სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხარაგაულის სოფელში ომში დაღუპულთა მემორიალი მოეწყო
თარიღი : 5-10-2015, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს. გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ, კიცხის უხუცესთა ანსამბლ "ოდილას" წევრებმა ომის თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. სოფელში მემორიალი 1989 წლიდან არსებობდა, თუმცა ამ დრომდე მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მემორიალის აღსადგენად 9800 ლარი გამოიყო. ახალი მემორიალი უფრო ხელსაყრელ ადგილას განთავსდა, დაფაზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 165 მებრძოლის სახელი და გვარია დატანილი. მსგავსი ტიპის პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება.