეა დედამიწა რეგლამენტებით და ასევე ამ რეგლამენტების პროტესტებითა და მანიფესტებით. არა, მე სხვა რაღაცას ვამბობ: უბრალოდ გააკეთო ის, რაც კი არ გჭირდება და გესარგებლება, არამედ უფრო გეთავისუფლება, გხსნის და სხვა სამყაროს სხვა თვალებით დაგანახებს. ჰო შინაგან ფიქრების და ემოციების კომუნიკაბელურობას ვგულისხმობ, თუმცა ფაქტია კომუნიკაცია იმასთან უნდა დაამყარო, ვისკენაც გული გაგიწევს და ინტერესი. ინტერესი მისი სამყაროს მიმართ.

ჩემი აზრით, ჯობია რაღაცა იგრძნო ამ ქვეყნად ადამიანმა ადამიანურზე უფრო მეტი და მერე გაგიჟდე, თუნდაც ვიდრე მთელი საუკუნე იცხოვრო და მეტი არაფერი, არაფერი იმის მეტი რომ შვილებს, შვილიშვილებს დატოვებ სტაბილურ გზით და მშვიდად გარდაიცვლები. ალბათ ესეც დიდი რამაა, მაგრამ ამაზე დიდი რამეებიც არსებობს.

იქნებ ეს ყველაფერი მორიგი ტვინის "ჭეჭყვაა", მაგრამ მე მაინტერესებს თუ არსებობენ ამგვარი "ტვინდაჭეჭყილი" ადამიანები და თუ არსებობთ სად ხართ?!...
ვფიქრობ, მაინც დუმხართ. და ეს დუმილი თქვენთვის ესთეტიურ სიამოვნებას წარმოადგენს ტკივილებთან ერთად. არის სიამოვნების ნატამალი იმაში რომ არავინ იცოდეს თუ რა არის იმ ყოფითობის მიღმა, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ეს უფროო... ასე ვთქვათ რომანტიულია, საკუთარ თავთან განდობილი აღსარებითა და მაღალ მაღალი ფიქრის ეშელონებით.
ნეტავ მეც შემეძლოს გაჩუმება... ერთი გამონათქვამი მახსენდება სწორედ ამაზედ, -თქვენ ძალიან გიყვართ განყენებულ თემებზე ლაპარაკი, ალბათ დიდხანს დუმდით-ო. ჰო, მე ზედმეტად დიდხანს ვდუმდი და არ მინდა მთელი ცხოვრება დუმილში გავატარო. რაღაცის ხომ უნდა გჯეროდეს ადამიანს, ვიღაცის ხომ უნდა გწამდეს. ასე დამათენდა წუხელ და ასე მეფანტება ძილიც. ხელები კი ისევ ისეთი ცივი მაქვს და გაბრუჟებულიც ერთგვარად. მე მიყვარს ღამეული მეტამორფოზები. ერთადერთი ღამეა ის დრო და ადგილი, სადაც ვარ ის, რაც ვარ. დანარჩენი კი გაუთავებელი ყაყანია და მეტი არაფერი. ყოველი დღე აჩრდილები და მტვერია. აჩრდილები და მტვერი...


ნანახია: 2567-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით 'ბლოგი'.
საინფორმაციო სააგენტო Topnews com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ბლოგი, რუბრიკის სტუმარი ახალი პოლიტიკური ცენტრი –
,,ბლოგი“-ს მორიგი სტუმარია მარიამ ჩახვაძე.
ისეთმა კაცმა მომიტაცა, რომელიც არც კი მესიმპათიურებოდა, თანაც ჩემზე იძალადა... უსიყვარულოდ, უცხო გარემოში ცხოვრება

ამინდი