ქუთაისის მერიასთან მოშიმშილე ნაციონალები ლიდერებმა მოინახულეს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მოშიმშილე "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონი"-ს წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობი"-ს ლიდერებმა მოინახულეს. ხუთი პირი მერიის შენობასთან მეორე დღეა შიმშილობს. ისინი რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევის ბრალდებით დაკავებული სამი პირის გათავისუფლებას ითხოვენ. მოშიმშილეებთან დღეს გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი იმყოფებოდნენ. დაკავებულებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე იმსჯელებს. ცნობილია, რომ სასამართლო სხდომას "ნაციონალური მოძრაობი"-ს ლიდერები დაესწრებიან.