ქუთაისში საბავშვო ბაღის ეზოში ავტომანქანა შევარდა

ქუთაისში, სულხან - საბას დასახლებაში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღის ეზოში ავტომანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა რკინაბეტონის კონსტრუქცია და ღობე. ამ დრომდე უცნობია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო ქუთაისის საპატრულო პოლიციამ. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე ერთ- ერთი პირველები ქუთაისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ახლადაშენებული ბაღი ერთ კვირაში უნდა გახსნილიყო. როგორც ბასილაძე ამბობს, ისინი სწრაფად მოახდენენ ღობის აღდგენას, ხოლო სახელმწიფოზე მიყენებულ ზიანს კი დანაშაულში მხილებული დაფარავს. ცნობისთვის, ქუთაისში ორი ახალი ბაღი აშენდა, ხოლო რამდენიმე ბაღზე მიშენება მიმდინარეობს. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება 31-ე საბავშვო ბაგა-ბაღს. სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.