"სახლში ყოფნის დრო არ არის", - ნინო ბურჯანაძის პარტია ქუთაისში აქტიურდება
თარიღი : 22-05-2015, 20:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას ქალთა ორგანიზაცია ეყოლება. ქალთა გაერთიანების პრეზენტაცია დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა. გაერთიანებაში დაახლოებით 60 ქალი შედის. პარტიის წარმომადგენლებმა ყურადღება ქალების გაააქტიურების აუცილებლობაზე გაამახვილეს. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხალხის მოლოდინი ვერ გაამართლა, რის გამოც, "ოცნებისგან" უკმაყოფილო მოქალაქეები ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგებს უერთდებიან. რაც შეეხება ქალთა ორგანიზაციას, წიტაიშვილის თქმით, ის აქტიურად იქნება ჩართული ყველა პოლიტიკურ აქტივობაში. ორგანიზაციის საქმიანობა ქალთა პრობლემატიკის კვლევას და პოლიტიკაში ინტეგრაციის კუთხით მათ წახალისებას შეეხება. "სახლში ყოფნის დრო არ არის. უნდა გავაქტიურდეთ," - აღნიშნა წიტაიშვილმა.