"ჯანმრთელი იმერეთი"-უფასო სამედიცინო გამოკვლევები რეგიონის მოსახლეობას

ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა. საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ელექტრონული საქმის წარმოების დანერგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინეს და 2015–2017 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. მხარეებმა, ასევე ვეტერანთა საკითხები განიხილეს და რეგიონში სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის კლინიკის ცენტრის დირექტორმა მერაბ კვიცარიძემ ტელემედიცინის ახალი პროექტის- "ჯანმრთელი იმერეთის" პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფაგრლებში იმერეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ, ხოლო მედ- პერსონალი ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის ონლაინ კონსულტაციებით ისარგებლებს. დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ხანისწყალზე, სტრატეგიული მნიშვნელობის ორი გზისა და სოფელ წითელხევში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია.