Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები სამოქალაქო აქტივისტები?

თარიღი : 21-07-2015, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები სამოქალაქო აქტივისტები“, - ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც ქართველმა ჟურნალისტებმა ხურვალეთში რუსეთის ოკუპაცია დაგმეს.

სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი განხილვა მოჰყვა 14 ივლისს ქართველი ჟურნალისტების მიერ ხურვალეთში აღმართული ტრაფარეტის ამოღებას, წარწერით: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა".

ამ ფორმით ქართველმა ჟურნალისტებმა კონფლიქტის ზონაში საზღვრის უკანონოდ გადმოწევა გააპროტესტეს. მედიის წარმომადგენლების საპროტესტო ბანერებზე ეწერა: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ!“;„არა ოკუპაციას!“; „არა მცოცავ ანექსიას!“.

აქციაში მონაწილე ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ისინი არიან ჟურნალისტები და ამავდროულად, იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ მიიჩნევდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მათი პოზიციის ნათლად გამოხატვა რუსეთის მიმართ.

რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ბერულავა Mediachecker-თან საუბრისას ამბობს, რომ ჟურნალისტი უპირველესად სამოქალაქო აქტივობის აღმწერი და ინფორმაციის მიმწოდებელია. ის ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელია და არა აქტივობის უშუალო მონაწილე.

“ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ, არის სიტუაცია, როცა ამ ზღვარზე გადაბიჯება არათუ დასაშვები, მისასალმებელიც კია. ასეთი სიტუაცია, შესაძლოა, სულ რამდენიმე იყოს და ძალიან ცოტა ქვეყნის ჟურნალისტების წინაშე იჩინოს თავი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პროფესიონალი, რომელიც ასეთ დროს დადგება არჩევანის წინაშე - დარჩეს სტატიკური აღმწერის, თუნდაც ანალიტიკოსის როლში, თუ უშუალოდ მონაწილე გახდეს პროცესის, ამ უკანასკნელს აირჩევს”, - ამბობს ბერულავა.

მისი თქმით, არსებული მედიასდანდარტი, რომელიც მიჯნავს ჟურნალისტიკას სამოქალაქო აქტივიზმისგან, დოგმა არ არის იმ ქვეყნების ჟურნალისტებისთვის, რომელთა ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია. ლაშა ბერულავა ხაზს უსვამს, რომ ეს აქცია დაგეგმეს მხოლოდ ჟურნალისტებმა და მასში პოლიტიკოსები არ მონაწილეობდნენ.

“არავინ იცის, როგორ მოიქცევა ამერიკელი ან ბრიტანელი, სტანდარტების ერთგული ჟურნალისტი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი ქვეყნის საზღვრებს ვიღაც თავისი შეხედულებისამებრ ადგენს და ბანერს, ლამის დედაქალაქში ურჭობს. ამიტომაც მგონია, რომ როცა საქმე ეხება სახელმწიფოებრივ
დამოუკიდებლობას, ჟურნალისტის სამოქალაქო აქტივობა დასაშვებია, თუმცა, რამდენიმე დათქმა აქაც არსებობს: უმჯობესია ეს იყოს არა ერთი ჟურნალისტის მონაწილეობა რომელიმე პარტიის, ან პარტიათა ჯგუფის აქციაში, არამედ მას ჰქონდეს ჯგუფური ფორმა, სადაც გაერთიანდებიან ჟურნალისტები”, - განმარტავს ლაშა ბერულავა.

მას მაგალითად, 2008 წლის სექტემბერში გამართული ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოჰყავს, სადაც ის მონაწილეობდა, როგორც მოქალაქე და აშუქებდა ამ მოვლენებს ტელეკომპანია “იმედისთვის”. ლაშა ბერულავა ამბობს, რომ მისთვის სამოქალაქო აქტივობას ხელი არ შეუშლია პროფესიულ საქმიანობაში.

“ასეთ დროს ძნელია, იყო მხოლოდ აღმწერი - შენ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და მხოლოდ აქციაში მონაწილეობით შემოფარგვლა დაახლოებით იმას ჰგავს, ქუჩაში რომ გამოხვიდე სისუფთავის დაცვის მოთხოვნით, შენს ფეხებთან დაგდებული „კოკა-კოლას“ ქილა ნახო და ურნაში არ ჩააგდო”.

ჟურნალისტები, ვინც ამ აქციაში მონაწილეობდა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა პროვოკაციაში და კონფლიქტის გამწვავებაში დაადანაშაულა. ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტის ზონაში ბანერის მოგლეჯასა და პროტესტს, შესაძლოა, გაემწვავებინა მდგომარეობა კონფლიქტურ რეგიონში. ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ამ საკითხზე უფიქრია და მათი მიზანი არ იყო პროვოკაციის მოწყობა, ან ბანერის ამოგლეჯა. ეს შემდეგ სპონტანურად მოხდა.

“ეს იყო ემოციური ნაბიჯი, რომელიც ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ გადავდგით და ეს ქმედება იყო სპონტანური - რადგან ირგვლივ არ იყო მოსახლეობა, ხოლო ბანერს იქეთა ტერიტორიაზე გადასვლა ადგილობრივებს ისედაც აკრძალული ჰქონდათ ოკუპანტების მხრიდან. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ბანერის ამოღება იქნებოდა არა პროვოკაციული ქმედება, არამედ ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინების, კვალის წაშლა. რა თქმა უნდა, გვესმოდა, რომ შესაძლოა, ეს ბანერი ახლით შეეცვალათ (რაც, ალბათ, მოხდება კიდეც), მაგრამ ამის მიუხედავად, არ ვნანობ, რაც გავაკეთეთ. არ მგონია, რომ ამის შემდეგ იქ სიტუაცია იმაზე მეტად გამწვავდეს, ვიდრე აქამდე იყო”, - აღნიშნავს ბერულავა.

ეს არ არის პირველი აქცია, რომელშიც მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამოქალაქო აქტივიზმში ისინი საკმაოდ ხშირად ერთვებიან.ასეთივე სიხშირით კი აქციებში მონაწილე ჟურნალისტების მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის, მათი ობიექტურობის კუთხითაც.

ერთი მხრივ, ობიექტურობის დაცვა ჟურნალისტური სტანდარტების ერთერთი მთავარი პრინციპია. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს სხვა სივრცეც ჟურნალისტებისთვის და ამ სივრცეში ისინი მოქალაქეებიც არიან. სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და სოციალურ აქტივიზმს შორის, საკმაოდ რთული დასადგენია და ყველა ინდივიდი, ან მედიასაშუალება ამ ზღვარს თავად ადგენს.

მაგალითად, ტელეკომპანია “მაესტროს” რაიმე შეზღუდვა თავისი ჟურნალისტების მიმართ არ აქვს. “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ანა ბროლაძე ამბობს, რომ ჟურნალისტი შეიძლება იყოს აქტივისტი არასამუშაო დროს, როდესაც არ უკავია მიკროფონი და არ მუშაობს ოპერატორთან ერთად. ის თავად თითქმის არასდროს მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და ფიქრობს, რომ უფრო აქტიური ჟურნალისტია, ვიდრე მოქალაქე. ერთადერთი აქცია, სადაც ის მონაწილეობდა, მისი ტელეკომპანიის თანამშრომლების ორგანიზებით გაიმართა. მაშინ “მაესტროს” გარკვეული პრობლემები ჰქონდა და არხი მართავდა აქციებს, თავისუფალი სიტყვის დასაცავად.

“ვერავის გავაკრიტიკებ, არ ვიცი, მე როგორ მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში. თუმცა ვფიქრობ, იმპულსურობამ, არ უნდა გადაწონოს რაციონალურობა. მგონია, რომ ჟურნალისტს, ერთი მხრივ, მიკროფონი აქვს იმისთვის, რომ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება. დასვას მწავევე შეკითხვები, თუ არ მოსწონს ხელისუფლების კონკრეტული ქმედებები. მეორე მხრივ კი, როცა ხელი თავისუფალი აქვს კამერა-მიკროფონისგან, მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რას იზამს, ბანერს მოაძრობს, თუ საპროტესტო ბანერს დაიჭერს”, - ამბობს ბროლაძე.

სხვაგვარია რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტთა დამოკიდებულება. ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ფიქრობს, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე, ისიც მაშინ, როცა მას ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

“ჩვენი მიკროფონებით, თუ კამერებით უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია”, - აღნიშნა ნინო თარხნიშვილმა სოციალურ ქსელში.

გოგა აფციაურს, რომელიც წლებია კონფლიქტის ზონაში მუშაობს, არცერთ შემთხვევაში არ მიაჩნია მართებულად ჟურნალისტების მონაწილეობა სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციაში, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზთან.

“ჟურნალისტიკის ფუნქცია არ არის აპროტესტოს პოლიტიკური საკითხები. ამ შემთხევევაში გვინდა თუ არა, რომელიღაცა პოლიტიკური ან სახელმწიფო ხელისუფლების ბანაკის წევრები ვხდებით, აქედან კი პროპაგანდამდე აღარაფერი რჩება, პროპაგანდა კი პირდაპირი გაგებით კლავს”, - ამბობს აფციაური. ის ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას და ჟურნალისტებმა სამშობლოს სიყვარული არა სამოქალაქო პოზიციიდან, არამედ ჟურნალისტიკის საზომიდან უნდა დაამტკიცონ.

„ჟურნალისტი არ უნდა იყოსაქტივისტი. ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს სკეპტიკური (მაგრამ არა ცინიკოსი) ეს კი, აქტივისტვისთვის მიუღებელია. მაგრამ ამავე დროს ყველა ჟურნალისტი ადამიანია, რომელსაც გააჩნია აზრი და უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. ხანდახან არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა ჟურნალისტმა უნდა გააკეთოს ძალიან რთული და ძალიან პირადი არჩევანი მოქალაქეობრივ და პროფესიული ვალდებულებების შორის. მე ძალიან მიჭირს ბანერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი რა ვითარება იყო იქ და როგორ მოხდა ბანერის ჩამოგდება, მე უბრალოდ ვერ შევაფასებ ამ ჟურნალისტების საქციელს - მათ თავისი არჩევანი გააკეთეს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც აღმოჩნდნენ. ამ სიტუაციაში ყველა იღებს ინდივიდუალურ გადაწყეტილებას. ჩემი აზრით ეს იყო არა აქტივიზმი, არამედ სპონტანური გადაწყვეტილება“, ამბობს ნატალია ანთელავა, BBC-ის კორესპონდენტი.

წამყვან საერთაშორისო გამოცემებში არსებობს ეთიკის კოდექსი, რასაც გამოცემის თანამშრომლები ემორჩილებიან. მაგალითად, ნიუ იორკ თაიმსის ეთიკის კოდექსის მიხედვით, მის თანამშრომლებს არ შეუძლიათ რაიმე მსვლელობაში, მათ შორის, საპროტესტო აქციაში, ან სხვა საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა. თუკი ისინი მიიღებენ მსგავს აქტივობებში მონაწილეობას, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვები მათი და გამოცემის მიმართ, ახალი ამბების ნეიტრალურად გაშუქების თვალსაზრისით. გამოცემის თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ახლობლები და მკითხველები მათ მიიჩნევენ ნიუ იორკ თაიმსის წარმომადგენლად, ამიტომ მათი ყველა ნაბიჯი შესაძლოა, ასოცირდებოდეს მათ საქმიანობასთან.

დაახლოებით მსგავსი ჩანაწერია ბიბისის ეთიკის კოდექსშიც. აქ აღნიშნულია, რომ ბიბისის თანამშრომელთა აქტივობამ არ უნდა დააყენოს მთლიანად კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ. თუმცა აქვე არის დათქმა, სადაც მითითებულია, რომ თავიანთი საზოგადოებრივი აქტივობის დროს, ბიბისის თანამშრომლებმა არ უნდა გამოიყენონ მათი დამქირავებლის სახელი. თუკი ბიბისის წარმომადგენლები რომელიმე საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვას გადაწყვეტენ, მათ ეს საკითხი უნდა შეათანხმონ ხელმძღვანელობასთან, სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით. ბიბისის თანამშრომლებმა არ უნდა გამოხატონ საჯაროდ თავიანთი დამოკიდებულება იმ თემებზე, რაც პლიტიკურ პროცესებში განხილვის საგანია, ასევე, არ უნდა გაუწიონ ადვოკატირება ამა თუ იმ პოზიციას, რაც უკავშირდება საჯარო პოლიტიკას სხვადასხვა საკითხებს.


mediachecker.ge


ნანახია: 1671-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სტუდენტები და ჟურნალისტები დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის გადმოწევის
„არა ოკუპაციას“, „ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ“, „გამოვფხილზდეთ,“ - ამ სლოგანებით ქუთაისში, რეგიონული მედიის

ამინდი